საუკეთესო წიგნები - ზვიად ქორიძე - ორჰან ფამუკის რომანი „მე მქვია წითელი“
რომანის სიუჟეტი მეთექვსმეტე საუკუნის ოსმალეთის იმპერიაში – სტამბულში ვითარდება. მასში აღწერილია 1591 წლის ცხრა თოვლიანი დღე სულთან მურათ III-ის მმართველობის დროს.
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე კიდევ ერთი კონფლიქტი ვითარდება – ორი სამხატვრო სკოლის ე.წ. ტრადიციული და თანამედროვე მხატვრების ბრძოლაა ნაჩვენები.
ტრადიციონალისტები, ვინც დაგროვილი ცოდნის, გამოცდილები გამეორებას ცდილობენ, და თანამედროვე მხატვრების, რომლებიც უკვე გაეცნენ აღორძინების ეპოქის მხატვრობას და ცდილობენ მუსლიმურ კულტურაში დანერგონ ნოვატორული ხერხები – ისეთი, როგორიცაა პერსპექტივა და პორტრეტული მსგავსება.
ერთ-ერთი ნოვატორი მხატვარი იეჭვებს, რომ მისმა კოლეგამ დაასმინა და გაბრაზებული მას მოკლავს. წიგნის დეტექტიური ხაზი მკვლელის დაჭერაა.
1990 წელს ნიუ-იორკ თაიმზის წიგნების მიმოხილვის სვეტმა იგი ასე მოიხსენია: „აღმოსავლეთით ახალი ვარსკვლავი ამოსულა — ორჰან ფამუქი“.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის პრობლემა ამჯერად ნახატებში არის გადმოცემული, იქაური მხატვრების ნაწილი ალაჰის შეურაცხყოფად მიიჩნევს ხატვისას ევროპული სტილის გამოყენებას, თავად მხატვრის ინდივიდუალურ ხელწერას ეწინააღმდეგებიან. საკუთარი პიროვნების განდიდების სურვილად აღიქვამენ თუ ვინმეს სხვებისგან გამორჩეული ნახატები აქვს.
“ევროპელები კაცს ისე კი არ ხატავენ, როგორც მათი გონება ხედავს, არამედ ისე, როგორც მათ თვალს ეჩვენება. დადგება დრო, როცა ყველა ასე დახატავს, როცა სიტყვა “ნახატის” ხსენებაზე მთელი ქვეყნიერება იმას წარმოიდგენს, რასაც ისინი აკეთებენ. ჩვენშიც ერთი უბადრუკი თერძი, რომელსაც მხატვრობისა არაფერი გაეგება, მოინდომებს, რომ უბრალო მოკვდავი კი არ ჩანდეს, არამედ გამორჩეული პიროვნება და ეს მისი ცხვირის ნაოჭების შემხედვარემ უნდა დაიჯერო.”
ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას ორი ადამიანის მკვლელობა მოჰყვება. მკვლელის ვინაობა კვანძის გახსნამდე უცნობია, ამიტომ იქამდე ტვინს აწვალებ და შენ ვარაუდებს ისე აყალიბებ, როგორც დეტექტივის კითხვისას, პარალელურად ყარასა და შექურეს რომანის გულშემატკივრობას იწყებ. თუმცა, ბოლოს მაინც დასავლეთისა და აღმოსავლეთის წყალგამყოფთან ბრუნდები.
“- აღმოსავლეთიც ალაჰისაა და დასავლეთიც.
– მაგრამ აღმოსავლეთი აღმოსავლეთშია, დასავლეთი დასავლეთში.
– მხატვარი არ უნდა გაყოყოჩდეს, არ უნდა ფიქრობდეს, აღმოსავლეთსა და დასავლეთზე , მარტო ისე უნდა ხატავდეს, როგორც გულიდან მოდის!”
პრინციპში ამ ბოლო ფრაზით შეგიძლია დაასრულო კითხვა. მუსლიმანური რელიგია სიახლეებთან შეგუებას უფრო ართულებს, იაქური საზოგადოება ჩაკეტილია, ამიტომ უჭირთ ყოველგვარი ნოვაციის მიღება, რაც აფერხებს განვითარებას. არ ვიცი, ჩვენთან მსგავსი პრობლემები რამდენად დგას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მენტალიტეტით აზიელები უფრო ვართ ვიდრე ევროპელები. ამაზე არ მიფიქრია. ჩვენთან ორი უკიდურესობაა, ხან გიჟებივით უპირობოდ ვიღებთ, ვეტმასნებით და ვედრებით დასავლეთს, ხან კიდევ ისეთი აზიელები ვართ, მიმიქარავს ირანი და თურქეთი. ევროპელებს თავიანთი სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ისე კიდევ არ ხდება, ყველასგან კარგი გადმოიღო.
ამ წიგნში ყველაზე მეტად ის თავი მომეწონა “მე სატანა მქვია”, რომ აწერია
“მე არც ქვეყნად არსებული ბოროტებისა და ცოდვის სათავე ვარ. ადამიანები უჩემოდაც, ჩემი წაქეზების, შეცდენის გარეშეც ჩადიან ცოდვას თავიანთი სიხარბის, ჟინის, უნებისყოფობის, სიმდაბლისა თუ სისულელის გამო.” ეს სატანაც მართალია, რას ვერჩი.