#სახლისკენ - პედაგოგი, მსახიობი, გიდი, მსაჯი და ტაქსისტი: როგორ იქცა კახელი მეგრული აჯიკის „მამად“
ზუგდიდში, საქართველოში პირველად აჯიკის ფესტივალი გაიმართა. ადამიანი, რომელიც ეწვია გადაცემას „სახლისკენ“ ამ ფესტივალის ყველაზე უჩვეულო მონაწილე იყო. თბილისელი ალეკო აკოლაშვილი, წარმოშობით თელავიდანაა. პროფესიით რუსული ენის პედაგოგი, დღეს აჯიკის ბიზნესით და ტურიზმითაა დაკავებული. მის აჯიკას, რომელსაც „კოლხური“ ჰქვია, ზუგდიდის ფესტივალზე 92 მონაწილეს შორის მეორე ადგილი მიაკუთვნეს. ეს რომ სახუმარო ამბავი არაა, ამაში ალბათ ყველაზე ამბიციური მეგრელიც კი დაგვეთანხმება. ამას გარდა, სახასიათო გარეგნობისა და ნიჭის წყალობით ბატონი ალეკო კინო და ტელე ობიექტივშიც არაერთხელ მოხვდა.