#სახლისკენ - ორი ქართველი გენერლის იარაღის კოლექცია
#სახლისკენ - ორი ქართველი გენერლის იარაღის კოლექცია

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი შესაძლებლობას გთავაზობთ, დაათვალიეროთ მუზეუმში გამოფენილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის (1874-1970) პირადი ნივთები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გენერლის შთამომავლებმა ახლახან გადასცეს. ახალი მემორიალური კოლექცია ჩვიდმეტი ექსპონატისგან შედგება, მათ შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა მოვერცხლილი ,,გორდა“ ხმალი და ოქროზარნიშით მორთული სატევარი, საინტერესო მემორიალური წარწერებით;
კიდევ ერთი ქართველი გენერლის ზურაბ კობიაშვილის (1864-1931) კოლექცია გაცილებით უფრო დიდია, ექსპონატების საერთო რაოდენობა ოთხას ერთეულს აჭარბებს და 1926 წლიდან მუზეუმის საკუთრებაა; ექსპოზიციაში წარმოდგენილია საბრძოლო იარაღები ქართულ, კავკასიურ, რუსულ, ევროპულ, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის გიორგი სააკაძისა და ჰაჯი მურატის კაჟიანი თოფები, საამ და ზურაბ კობიაშვილების ხმლები, ემინ გირეის XVI საუკუნის მუზარადი; ალექსანდრე ბატონიშვილის ნაჩუქარი ცხენის რახტის ნაწილები, ასევე ,,ბუდისტური კოლექციისა“ და თბილისური ფერწერული ტილოების შესანიშნავი ნიმუშები.
კურატორის ტური 16 ივნისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაიწყება;
სტუმარი – ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიური კოლექციების უფროსი კურატორი, ისტორიის დოქტორი, მამუკა ქაფიანიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: