ღია სტუდია - ვახტანგ ძაბირაძე: პლებისციტი შესაძლოა გამოსავალი იყოს
დღეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეცწარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩამოვა. უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრებს მედიაციას სწორედ ის გაუწევს. შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს, რადგან 16 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეექვსე შეხვედრას უნდა დაესწროს. მოლოდინია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა 16 მარტამდე მოხდება. დანიელსონის ჩამოსვლამდე დიალოგის მონაწილეები კომპრომისის მიღწევისა და დაძაბულობის შემცირების აუცილებლობაზე აკეთებენ განცხადებებს. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები 1 ნოემბრის შემდეგ არ შეცვლილა, პოზიციის სიხისტეზე მიუთითებს და ნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების საკითხის მოგვარებაა პრიორიტეტული. ამავე დროს, ის არ გამორიცხავს, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება, შესაძლოა, შექმნილი ჩიხური ვითარებიდან კარგი გამოსავალი იყოს. ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ ევროკავშირის მედიაცია მხოლოდ დღეს შექმნილი კრიზისის მოგვარებით არ უნდა შემოიფარგლოს და ევროკავშირმა მეტი როლი უნდა ითამაშოს ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის შემცირებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს მსგავსი კრიზისების განმეორებას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: