დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაირკვევა, შემსუბუქდება თუ არა წერტილოვანი შეზღუდვები 24 დეკემბრიდან. ის კვლავ შეზღუდვების შენარჩუნების მომხრეა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე დღეში მიიღებს.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელება უკან იხევს. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ამ დრომდე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა.
ამირან გამყრელიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. მისი ცნობით, თავდაპირველად აიცრებიან სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა სახლების ბინადრები, შემდეგ კი სხვა ასაკოვანი ჯგუფის ადამიანები. საქართველოში ვაქცინაციის პროცესისადმი კრიტიკული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ის ამბობს, რომ აუცილებელი იქნება იანვრიდან ძლიერი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.
ოჯახის ექიმი თამარ გოდერიძე თვლის, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტიც და პაციენტებიც პანდემიის 8 თვის მანძილზე უკვე ადაპტირებულები არიან ავადმოფობის დისტანციურ მართვასთან. ექიმი ამბობს, რომ კოვიდის ე.წ. დარჩენი მოვლენები – იქნება ეს დაბალი ტემპერატურა თუ ყნოსვის დაკარგვა-შესაძლოა, თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. თამარ გოდერიძის აზრით, მნიშვნელოვანია პაციენტის მართვა არა მხოლოდ კოვიდის, არამედ პოსკოვიდურ სიტუაციაშიც.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: