ღია სტუდია - როგორ შეიძლება მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში
ღია სტუდია - როგორ შეიძლება მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში

დღეისთვის დაგეგმილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი რაუნდი გადაიდო. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პოზიციები დაახლოვდა საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საკითხზე.
იურისტი ლევან ალაფიშვილი უცნაურს უწოდებს ოპოზიციის მიერ მომზადებული და არაოფიციალურად გავრცელებული გეგმის ერთერთ მოთხოვნას, რომ თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. „ქართველმა პოლიტიკოსებმა დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ ადგილობრივი თვითმმარველობა – ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისთვის უნდა არსებობდეს და არ უნდა ასრულებდეს პოლიტიკური დისკუსიების ადგილის ფუნქციას“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი.
საქართველოში უპარტიობის პერიოდის დადგომას პროგნოზირებს პოლიტიკური ექსპერტი დავით ზურაბიშვილი, რომლის განცხადებითაც, ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ ნაჩქარევი და არაეფექტურია. „ქართულ ოცნებას პარლამენტში მარტო ყოფნა არანაირ მორალურ პრობლემას არ შეუქმნის. უფრო ის არის საინტერესო, რას გადაწყვეტს ოპოზიცია, თუ ადგილობრივი არჩევნების დროისთვის არც საარჩევნო კოდექსი და არც საარჩევნო ადმინისტრაცია არ შეიცვალა. თუ ამ პირობებში მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას – გაუგებარი იქნება, რატომ გაჯიუტდა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისას. თუ არ მიიღებს – საქართველოში მრავლადაა სხვა პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში მიიღებენ და ასეთ შემთხვევაშიც, ბოიკოტი აზრს კარგავს“ – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: