„დღეს ივანიშვილი საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს. ხალხი მას გვერდით უნდა დაუდგეს და ამით ვალი დაუბრუნოს. ამის შემდეგ თვითონ იქნება ყველაფერზე პასუხისმგებელი; 2012 წლის გამარჯვება არავინ დაიბრალოს. ეს არც კოალიციის და არც მასში შემავალი პოლიტიკოსების დამსახურება არ იყო. ისინი პოლიტიკურ არენაზე მანამდეც არსებობდნენ და ზოგიერთი მათგანი თავის რეალურ ადგილს დღესაც დაუბრუნდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის დავუპირისპირდები და ვერ მივიღებ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულ ნაცებს, ეს ვითარება თუ არ შეიცვალა, 2020 წელს გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ილუზიაა. „ქართული ოცნების“ ახალმა სახეებმა განაპირობა ის, რომ დღეს საზოგადოებაში მხარდაჭერა არ არსებობს. ეს სახეები ყველა კვირიკაშვილის კანდიდატურებია. მიმაჩნია, რომ თავად მას საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირველივე ტურში შეეძლო. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატურა რომ წარედგინა, უკეთეს შედეგს მიიღებდა”,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ივანიშვილს არჩევნებამდე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და მაღალი რანგის ჩინოვნიკების დაპატიმრებას ვურჩევდი, რაც არ გაითვალისწინა. ეს აუცილებელი იყო, რადგან დღეს სისტემური კორუფცია მეტასტაზებივით მოედო ხელისუფლებას, რაც შესაჩერებელია. მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი. როცა ხალხს პურს სწრაფად ვერ აძლევ, სანახაობა მაინც უნდა შესთავაზო. მიმდინარე საკითხებზე კომუნიკაცია ივანიშვილთან არჩევნებამდე რამდენიმე დღის წინ მქონდა და ვცდილობდი, ჩემი სათქმელი დიპლომატიურად მეთქვა. ვხედავდი, სისტემურ პრობლემას და მინდოდა ეს მისთვისაც მეჩვენებინა. კვირაში ორჯერ, სამჯერ მქონდა ურთიერთობა მასთან, ძირითადად ჩემი ინიციატივით. საკმაოდ კატეგორიული ვიყავი, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილს არ ესიამოვნა. დავინახე, რომ მან ლიდერის ფუნქცია დაკარგა, რაც საჯაროდაც ვთქვი, რაზეც გაღიზიანდა. 2012 წლის გამარჯვება ხალხს ეკუთვნოდა და არა რომელიმე პოლიტიკოსს. მეჩვენება, რომ ივანიშვილს ამ ეტაპზე არჩევნების მოგება აინტერესებს, სისტემური ცვლილების სურვილს კი ჯერ ვერ ვხედავ. ხელისუფლებამ ხალხს პრობლემების გადაჭრის სურვილი და გზა უნდა აჩვენოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
„საზოგადოებას მკაფიო გზავნილი გაუგზავნა ივანიშვილმა და მოითხოვა მთელი ძალების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდეს. ჩვენი მთავრობა ყველაზე სოციალურად ორიენტირებული მთავრობაა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჰყოლია. ჩვენ კიდევ უფრო ქმედითები უნდა გავხდეთ. ჩვენი საპარლამენტო ცხოვრება დღეს შინაარსობრივი კამათისგან ძალიან შორს არის. ოცნებაში ბევრი განსხვავებული აზრია, რაც ჩემი აზრით ჩვენი პლიუსია“. – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სტუმარი: დავით ჭიჭინაძე – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“.
სატელეფონო ჩართვა: დიმიტრი ცქიტიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ხუხაშვილი – ექსპერტი.