მსოფლიო კორონავირუსის ახალ ტალღას ებრძვის. დელტა შტამის გავრცელებამ ინფიცირების რაოდენობა ყველგან გაზარდა. იქაც – სადაც ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს და იქაც, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა მცირეა. განსხვავება ვაქცინირებულ და ნაკლებად ვაქცინირებულ ქვეყნებს შორის სერიოზულია – იქ, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობაა აცრილი, ნაკლებია ლეტალური შემთხვევები და ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის ფაქტები.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საქართველოში შექმნილ კოვიდ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და ამბობს, რომ უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დამძიმდება.
მისი განცხადებით, მხოლოდ ვაქცინაციის ტემპის გაზრდით იქნება შესაძლებელი მდგომარეობის მეტ-ნაკლებად დასტაბილურება.
ალექსანდრე გოგინავა სამწუხაროს უწოდებს სამედიცინო პერსონალის დაბალ ვაქცინაციას და ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა საქართველოში ექიმების და სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას.
„მესმის, რომ ხელისუფლებას არ უნდა დამატებითი შეზღუდვების დაწესება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაინც მოუწევს რაღაც მომენტში მას შეზღუდვების შემოღება“ – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
მისივე აზრით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისთვის, აუცილებელია მობილური ჯგუფების შექმნა, რომელიც რეგიონების მოსახლეობასთან იმუშავებს და ყველა კითხვაზე უპასუხებს მათ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: