19 მაისს მოსკოვი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთმა აკრძალა თბილისთან პირდაპირი ფრენები.
უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთის არგუმენტი, თითქოს ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარული ასპექტით არის გამოწვეული, კრიტიკას ვერ უძლებს. „რუსეთი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს და ყოველთვის მიყვება თავის გეგმას. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებით, რუსეთი ცდილობს საქართველოში მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა გაზარდოს, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებზე“, – ამბობს ის.
ამავე დროს, ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთი მეზობელ სახელმწიფოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიტიკური და არა ეკონომიკური მიზნებით იღებს და ამის გათვალისწინება საქართველოში აუცილებელია.