პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სახელმწიფო სოციალიზმის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ეკონომიკის სისტემების განხილვა, აკადემიურ სივრცეში როგორც წესი, ძირითადად დასავლური პერსპექტივიდან ხდებოდა ხოლმე: ეს ახალი კაპიტალისტური სისტემები აღიქმებოდნენ როგორც დასავლური ტიპის კაპიტალიზმების “იდეალური ტიპების” გარკვეულწილად ჰიბრიდული ვარიანტები, რომლებიც დასავლური ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის გარკვეულ დამახინჯებულ სახესხვაობას წარმოადგენენ. წიგნში “კაპიტალიზმის ნაირსახეობები ევროპის პერიფერიაში” კი პოლიტიკის მეცნიერები დოროთეა ბოლე და ბელა გრესკოვიცი პოსტსოციალისტურ სივრცეში კაპიტალიზმის განვითარების თავისებურებების შესახებ განსხვავებული თეორიული პერსპექტივიდან ყვებიან, რომელიც რეგიონის სტრუქტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ თავისებურებებს უფრო მეტად იღებს მხედველობაში და არ წარმოადგენს მხოლოდ კაპიტალიზმის სახესხვაობების შესახებ დასავლური თეორიის ამ რეგიონზე განვრცობას. კაპიტალიზმის შესაძლო “დადებითი მხარეების” ნაცვლად, რომლებიც ეკონომიკური ტრანზიციისა და დემოკრატიზაციის საერთაშორისო ინდექსებით იზომება ხოლმე, ავტორები ეყრდნობიან კაპიტალიზმის კარლ პოლანისეულ განმარტებას რომელზეც პოლანი მის 1944 წელს გამოქვეყნებულ კლასიკურ ნაშრომში “დიდი ტრანსფორმაცია” საუბრობს. პოლანის მიერ კაპიტალიზმის განმარტება ეფუძნება იმ მთავარ პოსტულატს, რომ ბაზრების უსაზღვრო განვითარებას ეკონომიკური თავისუფლება და ეფექტურობა ადამიანებისა და ბუნების ხარჯზე მოაქვთ, რომლებიც ამ პროცესების შედეგად ბაზარზე გასაყიდ საქონლებად იქცევიან:
“ჩვენი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ თვით-რეგულირებადი ბაზარი წარმოადგენს აბსოლუტურ უტოპიას, ასეთი ინსტიტუტი ვერ იარსებებს დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოების შინაგანი არსის – ადამიანისა და ბუნების მოსპობის გარეშე; ის ფიზიკურად გაანადგურებს ადამიანს, და მის შემოგარენს გადააქცევს უკაცრიელ ადგილად” (პოლანი, 1944 გვ.3). პოლანიზე დაყრდნობით, ნაშრომის ავტორები, ახალი კაპიტალისტური ქვეყნების მთავარ პრობლემად განიხილავენ არა უშუალოდ და მხოლოდ ეკონომიკურ სირთულეებს, არამედ მის უარყოფით შედეგებს სოციალურ ჰარმონიაზე, ადამიანთა მიერ საკუთარი უსაფრთხოებისა და ღირსების განცდაზე, ისევე როგორც მათ იმგვარ წუხილებზე, რაც უკავშირდება საკუთარი სოციალური სარგებლიანობის წარმოდგენებსა და სოციალურ სტატუსს.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა კაპიტალისტური ორიენტირი აიღეს ორი უმთავრესი მოცემულობისა და შეზღუდვის – საერთაშორისო გარემოსა და წარსულის მემკვიდრეობის კონტექსტში, რა დროსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად ის ფაქტი, თუ რამდენად იყვნენ თავად ეს ქვეყნები, საკუთარი პოსტ-სოციალისტური ეკონომიკური და შესაბამისად პოლიტიკური ისტორიის განმსაზღვრელნი, ანუ რამდენად წარმოადგენდნენ ისინი ტრანსფორმაციულ აგენტებს ამ შეზღუდვების კონტექსტში, და რა განსხვავებები შეიძლება დავინახოთ როგორც ე.წ. “კარგ” (შედარებით სტაბილურ) და “ცუდ” (კრიზისულ, 2008 წლის შემდგომ) დროებს შორის. სწორედ ამ საკითხებს განიხილავს შედარებით კონტექსტში ბოლესა და გრესკოვიცის ნაშრომი.
წარსულის კომუნისტური მემკვიდრეობის კონტექტში ავტორები განიხილავენ ინდუსტრიული მემკვიდრეობისა და გამოცდილების ასპექტს. რაც შეეხება საერთაშორისო გარემოს, აქ ყურადღებას ამახვილებენ გლობალურ კაპიტალისტურ სისტემაზე, რომელიც უფრო რთულ სიტუაციას სთავაზობდა ე.წ. “ახალმოსულ” კაპიტალისტ ქვეყნებს, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომის შედგომ პერიოდში, ე.წ. ბრეტონ ვუდსის სისტემის პირობებში იყო: ცივი ომის დასრულების შედმგომ, მეცხრამეტე საუკუნის ტიპის ეკონომიკური ლიბერალიზმის დაბრუნება მოხდა ნეოლიბერალიზმის სახით, რომელმაც ომის შემდგომი განვითარების საპირისპირო მიმართულებით შემობრუნება გამოიწვია. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა სტილის სოციალიზმის დასრულების პერიოდშიც, ბრეტონ ვუდსის სისტემა გლობალურმა ფინანსურმა სისტემამ ჩაანაცვლა, პროდუქციის წარმოების სისტემა კი ფორდისტულიდან გადავიდა “პოსტ-ფორდისტული” ეკონომიკის სახესხვაობებში და დაეფუძნა ე.წ. “მოქნილ სპეციალიზაციას,” (flexible specialization), რაც გულისხმობს მუდმივ ინოვაციაზე დაფუძნებულ ინდუსტრიულ ორგანიზაციას, როდესაც კაპიტალისტური კომპანიები მოქნილები არიან, უცებ შეუძლიათ შრომის პროცესებში ცვლილებების განხორციელება და ერთი პროდუქტის წარმოებიდან სხვა პროდუქტის წარმოებაზე გადანაცვლება.
ნაშრომი “კაპიტალიზმის ნაირსახეობები ევროპის პერიფერიაში” იმ სამეცნიერო-ანალიტიკურ ლიტერატურას მიეკუთვნება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს აღმოსავლეთ ევროპაში კაპიტალიზმის განსაკუთრებით მყიფე და სუსტ ბუნებაზე, რის გამოც პოსტსოციალისტური ქვეყნები კაპიტალიზმის განსაკუთრებით მოწყვლად სივრცედ შეიძლება მივიჩნიოთ, რადგანაც აქ კაპიტალისტური სისტემა კერძო საკუთრების მქონე კლასის შექმნამდე ჩამოყალიბდა – ანუ შეიქმნა ე.წ. “კაპიტალიზმი კაპიტალისტების გარეშე,” ხოლო ამ ე.წ. “ახალმა კაპიტალისტებმა” სახელმწიფო ქონება მანამდე მიისაკუთრეს, ვიდრე საბაზრო ეკონომიკის საყრდენი ინსტიტუტები ჩამოყალიბდებოდა. ეს მახასიათებელი მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ საერთო მახასიათებლად განიხილება.
ნაშრომში მოთხრობილია ტრანსნაციონალური კაპიტალისტური წარმოების იმ სამი ტიპის რეჟიმის შესახებ, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენდა: ერთი, ეს არის ნეოლიბერალური, რომელიც ახასიათებს ძირითადად ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს: ლიტვა, ლატვიასა და ესტონეთს; მეორე – ეს არის ე.წ. “ჩამაგრებული ნეოლიბერალიზმი” (embedded neoliberal) ვიშეგრადის სახელმწიფოებში (ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, და პოლონეთი); და მესამე, ეს არის ნეოკორპორატისტული რეჟიმი სლოვენიაში.
რაში მდგომარეობს მსგავსი კლასიფიკაციის სპეციფიკა?
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნეოლიბერალური რეჟიმები გულისხმობდა ეკონომიკის სწრაფ, საბაზრო რადიკალიზმამდე მისულ ლიბერალიზაციას 1999–2007 წლებში, რის ფონზეც ტრანსფორმაციის ხარჯების კომპენსაცია ხდებოდა მხოლოდ მცირედით და რიგ შემთხვევაში, იზღუდებოდა მოქალაქეთა და ორგანიზებულ სოციალურ ჯგუფთა უფლებები მონაწილეობა მიეღოთ დემოკრატიული პოლიტიკის წარმოებაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სოციალური პარტნიორობა ყველაზე ნაკლებად იქნა ინსტიტუციონალიზებული. ამდენად, ამ ქვეყნებმა ვერ განავითარეს მყარი კეთილდღეობის სახელმწიფოები, სადაც უთანასწორობისა და სოციალური ანომიების გასამკლავებლად საკმარისი სოციალური დაცვა შესაძლებელი გახდებოდა. აქვე, ტრანფორმაციის ხარჯები ამ შემთხვევაში გულისხმობს მოქალაქეთა და ეკონომიკური აქტორებისათვის გარდამავალი ეპოქის თანმდევი გამოწვევების დროს, ეკონომიკური გაჭირვებისა და გაურკვევლობის პერიოდში, დახმარების გაწევას ისეთი პოლიტიკების მეშვეობით, როგორიც არის სუბსიდიები, ტარიფები, რეგულაციები, ან სოციალური კეთილღეობის პოლიტიკები. თუმცა, როგორც ავტორები განმარტავენ, მსგავსი კომპენსაციური პოლიტიკა შეიძლება გავიგოთ როგორც კაპიტალისტური ტრანსფორმაციისადმი ოპოზიციის ჩასახშობად გამოყენებული სახელმწიფო ინტერვენცია, რომელიც შესაძლებელს ხდის ახალი წესრიგის დამყარებას. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური ნარატივები იმის შესახებ, რომ ინდუსტრიებისათვის სუბსიდიების გაცემა წინააღმდეგობაში მოდის სოციალური კეთილდღეობის ხარჯებთან, და რომ ერთი ტიპის სახელმწიფო კომპენსაცია გულისხმობს მეორეს შეზღუდვას, არც ისე ზუსტი გამოდის. მაგალითად, თუ სახელმწიფო კერძო კომპანიებს ეხმარება სუბსიდიებით იმ მიზნით, რომ შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები, ამან შესაძლოა ჩაანაცვლოს სახელმწიფოს უმუშევრობის პროგრამები და ა.შ.
ვიშეგრადის ქვეყნების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სტრატეგია პოლიტიკურად და სოციალურად ინკლუზიურად წარმართეს და წავიდნენ კომპრომისზე ბაზრის ტრანსფორმაციასა და სოციალურ ჰარმონიას შორის: ისინი კომპენსაციებს უხდიდნენ სოციალიზმის დროიდან შემორჩენილ ადგილობრივ კომპანიებს ტრანსფორმაციის ხარჯების დასაფარად და მათი შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, რაც უმთავრესია, მათ ჰქონდათ კეთილდღეობის მდიდარი სქემები, რომლებმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაარჩინა სიღარიბეს. ასევე, განსხვავებით სლოვაკეთისა და ხორვატიისგან, ან ბალკანეთის ქვეყნებისაგან, ვიშეგრადის ქვეყნებში მოქალაქეები შედარებით შეუზღუდავად სარგებლობდნენ პოლიტიკური უფლებებით.
რაც შეეხება სლოვენიას, იგი რეგიონში გამოირჩეოდა ბაზრის ყველაზე ნაკლებად რადიკალური სტრატეგით და ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი პოლიტიკით მათ მიმართ, ვისთვისაც ტრანსფორმაციის პროცესებმა სარგებელი ვერ მოიტანეს. ასევე, იგი რეგიონში ყველაზე მეტს ხარჯავდა სოციალური პოლიტიკის იმ უმთავრეს სფეროებში, როგორიც არის განათლების სფერო და პენსიები. და ასევე, ქვეყანაში წარმოდგენილი იყო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფსიული კავშირები, რომელთაც გარდამავალ პერიოდში მოახერხეს შრომისა და მშრომელთათვის პოლიტიკური ძალის შენარჩუნება და კონსენსუალური პოლიტიკის წარმოება.
თავის მხრივ, ტრანსფორმაციის პროცესებმა, რომელსაც სამმაგ ტრანზიციასაც უწოდებენ (სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიული ტრანზიცია, და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა) მთელი რეგიონის მასშტაბით გამოიწვია ფუნდამენტური ცვლილებები და შექმნა როგორც მოგებულთა, ისე წაგებულთა სოციალური ჯგუფები: ამ ცვილებების შედეგად, სახელმწიფო რესურსებისთვის ბრძოლაში მოგებულები წაგებულებთან ერთად ერთვებოდნენ და ხშირ შემთხვევაში, ხელში იგდებდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებასაც, რის შედეგადაც კიდევ უფრო ძლიერდებოდნენ. ამდენად სახელმწიფო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯებოდა ადგილობრივი თუ ტრანსნაციონალური კორპორაციების სუბსიდირებაზე, ნაკლებად პრივილეგირებულ დაბალი კლასს კი უწევდა დაჯერებოდა ნაკლები რაოდენობის კომპენსაციას. ეს ყველაფერი კი პოლიტიკურ ლეგიტიმაციას უკარგავდა ტრანსფორმაციის მთელ იდეას. თუმცა, მეორეს მხრივ, ტრანსფორმაციის მოწინააღმდეგეთა ეკონომიკური ბაზისის გარეშე დატოვება და ამგვარად მათი ერთგვარი განიარაღება, ცენტრალური ევროპის რეფორმისტული მთავრობების ინტერესშიც შედიოდა, რაც იმას გულისხმობს, რომ დაბალი კლასი მასობრივად შესაძლოა ნაკლებ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ტრანსფორმაციულ ელიტებს, მაგრამ ისინი ამ რეჟიმებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ იმდენად, რამდენადაც პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსები მათ ხელში არ იყო.
რას გვაძლევს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კაპიტალიზმის ნაირსახეობებზე ემპირიული დაკვირვება? ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი იყო გაერკვია თუ რამდენად იყვნენ საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების მიმართულებისა და ისტორიის განმსაზღვრელნი პოსტსოციალისტური სივრცის ეს პატარა ქვეყნები, და რა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა ამ მიმართულების განსაზღვრაში, შიდა აქტორები, გარე გავლენები და საერთაშორისო დომინანტური წესრიგი, თუ წარსულის მემკვიდრეობა. საბოლოოდ კი, ისინი მიდიან დასკვნამდე, რომ მიუხედავად ყველა ამ ფაქტორით გამოწვეული შეზღუდვისა, რეგიონში კაპიტალიზმის ამდენი განსხვავებული სახეების არსებობა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს სივრცე საკმაოდ მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებით განისაზღვრებოდა, და ადგილობრივ პოლიტიკური აგენტებსა და ელიტას კრიტიკული როლი ეკისრებოდათ ინსტიტუციური განვითარების დინამიკის ჩამოყალიბებასა და ზოგადად, ტრანსფორმაციული პროცესების განსაზღვრაში.
ბიბლიოგრაფია:
Bohle, D., & Greskovits, B. (2012). Capitalist diversity on Europe’s periphery. Cornell University Press
Polanyi, K. (1957). The great transformation:(The political and economic origin of our time). Beacon Press.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.