სიღარიბის დონის დინამიკა 1997-2017 წლებში

 

ნოდარ კაპანაძე, ეკონომისტი, სტატისტიკოსი

 

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის სიღარიბის დონე 2017 წელს 21.9 პროცენტი იყო. სიღარიბის დონე ქალაქში გაცილებით დაბალია სოფელთან შედარებით და ეს პროპორცია უცვლელია ბოლო 11 წლის მანძილზე. საყურადღებოა, რომ 2004-2006 წლებში მოსახლეობის სიღარიბის დონე ქალაქში სოფელთან შედარებით მაღალი იყო.

საერთო ტენდენციიდან აღსანიშნავია სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება 2012-2015 წლებში და შემცირების ტენდენციის შეჩერება ბოლო წლებში, ხოლო 2017 წელს 2016 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ოდნავ გაიზარდა კიდეც. 2012-215 წლებში სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირების ძირითადი მიზეზი იმ პერიოდში მთავრობის მიერ გატარებული პროაქტიური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა იყო და შემცირების ტენდენციაც ამ პოლიტიკის შეჩერებასთან ერთად შეჩერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის შემცირების ტენდენცია ეპიზოდური შინაარსის იყო და არა სისტემური.

ქალაქ (ლურჯი) – სოფლის (სტაფილოსფერი) ნიშნით სიღარიბის დონის დინამიკა 2004-2017 წლებში ასეთი იყო:

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოსახლეობის სიღარიბის დონის მაჩვენებლების ასაკის მიხედვით განაწილება აჩვენებს, რომ მოსახლეობის სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალ კორელაციაშია ასაკთან და კორელაცია უარყოფითია. სიღარიბის დონე უფროსი ასაკის მოსახლეობაში, როგორც წესი, დაბალია ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობასთან შედარებით. ეს, უპირველეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ შინამეურნეობები არასრულწლოვანი წევრებით სიღარიბით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს და აგრეთვე ეს იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობას გარანტირებული შემოსავლის სახით პენსია მაინც აქვს, რაც საპენსიო ასაკზე უმცროს მოსახლეობას არ გააჩნია. რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა უნაკლოა ან პენსიის ზომა ოპტიმალურია. თუმცა, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია და პენსია რომ არ ყოფილიყო სიღარიბის დონე ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა, როგორც ეს ფრიდრიხ ებერტისა და რონდელის ფონდის ერთობლივი კვლევის ფარგლებში მიღებულმა შეფასებებმა აჩვენა

ასაკობრივ ჯგუფებში მოსახლეობის სიღარიბის დონის დინამიკა 2004-2017 წლებში ასეთი იყო:

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

რაც შეეხება სიღარიბის დონეს სქესის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ სქესი სიღარიბის თვალსაზრისით განმასხვავებელი ნიშანი არ არის და ეს იდენტურობა უცვლელია მთელი საანალიზო პერიოდის განმავლობაში. 2004-2017 წლების განმავლობაში ქალებსა და მამაკაცებს შორის სიღარიბის დონის მაჩვენებლებს შორის განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ სტატისტიკური ცდომილების ფარგლებსაც კი არ სცდება. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სიღარიბეში მოხვედრას სქესი არ განსაზღვრავს.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

საყურადღებოა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასახავს მოსახლეობის და არა შინამეურნეობების სიღარიბის დონეს, რაც საკმაოდ განსხვავებული მიდგომებია. სიღარიბის დონე გაანგარიშებულია სიღარიბის ზღვრის მიხედვით რომელიც წარმოადგენს 1 კილოკალორია საკვები ენერგიის ფასს 2004 წლის შეფასებით და რომელიც კორექტირდება ინფლაციის მაჩვენებელი. ცალკე საუბრის თემაა თუ რამდენად ადეკვატურია ასეთი მიდგომა, მაგრამ სამწუხაროდ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აქვეყნებს სიღარიბის ზღვრის მონაცემებს და ამდენად იმავე ზღვრის მიმართ შინამეურნებების სიღარიბის დონის მაჩვენებლების გაანგარიშება ვერ ხერხდება.

სიღარიბის დონე ჩვეულებრივ, შინამეურნეობების მიხედვით იანგარიშება და მოსახლეობის სიღარიბის დონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ შინამეურნეობების მოსახლეობის მიხედვით იანგარიშება. ანუ, ამ გაანგარიშების საფუძველიც შინამერნეობები სიღარიბის დონეა.

შინამეურნეობებისა და მოსახლეობის სიღარიბის დონის მაჩვენებლები არსებითად შეიძლება იყოს განსხვავებული და ეს დამოკიდებულია იმაზე თუ მასშტაბის ეკონომიის ეფექტის რომელ მაჩვენებელს გამოვიყენებთ. მასშტაბით ეკონომიის კოეფიციენტის განსაზღვრის აუცილებლობას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ შინამეურნეობის სამომხმარებლო საჭიროებები მათი ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ორსულიანი შინამეურნეობების საჭიროება უფრო ნაკლებია ვიდრე ორი ერთსულიანი შინამეურნეობების. ეს გამოწვეულია იმით, რომ შინამეურნეობის ფარგლებში არის საერთო მოხმარების საგნები და ნივთები, რომელთა რაოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად არ იზრდება. მაგალითად, ერთი და იგივე ნათურა შინამეურნეობის 1 წევრსაც და 7 წევრსაც ერთნაირად ანათებს, ერთ ტელევიზორს შინამეურნეობის 1 წევრიც და 5 წევრიც ერთნაირად უყურებს და ა.შ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მასშტაბის ეკონომიის ეფექტის მაჩვენებლად ამჟამად 0.8 მნიშვნელობას იყენებს. 2004 წლამდე მასშტაბის ეკონომიის ეფექტის მაჩვენებლად 0.6 გამოიყენებოდა.

თუ სიღარიბის ზღვრად განვიხილავთ დღეის მდგომარეობით ოფიციალურად მოქმედ საარსებო მინიმუმს და ამ ზღვრის მიმართ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემთა ბაზებიდან დავთვლით სიღარიბის მაჩვენებლებს ასეთ შედეგს მივიღებთ:

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გაანგარიშებები

მიღებული შეფასებები აჩვენებს, რომ მასშტაბის ეკონომიის ეფექტის 0.8 მნიშვნელობის პირობებში შინამეურნეობებისა და მოსახლეობის სიღარიბის დონის მაჩვენებლებს შორის განსხვავება არსებითია, ხოლო 0.6 მნიშვნელობის პირობებში განსხვავება უმნიშვნელო. რეგრესიული ანალიზის შედეგად მიღებული ემპირიული მონაცემები აჩვენებენ, რომ მასშტაბის ეკონომიის ეფექტის მნიშვნელობა 0.6 რეალობასთან უფრო ახლოსაა. იხილეთ კვლევა ბმულზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ გაანგარიშების ტენდენციები ზუსტად იმეორებენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ტენდენციებს.

ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მიერ გაანგარიშებული შინამეურნეობების სიღარიბის დონის მაჩვენებელი სადაც სიღარიბის ზღვრად გამოყენებული დღეში ერთ სულზე მოხმარების 1.90 2011 წლის PPP აშშ დოლარის დონე. შინამეურნეობების სიღარიბის დონის 1997-2017 წლის მაჩვენებლების დინამიკა ასე გამოიყურება:

წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის მონაცემებიც თითქმის იმეორებენ ზემოთ მოყვანილი მონაცემების ტენდენციებს, მაგრამ აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია 2017 წელს სიღარიბის დონის მკვეთრი ზრდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყენებული ზღვარი ზემოთ განხილულ ორ ზღვართან შედარებით შედარებით დაბალია, ხოლო სიღარიბის დონის 2017 წლის ზრდის ტემპი გაცილებით მკვეთრი ვიდრე ზემოთ განხილული მონაცემებისთვის იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის დონის ზრდა უკიდურესი ანუ სიღარიბის ძალიან დაბალი ზღვრის მიმართ სიღარიბის დონის ზრდის ხარჯზე მოხდა რაც უთანაბრობის არსებითი ზრდის ნიშანიც შეიძლება იყოს და ძალიან საყურადღებო გარემოებაა.

დატოვე კომენტარი