რუსეთის საგარეო პოლიტიკის გეოპოლიტიკური ანალიზი

 

ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

ის რაც ბერტრან რასელის, იუჯინ დებსის, როზა ლუქსემბურგისა და ემილ ზოლას აერთიანებთ, ეს მათი გამბედაობაა. მათ გაბედეს და არ აყვნენ ფსევდო ინტელექტუალურ ტონს, რომელიც ეროვნული მთავრობის უპირობო მხარდაჭერას გულისხმობდა. ჩამოთვლილთაგან ზოგს ამ ქმედებისთვის მძიმე სასჯელის მოხდა მოუწია, თუმცა მათ შეძლეს და დანერგეს ტენდენცია, რომელიც გულისხმობს მოვლენების ობიექტური გაანალიზების მცდელობას. (Chomsky, 2016)  სამწუხაროდ, დღეს საქართველო მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ადამიანები ხშირად ერთმანეთს სიმბოლურად, ემოციურ ნიადაგზე, გადაისროდნენ ხოლმე ეგრეთწოდებულ მტრის ბანაკში, ნათლავდნენ „კრემლის აგენტებად“ და ა.შ. სიტუაცია არც ვარდების რევოლუციის შემდეგ შეცვლილა. პირიქით, აღნიშნული ტენდენციის ინტენსიფიკაცია მოხდა. პატრიოტობასთან გაიგივებული ჭეშმარიტება ქმნიდა ნარატივებს, სადაც რუსეთი მხოლოდ ბოროტების იმპერიად წარმოგვიდგებოდა.

სტატიაში არ ვცდილობ, რაიმე სახით გავამართლო კრემლის საგარეო პოლიტიკის იმპერიული ასპექტები. ჩემი მიზანია, რეალობის ობიექტური ახსნა, სადაც ჩვენ  საფრთხეს ნათლად და რაციონალურად შევხედავთ. შევეცდებით ობიექტის მიღებას ზედმეტი წარმოდგენების გარეშე. სუბიექტური წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში პარტიული ნარატივებით იკვებება, რაც ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაა.

სტატია თავდაპირველად მიმოიხილავს რუსული გეოპოლიტიკური აზროვნების განვითარების ეტაპებს, რის შემდეგადაც გამოვყოფ რუსული გეოგრაფიული დეტერმინიზმის ცალკეულ ასპექტებს. შემდეგ ნაწილში კი განვიხილავ პერსონალურად ვლადიმერ პუტინის როლს მიმდინარე პროცესების სრული სურათის გადმოსაცემად.

რუსული გეოპოლიტიკური აზროვნება

დასავლეთი ხშირად ვერ უგებდა და ვერ უგებს რუსეთს. თუმცა, არის კი რაიმე გაუგებარი? მეარშაიმერი სვამს საინტერესო კითხვას – როგორ მოიქცევა აშშ, თუ ჩინეთი ან რუსეთი მექსიკაში ბაზების განთავსებას გადაწყვეტს? (Mearsheimer, 2014) სწორედ ეს კითხვა იქცა კრემლის საგარეო პოლიტიკის გააზრების წინაპირობად.

რუსული გეოპოლიტიკური აზროვნების განვითარებისას პირველწყაროდ გამოყოფენ იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე თავად გეოპოლიტიკური თეორიები. საქმე ეხება ფსკოვში მოღვაწე ბერი ფილოფეის განცხადებას, სადაც მან შეიმუშავა მესამე რომის კონცეპტი. ამასთანავე, ჩამოყალიბდა ორი გეოპოლიტიკური მიმართულება. პირველი ეხებოდა არასტაბილური რეგიონების ხელში ჩაგდებასა და კონტროლს, ხოლო მეორე გახლდათ ოკეანეზე გასასვლელების მოპოვება. პირველმა მათგანმა გამოიწვია ისეთი რეგიონებით დაინტერესება, როგორებიცაა ყაზანი, ასტრახანი და ციმბირი. ხოლო მეორეს მოჰყვა ლივონიის ომები ბალტიის ზღვისთვის და თეთრი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში გააქტიურება. აღნიშნული გეოპოლიტიკური სტრატეგიის პირველ პრაქტიკოსად ივანე მრისხანე ითვლება. დავამატებდი, რომ რუსეთი დღემდე მსგავსი გეოპოლიტიკური ტრაექტორიით მოძრაობს.

რაც შეეხება რუსული გეოპოლიტიკური სკოლის განვითარებას, ის მოიცავს ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე, სოლოვიევი, შაპოვი, ჩეჩერინი და სოლონევიჩი აყალიბებენ ახალ თეორიებს, რომლებიც არამარტო სახელმწიფოს საგარეო პრიორიტებს მოიცავს, არამედ სახელმწიფოთა მოწყობის პოლიტიკურ ფორმებსაც განიხილავს. უკანასკნელის ყველაზე კარგი გამოხატულება სოლონევიჩის  თავისუფლებისა და გეოგრაფიის სინთეზი გახლავთ, როდესაც ის ამერიკულ და ბრიტანულ თავისუფალ ღირებულებათა სისტემას მათ გეოგრაფიულ მდებარეობასთან აკავშირებს. ბმა კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ქვეყნები მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არ აწყდებოდნენ ეგზისტენციალურ საფრთხეს, რაც ადამიანებს აძლევდა საშუალებას ებრძოლათ ინდივიდუალური თავისუფლებისათვის. სოლონევიჩი ღირებულებებისაკენ პოტენციურ სწრაფვას გამორიცხავს რუსეთში, ვინაიდან ამერიკისა და ბრიტანეთისგან განსხვავებით, ის არ იყო დაცული ზღვებითა და ოკეანეებით.

მეორე ეტაპი უკავშირდება მეოცე საუკუნის დასაწყისს, როდესაც ვითარდება ეგრეთწოდებული სოციალისტური კონტინენტალიზმი. ის ხასიათდება უკიდურესი ანტიტრანსატლანტიკური მიდგომით და გულისხმობს, პირველ რიგში, სოციალიზმის დამყარებას რუსეთში და შემდეგ, მის გავრცელებას მთელს მსოფლიოში. (Isakova, 2005)

შემდეგ ეტაპზე გამოვყოფ გეოპოლიტიკური დეტერმინიზმის ორ ასპექტს. ესენია: სტრატეგიული და ფსიქოლოგიური.


გეოპოლიტიკური დეტერმინიზმი

რუსული უპირატესობა

ჩერჩილის მისტერიული ენიგმის გასაღები რუსეთთან დაკავშირებით უკანასკნელის ეროვნული ინტერესი გახლდათ, რომელიც ნებისმიერ ცნობისმოყვარეს გააღებინებს კარს, თუ ის პასუხს ეძებს სახელმწიფოთა ქცევის ასახსნელად. რუსეთზე წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით მსჯელობისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი დიდი საფრთხე პოლონეთის კორიდორიდან მოდის, სადაც რუსებს უბრალოდ ჯარების შეყვანა შეუძლიათ, რითითაც მტერს მოუსპობს მოსკოვისკენ გასასვლელ გზას, თუმცა, სწორედ აქედან იჩენს მეორე სავალალო გარემოება თავს. თუ პოტენციური მოწინააღმდეგე გადალახავს ამ კორიდორს მას შეუძლია ჯარის გაშლა და რამოდენიმე მიმართულებით წასვლა. თუმცა მეორე მხრივ, ამ რუსეთს გააჩნია ის, რაც არ აქვს მაგალითად ისრაელს, საქართველოს, სინგაპურსა და სხვა პატარა ქვეყნებს. ეს გახლავთ სტრატეგიული სიღრმე, რაც მტერს უქმნის ლოჯისტიკის პრობლემას. აღნიშნული საფრთხე, პირველ რიგში, ვერ გაითვალისწინა ნაპოლეონმა, როდესაც რუსეთის ომიდან საბოლოო გათიშვა გადაწყვიტა და მეორედ, 1941 წელს ადოლფ ჰიტლერმა, რომელსაც ომი კომუნიზმისთვის ჰქონდა გამოცხადებული. (Marshall, 2015)  ეს საკითხის ერთი მხარეა, რომელიც რუსებს აშკარა უპირატესობას აძლევს. ახლა ვისაუბროთ  გეოგრაფიული მდებარეობისა და ერის ფსიქოლოგიური ბმის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.


ფსიქოლოგიური ასპექტი

რუსეთი საკმაოდ საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. განსაკუთრებულ ყურადსაღებია ჩრდილოეთის მხარე, სადაც ზღვაზე პოტენციური გასასვლელი არქტიკის მიერაა ბლოკირებული. გეოპოლიტიკური ანალიზისას რობერტ კაპლანი იხსენიებს იმპერიალისტური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის – ალბერტ მაჰაანის სიტყვებს, რომ ხმელეთზე დაფუძნებული ძალები პერმანენტული საფრთხის გრძნობას განიცდიან. ზღვის თავდაცვითი ბარიერის გარეშე ისინი დაუკმაყოფილებელი ექსპანსიის სინდრომით გამოირჩევიან. არგუმენტის გასამყარებლად კაპლანი გეოპოლიტიკის საწყისების მეორე შემოქმედს მაკინდერსაც იშველიებს, რომლის თეზისის ამოსავალი წერტილი სწორედ რუსეთზე გადიოდა. მისი თქმით, სწორედ შიში გახლდათ ის მამოძრავებელი ძალა, რამაც რუსეთი კონტრქმედებებით აიძულა გააანეიტრალებინა ჯერ საფრანგეთისგან, ხოლო შემდეგ გერმანელებისგან მომდინარე საფრთხე.

სხვა მახასიათებლებიდან კი გვერდს ვერ ავუვლით კლიმატურ პირობებს. რუსეთის უდიდესი ტერიტორია 50-ე პარალელის ჩრდილოეთით მდებარეობს. ანუ, იმაზე უფრო ცივ კონდიციებში უწევთ ცხოვრება, ვიდრე კანადელებს, რომლებიც შეერთებული შტატების საზღვრის გასწვრივ ცხოვრობენ. სწორედ სიცივე გახდა დეტერმინანტი რუსების გამძლეობისა და საერთო სიკეთისთვის ინდივიდუალური მსხვერპლშეწირვის მიზეზი.

კაპლანი ამ ჯაჭვს საკმაოდ საინტერესოდ აგრძელებს, როდესაც ცდილობს მონღოლური შემოსევისა და შემდგომი მოვლენების დაკავშირებას. სწორედ მონღოლურმა ბატონობამ წაართვა რუსეთს რენესანსის გამოცდილება, თუმცა მისცა მეორე შესაძლებლობა – აღმოსავლური ორთოდოქსული სლავების ვიქტიმიზირებული წარსულის შექმნა, ერთიანი შეხედულებისა და მიზნების განცდა, ექსპანსიონალიზმის ჩასახვა, რაც დაფუძნებული იყო მუდმივი დაპყრობის შიშზე. (Kaplan, 2012)

საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში კი სწორედ გამოცდილება განაპირობებს რიგი ქვეყნების ურთიერთნდობის გაღრმავებას. რუსეთი კი სრულიად უნდობლობაში გამოიწვრთნა. ან, კონსტრუქტივიზმის ყველაზე დიდი წარმომადგენლის ალექსანდერ ვენდტის თეორიულ ასპექტს თუ დავეყრდნობით, ეს ქვეყანა გაიზარდა და განვითარდა ჰობსეანურ სამყაროში. მსგავსი არგუმენტის გასამყარებლად, საკმარისია, გადავხედოთ რუსეთის ისტორიას. უკვე ნახსენები იყვნენ მონღოლები, შეგვიძლია, სწორედ ამ ხაზს გავყვეთ. მოსკოვი დაიკავეს პოლონელებმა, ნაპოლეონმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო, უშედეგო გამოდგა ჰიტლერის გალაშქრებაც, იყო შვედეთის შეტევაც 1708 წელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი მწარე ისტორიულ გაკვეთილებს იღებდა. ჰობსისეული სამყარო არ გამქრალა და ის არსად არ წასულა. შეიცვალა ნორმები, წესები და ინსტიტუტები, თუმცა სახელმწიფოები ვერ გაცდნენ ჯადოსნურად დაწესებულ ცნობიერების ლიმიტს, რომ საგარეო პოლიტიკის ძირითადი მონახაზი წმინდად უკავშირდება გეოპოლიტიკურ ანალიზსა და მის ჩარჩოებს. აღნიშნული ხშირად ინიღბება იდეური დაპირისპირებითა, რასაც ხშირ შემთხვევაში, გეოპოლიტიკის მცდარ წარმოდგენამდე მივყავართ. ჰობსეანური სამყაროც აერთიანებს გეოპოლიტიკურ რეალიებს, უბრალოდ, ამ სამყაროში სახელმწიფოებს უფრო რთული  ეტაპების გადალახვა უწევთ. სწორედ მსგავსი გზა გაიარა რუსეთმა, როგორც დიდმა სახელმწიფომ და არ უნდა გვიკვირდეს, რომ გამოცდილება, ცნობიერება, გეოგრაფიული მდებარეობა და  ლიდერების წარმოდგენები ქმნიან ამბიციას, რომ რუსეთს შეუძლია ითამაშოს დიდი ქვეყნის თამაში.

საბოლოოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ გეოპოლიტიკურმა აზროვნების სკოლებმა ამ სახელმწიფოში ჩამოაყალიბეს ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: ვესტერნიზმი, ევრაზიანიზმი, ნეო-ევრაზიონიზმი და პრაგმატული გეოპოლიტიკური მოდელი. სტატიის მოცულობიდან გამომდინარე, მოკლედ ვახსენებ, რომ სწორედ უკანასკნელი გახლდათ ოცდამეერთე საუკენეში, ან უფრო კონკრეტულად, პუტინის ხელისუფლების მოსვლისთანავე დომინანტი მიმართულება. პრაგმატული გეოპოლიტიკური მოდელი გულისხობს პუტინის დოქტრინისა და აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას, რაც ტრადიციული ევრაზიანიზმის რევიზიას წარმოადგენს. გეოპრაგმატული მიდგომის საბოლოო მიზანი რუსეთის დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ დაბრუნებაა. (Isakova, 2005, გვ. 15-16)


რუსეთი, ანუ დიდი ქვეყნის თამაში

პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგი – ეს გახლდათ რუსული გეოპოლიტიკის ამოსავალი წერტილი და ის აუცილებლად გულისხმობდა გავლენის სფეროების აღიარებას. (Isakova, 2005, გვ. 13)  1945 წელს, როდესაც ფრანკლინ დელანო რუზველტი ხვდებოდა სტალინს, იალტაში ჯორჯ ქენანმა წამოწია უნიკალური საკითხი, თუ რატომ არ უნდა წასულიყო ორი მხარე კომპრომისზე და გაეყო ევროპა გავლენის სფეროებად. წინადადების ფორმულირება ასე ხდებოდა: „გამოვიდეთ რუსების სფეროდან და ისინი გამოვიდნენ საპირისპიროდ ჩვენი სფეროდან“. მაშინ ჩარლზ ბოჰლენმა, რომელიც თარჯიმანი გახლდათ, რუზველტს მოკლედ უპასუხა – „ვინაიდან ამდენი ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომს, ისინი იმსახურებენ უკეთესს მსოფლიოს. მსგავსი წინადადების მიღება სრულებით შეუძლებელია“. თუმცა ბოჰლენმა მოგვიანებით აღიარა, რომ ქენანი არ ცდებოდა. გავლენის სფეროების აღიარება ცივი ომისთვის დამახასიათებელი ნიშანი გახლდათ. (Allison, 2020) მაშინ შეერთებული შტატების ელიტები ცდებოდნენ, როდესაც საბჭოთა კავშირს განიხილავდნენ, როგორც თანამებრძოლ სახელმწიფოს უკეთესი მსოფლიოსთვის. საბჭოთა კავშირი იბრძოდა უკეთესი გეოპოლიტიკური პოზიციებისთვის და ეს შემდგომშიც დადასტურდა. რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა მას შემდეგ.

 

პუტინი და პუტინიზმი

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ქაოსმა მოიცვა. ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დამძლევად, ბევრის გასაკვირად, ვლადიმერ პუტინი იქცა, რომელმაც ყველაზე დიდი ტრამვა 1989 წელს- ბერლინის კედლის დანგრევისას მიიღო.  მაშინ ის დრეზდენში მსახურობდა. ეს იყო ქაოსის პერიოდი. გაბრაზებული გერმანელები იმუქრებოდნენ, რომ კგბ-ს შენობებს აიღებდნენ და ყველაფერს დაწვავდნენ. პუტინს უიმედობის განცდა დაეუფლა, თითქოს ის თავისმა ქვეყანამ მიატოვა. მაშინ მიხვდა, რომ ქაოსი არასდროს არ იყო კარგისმომტანი და ერთადერთი გამოსავალი სტაბილურობაზე გადიოდა. (Glasser, 2019)

რაც შეეხება მისი დასავლეთისადმი იმედგაცრუებას, ათვლის წერტილად 2007 წლის მიუნხენის სიტყვა ითვლება, როდესაც მან უკმაყოფილება ღიად გამოხატა და ისაუბრა უნიპოლარული სისტემის შეუთავსებლობაზე, ამერიკული საგარეო პოლიტიკის აგრესიულ უნილატერალურ ასპექტებზე და გააკრიტიკა ნატოს ექსპანსია აღმოსავლეთით. მან გაიხსენა, რომ დასავლეთმა რუსეთი მოატყუა და დაპირების მიუხედავად ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გააწევრიანა. (Dugin, 2015) ამ დეტალს მეტ ყურადღებას დავუთმობ.

დღეს საქართველოში ცალმხრივად გაისმის, რომ რუსეთს არანაირი დაპირება არ მიუღია დასავლეთისგან, რაც ასევე ეხმიანება დასავლეთის პოზიციას, რომლის მიხედვითაც პირველი, თუ რაიმე დაპირება არსებობდა, ეს ეხებოდა აღმოსავლეთ გერმანიას, მეორე, არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს, რაც ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებდა ამერიკელებს.

ვინაიდან სტატიის მიზანი ობიექტური მსჯელობის ასახვის მცდელობაა, ურიგო არ იქნება, ვახსენოთ ამ გარემოების მარკ ტრაჩტენბერგისეული ანალიზი, რომლიც თავის ნაშრომში ახსენებს მთავარი მომლაპარაკებლების ინტერვიუებს, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. იმ არგუმენტის საპირისპიროდ კი, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს, ავტორს მოჰყავს კუბის სარაკეტო კრიზისის მაგალითი, როდესაც ხელმოწერილი შეთანხმება არ დადებულა, მაგრამ ორივე მხარემ ვერბალურად აღასრულა დანაპირები. შესაბამისად, მოქმედი პირების ინტერვიუებისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე ავტორი გვთავაზობს საინტერესო ანალიზს, რომელიც ქართულ სივრცეში საერთოდ არ განიხილება. (Trachtenberg, 2021)

დავუბრუნდეთ ინდივიდუალური ლიდერის საკითხს. ინდივიდუალური ლიდერის როლი  შესანიშნავად აქვს გაანალიზებული მაიკლ მაკფაულს. როდესაც თავის სტატიაში ახდენს პუტინის საგარეო პოლიტიკის ანალიზს, რომლის მთავარი ქვაკუთხედი ილიბერალური კონსერვატიული ნაციონალიზმია,  რომელიც შეუთავსებელია შეერთებული შტატების პოლიტიკასთან. მსგავს კონცეპტს პუტინიზმიც კი უწოდეს. პუტინმა გარისკა, როდესაც უკრაინაში ინტერვენცია მოახდინა, შემდეგ მიიტაცა ყირიმი, ჩაერია სირიაში და ბოლოს აშშ-ის არჩევნებშიც კი, მაგრამ ეს იყო ლიდერის რისკი. რამდენად გაამართლა ეს უკვე მსჯელობის სხვა საგანია. სხვა ლიდერს შესაძლოა არ გაერისკა ან სხვა გადაწყვეტილებები მიეღო, თუმცა ფაქტია რომ დღევანდელი რუსეთის წარმოდგენა შეუძლებელია პუტინიზმის გარეშე.  (McFaul, 2020)

 

დასკვნა

რუსეთი უპირობო დემონად არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომელსაც ფაშისტებთან თანამშრომლობაც კი შეუძლია. დიპლომატიის მოყვარულებს ემახსოვრებათ კისინჯერის წიგნი დიპლომატიაში, თავი სახელად – „სტალინის ბაზარი“,  სადაც ის ითხოვდა გარანტიებს, ევროპის გადანაწილების შესაძლებლობას, ან მარტივად რომ ვთქვათ, სთავაზობდა მოკავშირეობას იმ ქვეყანას, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შეთავაზებდა. ისტორიისთვის, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ფასი ჰიტლერმა გადაიხადა, მაშინ, როდესაც დასავლეთევროპელი ლიდერები იმედს ამყარებდნენ, რომ ის სწორედ საბჭოთა კავშირს დაესხმებოდა თავს. ასევე, ცივი ომის დროს შეერთებული შტატებიც თანამშრომლობდა  ბევრ დიქტატურულ რეჟიმთან, თუმცა აქ ახალი არაფერია, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ამერიკაში უკვე ოთხი ადმინისტრაცია გამოიცვალა, რომელიც გვპირდებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს გახდიდა უკეთესს, ვიდრე იყო მანამდე, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ერთი მხრივ, ადმინისტრაცია ტყუვდებოდა იმაში, რომ რუსეთი შეუერთდებოდა ლიბერალური დემოკრატიების თანამეგობრობას, და მეორე, რომ აგრესიული ქმედებებით რუსეთი იძულებული გახდებოდა პირველი ძალით შეესრულებინა. უნიპოლარულობიდან გამომდინარე იყო შემთხვევები, როდესაც აშშ საერთოდ არ ითვალისწინებდა რუსეთის პოზიციებს. (Graham, 2019)

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკის განვითარებაარაც საშუალებას მოგვცემს რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას აფხაზეთსა და ოსეთთან მიმართებაში. ჩვენ, პირველ რიგში, სწორად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რაც იწყება გარკვეული რეალობების აღიარებით. მაგალითად, ჩვენ ვერ ვიქნებით მოლოდინის რეჟიმში, რადგან არ ვართ მონადირენი, არამედ გახლავართ მსხვერპლნი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა გადავრჩეთ, ხოლო მოძრაობისთვის  სწორი გზის განსაზღვრაა აუცილებელი, რაც  იდეოლოგიზირებული ანალიზისგან განთავისუფლებით იწყება.

Mearsheimer, J. J. (2014). Why the Ukraine Crisis Is the West’s Fault: The Liberal Delusions That Provoked Putin. Foreign Affairs, 77-84.

Chomsky, N. (2016). Who rules the world? New York: Henry Holt and Compan.

Isakova, I. (2005). Russian Governance in the Twenty-First Century. New York: Frank Cass.

Marshall, T. (2015). Prisoners Of Geography. New York: Scribner.

Kaplan, R. D. (2012). The Revenge Of Geography. New York: Random House.

Allison, G. (2020, March 2). https://www.foreignaffairs.com. Retrieved from https://www.foreignaffairs.com/articles/united-states/2020-02-10/new-spheres-influence: https://www.foreignaffairs.com/articles/united-states/2020-02-10/new-spheres-influence

Glasser, S. B. (2019, September 3). https://www.foreignaffairs.com. Retrieved from https://www.foreignaffairs.com/articles/russian-federation/2019-08-12/putin-great: https://www.foreignaffairs.com/articles/russian-federation/2019-08-12/putin-great

Dugin, A. (2015). Last War of the World-Island: The Geopolitics of Contemporary Russia. Moscow: Arktos Media Ltd.

Trachtenberg, M. (2021). The United States and the NATO Non-extension Assurances of 1990: New Light on an Old Problem? . International Security, 162-203.

McFaul, M. (2020). Putin, Putinism, and the Domestic Determinants of Russian Foreign Policy. International security, 95-139.

Graham, T. (2019, November 22). https://www.foreignaffairs.com/. Retrieved from https://www.foreignaffairs.com/articles/russia-fsu/2019-10-15/let-russia-be-russia: https://www.foreignaffairs.com/articles/russia-fsu/2019-10-15/let-russia-be-russia

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.