რა შეიძლება შეცვალოს ასლან ბჟანიას „გაპრეზიდენტებამ“ - აფხაზებმა საქართველოსკენ „გამოიხედეს“?

ასლან ბჟანიას შეუპოვრობა და ხასიათის სიმტკიცე „დაუფასდა“: მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ორჯერ მოწამლეს, რასაც აშკარად  პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა,  2020 წლის 22 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მან მაინც მიიღო მონაწილეობა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. თავისი უფლებამისილების განხორციელებას ბჟანია 23 აპრილისთვის დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება.

ვანო აბრამაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს, ყველა მაინც ინტერესით ველოდებით აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პირველ ნაბიჯებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კუთხით. ამ ინტერესს, მნიშვნელოვანწილად,  ასლან ბჟანიას მიერ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები განაპირობებს.

„ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა აუცილებელია. ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს ხელს შეგვიწყობს პოზიციების დაახლოებაში. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“, – აღნიშნა მან ჯერ კიდევ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებამდე.

მაშინ ბევრმა ასლან ბჟანიას ეს განცხადება გალის რაიონის ქართული მოსახლეობის საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით განხორციელებულ პოლიტიკურ მანევრად შეაფასა. თუმცა, აფხაზ პოლიტიკოსს პოზიცია არც დე-ფაქტო პრეზიდენტის რანგში შეუცვლია.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტები საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ამ ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ… ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ენგურჰესის ექსპლუატაციას. ესეც კონტაქტების გარკვეული დონეა“, – განაცხადა ე.წ. „არჩევნებში“ გამარჯვების შემდეგ ბჟანიამ, რომლის თქმითაც, „საქართველოსა და აფხაზეთს, ჟენევის ფორმატის გარდა, მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ“.

მისი შეთავაზება კორონავირუსის პანდემიამ „გადაფარა“ და მასთან ბრძოლის ორომტრიალში ჩაიკარგა. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ადრე თუ გვიან, დღის წესრიგში ისევ წინა პლანზე წამოიწევს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხი – პრობლემა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, აწუხებს ჩვენ საზოგადოებას…

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე და ამ ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობს „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი ვანო აბრამაშვილი.

 

 

– აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შედის  ალექსანდრე ანქვაბის გუნდში, რომელიც ქართველების მიმართ შედარებით ლოიალურ პოლიტიკურ ძალად მოიაზრება. ამასთან, მალე, თავად ალექსანდრე ანქვაბი, აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერის პოსტს ჩაიბარებს. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ხელისუფლების სათავეში მოსული ბჟანია-ანქვაბის პოლიტიკური გუნდი თბილისთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდება, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით კონსტრუქციული განცხადებები ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინაც გაკეთდა და არჩევნების შემდეგაც?

– ბჟანია-ანქვაბის გუნდის მიმართ ტერმინის  -„ქართველების მიმართ ლოიალურები“ – გამოყენებას მოვერიდები. ქართველების მიმართ მათ პოლიტიკას შევაფასებდი, როგორც „შედარებით ლიბერალურს და ნაკლებად აგრესიულს“. ეს შეფასება, ძირითადად,  გალის რაიონის ქართულ მოსახლეობის მიმართ გატარებულ პოლიტიკას შეეხება.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებისადმი ბჟანია-ანქვაბის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს და განსახილველად შემოთავაზებულ თემებს, ეს სულაც არ არის მოულოდნელი. მეტიც – ასეთი ქმედება ბუნებრივადაც კი გამოიყურება, ვინაიდან იმ თემებს შეეხება, რომლებიც ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება და მათი განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა ჟენევის ფორმატია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნა და კონფლიქტის გადაჭრის მანდატი არ გააჩნია.

ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა, მნიშვნელოვაწილად, რუსეთზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური გუნდი, ჯერ კიდევ ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, ხასიათდებოდა იმით, რომ ნაკლებად აგრესიულია, მოდის ქართულ მხარესთან თანამშრომობაზე, უფრო გახსნილია არაფორმალური შეხვედრების დროს, შეუძლია იმის გაანალიზება, როგორ ნახოს უფრო მეტი სარგებელი… ასეთი მიდგომები რაულ ხაჯინბას მმართველობის პერიოდში არ არსებობდა. ამდენად, ალბათ, გარკვეული დრო არის საჭირო იმაში გასარკვევად, რას ემსახურება ეს სიგნალები.

– ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო  არჩევნებში“ ვერ გაიმარჯვებდა, ამაზე მოსკოვის თანხმობა რომ არ ყოფილიყო.  „ქართველებისადმი შედარებით ლიბერალური და ნაკლებად აგრესიული“ (თქვენი შეფასებაა) ძალის მოყვანა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში ხომ არ ნიშნავს ირიბ მინიშნებას, რომ კრემლი თანახმაა, აფხაზეთის საკითხის მოგვარების პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრას?

ასლან ბჟანია

– აფხაზეთის შიდა საქმეებში რუსეთი ღიად არ ერევა. ეს გაკვეთილი მოსკოვმა 2004-2005 წლებში ხაჯინბასა და ბაღაფშს შორის დაპირისპირების დროს მიიღო, როდესაც, კრემლის მიერ ხაჯინბასთვის ღიად გამოხატული მხარდაჭერის გამო, აფხაზეთში საქმე ლამის სამოქალაქო ომამდე მივიდა. ამის შემდეგ რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და აფხაზეთის შიდა საკითხებში უხეშად აღარ ერევა.

 ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ის დაპირისპირება, რაც ბოლო პერიოდში აფხაზეთში ხდება (2019 წლის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების ანულირება, საპროტესტო გამოსვლები სოხუმში 2020 წლის იანვარში და ა.შ), მეტწილად, შიდააფხაზური „გარჩევის“ გამოვლინებაა. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი იყო გარეული, ასლან ბჟანიას ორჯერ მოწამვლაა. მით უფრო, რომ კრემლს ფსონი ხაჯინბაზე ჰქონდა გაკეთებული და არა ბჟანიაზე. შესაბამისად, მოსკოვმა ბჟანიას მოწამვლის ამბებს ხელი არ შეუშალა, დამნაშავეები არ გამოავლინა და არ დასაჯა.

თუმცა, ისიც ცხადია, რომ მოსკოვის საბოლოო თანხმობის გარეშე ბჟანია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. მითუმეტეს, რომ ამ უკანასკნელის მომავალი, საბოლოო ჯამში, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესები გააჩნია.

რაც შეხება ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ბჟანიას გამარჯვების დაკავშირებას ორმხრივ ქართულ-აფხაზურ დაილოგთან, ასეთ ბმას ვერ ვხედავ და მიმაჩნია, რომ ეს ორი სხვადასხვა თემაა. თუნდაც იმ გაგებით, რომ კრემლისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესაძლო დალაგება, ამ პროცესში მისი მონაწილეობის გარეშე. რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაციის ხარისხის გაზრდაც (განსაკუთრებით, უშიშროების სფეროში) გვაფიქრებინებს, რომ თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის დაწყების „ნიშნები“ მოსკოვს ნამდვილად არ გამოეპარება.

– სადავო არ არის ის მოცემულობა, რომ რა მიზნებიც არ უნდა დაისახონ ბჟანიამ და ანქვაბმა საქართველოსთან დაკავშირებით, მთავარი მაინც მოსკოვის პოზიციაა. კრემლის თანხმობის გარეშე ბჟანია-ანქვაბის გუნდი, ცხადია, ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამას. რამდენად შეიძლება იყოს დაინტერესებული  მოსკოვი დღეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებით?

ალექსანდრე ანქვაბი

– მოსკოვი ნამდვილად არ არის დაინტერესებული იმით, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ ამ მიმართულებით გავლებული „წითელი ხაზების“ გადაკვეთისა და ბჟანია-ანქვაბის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ფორმალიზების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, კრემლისთვის ეს განგაშის ზარი იქნება და ის უკვე აქტიურად ჩაერევა ამ საქმეში.

რუსეთის ინტერესებში შედის, რომ აფხაზეთი ქრონიკულად მასზე იყოს დამოკიდებული და ის ქრონიკულად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ამიტომ, თუ აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები წინააღმდეგობაში მოვა მოსკოვის ამ ინტერესებთან, მაშინ კრემლი ყველაფერს გააკეთებს მდგომარეობის ჩვეულ კალაპოტში დასაბრუნებლად.

თუმცა, არსებობს არაარსებითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაში კრემლი არ ჩაერევა. ასე ხდებოდა წინა წლებშიც, კერძოდ, ბაღაფშის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გარკვეული კონტაქტები და თანამშრომლობა არსებობდა. ამის მცდელობები დღესაც შეინიშნება. მაგალითად, ასლან ბჟანია ძალიან არის მოწადინებული, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე რამენაირად დაარეგულიროს არაფორმალური ვაჭრობა, თუმცა, რამდენად მოახერხებს ამას, ჯერ ძნელი სათქმელია.

– ასლან ბჟანია ხშირად აკრიტიკებდა თავისი წინამორბედის, რაულ ხაჯინბას მიერ გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ გატარებულ აგრესიულ პოლიტიკას. ბჟანია-ანქვაბის ხელისუფლებაში მოსვლით, შეიძლება თუ არა, რომ გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს?

– ასეთი მოლოდინი ნამდვილად არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ასლან ბჟანიას მიერ წინასაარჩევნო და არჩევნებისშემდგომ პერიოდში გაკეთებული განცხადებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გადაიხედება. ამ აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი იყო გალის დე-ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია, რომელიც ძალიან სასტიკად ექცეოდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას. სავარაუდოდ, ასეთი ყაიდის პერსონები მართვის სადავეებს ჩამოსცილდებიან.

მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლაზე  მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის განახლდება ე. წ. „აფხაზური პასპორტების“ გაცემა. დღეს ისინი ე.წ.“ბინადრობის ნებართვით“ სარგებლობენ, რაც მათ, ფაქტობრივად, უუფლებო მდგომარეობაში აყენებს.

გალის ქართული მოსახლეობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ საზღვარზე რეგულარულ მიმოსვლის აღდგენა. უნდა შეწყდეს მისი ხშირად ჩაკეტვა, როგორც ეს ხაჯინბას დროს ხდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება გალის ქართული მოსახლეობის მიმართ ბჟანია-ანქვაბის გუნდის პოლიტიკაზე საგნობრივი საუბარი.

– ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების რესურსი, სხვადასხვა მიმართულებით, რეალურად არსებობს. ასეთ მიმართულებებად შეიძლება იქცეს სამედიცინო სერვისი, კრიმინალთან ერთობლივი ბრძოლა, ეკონომიკური პროექტები… რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით?  კიდევ რომელ სფეროებში შეიძლება ორმხრივი თანამშრომლობა?

– ორმხრივი თანამშრომლობა არაერთ სფეროშია შესაძლებელი, იქნება ეს, განათლება, ვაჭრობა, კრიმინალთან ბრძოლა, ჯანდაცვა და ა.შ. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, თუ რამდენად შეძლებს ასლან ბჟანია სიტუაციის მართვას, რამდენად ექნება მას პოლიტიკური ნება იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვალოს.

თავის მხრივ, ქართული მხარეც, გარკვეულწილად, შეზღუდულია სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად  – 2020 ჩვენთანაც საარჩევნო წელია; აფხაზეთთან ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა არ წარმოადგენს წამყვან თემას და შესაბამისად, არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ამ მიმართულებით რაღაცეები აუცილებლად შეიცვალოს.

გარდა ამისა, სერიოზულ შეთანხმებამდე თუ მივიდა საქმე, აუცილებლად მოგვიწევს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შეცვლა. ვართ ამისთვის მზად? მე მგონია, რომ არა.

ამიტომ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების წინ წაწევის საკითხი დამოკიდებულია არა მარტო აფხაზებზე, არამედ ჩვენს პოლიტიკურ მზაობასა და საკითხის დეტალურ გააზრებაზეც.

რაც შეეხება სხვა პრობლემებს, რომელთა მოგვარებაზე შეიძლება აფხაზურ მხარესთან ვილაპარაკოთ, ისინი საკმარისზე მეტია. ესენია, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობასთან ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობა, გარემოს დაცვა და ა.შ.

– კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ახალი რეალობა წარმოშვა. როგორ შეიძლება აისახოს ეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის მოსახლეობას საშუალება აქვს, უფასოდ იმკურნალოს ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში, პარალელურად კი, რუსეთის ტერიტორიიდან შესაძლებელია შეშინებული თუ დაინფიცირებული ადამიანების მოზღვავება. ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, რომ აფხაზებმა საქართველოსკენ „გამოიხედონ“?

– ობიექტური რეალობაა ის, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში აფხაზები, მატერიალური რესურსების თვალსაზრისით, შეზღუდულები არიან (თუნდაც ე.წ. „სწრაფი ტესტების“ რაოდენობით). ამასთან, მათ კარგად იციან, რომ, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს და ამისგან  სარგებლის მიღება შეუძლიათ. ამიტომ, პანდემიისგან გადარჩენის ერთ-ერთ ვარიანტად აფხაზები ქართული სამედიცინო სერვისებით სარგებლობას განიხილავენ და ამ სერვისით უკვე სარგებლობენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, თუ სოციალური ქსელების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი ამ მომსახურებაზე კატეგორიულ უარს არ ამბობენ. ამ კონტექსტში, აფხაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს, სხვა მხრივ, (თუნდაც ქართული სამედიცინო პერსონალისადმი ნდობის თვალსაზრისით), მათთვის პრობლემა არ არსებობს.

კორონავირუსის მკურნალობის თემაზე  ქართული მხრიდან, აფხაზური მხარის მისამართით, მარტში იყო ერთგვარი ნეიტრალური გზავნილი  და თუ დახმარების შეთავაზება, თუნდაც ასეთი ფორმით,  მომავალშიც გაგრძელდება, ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება.

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. უნდა დათანხმდეს თუ არა თბილისი ამ შემოთავაზებას?

– ძალიან ბუნდოვანია, რას გულისხმობენ აფხაზები „ორმხრივ ფორმატში“. თუ ამ ტერმინის კლასიკურ მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, მაშინ ამ ფორმატში თანამშრომლობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ორმხრივი თანამშრომლობა აფხაზებთან თითქმის არასდროს გვქონია – გაერო-ს ეგიდით, არსებობდა მუდმივმოქმედი ფორმატი, რომელშიც მედიატორები იყვნენ ჩართულნი.

იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი ალსანია იყო საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, იმართებოდა ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრები, რაც იძლეოდა მაღალ დონეზე ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს გაერო-ს ფორმატში ხდებოდა.

იგივე ვითარება იყო მოგვიანებითაც, როდესაც ივლიანე ხაინდრავა და დავით ბაქრაძე იყვნენ სახელმწიფო მინისტრები კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. დღევანდელ პირობებში ამ ფორმატში მუშაობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ფორმატის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, დრო გვიჩვენებს, როგორო სახე ექნება მას. რუსეთი ყველანაირად შეეცდება, რომ ამ ფორმატში ჩაერთოს.

მოსკოვი მუდმივად აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე თბილისმა და მოსკოვმა ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ, რითაც ორი მიზნის მიღწევას ცდილობს. პირველი: კრემლში კარგად ხვდებიან, რომ ამ განცხადებით დააზიანებენ მოლაპარაკებებისკენ ქართული მხარის მისწრაფებას, ვინაიდან ოპოზიცია და საზოგადოება ამას მოსკოვის მიერ“ ნაკარნახევ ნაბიჯად“ მონათლავს, და მეორე: ამით რუსეთი თავს იზღვევს, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის არ გაჩნდეს ისეთი არხები, რომლებიც მისი (რუსეთის) კონტროლიდან იქნება გასული.

ამის გამოცდილება კი მოსკოვს ნამდვილად გააჩნია – ახლო წარსულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კრემლი პირდაპირ, უხეშად ჩარეულა და  ორმხრივი შეხვედრები თუ კავშირები შეუფერხებია.

ამდენად, ასლან ბჟანიას მიერ შემოთავაზებული ორმხრივი ფორმატი მხარეთა შორის მოლაპარაკებების, განხილვის საკითხია. ჩემი პირადი აზრია, რომ ქართულმა მხარემ მის ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო არხი და საშუალება უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კონფლიქტის მოგვარების საკითხი ადგილიდან დაძრას. თუ ამ საქმეს ასლან ბჟანიას მიერ შემოთავაზებული „ახალი პლატფორმა“ რამეში წაადგება, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, თუნდაც იმ თემებზე სასაუბროდ, რომელთა განხილვა ჟენევის ფორმატის ფარგლებში ვერ ხერხდება.

– თუ „ახალი პლატფორმა“ ჩამოყალიბდა და ის წარმატებული გამოდგა, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკურ სტატუსზე მსჯელობის დაწყება იქნება? შესაძლებელია თუ არა ახლო მომავალში პოლიტიკური სტატუსის ირგვლივ  მოლაპარაკებების დაწყება?

– პოლიტიკური სტატუსი იქნება ყველაზე ბოლო და რთული საკითხი, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე ათწლეული შეიძლება გაიწელოს, რადგან ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ძალიან რთულ ფაზაშია შესული, განსაკუთრებით – 2008 წლის შემდეგ.

2008 წლიდან აფხაზებში საგრძნობლად არის გაზრდილი  ე.წ. „სახელმწიფოებრიობის“ განცდა, რის გამოც  უკან დასაბრუნებელ წერტილს გავცდით და მოლაპარაკებების გზით პრობლემის მოგვარება ძნელად წარმოსადგენი გახდა. ასეთი წერტილი არსებობდა 1999 წლიდან იმ პერიოდამდე, ვიდრე აფხაზეთი ე.წ. „დამოუკიდებლობას“ გამოაცხადებდა. ამას მოჰყვა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ამ „დამოუკიდებლობის“ აღიარება, საიდანაც ათვლის ახალი წერტილი დაიწყო და პოლიტიკურ სტატუსზე შეთანხმების მიღწევა ძალიან გართულდა.

 შესაბამისად, არამარტო აფხაზურ, არამედ ქართულ მხარესაც ბევრ რამის დათმობა და ახალ რეალობაში გარკვევა მოუწევს. ამიტომ, ჩვენ ჯერ უნდა ვისაუბროთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, იმ საკითხებზე, რომლის ირგვლივ შეთანხმებაც ამ ეტაპზე შეგვიძლია და პოლიტიკური სტატუსის, ისევე როგორც დევნილების დაბრუნების საკითხი, ბოლოსთვის „შემოვინახოთ“.

ესაუბრა გიორგი ასანიშვილი