ფოტო გარეკანზე: jojosoriadeveyra.blogspot.com
შესავალი: დემოკრატიული მმართველობის ორი მოდელი
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მმართველობის ორივე მოდელი, როგორც საპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო, არის თანამედროვე დემოკრატიული პოლიტიკის ფუნქციონირების ფორმა. ორივე მოდელის ინტელექტუალური ისტორია დასავლური წარმოშობისაა და მოდერნიზაციის ერთგვარი სოციო–პოლიტიკური პროდუქტია. თუმცა, კონტინენტური ევროპული ქვეყნები არჩევენ მეტწილად საპარლამენტო მოდელს, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობის ფორმა მთლიანად ეფუძნება საპრეზიდენტო მოდელს. პოლიტიკურად რომ ავხსნათ, ძირითადი განსხვავება ამ ორ სისტემას შორის არის იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება და ვის ხელში უნდა იყოს რეალურად თავმოყრილი პოლიტიკური ძალაუფლება. შესაბამისად, პრაქტიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტი და მისი გუნდი (მაგ. მისი პარტია, მრჩევლები, აპარატი, მოკავშირე ელიტები და ა.შ.) წარმოადგენს ძალაუფლების ძირითად კონგლომერატს, მაშინ როდესაც საპარლამენტო სისტემის პირობებში ძალაუფლება ეკუთვნის იმ პარტიულ ჯგუფს (ან ჯგუფებს), რომელიც იმარჯვებს არჩევნებში, იძენს ფართო სოციალურ ლეგიტიმაციას და საპარლამენტო პოლიტიკის მეშვეობით აყალიბებს მთავრობას და ამით იღებს რეალურ ძალაუფლებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპარლამენტო მმართველობის ფორმა აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს იფიქრონ მათი იდეოლოგიური იდენტობის მკაფიოდ ფორმირებაზე და მობილიზაცია მოახდინონ საკუთარი ელექტორატის, რომელიც გარკვეულ იდეოლოგიურ თუ ღირებულებით მოცემულობას დაეყრდნობა არჩევანის გაკეთებისას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ხშირად ინდივიდი ნებისმიერი მმართველობის სისტემის პირობებში არჩევანს აკეთებს არა რაციონალური მიდგომით, არამედ ემოციური ორიენტირების გამოყენებით.
პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეშ: მნიშვნელობა, როლი და ფუნქცია
ზოგადად, არსებობს საპარლამენტო მმართველობის ორი ფორმა: ვესტმინსტერის მოდელი და დასავლეთ ევროპული მოდელი. აქედან პირველი ფორმა ანუ ვესტმინსტერის მოდელი მორგებულია დიდ ბრიტანეთსა და ე.წ. თანამეგობრობის ერებზე (მაგ. კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ა.შ.). რაც შეეხება მეორე ფორმას ანუ დასავლეთ ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიას, ის მორგებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაზე, სადაც მიუხედავად მმართველობის საპარლამენტო ფორმისა ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტიც. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, რომელთა მმართველობის ფორმა საპარლამენტო სისტემაა, პრეზიდენტი სიმბოლური ფუნქციის მატარებელია და არ განსაზღვრავს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს და შესაბამისად ვერ დომინირებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, როცა ასეთი სისტემის პირობებში პრეზიდენტებს აქვთ მცდელობა ძალაუფლების კონსოლიდაციის . ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო ზოგიერთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიებში პრეზიდენტის მნიშვნელობა და მისი პოლიტიკური როლი.
გერმანია
შეიძლება ითქვას, რომ გერმანია კონტინენტური ევროპული საპარლამენტო მოდელის კლასიკური რეპრეზენტაციაა. შესაბამისად, ხშირად ასეთ მოდელს ასევე ვუწოდებთ გერმანულ მოდელსაც. საპარლამენტო სისტემის წარმატებას გერმანიაში ცხადია განაპირობებს საპარლამენტო პოლიტიკის ის ტრადიციები, რომელთა განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ხდებოდა, როდესაც პოლიტიკური მოდერნიზაციის ახალი ტალღა აქტიურად იყო მიმართული ეფექტური საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებაზე.
პროფესორი მანფრედ შმიდტი წარმოგვიდგენს გერმანულ სახელმწიფოს, როგორც საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ამერიკული საპრეზიდენტო ან გნებავთ ფრანგული ნახევრად საპრეზიდენტო მოდელისგან ან თუნდაც ბრიტანული საპარლამენტო მონარქიის მოდელისგან. შმიდტი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გერმანიაში ცერემონიულია და ის ასრულებს გარკვეულ სიმბოლურ პოლიტიკურ ქმედებებს (მაგალითად ბუნდესტაგს წარუდგენს ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატს). ამიტომ, ზოგადად, გერმანულ პოლიტიკური სისტემას ხშირად უწოდებენ „კანცლერის დემოკრატიას“, რადგან ამ ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე ყოველთვის დომინირებს კანცლერის პოლიტიკური ფენომენი, მაშინ როდესაც პრეზიდენტის როლი ძალიან სუსტია.
გამომდინარე პრეზიდენტის ინსტიტუტის სუსტი პოლიტიკური როლიდან, გერმანიაში პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი გზით ანუ ფედერალური კრების მიერ (ანუ სპეციალური ორგანოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბუნდესტაგის ყველა წევრი და ასევე ფედერალური მიწების საკანონმდებლო სტრუქტურათა დელეგატები იმ ერთი კონკრეტული მიზნით, რომ აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი). გერმანიის კონსტიტუციის 54-ე მუხლი კი ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება ყოველგვარი დებატების გარეშე 5 წლის ვადით.
იტალია
იტალიის პოლიტიკური და ინტელექტუალური ცხოვრება მისი საპარლამენტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. პარტიული სისტემა გაცილებით მრავალფეროვანია ვიდრე გერმანიაში და დემოკრატიული პოლიტიკის პროცესი გაცილებით მდიდარი ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ დემოკრატიებში. თუმცა, მსგავსად გერმანიისა, იტალიაშიც პრეზიდენტი ასევე სუსტი პოლიტიკური როლი მქონეა. შესაბამისად, გამომდინარე მისი სუსტი პოლიტიკური, ერთგვარი რიტუალური მნიშვნელობიდან, იტალიაშიც პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით ირჩევა. იტალიის კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკის პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის მიერ 7 წლის ვადით. იტალიის კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს როგორც სახელმწიფოს მეთაურის, რომელიც წარმოადგენს ეროვნული ერთიანობის სიმბოლოს. ცხადია, პრეზიდენტი აღჭურვილია ასევე გარკვეული მნიშვნელოვანი ფუნქციებით (მაგ. გარკვეული თანამდებობის პირების დანიშვნა, რეფერენდუმის დანიშვნა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა და ა.შ) მაგრამ პარტიული პოლიტიკის და საპარლამენტო ცხოვრების მდიდარი ისტორიული ტრადიციებიდან გამომდინარე იტალიაში პრეზიდენტი არ არის განსაკუთრებული პოლიტიკური როლის მატარებელი და შესაბამისად ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩევაც იტალიური პოლიტიკური ცხოვრებისათვის არაბუნებრივი მიდგომა იქნებოდა. ამიტომაც, ალბათ ლოგიკურია ის, რომ იტალია როგორც განვითარებული საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყანა არჩევს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის გზას, რაც თავის მხრივ გამოხატავს იტალიაში კლასიკური, კონტინენტური ევროპული პოლიტიკური სისტემის ფორმაციას.
პოლონეთი
რასაკვირველია პოლონეთის მაგალითი ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პოლონეთი არ წარმოადგენს დასავლეთ ევროპულ დემოკრატიას, თუმცა მოიაზრება ევროპული დემოკრატიის ზოგად კონტექსტში. მსგავსად გერმანიისა და იტალიისა, პოლონეთის მმართველობის სისტემაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა განსხვავებით ამ ორი ტრადიციული საპარალამენტო დემოკრატიებისგან, პრეზიდენტის როლი, ფუნქცია და არჩევის წესი პოლონეთში განსხვავებულადაა ორგანიზებული.
მიუხედავად საპარლამენტო ფორმისა, პრეზიდენტის როლი და პოლიტიკური მნიშვნელობა პოლონეთში უფრო დიდია ვიდრე სხვა ევროპულ დემოკრატიებში რასაც განაპირობებს ამ ქვეყნის ერთგვარი ისტორიული გამოცდილება და სოციო–კულტურული ფაქტორები. საქმე იმაშია, რომ მეოცე საუკუნის პოლონეთის პოლიტიკური იდენტობა განიცდიდა დემოკრატიულობის საკმაოდ მძაფრ კრიზისს. მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდეს ისიც, რომ დემოკრატიის კრიზისი პოლონეთში არ იყო მხოლოდ კომუნიზმის ეპოქისთვის დამახასიათებელი პროცესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორიტარული მმართველობა პოლონური სახელმწიფოს ინტეგრალური ნაწილი იყო მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც, იოზეფ პილსუცკის მმართველობის პერიოდში, რომელიც იყო გამოკვეთილად სამხედრო ხასიათის ავტორიტარული ლიდერი მკვეთრად ანტიდემოკრატიული შეხედულებებით. მარტივად რომ ვთქვათ, პოლონეთის ისტორიამ და მისმა როგორც სამხედრო ყაიდის სახელმწიფოდ განვითარებამ ხელი შეუწყო ერთპიროვნული მმართველების ჩამოყალიბებას და შესაბამისად ამ ისტორიული მეხსიერების ერთგვარ ზეგავლენად უნდა მივიჩნიოთ დღეს პოლონეთში პრეზიდენტის მნიშვნელოვანი როლი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადია პოლონეთში პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი გზით ანუ ხალხის მიერ. უფრო კონკრეტულად, პოლონეთის კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი აირჩევა ხალხის მიერ 5 წლის ვადით და მისი არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ ზედიზედ. ამასთანავე, განსხვავებით გერმანიასა და იტალიისგან, პოლონეთის კონსტიტუცია ფართო ჩანაწერს აკეთებს პრეზიდენტის შესახებ და ანიჭებს მას მთელ რიგ ფუნქციებს.
როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტის როლი ქვეყენის ცხოვრებაში საკმაოდ ძლიერია. თუმცა, ცხადია მისი გავლენა ვერ იქნება პრემიერ მინისტრზე მეტი, მაგრამ მისი გავლენები ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში საკმაოდ თვალშისაცემია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის მზარდი როლი ხშირად იქნა გამოყენებული პოლონეთის უახლეს ისტორიაში ანტიდემოკრატიული პოლიტიკის საწარმოებლად, რაც განსაკუთრებით გამოიხატებოდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მმართველობის პერიოდში, რა დროსაც პოლონეთის დემოკრატიული განვითარება დაჩრდილა პრეზიდენტ კაჩინსკის საშიშმა ნაციონალისტურმა ქარიზმამ და პოპულისტურმა პოლიტიკამ.
ჩეხეთის რესპუბლიკა
მსგავსად პოლონეთისა, ჩეხეთში, სადაც ასევე საპარლამენტო სისტემა ფუნქციონირებს, პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი გზით. თუმცა 2012 წლამდე პრეზიდენტი აირჩეოდა არაპირდაპირი გზით, ჩეხეთის პარლამენტის მიერ. 2012 წლის შემოდგომიდან კი პრეზიდენტი არჩევა ხალხის მიერ 5 წლის ვადით. უნდა ითქვას, რომ განსხვავებით პოლონეთისგან, ჩეხეთში, პრეზიდენტის გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ძლიერი. ამას განაპირობებს ჩეხეთის პარტიული სისტემა, რომელიც პოლონეთისგან განსხვავებით უფრო მეტად მიმართულია დასავლური პოლიტიკური სისტემის პრინციპებზე, რაც აფუძნებს პრეზიდენტის სუსტ როლს საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ 2013 წლის გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩეხეთის პრეზიდენტი ხდება ექსცენტრიული პოლიტიკოსი მილოშ ზემანი, რომელიც ხშირად მანიპულირებს იმით, რომ ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და გამოირჩევა ისეთი პოლიტიკური რიტორიკით, რომელიც ხშირად ქმნის კრიზისულ ვითარებას ჩეხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზემანის სკანდალური თვისებები და მზარდი ვულგარული განცხადებები არ პასუხობს თანამედროვე ჩეხეთის პოლიტიკური და დემოკრატიული ინტერესების დღის წესრიგს.
დასკვნის მაგიერ
შეიძლება დავასკვნათ, რომ დასავლურ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში პრეზიდენტის როლი არის სუსტი, ცერემონიალური და სიმბოლური განზომილების მქონე. ალბათ ამის ძირითადი მიზეზი მაინც დასავლეთის რთული პოლიტიკური წარსულია როდესაც ქარიზმატული ლიდერების მმართველობამ გამოიწვია პოლიტიკური ძალადობა, დრამატული კონფლიქტები და დიდი სოციალური კატასტროფები. ამიტომ ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ დასავლეთ ევროპის განვითარებული დემოკრატიები ცდილობენ შეინარჩუნონ პრეზიდენტის სუსტი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა ძალაუფლება არ იქნას თავმოყრილი ერთი ლიდერის ხელში და შესაბამისად პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი იყოს ხალხი და მათ მიერ არჩეული პარტიები კონკრეტული მიზნებითა და პოლიტიკური პროგრამებით.
ასევე, უნდა ითქვას ისიც რომ, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითები ცხადყოფს იმას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის როლის გაძლიერებამ და მისმა პირდაპირი წესით არჩევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დემოკრატიული პოლიტიკის კულტურას და შესაძლებლობა მისცეს ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებს ხალხის სახელით განამტკიცონ საკუთარი ძალაუფლება და ლობირება გაუწიონ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და მანიპულაციურ პოლიტიკას.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.