ოთარ ჯიოევი - ყოფნა და ფლობა

 

ომისშმედგომ საბჭოთა საქართველოში, მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში თავი მოიყარა მეცნიერთა წრემ, რომლებმაც დიდი სამუშაო შეასრულეს საქარათველოსა და მთელს საბჭოთა კავშირში მეცნიერებისა და სწავლების განვითარების საქმეში. დღევანდელ საქართველოში, მათი სახელები შეიძლება ითქვას, რომ დავიწყებულ ავტორთა პანთეონად იქცა. ლიბერალური კაპიტალიზმის სულისკვეთებით აღსავსე ქართულ აკადემიური სივრცეში, მათი ცხოვრებისა და ინტელექტუალური მემკვიდროების დასაფასებლად რასაკვირველია ადგილი ძნელად მოიძებნება. თუმცა მათი წვლილი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია მათი შრომა და მემკვიდრეობა დავიწყებას მიეცეს. მათი შრომები და შეხედულებები დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მნიშვნელოვნად გვეხმარება ჩვენი სოციალური სამყაროს გააზრებაში. 

პროფესორი ოთარ ჯიოევი სწორედ ამ მეცნიერთა თაობის  ერთ-ერთი  თვალსაჩინო წარმომომადგენელია. ოთარ ჯიოევი 1928 წლის ზამთარში დაიაბადა, თბილისში. სწავლობდა ფილოსოფოსიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1957) და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1972). მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა ჯერ ისტორიული მატერილიზმის განყოფილებას, ხოლო შემდეგ კი კულტურის ფილოსოფიის განყოფილებას, იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. გარდაიცვალა თბილისში, 1999 წელს, 71 წლის ასაკში.

ოთარ ჯიოევი არა ერთი ნაშრომის ავტორია, მათ შორის არის სოციალისტური წარმოების წესის თავისებურებანი (1960), თანამედროვე კაპიტალიზმი და ბურჟუაზიული პროპაგანდა (1969), კულტურა ადამიანის ცხოვრებაში და ბრძოლა უარყოფით მოვლენებთან (1985), რა არის კულტურა (1987) და სხვა. ჯიოევის შრომები, მისი ფილოსოფია და სოციალური აზროვნება გამოირჩევა ერუდიციის მაღალი დონით, გონიერი დაკვირვებებით, რთული იდეებისა თუ მოვლენების გასაგებად წარმოჩენითა და ძლიერი ანალიტიკური მსჯელობით. მისი ნაშრომები მნიშვნელოვნად ეფუძნება სოციალური და პოლიტიკური აზროვნების მარქსისტულ ტრადიციებს და სავსეა ჰუმანიზმითა და კეთილგონიერებით.           

ჟურნალი 42°პარალელი, გთავაზობთ ამონარიდს ოთარ ჯიოევის წიგნიდან: კულტურა ადამიანის ცხოვრებაში და ბრძოლა უარყოფით მოვლენებთან (1985), გვ. 14-25.  

 

***

 

 

 

ადამიანები გამორჩენის ისეთმა მისწრაფებამ შეიპყრო, რომ, როგორც ჩანს, მათ ქონება უფრო ფლობს, ვიდრე ისინი ფლობენ ქონებას.

პლინიუს უმცროსი

 

Бог весть за что – философы, пииты,
На твой и мой давным-давно сердиты.

პუშკინი

 

დადებითად და უარყოფითად მრავალი მოვლენა შეიძლება შეფასდეს, მათ შორის ბუნების მოვლენებიც. მაგრამ როცა უარყოფით მოვლენებზე ლაპარაკობენ, ჩვეულებრივ იმ მოვლენებს გულისხმობენ, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებაში გვხვდება და ამ ცხოვრების წესს კი ეწინააღმდეგება. ქურდობა, ერთმანეთის მოტყუება, მექრთამეობა და გამოძალვა, ხულიგნობა და ავკაცობა და სხვ. ადამიანებს ჩვეულებრივ მოსაწონ საქციელად არ მიაჩნიათ, მაგრამ ზოგჯერ ისე გაუკუღმართდება ხოლმე დრო, რომ ქურდს აღარ არქმევენ ქურდის სახელს და ავკაცობას აღარ თვლიან ავკაცობად. ქრთამს „პატივისცემას“ შეარქმევენ, დამტაცებელს კომბინატორად, „საქმოსნად,” „მოხერხებულად“ მონათლავენ. რატომ ხდება ეს?

ადამიანის ქცევის მოტივებიც მრავალნაირი შეიძლება იყოს. იმ საქციელისათვის, რომელსაც უარყოფით მოვლენას ვუწოდებთ, ერთ-ერთი მოტივი ხშირად არის ანგარება, მხოლოდ საკუთარ სარგებლიანობაზე ზრუნვა და ამ ზრუნვის პროცესში სხვა ადამიანისა და მისი ინტერესების არარად ჩაგდება, უფრო კი სხვა ადამიანის გამოყენება საშუალებად ამ სარგებლიანობისათვის. ქურდი ისე ვერ მოიპარავს, თუ არავინ გაქურდა. თაღლითი ვერ ითაღლითებს, თუ ვინმე არ მოატყუა. როგორ ხდება ის, რომ ადამიანები სხვა ადამიანთა ინტერესებს ადვილად სწირავენ საკუთარ სიამოვნებას, როგორ ივიწყებენ ადამიანები იმას, რომ, როგორც ერთი მოსამართლე უხსნიდა ბრალდებულს, მისი ხელის თავისუფლება იქ თავდება, სადაც მეორე ადამიანის ცხვირი იწყება?

ერთ-ერთი ახსნა ამ უკუღმართობისა ის არის, რომ ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია საკუთრებას. ადამიანის მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული მის ქონებაბე და ამიტომ ადამიანი იქამდე მიდის, რომ ყველა თავის მისწრაფებას საკუთრებაზე, ქონებაზე ზრუნვას უმორჩილებს, კერძომესაკუთრული მისწრაფება მისი ცხოვრების ძირითადი მოტივი ხდება და ის ახშობს სხვა ადამიანებისადმი სიყვარულის, თანაგრძნობისა და სხვა გრძნობებს.

როცა უარყოფით მოვლენებს უმთავრესად კერძომესაკუთრული ტენდენციის გამოვლენად თვლიან, ამგვარი ახსნა ბევრ გაუგებრობასა და წინააღმდეგობას აწყდება. კერძო საკუთრებას ადამიანის სასიცოცხლო ინსტინქტთან, მის მეობასთან აკავშირებენ. „ჩემის“ და „შენის“ გარჩევის გარეშე ადამიანი ინდივიდუალობასაც დაკარგავდაო, ამტკიცებენ. „არის მხოლოდ ერთი ბოროტება, ეს არის ეგოიზმი; და არის მხოლოდ ერთი სიკეთე, ეს არის სიყვარული”, ამბობდა გერმანელი ფილოსოფოსი ლუდვიგ ფოიერბახი. სიყვარული რომ სიკეთეა, ამაში ალბათ არავინ დაეჭვდება, გარდა მარქსიზმის ვულგარიზატორისა, რომელსაც ჰგონია, რომ კლასობრივი ბრძოლა ადამიანთა შორის სიყვარულს გამორიცხავს. რაც შეეხება ეგოიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მას სალანძღავ სიტყვად იღებს, მაინც გავრცელებულია ის აზრი, რომ ის ადამიანის ბუნებისაგან მოუცილებელია, რომ სიკეთეც კი კარგად გაანგარიშებული ეგოიზმია.

გაუგებრობის წყარო ისიც არის, რომ ხშირად არ მიჯნავენ საკუთრებას კერძო საკუთრებისაგნ და კერძო საკუთრების კრიტიკა ზოგს საერთოდ საკუთრების წინააღმდეგ ბრძოლა ჰგონია, იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკურ ეკონომიაში მოიკოჭლებს, არამედ უფრო იმიტომ, რომ უნახავს, როგორ სპობდნენ კერძო საკუთრებასთან ბრძოლის სახელით მატერიალურ ფასეულობებს.

ლიტერატურისმცოდნეებს უყვართ რევოლუციისადმი მწერლის დამოკიდებულების განსამარტავად ასეთი მაგალითის მოშველიება: ვლადიმერ მაიაკოვსკიმ რევოლუციის შესახებ უყოყმანოდ თქვა „ჩემი რევოლუცია!“ ალექსანდრე ბლოკმა კი მოიწონა რევოლუცია, მაგრამ დაუმატა: „ბიბლიოთეკა დამიწვესო“. ამით იმის თქმა უნდათ, რომ ბლოკი კი იყო რევოლუციის მომხრე, მაგრამ ისე გადაჭრით არა, როგორც მაიაკოვსკი. იქნებ ამ მაგალითს სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ. იქნებ ბლოკიც ნაკლებად არ იყო ჩაგვრისა და ექსპლოატაციის წინააღმდეგი, აკი იგი წერდა კიდეც, რომ მას არ შეუძლია ბედნიერი იყოს, ვიდრე სხვაა უბედური, მაგრამ იქნებ ბლოკი იმაზეც ფიქრობდა, რომ ბიბლიოთეკისა და სხვა კულტურულ ფასეულებათა მოსპობა რევოლუციას სახელს გაუტეხს და ზიანსაც მიაყენებს. რევოლუციური ენთუზიაზმი, რა თქმა უნდა, დიდი ძალაა, მაგრამ ის ბრმა არ უნდა იყოს. რევოლუციის პროცესში ძველი წყობილება ინგრევა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უნდა გავანადგუროთ ძეელი საზოგადოების მიერ შექმნილი მატერიალური და სულიერი სიმდიდრე. ამ უაზრო ნგრევის გამართლებას შემდეგ იმ „ფილოსოფიამდეც“ მივყავართ, რომ როცა ტყეს ჩეხენ, ნაფოტებზე არ უნდა ვინაღვლოთო და ამით კანონიერების დარღვევების მიერ მოტანილ დიდ ზიანს არაფრად აგდებდნენ.

რაც შეეხება კერძო საკუთრებასა და მის გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე, ეს თვალსაზრისიც ახალი არ არის. „პირველი, ვისაც აზრად მოუვიდა მიწის ნაკვეთი შემოეღობა, ეთქვა „ეს ჩემია“, და ვინც საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანები იპოვა, რომელთაც ეს ირწმუნეს, სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი დამაარსებელი იყო. რამდენი დანაშაულისაგან იხსნიდა ადამიანთა გვარს ის, ვინც მარგილებს ამოაძრობდა, თხრილს ამოავსებდა და მახლობლებს შესძახებდა: „ნუ დაუჯერებთ ამ მატყუარას, თქვენ დაიღუპებით, თუკი დაივიწყებთ, რომ მიწის ნაყოფი ყველას ეკუთვნის, მიწა კი – არავის!“ ჟან-ჟაკ რუსოს ეს ცნობილი ნათქვამიც ზოგჯერ სიტყვა-სიტყვით ესმით ხოლმე: თითქოს რუსოს მიხედვით, კერძო საკუთრება ზუსტად იმგვარად წარმოიშვა, როგორც მან ამ სიტყვებით დაახასიათა. სინამდვილეში აქ მხოლოდ ხატოვნად არის ნათქვამი ის, რომ კერძო საკუთრება ადამიანის ბევრი უბედურების მიზეზია და რომ ის სრულიადაც არ არის ადამიანთა ცხოვრების ბუნებრივი პირობა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. მართლაც, კერძო საკუთრებს წარმოშობამდე საზოგადოებრივი საკუთრების არსებობა უეჭველია, სახოგადოებრივი, „თემური“ საკუთრების ძლიერი გადმონაშთები ჩვენშიც არცთუ ისე დიდი ხნის წინათ არსებობდა. იმის შემდეგ, რაც კერძო საკუთრება და ქონებრივი უთანასწორობა წარმოიშვა, საზოგადოება კიდევ დიდ ხანს მისტიროდა წარსულში არსებულ ერთობასა და თანასწორობას. მონათმფლობელურ საბერძნეთში ცნობილი ორატორი დემოსთენე, მაგალითად, ამბობდა: „უწინდელ დროს… ყველაფერი სხვაგვარად იყო, ვიდრე ახლა არის. უწინდელ დროს ყველაფერი, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სიმდიდრითა და სიუხვით ბრწყინავდა, მოქალაქეთა შორის გარეგნულად არავინ გამოირჩეოდა. ახლაც ყოველ თქვენგანს შეუძლია დარწმუნდეს იმაში, რომ თემისტოკლეს, მილტიადესა და ყველა სხვა გამოჩენილი ადამიანის საცხოვრებლები არაფრით უკეთესი და გამორჩეული არ იყო, ვიდრე მათი თანამოქალაქეების საცხოვრებლები, მაშინ როცა მათ დროს აღმართული საზოგადოებრივი შენობები და ძეგლები თავიანთი სიდიადითა და ბრწყინვალებით სამუდამოდ დარჩებიან მიუღწეველ ნიმუშებად… ახლა კი არაიშვიათად სახელმწიფო მოღვაწეები უფრო ბრწყინვალე სახლებში ცხოვრობენ, ვიდრე ბევრი საზოგადოებრივი შენობაა…“ თუმცა დემოსთენე მონათმფლობელური საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურებს ადარებს, მაგრამ უთანასწორობის ზრდას მაინც აღნიშნავს და უარყოფითად აფასებს მას.

კერძო საკუთრების უარყოფითი გავლენის შესახებ საზოგადოების ცხოვრებაზე ბევრი მოაზროვნე წერდა. ჯერ კიდევ პლატონი ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს ღუპავს „ოქროს დაგროვება კერძო პირთა სარდაფებში“. რაც უფრო მდიდრდებიან მესაკუთრენი, მისი აზრით, მით უფრო მეტად ადგებიან ისინი ბოროტების გზას. სიმდიდრესა და სათნოებას შორის თანაფარდობას ის სასწორის ორ მხარეს ადარებდა, ე. ი. ფიქრობდა, რომ რაც უფრო მეტად აფასებენ სახელმწიფოში სიმდიდრესა და მდიდრებს, მით უფრო ნაკლებად აფასებენ იქ სათნოებასა და სათნო ადამიანებს. ასეთ სახელმწიფოში თითქოს ორი სახელმწიფო წარმოიშობა – ღარიბებისა და მდიდრების: თუმცა ისინი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე იარსებებენ, მაგრამ ერთმანეთის წინააღმდეგ იქნებიანო განწყობილი.

მართალია ცოტა უცნაურად კი მსჯელობს ფილოსოფოსი: მისი აზრით, ოქრო და ვერცხლი ყველას კი არა ვნებს, არამედ მხოლოდ მხედრებს, რომელთაც სახელმწიფოს დაცვა ევალებათ – მხედრებს ღვთაებრივი ოქრო აქვთ სულში და მომაკვდავთა ოქრო ღვთაებრივს წაბილწავსო. მხედრებს პლატონი უკრძალავს ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის ხმარებას, სამკაულად ძვირფასი ლითონების გამოყენებას. მათთვის ის მზად არის ცოლებისა და შვილების ერთობაც დააწესოს. კერძო საკუთრებას, საერთოდ, კი პლატონი არ უარყოფს, პირიქით, მთელი სიმკაცრით მოითხოვს, რომ უძრავად დატოვონ სამიჯნაო ქვა, რომელიც მეზობლების მამულებს ერთმანეთისაგან ჰყოფს. ცალკეული ადამიანების ბედზე უფრო მეტად პლატონს სახელმწიფოს ბედი აწუხებს.

ქრისტიანული მოძღვრება არა მარტო კერძო საკუთრების, არამედ ყოველგვარი საკუთრების უარმყოფელი იყო, ყოველ შემთხვევაში თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე. როგორც აქლემი ვერ გაძვრებაო ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ვერ შეაღწევსო სამოთხეში, ქადაგებდა ის. ქრისტე თავის მდიდარ მოწაფეს ურჩევს, მამული გაყიდე და ღატაკთ დაურიგეო. ერთ-ერთ ქრისტიანულ წიგნში ქონების ერთობაზე დამყარებული თემის ცხოვრება ასეა აღწერილი: და არავინ თავისი მამულიდან არაფერს თავისად არ უწოდებდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ… არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველანი, ვინც მიწას ან სახლს ფლობდა, ყიდდნენ მათ, საფასური მოჰქონდათ და მოციქულების ფერხთით აწყობდნენ, და თითოეულს ეძლეოდა, რაც მას სჭირდებოდა. თუმცაღა ქრისტიანული რელიგია არსებითად მხოლოდ სიტყვიერად უარყოფდა კერძო საკუთრებას, რადგან ის სააქაო ცხოვრების ღირებულების დამდაბლებასთან ერთად ქონების უარმყოფელიც უნდა ყოფილიყო, პრაქტიკულად კი ის კარგად ეგუებოდა კერძო საკუთრებაზე დამყარებულ საზოგადოებას, ხოლო ქრისტიანული ეკლესიაც თვითონ იყო საკმაოდ მსხვილი მესაკუთრე.

კერძო საკუთრებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, იგი იცვლებოდა. არსებობდა საკუთარ შრომაზე დამყარებული საკუთრება და სხვისი შრომის მითვისებაზე დამყარებული კერძო საკუთრებაც, მონათმფლობელური და ფეოდალური, ბატონყმური საზოგადოებები კერძო საკუთრებას ემყარებოდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არ იყო გადაქცეული საზოგადოებრივი ცხოვრების იმ მთავარ ღერძად, როგორადაც ის კაპიტალიზმის დროს იქცა. მართალია, კერძო საკუთრებასა და ფულისკენ მისწრაფებას ამ საზოგადოებებში ბევრი აბრალებდა ზნეობის გადაგვარებას, მაგრამ მათი პატრიარქალური ხასიათის გამო სიმდიდრეს აქ ბევრი სხვა ღირებულება ეპაექრებოდა. მხოლოდ კაპიტალისტურ საზოგადოებაში გადაიქცა კერძო საკუთრება სოციალური ცხოვრების ერთადერთ საფუძვლად, ხოლო მისი ზრდა – ადამიანთა ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ მოტივად. რადგან აქ საზოგადოებას არ შეუძლია იარსებოს, თუ განუწყვეტლივ არ იზრუნა სიმდიდრის მომრავლებაზე, კაპიტალის ზრდაზე. „ანტიკური საზოგადოება, – წერდა მარქსი, –  გმობს ფულს, როგორც მონეტას, რომელზედაც მისი ეკონომიური და ზნეობრივი წყობილება ხურდავდება. თანამედროვე საზოგადოება, რომელმაც თავის სიყმაწვილეში თმით ამოათრია პლუტოსი (სიმდიდრის ღმერთი) დედამიწის წიაღიდან, მიესალმება ოქროს, როგორც თავის ყველაზე ძირითადი პრინციპის ბრწყინვალე განსახიერებას“ [1]

ფეოდალური საზოგადოების წოდებები და ფენები მხოლოდ ქონების სიდიდით კი არ განსხვავდებოდნენ, არამედ გვარითა და წარმოშობით განსაზღვრული პრივილეგიებითაც. ფრანგი მორალისტი შამფორი გონებამახვილურად წერდა: საფრანგეთში თავადაზნაურობას რომ ეკუთვნოდე, ამის პირდაპირ საბუთად ის ითვლება, თუ შენი წინაპარი ერთ-ერთი იმ ოცდაათიათასთაგანი იყო, რომლებიც აბჯარასხმულნი და მუზარადებით, რკინის სამკლავეებითა და საბარკულებით დაცულნი, მძლავრ თოროსან ცხენებზე შემსხდარნი, მუსრს ავლებდნენ ჩვენს შვიდ-რვა მილიონ უიარაღო წინაპარს. წოდებრივი პრივილეგიების გაუქმების მიუხედავად „კეთილშობილურ“ გვარს არც ბურჟუაზიულ საზოგადოებაში დაუკარგავს მომხიბვლელობა, მაგრამ უმთავრესი ხიბლი მაინც კაპიტალსა აქვს. კაპიტალის ძალაში რწმენა კარგად გამოხატა ერთმა რუსმა ვაჭარმა, რომელსაც პასუხისგებაში მიცემას უპირებდნენ: „რაო, მე უნდა ჩამსვათ ციხეში? ვაჭარი, თორმეტი მილიონი კაპიტალის პატრონი?“ – გაიკვირვა მან [2]. საზოგადოებაში, სადაც თვითმიზნად იქცა კაპიტალის ზრდა, ეს უკანასკნელია ადამიანის წარმატების, მისი ღირსებებისა და ნიჭის საზომი. ხოლო რამდენადაც ამ საზოგადოებამ ფართო გასაქანი მისცა კონკურენციას, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებს, ის ხელს უწყობს ინდივიდუალიზმისა და ეგოისტური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას.

საკუთრებრივი ურთიერთობანი ღრმა დაღს ასვამს ადამიანს და მაინც საქმის გამარტივება იქნებოდა, თუკი ეგოიზმსა და ინდივიდუალიზმს მხოლოდ კერძო საკუთრებასთან და მით უფრო მის კაპიტალისტურ ფორმასთან დავაკავშირებდით. „ეგოისტი“ და „ინდივიდუალისტია“ ყოველი ცოცხალი არსება, რამდენადაც თავისი არსებობის შენარჩუნებაზე ზრუნავს უმთავრესად და არსებობისათვის ბრძოლაში სხვა არსებების „ინტერესებს“ ეჯახება. რა თქმა უნდა, საზოგადოებათმცოდნეობაში კერძო საკუთრებას ყოველგვარ პირად საკუთრებას კი არ უწოდებენ, არამედ საკუთრებას წარმოების საშუალებებზე, რამდენადაც ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვისი შრომის შედეგების მისათვისებლად, მაგრამ თავისი ბუნებით ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი როგორც ცხოვრებისეული პოზიციები არსებითად არ განსხვავდებიან კერძომესაკუთრული ტენდენციებისაგან. თუმცა აუცილებლობით არ არიან დაკავშირებული კერძო საკუთრების არსებობასთან. ამიტომაც არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ კერძომესაკუთრულ ტენდენციებს მაშინ ვებრძვით, როცა კერძო საკუთრება დიდი ხანია თითქოს გაუქმებული გვაქვს. თუმცაღა კერძო საკუთრების არსებობა-არარსებობის საკითხიც ასე მარტივად არ წყდება: როდესაც, მაგალითად, საზოგადოების კუთვნილი მანქანა-იარაღებით საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფ ქარხანასა თუ ფაბრიკაში, ან ფარულად ორგანიზებულ საამქროებში „მარცხენა“ საქონელს ამზადებენ და ჰყიდიან, ძნელი სათქმელია, საზოგადოებრივ საკუთრებასთან გვაქვს საქმე თუ კერძო საკუთრებასთან. როგორც ჩანს, სახოგადოებრივი საკუთრების ბატონობა თავისთავად როდი უზრუნველყოფს იმას, რომ ის არ იქნება გამოყენებული კერძომესაკუთრული მიზნებით.

ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი რომ აუცილებლობით კერძო საკუთრებას არ ემყარებიან, ეს კარგად ჩანს ოჯახურ ცხოვრებაზე დაკვირვებიდანაც: როგორც არ უნდა ბატონობდეს სახოგადოებრივი საკუთრება, თუკი ოჯახში ბავშვის ყველა კაპრიზი დაუყოვნებლივ სრულდება, თუკი მას შრომასა და მოვალეობის შესრულებას არ მიაჩვევენ, ეს საკმარისი იქნება მასში ეგოისტური და ინდივიდუალისტური, თუ გნებავთ კერძომესაკუთრული მიდრეკილების ჩამოსაყალიბებლად.

ნათქვამიდან ისიც ჩანს, რომ უარყოფითი მოვლენების, „კერძომესაკუთრული” ტენდენციების არსებობა სრულიადაც არ არის აუცილებელი იმით ავხსნათ, რომ ისინი ე. წ. „გადმონაშთებს“ წარძოადგენენ ან უმთავრესად კაპიტალისტური სამყაროს არსებობას და მის გავლენას მივაწეროთ ისინი. ერთიცა და მეორეც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ უმთავრესად მათ ვერ დავაბრალებთ ამ მოვლენების არსებობას. მით უფრო, რომ ზოგიერთი უარყოფითი მოვლენა ჩვენში ნაკლებად როდია გავრცელებული, ვიდრე იმ საზოგადოებაში, რომლის გავლენასაც მივაწერთ ხოლმე ამ მოვლენებს.

კერძო საკუთრებას ზოგჯერ ადამიანის ბუნებისაგან განუცალკევებელ რაიმედ მიიჩნევენ, თვლიან, რომ ადამიანისათვის არაფერია ისე ბუნებრივი, როგორიც „ჩემი“ და „შენი“, და არაფერია ისე უცხო, ვიდრე „ჩვენი“. სინამდვილეში კი, როცა ადამიანები კარგად განასხვავებენ „ჩემსა“ და „შენს“, ეს არ უშლით მათ ხელს მიითვისონ „სხვისი“, თავისად აქციონ ის, ხოლო „ჩვენი“ ადამიანებისათვის არასოდეს არ ყოფილა უცხო, მაგალითად ოჯახის საკუთრების აღსანიშნავად. ასევე ბუნებრივად აკავშირებენ ადამიანები „ჩვენს“ სამშობლოსთან, მის ბუნებასა და კულტურასთან და ა. შ. „ჩემი“ და „შენი“ ასე ბუნებრივად რომ იყოს დაკავშირებული კერძო საკუთრებასთან, ალბათ არც იტყოდა პოეტი „რასაცა გასცემ, შენიაო“ და არც ხალხის ზნეობრივ მრწამსს დავუკავშირდებით ამ აფორიზმს.

საკუთრება რთული მოვლენაა და ის მრავალმხრივ კავშირშია სხვა სახოგადოებრივ მოვლენებთან. ამ კავშირზე მსჯელობა კი არ უნდა დავამყაროთ გარეგნულ მსგავსებებზე. სწორედ გარეგნული მსგავსებების გამო ზოგჯერ ეწინააღმდეგებიან ისეთ გარდაქმნებს შრომის ორგანიზაციასა და სახალხო მეურნეობის მართვაში, რომლებიც ადამიანთა პირადი პასუხისმგებლობის გაზრდისა და მათი ინიციატივის გაფართოების შესაძლებლობას იძლევიან. თუ გარეგნული ნიშნებით ვიმსჯელებთ, ისეთი მოვლენები, როგორიცაა საკოლმეურნეო მიწების გაპიროვნება ბრიგადებზე, რგოლებზე ან ცალკეულ მუშაკებზე ან პრემიალური ანახღაურების ის წესი, რომელიც ფართოდ გამოიყენეს აბაშის ექსპერიმენტში (ზეგეგმითი პროდუქციის დიდი ნაწილის მიცემა კოლმეურნეთათვის), საზოგადოებრივ საკუთრებასთან შეუთავსებლად უნდა მიგვეჩნია, მაგრამ ამგვარი მსჯელობა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს: წავიდა ის დრო, როცა კოლექტივის მთავარ უპირატესობას „მხარიმხარ“ მუშაობაში და „ოდოიას“ სიმღერით სიმინდის ერთად თოხნაშმი ხედავდნენ. ახლა, როცა სასოფლო-სამურნეო შრომა მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ინდუსტრიულს, არ შეიძლება 30-ანი წლების წარმოდგენებით ვიმსჯელოთ კოლექტიურობაზე, ასევე მცდარია და ზედაპირული ის შეხედულება, რომელიც ისევ გარეგნული მსგავსების გამო აახლოვებს პირად დამხმარე მეურნეობას კერძო საკუთრებასთან და მის შეზღუდვასა და მოსპობის დაჩქარებას მიიჩნევს საჭიროდ.

როგორც ვხედავთ კერძომესაკუთრული ტენდენცია, რასთანაც უარყოფით მოვლენებს აკავშირებენ ხოლმე, რთული მოვლენაა და უშუალოდ კერძო საკუთრების არსებობას არ გულისხმობს. ადამიანის ცხოვრებას, მის არსებობასა და შრომას, ადამიანებთან ურთიერთობასა და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც საშუალებები სჭირდება, ხოლო როდესაც ადამიანის მთელი ძალღონე და დრო ამ საშუალებების მოპოვებს ხმარდება, მაშინ მისი ცხოვრების შინაარსში მიზნების ადგილს საშუალებები იკავებენ; ადამიანი იმის ნაცვლად, რომ ცხოვრობდეს, არსებითად იმაზე ზრუნავს, რომ ცხოვრების საშუალებები ჰქონდეს; ადამიანის ყოფნა ფლობაზე დაიყვანება. ასეთმა ადამიანმა იმის ნაცვლად, რომ თქვს „ვარ“, უნდა თქვას „მაქვს“. ამგვარი ადამიანის ცხოვრება კერძომესაკუთრულია ამ სიტყვის ფართო გაგებით: ფლობა ადამიანებს აცალკევებს ერთმანეთისაგან, მაშინ როცა ადამიანური ყოფნა სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრებას, თანაყოფნას ნიშნავს. ქონება სხვა ადამაიანის უფლებას გამორიცხავს მასზე, ყოფნა კი არის გაზიარება – ფიქრის, გრძნობის, საქმიანობის გაზიარება. მართალია, პოეტი ქონებაზეც ამბობს, „რასაცა გასცემ, შენიაო“, მაქსიმილიან ვოლოშინს კი უთქვამს, ჩვენი საკუთრება მხოლოდ ის არის, რასაც გავცემთ, ხოლო ის, რისი გაცემაც არ გვინდა, ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ჩვენ ვეკუთვნითო მას, მაგრამ ამით სწორედ კერძო საკუთრების წინააღმდეგობრივი ხასიათი და ადამიანის ბუნებასთან მისი შეუსაბამობაა გამოთქმული.

„ყოფნა და ფლობა“ – ამის შესახებ დღეს დასავლეთის ფილოსოფოსები საკმაოდ ბევრს წერენ. ამ სათაურით დაწერა წიგნი ფრანგმა ფილოსოფოსმა გაბრიელ მარსელმა, ხოლო ცნობილი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის ერიხ ფრომის წიგნის სათაური „ფლობა თუ ყოფნა“ უფრო რადიკალურად გამოთქვამს ადამიანის ცხოვრების ამ ორი განზომილების დაპირისპირებას. ერთი შეხედვით ამგვარი დაპირისპირება უცნაურია. შეიძლება ვინმემ იკითხოს: ყოფნა თუ გაზიარებას ნიშნავს, რა უნდა გაუზიაროს ერთმა ადამიანმა მეორეს, თუ მას არაფერი არ აბადია? ქონება როგორ აცალკევებს ადამიანებს, როცა თუკი რაიმე გვაქვს, სტუმარიც მაშინ გვინდა და სხვისთვის დახმარების სურვილსაც მაშინა აქვს აზრი? ხომ არ არის ყოფნისა და ფლობის დაპირისპირება სიღატაკის ფილოსოფია, რომელიც თვითონ ფილოსოფიის სიღატაკის დამადასტურებელი იქნება? განა ადამიანს როცა მეტი აქვს, მაშინ არ არის მისი ყოფნა უფრო მტკიცე?

ამგვარი კითხვები ბუნებრივია, მაგრამ ბუნებრივი ყოველთვის სამართლიანს როდი ნიშნავს: შეცდომა ჭეშმარიტებაზე ნაკლებად ბუნებრივად როდი ჩნდება. ბუნებრივია ეს კითხვები იმიტომ, რომ ადამიანის გონებას გამარტივებისაკენ აქვს მისწრაფება, მით უფრო, თუ ამგვარი გამარტივება მას ხელს აძლევს და მის ცხოვრებას ამართლებს. სინამდვილეში ყოფნისა და ფლობის დაპირისპირება სულაც არ ნიშნავს ქონებისა და უქონლობის დაპირისპირებას და იმის ქადაგებას, რომ ადამიანი მით უფრო კარგად გრძნობს თავს, რაც უფრო ნაკლები აქვს მას. ასევე ნივთების კულტზე რომ ლაპარაკობენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნივთი თავისთავად საჩოთირო რამ იყოს. ნივთი ადამიანის შრომით არის შექმნილი, მასში მან თავისი აზრი და უნარი ჩააქსოვა და ის ისევე იმსახურებს პატივისცემას, როგორც თვით შრომა. ფლობისა და ყოფნის დაპირისპირება ნივთებისა და სიღატაკის დაპირისპირება კი არ არის, არამედ ადამიანის ცხოვრების მიზნებისა და საშუალებების დაპირისპირება და მასი შინაარსი ის არის, რომ ცხოვრების გაუკუღმართების გამო გარკვეულ პირობებში მიზნების ადგილს საშუალებები იკავებს, ეს საშუალებები მას ცხოვრების მიზნებად წარმოუდგება.

რაც შეეხება იმას, რომ რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს, მით უფრო მტკიცეა მისი არსებობა, ამ აზრში სიმართლეც არის და სიცრუეც. ადამიანური ყოფნა უპირველესად თავისუფლად ყოფნაა, რაც უფრო თავისუფლად, თვითონ განსაზღვრავს თავის ცხოვრებას ადამიანი, მით უფრო ადამიანურია მისი ყოფნა. ქონება ადამიანისათვის, მისი თავისუფლებისათვის პირობაც არის; ადამიანი ელემენტარული ცხოვრების პირობებისათვის რომ იღვწის, მაშინ ის სულაც არ არის თავისუფალი, მაგრამ ქონება და შეძლება ადამიანისათვის ზოგჯერ ბორკილადაც იქცევა ხოლმე: თანამდებობისა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიებისა და კომფორტის დაკარგვის შიშით ადამიანები ხშირად კარგავენ იმის უნარს, რომ დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეთ, ან ღრმად მალავენ მას, რათა ის არ დაუპირისპირდეს იმათ შეხედულებას, რომლებზეც მათი კარიერაა დამოკიდებული.

როდესაც დასავლეთის ფილოსოფოსები ყოფნასა და ფლობაზე წერენ, მათი მსჯელობა ხშირად ზედმეტად განყენებულია და გვერდს უვლის იმ ვითარების მიზეზების გამოკვლევას თუ რატომ არიან მათ საზოგადოებაში ადამიანები ორიენტირებული უფრო ფლობაზე, მაგრამ თვით ადამიანის ცხოვრების ამ განსხვავებული ორიენტაციების ანალიზი ხშირად ადამიანთა ყოველდღიურ ყოფაზე მახვილგონიერ დაკვირვებას ემყარება. ასე, მაგალითად, საინტერესოდ ახასიათებს ერიხ ფრომი ყოფნასა და ფლობაზე ორიენტირებულ ადამიანთა ქცევებს, რომლებიც ვლინდება ადამიანის სხვადასხვაგვარ საქმიანობასა თუ გრძნობა-განწყობებში –  სწავლაში, საუბარში, კითხვაში, სიყვარულში და სხვ. მაგალითად, ის სტუდენტები რომლებისთვისაც მთავარია ცოდნის შეძენა, ლექციის მოსმენისას ცდილობენ გაიგონ სიტყვები, მათი ლოგიკური კავშირები და საზრისი და რაც შეიძლება სრულად ჩაიწერონ ის, რათა შემდეგ კარგად ჩააბარონ ის, რაც შეიძინეს, მაგრამ ისინი არ ფიქრობენ ამ სიტყვების ნამდვილ შინაარსზე, ეს შინაარსი არ ხდება მათი სააზროვნო სამყაროს ნაწილი, არ ამდიდოებსს მას. ყოფნაზე ორიენტირებული მოსწავლე კი ცხოვრობს იმით, რასაც იგებს, ლექციის მოსმენის შემდეგ ის სხვა ხდება, ვიდრე მანამ იყო. ასევე საუბრის დროს ვინც თავის აზრებს ისე უყურებს, როგორც საკუთრებას, მისთვის მთავარია თავისი შეხედულება, თავისი აზრი გამოთქვას, ხოლო ყოფნაზე ორიენტირებულისათვის, ე. ი. იმისათვის, რომელსაც უბრალოდ კი არა „აქვს“ შეხედულებები, არამედ ცხოვრობს ამ შეხედულებებით, მთავარი ის კი არ არის, რომ თავისი შეხედულება გამოთქვას, არამედ ის, რაც ცოცხალია საუბარში. ის არ არის გამსჭვალული იმის შიშით, რომ არ დაკარგოს თავისი შეხედულება. ასეთ შემთხვევაში ადამიანთა ურთიერთობა ინფორმაციის, ცოდნის გაცვლის ნაცვლად ცოცხალ დიალოგად გადაიქცევა, რომლის პროცესში მთავარი ის აღარ არის, თუ ვინ არის მართალი. ფლობაზე ორიენტირებული ბალზაკს, მაგალითად, ასე წაიკითხავდა: გაიგებდა, რა მოუვიდა ამა თუ იმ გმირს, რით დამთავრდება მოთხრობილი ამბავი და ა.შ. ამით ამოიწურებოდა მისთვის კითხვა. ამნაირი წაკითხვის შედეგად მის შეხედულებებში არაფერი შეიცვლებოდა, ადამიანის ბუნების გაგება არ გაღრმავდებოდა და არც თავის შესახებ გაიგებდა ის რაიმე ახალს. ასევე მოიქცეოდა ის ფილოსოფიური წიგნის წაკითხვისას: გაეცნობოდა ამა თუ იმ ფილოსოფოსის შეხედულებას, მაგალითად ადამიანზე, მის მოვალეობაზე, ადამიანურ ურთიერთობაზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, ისე რომ ეს არავითარ კვალს არ დატოვებდა მის სულში, არაფერს შეცვლიდა მის ქცევაში. ანალოგიურად შეიძლება გვემსჯელა ადამიანის მოქმედებისა და ცნობიერების სხვა ფორმებზე – რწმენაზე, სიყვარულზე და სხვ.

ფლობაზე ორიენტირებული ადამიანი სხვაგვარად განიცდის, აღიქვამს ხელოვნების ნაწარმოებებს, ვიდრე ის, ვინც ცხოვრობს ამ ნაწარმოებებით, მისთვის ხელოვნების ნაწარმოები მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალებაა, ასეთი ადამიანისათვის კარგი სადილის შემდეგ დესერტად გამოდგება „ყოფნა-არყოფნის“ შესახებ მონოლოგიცა და „ლაკრიმოზაც“, ის შეიძლება იმის შემდეგ, რაც მეგობარს უმუხთლებს, სიამოვნებით ღიღინებდეს სიმღერებს მეგობრობასა და უანგარო სიყვარულზე.

ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სიამოვნება საერთოდ „ფლობაზე“ ორიენტაციას ნიშნავს და ამიტომ ყოფნაზე ორიენტირებული ადამიანი ასკეტი უნდა იყოს და ამქვეყნიურ სიამოვნებას ზურგი უნდა შეაქციოს. პირიქით, ნამდვილ სიამოვნებას სწორედ ფლობაზე ორიენტირებული ადამიანი იკლებს, რადგან მან არსებითად ერთი სიამოვნება იცის – სიამოვნება იმის განცდისაგან, რომ რაიმე მას ეკუთენის. რა თქმა უნდა, იგი ურჩხული არ არის, მისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ არის, მაგრამ ამგვარ ადამიანში მაინც ფლობისგან მიღებული განცდა ბატონობს – მაღალმხატვრული ნივთი მას დიდ სიამოვნებას განსაკუთრებით იმით ანიჭებს, რომ ის მას ეკუთვნის, დროსტარების დროს მისი მთავარი განცდა ის არის, რომ „აქვს და ხარჯავს“. ამასთან სულაც არ არის აუცილებელი რომ ფლობაზე ორიენტირებული ადამიანი სასახლეების პატრონი იყოს. ფლობაზეა ორიენტირებული ისიც, ვინც მაინცა და მაინც დიდი ქონების „მომხვეჭელი“ არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ცდილობს კიდევ უფრო ნაკლები მისცეს საზოგადოებას. ყოველდღიური სიტყვახმარება ტყუილად როდი აღნიშნავს ერთი და იგივე სიტყვით „ხალტურა“ უკანონო შემოსავალსაც და არაკეთილსინდისიერ მუშაობასაც („გახალტურება“). ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქურდობა და უპატიოსნება მხოლოდ ზომა-წონაში მოტყუებაა. ამიტომ შეიძლება რომელიმე ადამიანი, რომელიც სამსახურში ორი შაურის საქმეს არ აკეთებს, თუკი მას გამყიდველი აბაზს დააკლებს, პატიოსანი ადამიანის გულწრფელ აღშფოთებას გამოთქვამდეს.

როდესაც იმაზე ვლაპარაკობთ, თუ რა გავლენას ახდენს კერძომესაკუთრული ტენდენცია ადამიანის სულზე, მის ფსიქოლოგიაზე, როდესაც ყოფნასა და ფლობას ვუპირისპირებთ ერთმანეთს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კერძო საკუთრება მხოლოდ ქურდებსა და ავაზაკებს წარმოშობს, ხოლო საზოგადოებრივი საკუთრება – წმინდანებს. ადამიანის ჩამოყალიბებაზე, მასში ბოროტი თუ კეთილი საწყისის განვითარებაზე მხოლოდ საკუთრება და საკუთრებრივი ურთიერთობა როდი ახდენს გავლენას. საკუთრების უბრალო, უხეში უარყოფა, როგორც კ. მარქსი ამბობდა, ისევ კერძო საკუთრების პრინციპს ემყარება და მისი განვითარებაა. კერძო საკუთრების ამგვარ უარყოფას მარქსი უხეშ და უაზრო კომუნიზმს უწოდებდა, რობელიც პიროვნებას უგულებელყოფს. ისტორიამ გვიჩვენა, რომ ამგვარი უხეში კომუნიზმი მხოლოდ უტოპისტების ფანტაზია კი არ ყოფილა, არამედ ზოგჯერ სახელმწიფოებრივ დოქტრინამდე ამაღლებულა და მასობრივი რეპრესიებისა და ძალდატანებითი „ხელახალი აღზრდის“ ფორმები მიუღია, როგორც ეს ჩინეთში „კულტურული რევოლუციის“ დროს ხდებოდა. კერძო საკუთრების პრინციპზევე დამყარებული ამგვარი უარყოფა კერძო საკუთრებისა ადამიანის სულს თვით კერძო საკუთრებაზე ნაკლებად როდი ამახინჯებს.

კერძო საკუთრება არ არის ბოროტების ერთადერთი წყარო, ხოლო კერძომესაკუთრული მისწრაფება – ადამიანის სულის ერთადერთი მანკიერება. ადამიანის ცხოვრებაში ბევრი სხვა ბოროტებაა, რომლებიც არ არიან კერძომესაკუთრული ტენდენციის გამოვლენა, თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება ხელს უწყობდეს მათ გავრცელებასა და გაძლიერებას: უმეცრება, რასობრივი და ეროვნული შუღლი, ომი, ტირანია… ადამიანის სულშიც ბევრი მანკიერებაა, რომლებიც არ არიან პირდაპირ დაკავშირებული „მომხვეჭელობასთან“: შური, სისასტიკე, სიცრუე და სხვ. ბოროტებას ზოგჯერ მაშინაც სჩადის ადამიანი, როცა არავითარ სარგებლობას არ მოელის მისგან. არსებობს როგორც დაუინტერესებელი სიკეთე, ასევე დაუინტერესებელი ბოროტებაც! მაგრამ ეს არ ამცირებს კერძომესკუთრული ტენდენციით, ეგოიზმითა და ინდივიდუალიზმით გამოწვეულ ბოროტებას. კერძომესაკუთრული ტენდენცია არსებითად არის ადამიანის ყურადღების გადატანა ყოფნიდან ფლობაზე. მაგრამ რა არის „ყოფნა“? რა არის ადამიანური ცხოვრების შინაარსი? დღევანდელი ადამიანის ცხოვრებაში მაინც დიდი ადგილი უკავია შრომას; მასში, კერძოდ კი შემოქმედებით შრომაში, ხედავენ ხშირად ადამიანის სიცოცხლის აზრს. შრომისადმი საზოგადოებისა და ადამიანის დამოკიდებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე საერთოდ, მასში დადებითი და უარყოფითი მოვლენების თანაფარდობაზეც.

 

[1] კ. მარქსი. კაპიტალი. ტ. I, თბ., 1954, გვ. 170-171.

[2] А.Ф. Кони. Собр. Соч., в восьми томах, т. I, М., 1966, с. 39.