ოთარ ბაკურაძე - თავისუფლება და აუცილებლობა

 

პროფ. ოთარ ბაკურაძე ომისშემდგომი მეცნიერთა თაობის წარმომადგენელი იყო. დაიბადა 1926 წლის ზამთარში, თელავში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1949 წლიდან 1970 წლამდე მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, იყო ინსტიტუტის მეცნიერ თანაშრომლომელი და განყოფილების გამგე. 1964 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება, ხოლო 1965 წელს კი პროფესორის წოდება. 1970-1978 წლებში იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, ხოლო 1978-1986 წლებში კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1982 წელს პროფ. ოთარ ბაკურაძეს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1986 წელს ეაკავა თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობა. გარდაიცვალა თბილისში, 1986 წლის ზაფხულში.

პროფ. ოთარ ბაკურაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი, ფილოსოფიის ისტორია და ღირებულების თეორია. იგი ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომის, მათ შორის: კ. მარქსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბების საკითხისათვის (1953. წიგნი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე), თანამედროვე რევიზიონიზმი ფილოსოფიაში (1959), თავისუფლება და აუცილებლობა (1964) და დიალექტიკური მატერიალიზმი (1973).

პროფ. ბაკურაძე მარქსისტული შეხედულებების მეცნიერსა და სოციალურ მოაზროვნეს წარმოადგენდა. მის ნაშრომებში ჩანს, რომ იგი კარგად ფლობდა მარქსიზმის თეორიას და სიღრმისეულად ერკვეოდა მთელ რიგ სოციალური, ისტორიულ თუ ფილოსოფიურ საკითხებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მსჯელობა თავისუფლების შესახებ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ომისშემდგომი საბჭოთა საქართველოში სამეცნიერო აზროვნების მაღალი განვითარების  ბრწყინვალე მაგალითია.

ჟურნალი 42°პარალელი, გთავაზობთ ამონარიდს პროფ. ოთარ ბაკურაძის წიგნიდან: თავისუფლება და აუცილებლობა (1964), გვ. 10-16.    

 

***

 

სიტყვა „თავისუფლება“ მრავალი მნიშვნელობით იხმარება. მაგ., „თავისუფალი ფრინველი“, „თავისუფალი ადგილი“, „გადასახადისაგან თავისუფალი“, „შეცდომებისაგან თავისუფალი“, „სიტყვის თავისუფლება“, „თავისუფალი ვარჯიში“, „ნებისყოფის თავისუფლება“ და ა.შ. თავისუფლების ფილოსოფიური პრობლემა არ შეეხება ყველა იმ მნიშვნელობას, რომელსაც ეს სიტყვა ატარებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ან მხატვრულ თუ სამეცნიერო ლიტერატურაში. პრობლემის არსი თავისუფლებისა და აუცილებლობის ურთიართობის გამორკვევაში მდგომარეობს. ისტორიულადაც და თანამედროვე ფილოსოფიაშიც ამ ურთიერთობის ორგვარ განხილვას ვხვდებით: ერთნი მას ზღუდავენ ადამიანის თავისუფლებისა და აუცილებლობის ურთიერთობაზე მსჯელობით და, ამრიგად, პრობლემა დაიყვანება ადამიანის თავისუფლების გამორკვევაზე. მეორენი საკითხს უფრო ფართოდ აყენებენ და განიხილავენ არა მარტო ადამიანის, არამედ სუბსტანციის ან სხვა საგნების თავისუფლების საკითხსაც. აქ თავისუფლება გაიგივებულია თვითდეტერმინაციასთან და სიძნელე ამ თვითდეტერმინაციის ხასიათს შეეხება[1]. ჩვენ ღიად ვტოვებთ საკითხს პრობლემისადმი მიდგომის ამ მეორე ვარიანტის მართებულობის შესახებ და ადამიანის თავისუფლების პრობლემის განხილვით შემოვიფარგლებით.

ისტორიულად ადამიანის დეტერმინაციის პრობლემა უმრავლეს შემთხვევაში მიზეზობრივი დეტერმინაციის პრობლემასთან იყო გაიგივებული, საკითხი შეეხებოდა თავისუფლებისა და მიზეზობრიობის ურთიერთობას, მაგრამ დეტერმინაცია საერთოდ და მიზეზობრივი დეტერმინაცია, როგორც ეს ჯერ კიდევ ჰეგელმა გაარკვია, არ არის ერთი და იგივე. მიზეზობრიობა დიალექტიკური მატერიალიზმის მიერ გაგებულია, როგორც კანონზომიეოების ერთი მხარე, ერთი ნაწილი. საგნის დეტერმინაციაზე შეიძლება ვიმსჯელოთ არა მხოლოდ მიზეზობრიობის, არამედ სხვა კანონზომიერების თვალსაზრისითაც. სტატისტიკური კანონზომიერება, მაგ., სხვა არის, ვიდრე მიზეზობრიობა. ასევე შეიძლება ითქვას მთელით ნაწილის განსაზღვრულობის შესახებ და ა. შ. ყველა ასეთ შემთხვევაში წარმოსდგება თუ არა თავისუფლების პრობლემა? ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემა ძნელია თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ გამოკვლეული დეტერმინაციის ყველა ფორმა, მათი ურთიერთობა და დამოკიდებულება მიზეზობრიობასთან. უნდა ვიფიქროთ, რომ (რამდენადაც საკითხი ბუნებისა და საზოგადოების კანონზომიერებას შეეხება) დეტერმინაციის რა ფორმასთანაც უნდა გვქონდეს საქმე, თავისუფლების პრობლემის განხილვა მაინც მიზეზობრიობასთან მიმართებაში მოგვიხდება. ყოველ მემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს მომავალი გამოკვლევების შედეგი, ის ვერ გააუქმებს თავისუფლებისა და მიზეზობრიობის ურთიერთობის გამოკვლევის საჭიროებასა და კანონზომიერებას. ეს არის იმდენად დიდი პრობლემა, რომ მისი ცალკე განხილვა სავსებით გამართლებულია.

ადამიანისა და აუცილებლობის ურთიერთობის პრობლემა იმ ძირითად კითხვას გულისხმობს. თუ სინამდვილისაგან კანონზომიერი განსაზღვრულობის ვითარებაში შესაძლებელია თუ არა, და თუ კი – როგორ, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს. ადამიანი ბუნების ნაწილია, ამავე დროს განსხვავდება მისგან და ეს განსხვავება მას გაცნობიერებული აქვს. ცნობიერება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს უბრალო მიზანშეწონილი მოქმედების ფარგლებს გასცილდეს და მიზნობრივად წარმართოს მოღვაწეობა. და აი ისმის კითხვა: რა წარმოადგენს ადამიანთა შეგნებული მოღვაწეობის, მათი მიზნებისა და ნებისყოფის საფუძველს? რა დამოკიდებულება აქვს ადამიანის შეგნებულ, ნებისმიერ მოღვაწეობას სინამდვილის კანონზომიერებასთან? ეს მოღვაწეობა, როგორც კანონზომიერი ჯაჭვის რგოლი მხოლოდ აუცილებლობით განისაზღვრება, თუ ადამიანი ინარჩუნებს რაიმე დამოუკიდებლობას ამ აუცილებლობის მიმართ? ასეთია თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემის ძირითადი საკითხი.

თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ დემოკრიტე, აღიარებდა რა ობიექტური კანონზომიერების, მიზეზობრიობის უნივერსალურ მნიშვნელობას, უარყოფდა ადამიანის თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას. სოკრატე თავისუფლების საკითხს ეთიკის საკითხად თვლიდა. მისი აზრით, თავისუფალი შეიძლება იყოს მხოლოდ სათნო ადამიანი. სათნოებას კი ცოდნა იძლევა. მაშასადამე, ცოდნა ადამიანს თაეისუფლად ხდის, ან თავისუფლება, ან აუცილებლობა – ასე იდგა საკითხი, როგორც დემოკრიტესთან, ისე სოკრატესთან.

სოკრატეს თავისუფლების საკითხი საფუძვლიანად არ უკვლევია. მან, ასე ვთქვათ, გაკვრით მიუთითა ცოდნისა და თავისუფლების იგივეობის შესახებ. თავისუფლების პრობლემა სპეციალურად პირველად არისტოტელმა განიხილა.

არისტოტელის შემდეგ თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურ პრობლემად ხდება და მას სტოელებისა და ეპიკურეს ფილოსოფიაში ცენტრალერი ადგილი უჭირავს. სტოელები მთავარ ყურადღებას ეთიკა აქცევდნენ და სტოიციზმის მთავარ საკითხსაც ჭეშმარიტი ზნეობის საკითხი წარმოადგენდა. მათი აზრით, ცხოვრების მიზანი არის ბედნიერება, ბედნიერება კი სათნოებაში მდგომარეობს. მხოლოდ სათნო ადამიანი არის თავისუფალი. მაგრამ თავისუფალი რისგან? ვნებათაგან, აფექტებისაგან. ვნებათა მსხვერპლი არ არის თავისუფალი. თაეისუფლება წარმოადგენს აპათიას, სულიერ სიმშვიდეს. აფექტებისაგან ბუნების ცოდნა გვანთავისუფლებს. მაშასადამე, ჭეშმარიტი ზნეობის ძირითად პირობას ბუნების შემეცნება წარმოაღგენს. ადამიანმა უნდა შეიმეცნოს ბუნება და იცხოვროს მის მიხედვით. ცხოვრება ბუნების შესაბამისად – ასეთია სტოელების ეთიკური პრინციპი, რომელსაც მათი აზრით, ემყარება თავისუფლება. სტოელები აღიარებდნენ ნებისყოფის თავისუფლებას, მაგრამ იგი ესმოდათ არა როგორც დამოუკიდებლობა, აუცილებლობისაგან, არამედ როგორც გონების ბატონობა გრძნობებზე.

თავისუფლებისა და აუცილებლობის ამგვარ გაგებას დაუპირისპირდა თვალსაზრისი, რომელიც აუცილებლობისადმი ადამიანის დაქვემდებარებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ადამიანი აუცილებლობით არ არის განსაზღვრული. ამ ორი მიმართულების ბრძოლა ფილოსოფიის ისტორიაში დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის ბრძოლის სახელით არის ცნობილი.

სიტყვა „დეტერმინიზმს” (ლათინური სიტყვიდან – determinare – განსაზღვრულობა) ფილოსოფიურ ლიტერატურაში ძირითადად ორი მნიშვნელობით ხმარობენ. ფართო გაგებით დეტერმინისტს უწოდებენ იმას, ვინც საგანთა, მოვლენათა აუცილებელ განსაზღვრულობას აღიარებს. მეორე, უფრო ვიწრო გაგება, რომელიც მხედველობაში აქვთ ხოლმე თავისუფლებისა და აუცილებლობის ურთიერთობის განხილვის დროს, შეეხება ადამიანის აუცილებლობით განსაზღვრულობის პრობლემას. ჩვენს მსჯელობას დეტერმინიზმის შესახებ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა ექნება მხედველობაში.

დეტერმინიზმი მიზეზობრიობის კანონს ემყარება და ადამიანის ქცევას განიხილავს, როგორც მიზეზობრივად (აუცილებლობით) განსაზღვრულს. ინდეტერმინიზმი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ინდეტერმინისტები საერთოდ უარყოფენ ადამიანის მიზეზობრივ დეტერმინაციას ან მისი გაგებასათვის სათანადო პირობების აუცილებლობას. ისინი მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ერთგვარ ანტეცედენტთა არსებობის დროს ადამიანს შეუძლია აირჩიოს სხვადასხვანაირად.

ინდეტერმინიზმის ძირითადი პრინციპი იდეალისტურია. ის ფსიქიკურს, ნებისყოფას თვითაქტივობის უნარს მიაწერს და უარყოფს ფსიქიკურს, როგორც მატერიის თვისებას, რომლის არსებით ნიშანსაც ასახვა წარმოადგენს. ინდეტერმინიზმის ყეელა საბუთი ემყარება ამ თეზისს, როგორც გამოსავალ პუნქტსა და სახელმძღვანელო დებულებას.

ინდეტერმინიზმის მთავარი არგუმენტები ასეთია: 1) ნებისყოფის თავისუფლებაში ადამიანს არწმუნებს თავისუფლების განცდა. თავისუფლება ინტუიტურად გვეძლევა, მაშასადამე, მისი არსებობა უეჭველია. (დეკარტი და შემდეგ ყველა ინდეტერმინისტი). 2) ნებისყოფის თავისუფლება მორალური პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პირველის უარყოფით ისპობა მეორეც. პასუხისმგებელი ის შეიძლება იყოს, ვინც თავის მოქმედებას თვითონვე განაგებს. უაზრობაა კაცს პასუხი მოსთხოვო იმისათვის, რაც მასზე არ არის დამოკიდებული, ე.ი. მიზეზობრივად არის განსაზღვრული. ასევე, ნებისყოფის თავისუფლების გარეშე ადამიანის აღზრდა შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო აღზრდის მთელი სისტემა თავის გამართლებას დაკარგავდა. აღზრდი ადამიანს თუ არ აღზრდი, ის მაინც ისე იმოქმედებს, როგორც აუცილებლობა უკარნახებს და სხვანაირად სურვილი არ შეეძლება. (ეს არგუმენტი მოხმარებული აქვს ყველა ინდეტერმინისტს). 3) უნივერსალური დეტერმინაცია ადამიანს ავტომატად გახდიდა, გააუქმებდა სიახლეს, ნამდვილი შემოქმედების სურვილს და ამ დახურულ უნივერსუმში ყველაფერი წინასწარ იქნებოდა ზუსტად დადგენილი. (საკითხის ამ მხარეს განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ა. ბერგსონი, ვ. ჯემსი, ჯ. დიუი). 4) მიუთითებენ ქვანტური ფიზიკის მონაპოვრებზე, რასაც იმის დადასტურებად თვლიან, რომ თანამედროვე ბუნებისმეცნიერება ინდეტერმინისტული გახდა, ხოლო დეტერმინიზმის პრინციპი დაემხო (ჰაიზენბერგი, ედინგტონი და სხვ.).

თავისუფლებისა და აუცილებლობის ურთიერთობის ტრადიციული განხილვა, უპირველეს ყოვლისა, იმ ნაკლით ხასიათდება, რომ ჯეროვნად არ იყო განსხვავებული თავისუფლების სხვადასხვა ფორმა. ნებისყოფის თავისუფლების შესახებ მსჯელობებში გათქვეფილი იყო მეტაფიზიკის, ეთიკის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, იურისპრუდენციის საკითხები. განუწყვეტელი დავა წარმოებდა იმაზე, თუ რომელი მეცნიერების კომპეტენციაში შედის თავისუთლებისა და აუცილებლობის პრობლემის გადაწყვეტა.

 თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა არის ფილოსოფიური პრობლემა. თავისუფლება და აუცილებლობა დიალექტიკური მატერიალიზმის კატეგორიებია. მაგრამ თავისუფლებისა და აუცილებლობის ურთიერთობას სინამდვილის სხვადასხვა სთეროში თავისი სპეციფიკა აქვს, რომლის გათვალისწინების გარეშე ამ პრობლემის გამოკვლევა თავიდანვე სწორ გზას ასცდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა განვიხილოთ თავისუფლების სხეადასხვა ფორმა, რომლებსაც განსხვავებული ფილოსოფიური დისციპლინები შეისწავლიან[2].

წინამდებარე შრომაში ჩვენ განვიხილავთ თავისუფლების შემდეგ ფორმებს, რომვლებიც, ჩვენი აზრით, ძირითადი ფორმებია და მოიცავენ თავისუფლების ყველა სხვა სახეს. ესენია: მოქმედების თავისუფლება, ნებისყოფის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება ბუნების კანონების მიმართ, ისტორიული თავისუფლება და მორალური თავისუფლება. განსხვავება, რომელიც ამ ფორმებს შორის არსებობს, მათ ერთმანეთისაგან არ თიშავს. მაგრამ მათ არსებით სპეციფიკას უდავოდ მოწმობს. მაგ., შეუძლებელია ერთმანეთს გავუიგივოთ ისტორიული თავისუფლება და მორალური თავისუფლება. შეუძლებელია იმიტომ, რომ აუცილებლობა, რომელთანაც მიმართებაში განიხილება ისტორიული თავისუფლება და აუცილებლობა, რომელთან მიმართებაშიც ვმსჯელობთ მორალური თავისუფლების შესახებ არის სხვადასხვა ხასიათის. ასევე: პიროვნების ნებისყოფის თავისუფლების საკითხის გარკვევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ისტორიული მოღვაწეობის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების თავისუფლების განმარტებას. მეორე მხრივ, თავისუფლების თითოეული ფორმის გაგება აუცილებლობით საჭიროებს თავისუფლების სხვა ფორმების რაობის ცოდნას; სპეციფიკის გააბსოლუტება მათ ერთმანეთისაგან წყვეტს და თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემის გამოკვლევის ერთ მეთოდოლოგიურ პრინციპს შეუძლებლად ხდის.

ამრიგად, თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლების დაყვანა ნებისყოფის თავისუფლების საკითხზე, როგორც ეს ხშირად ხდებოდა პრობლემის ისტორიაში, აქ უარყოფილია. ნებისყოფის თავისუფლება განიხილება, როგორც თავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. ამავე დროს ჩვენ სრულიად უკანონოდ მიგვაჩნია ნებისყოფის თავისუფლებაზე მსჯელობის დროს ე. წ ელექტრონის „ნებისყოფის თავისუფლების” განხილვა. მხედველობაში გვაქვს ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპთან დაკავშირებით ზოგიერთი ფიზიკოსის ცდა – ამტკიცოს ელექტრონის ნებისყოფის თავისუფლება. ჯერ ერთი, ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ფიზიკას რომ ინდეტერმინისტულად ხდის, ეს დასაბუთებული არა აქვს არც თვითონ ჰაიზენბერგსა და არც ამ შეხედულების სხვა მომხრეებს – ედინგტონს ან ბორნს, როგორც ცნობილია, პლანკი და აინშტაინი საწინააღმდეგო პოზიციას იცავდნენ. მეორე, ელექტრონს არავითარი ნებისყოფა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ნებისყოფა მხოლოდ ადამიანს აქვს და ნებისყოფის თავისუფლების პრობლემაც მხოლოდ ადამიანის მიმართ დგას. ფიზიკაში ამ საკითხის გადატანა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. დაბოლოს, კიდევაც რომ დავუშვათ, რომ ედინგტონი მართალია და ქვანტური მექანიკა უმცირესი ნაწილაკების ინდეტერმინიზმს ადასტურებს, ამას ოდნავი მნიშვნელობაც არ ექნებოდა ჩვენი პრობლემისათვის – ადამიანის ქცევა არ არის მიკროსამყაროს მოვლენა.

თვით ბურჟუაზიულ ფილოსოფიაშიც მრავალი აღიარებს, რომ ქვანტური ფიზიკის მიღწევებს რაიმე დამოკიდებულება არა აქვს ადამიანის ნებისყოფის თავისუფლების პრობლემასთან, ან, ამ სფეროში, ინდეტერმინიზმის გამართლებასთან. ასე მაგ., ფ. ფრანკი წერს: „ნიუტონის მექანიკის შეცვლას ბორის ან ჰაიზენბერგის ქვანტური მექანიკებით ან სხვა სიტყვებით, სუბატომური ნაწილაკების მექანიკებით, არ შეუძლია რაიმე სარგებლობა მოიტანოს ნებისყოფის თავისუფლების ან გადაწყვეტილებათა თავისუფლების პრობლემის გადაწყვეტისათვის“[3]. შემდეგ: „თავისუფალი არჩევანის“ პრობლემას არაფერი საერთო არა აქვს ფიზიკურ დეტერმინიზმთან ან ინდეტერმინიზმთან“[4]. ბ. ბლანშარდის თქმით: „თუნდაც რომ ფიზიკოსები მართალნი იყვნენ ცალკეული ნაწილაკების არამყარი ქცევის შესახებ, არ არსებობს არავითარი საფუძველი ამ თეორიის გადატანისათვის ინდეტერმინიზმის მოძღვრებაში ადამიანის არჩევანის შესახებ“[5].

 

[1]მაგ. სპინოზას მიერ სუბსტანციის თავისუფლების დახასიათება „ეთიკაში“. მ. ბუნგეს მიერ თავისუფლების გაგება წიგნში “Причинность”.

[2] საკითხი თავისუფლების ფორმების დიფერენციაციისა და მათი მნიშვნელობის შესახებ განხილული იყო იმ ფართო დისკუსიაზე, რომელიც 1950 წ. იუნესკოს დავალებით მოაწყო ფილოსოფიურ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციამ.  აქ ძირითადად საკითხი შეეხება: 1) ფიზიკურ ან სასიცოცხლო თავისეფლებას, 2) კომპრომისის თავისუფლებას. 3) მორალურ თავისუფლებას. 4) სინდისის თავისუფლებას. მაგრამ თავისუფლების ამ ფორმების გამოყოფა (რომ არაფერი ვთქვათ მათი განმრტების მართებულობის შესახებ) ერთ პრინციპს არ ემყარება და გაუგებარი რჩება მათი კავშირი. ისინი უბრალოდ არის დახასიათებული ერთმანეთის გვერღით. იხ. H. Pos. Unesco Report on the Investigation Freedom. The Journal of Philosophy, vol. XLIX, 1952.

[3] Ф. Франк. Философия науки, 1960, გვ. 381.

[4] იქვე, გვ. 392.

[5] B. Blanshard. The Case for Determinism, in “Determinism and Freedom in the Age of Modern Science”, ed. by S. Hook. 1957 p. 10