მედიტაცია სპილოზე ანუ პოლიტიკური ტრაიბალიზმი

 

სტატიის ავტორი: პაპუნა ჩივაძე, კულტურის მკვლევარი

 

ჩვენი შინაგანი ცხოვრება ორმაგი მიზიდულობის ცენტრის მატარებელია. ერთის მხრივ იგი ჩვენი ინდივიდუალობაა…

მეორეს მხრივ კი ყველაფერია, რაც ჩვენს გარდა ყველაფერს გამოხატავს.

ცნობიერების ეს ორი მდგომარეობა არამხოლოდ განსხვავდება მათი წარმომავლობის

თუ თვისებების თვალსაზრისით არამედ ორივე მათგანი რეალურად ანტაგონისტურ მიმართებაში იმყოფებიან.

ემილ დიურკჰეიმი

 

ჩემს წინა პოსტში შევეცადე მოკლედ მიმომეხილა მედია ტექნოლოგიების და კულტურის ტრანსფორმაციის ეფექტები მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე. დღევანდელ პოსტში ყურადღებას გავამახვილებ ამ პროცესის ჯგუფურ ან უფრო ზოგადად რომ ვთქვათ ტრაიბალური პოლიტიკური კუთვნილების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.

სოციალურ მეცნიერებებში მეოცე საუკუნეში გაბატონებული შეხედულების მიხედვით ადამიანის ქცევა განმარტებოდა ინდივიდის რაციონალური პრინციპით და გამორიცხავდა ტრანსპერსონალურ და ევოლუციურ პრინციპს (ნატივიზმს), თუმცა მეოცე საუკუნის ბოლოს  თანამედროვეობაში კონსერვატიულ და ლიბერალურ ფრთებს შორის  გაჩაღებულმა „კულტურულმა ომმა“, რომელიც დღეს უმწვავეს ფორმებს იღებს ამ შეხედულების გადახედვის წინაპირობა წამოაყენა.

ზემოთ თქმულ ტრანსფორმაციის კონტექსტში ტერმინი ტრაიბალური შემთხვევით არ შემირჩევია, რადგან  განვითარების ფსიქოლოგიის მიხედვით მას თავისი ევოლუციური ფესვები გააჩნია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ადამიანები თვითგადარჩენის მოთხოვნილებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტრატეგიებს აყალიბდებდნენ კოლექტიურ ქცევითი პატერნების ათვისებით ინდივიდუალური მისწრაფებების ხარჯზე. ეს ღირებულებები კაცობრიობის ფსიქო-ევოლუციის განმავლობაში აღმოცენდნენ კოლექტიური თამაშის წესების მრავალჯერ გამეორების ფორმით. ეს ქცევები ბუკვალურად პრიმორდიალურ რელიგიურ რიტუალებში  მოიძიება საკრალური ცენტრის გარშემო  კოლექტიურად მოძრაობით, იქნება ეს ცეცხლის გარშემო ცეკვა, ლოცვა ქააბას ტაძართან თუ ლიტანიის რიტუალური მსვლელობა. მსგავსი საკრალური ცენტრი არაა აუცილებელი რელიგიური შინაარსის იყოს, მთავარი იდეა ჯგუფური და იმპერსონალური ცნობიერების ხაზგასმაა.  ბუნებრივია, რომ მსგავსი ჯგუფურობის პრინციპი მორალურ კოდებად გარდაიქმნება და პოლიტიკური ცხოვრების ანიმუსშიც აისახება.

სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარმა ჯონათან ჰაიდტმა შეიმუშავა სოციოლოგიური კითხვარი ინტუიტიური მორალური პრეფერენციების და პოლიტიკური იდეოლოგიის კავშირის განსასაზღვრად. კვლევის ავტორმა ჩამოაყალიბა 5 უნივერსალური მორალური ორიენტირი. წიგნში The Righteous Mind ამერიკული პოლიტიკური კონტექსტს ის სწორედ ამ ძირითად ღირებულებით ორიენტირების ასპექტით იკვლევს. ჰიპოთეზის თანახმად ლიბერალური პოლიტიკური ხედვის მონაწილეებს ინდივიდუალური სახის ღირებულებათა წყვილთან უნდა მოეხდინათ იდენტიფიცირება (ზრუნვა, სამართლიანობა), რომელიც თავისი არსით ღიაა ჯგუფური საზღვრებისაგან, ხოლო კონსერვატიული მრწამსის მქონე პირებს ჯგუფზე ორიენტირებული ინტრა-ტრაიბალური ღირებულებებისადმი უნდა დაეფიქსირებინა მგრძნობიარობა (ლოიალობა, ავტორიტეტი და სიწმინდე). შესაბამისად მათი პოლიტიკური ორიენტაციის პროგნოზირება შევსებული კითხვარიდან მიღებული საფუძველზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. ჰაიდტმა შეიმუშავა შემდეგი ღირებულებითი პრიორიტეტები:

  • ზრუნვა: სხვების დაცვა და სხვებზე ზრუნვა; ზიანის მიყენების საპირისპირო
  • სამართლიანობა ან პროპორციულობა: საყოველთაოდ გაზიარებული წესების აღსრულება თანასწორად; თაღლითობის საპირისპირო
  • ლოიალობა ან ჯგუფს შიდა კონფორმიზმი: ჯგუფთან, ოჯახთან, ერთა ყოფნა; ღალატის საწინააღმდეგო;
  • ავტორიტეტი ან პატივისცემა: ტრადიციისადმი და ლეგიტიმური ავტორიტეტისადმი დაქვემდებარება: ჯანყის საპირისპირო.
  • საკრალური სიწმინდე და სიწმინდე; ზიზღი ამაზრზენი ნივთებისადმი, საკვებისადმი ან ქცევისადმი; დეგრადაციის საპირისპირო.

მოცემულ სიაში ავტორი უარყოფს გაბატონებულ ინდივიდზე ორიენტირებულ კვლევით მეთოდს და უმატებს ჯგუფურ მორალურ კრიტერიუმებს. და მაინც როგორ უნდა გავიგოთ ეს მორალის ტერმინი ჰაიდტის მიხედვით? ის თავის წიგნში შემდეგნაირად ახასიათებს მას: ინდივიდი სპილოზე მჯდომ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ჰგონია თვითონ მიჰყავს ცხოველი გზაზე, მაგრამ სინამდვილეში მისი წამყვანი ელემენტი სპილო ანუ ემოციებია ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით გენეტიკურად ჩაშენებული ინტუიტიური მორალი. ეს რომ გაიაზროს ინდივიდმა საჭიროა საკუთარი რაციონალური მორალის “ჭკვიანური გამართლებები” გვერდზე გადადოს და  სპილოს გაესაუბროს, რათა სასურველი მიმართულებით წავიდეს.

ავტორის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა მტკიცდება როგორც ორი სახის კითხვარით ასევე ლიბერალური და კონსერვატული რელიგიური ქადაგებების ტექსტუალური ანალიზით. მოცემული დიაგრამა გამოხატავს საყოველთაო ტრენდს ჩატარებული კვლევებიდან.

მონაცემები ციფრებში : https://tinyurl.com/54s2ahe

„ოთხივე კვლევაში მრავალი მეთოდის გამოყენების გათვალისწინებით, ლიბერალები მყარად აჩვენებდნენ მგრძნობელობას ზრუნვა/ზიანის და სამართლიანობა/თანაზიარობის საფუძვლებისადმი დანარჩენი სამის გამოკლებით. კონსერვატორები ხუთივე ტიპის მორალურ ორიენტირს იყენებდნენ და უფრო თანაბრად  ავლედნენ მათდამი იდენტობას. განსხვავებებები შემჩნეული იქნა ძალადობას ან ლოიალობაში (კვლევა 1), დებულებების მორალურ შეფასებასა და სიტუაციურ შეფასებებში (კვლევა 2), ტაბუზე „საკრალური“ ხასიათის რეაქციებში (კვლევა 3) და რელიგიურ ქადაგებებზე გამოყენებულ მორალური ორიენტირებთან დაკავშირებულ სიტყვებში. (კვლევა 4). ეს აღმოჩენები გვეხმარება ამერიკული „კულტურული ომის“  მორალური უთანხმოებების გარდაუვლობის და ბუნების გააზრებაში.

და ბოლოს დასკვნისთვის უნდა ვთქვათ რომ ამ ნაშრომში ჯონათან ჰაიდტი  ხაზს უსვამს კოლექტიური ერთობის და ინდივიდუალური ცნობიერების დიქოტომიურ ბუნებას. იქვე მოკლე ფრაზით ყურადსაღებ გაფრთხილებასაც იძლევა: რაც გვაერთიანებს, ის გვაბრმავებს (What binds us, that blinds us too). ბოლოს კი პრობლემიდან გამოსავალს ისევ სპილოზე მედიტაციით გვთავაზობს.

 

 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.