ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ლიბერალების მცდარ დამოკიდებულებაზე, როდესაც ისინი სახელმწიფოს მარტივ დიქოტომიას ახდენენ. მათი მოსაზრებით არსებობენ ბოროტი სახელმწიფოები, რომლებიც არყევენ მსოფლიო მშვიდობას. (ან სხვა სიტყვებით რომ ვთვათ ნეოლიბერალურ მსოფლიო წესრიგს, რომლის შენარჩუნებასაც შეერთებული შტატები ცდილობს) ახლა მათი მთავარი ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი. ნამდვილად ვერ ვიტყვით სჯერათ თუ არა წინადადების, რომ ბოროტების და სიკეთის ბედი უკრაინაზე გადის. რუსეთი ნამდვილად დასაგმობია თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გამო და ბევრს კითხვა ებადება მისი დიადი სახელმწიფოს სტატუსის შესახებ, მაგრამ გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ უკრაინაზე, როგორც ერთადერთ კატაკლიზმზე ვფიქრობ ლიბერალიზმის მიმდევრების მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი მკრეხელობაა. ისინი ვერ ხვდებიან, რომ იქცევიან როგორც რეალიზმის მიმდევრები ან თუნდაც კლასიკური გეოპოლიტიკის. მაგალითად ქენეთ უოლცის აზრით საერთაშორისო სისტემაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი დიადი ძალების ურთიერქმედებაა. პრაქტიკულ ასპექტში, რომ გადმოვიტანოთ აღნიშნული წინადადება შეგვიძლია დავესესხოთ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სტატიას Foreign Affairs-ში, სათაურით Zeitenwende, რომელიც ტექტონიკურ ცვლილებების აღმნიშვნელია. მართლაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, როგორც Zeitenwende, მაგრამ როდესაც მე ლიბერალურ ღირებულებებზე ვაცხადებ პრეტენზიას, განა ყველა ინდივიდის სიცოცხლე არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი[1]?
ყველა სახელმწიფო თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო უფრო თანასწორი.
Foreign Policy-ს მორიგ სტატიაში ვკითხულობთ შემაჯამებელ მონაკვეთს, სადაც ნახსენებია ათი კონფლიქტი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ 2023 წელს. რა თქმა უნდა მათ შორისაა უკრაინის მიმდინარე და თაივანის პოტენციური ომი. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს, აქ იბადება საინტერესო კითხვა გვაღელვებს კი დანარჩენი? იემენი, ეთიოპია, საჰელი და სხვა წერტილები. რატომ არ წყდება იქ სიკეთის და ბოროტების ბედი? რატომ არ ცდილობს შეერთებული შტატები მოაგვაროს სხვა კონფლიქტები, როდესაც მისთვის პირველი პრიორიტეტი რუსეთი და ჩინეთია? აქვე დავამატებ რომ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამერიკულ დახმარებასთან და ის არ უნდა შეწყდეს. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ აქსიომა – ჩვენ ვაზროვნებთ რეალიზმის და გეოპოლიტიკის კანონებით.
თუ შეერთებული შტატები გაეხვევა ლიბერალურ ხაფანგში, რომლის მიხედვითაც სუპერ სახელმწიფოს მორალური პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს დაიცვას დაჩაგრულთა უფლებები, რეალურად ამერიკა დაკარგავს ყველაფერს. სახელმწიფომ თავისი გამოცდილებიდან უკვე იცის ვიეტნამი, ერაყი და ავღანეთი. მომავალში ნაკლებ სავარაუდოა შტატები მსგავს კონფლიქტში გაეხვას. ის მიყვება აქსიომას: ყველა სახელმწიფო თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი.
რაც შეეხება აკადემიურ სივრცეს… ზოგიერთი მართლაც მიყვება იმ ცნებას, რომ ლიბერალიზმი და კაპიტალისტური ეკონომიკა ერთ დროს გაცხადებულ უალტერნატივო გზად , კვლავ ერთადერთი სინათლეა გვირაბის ბოლოს. ვფიქრობ, ჩინეთმა უკვე დაამტკიცა საპირისპირო და მისი ეკონომიკური მონაცემები ფრენსის ფუკუიამას მცდარ ანალიზზე კარგი პასუხია. შემდეგ სამიზნედ მათთვის გეოპოლიტიკა იქცა, ვინაიდან თუ მსოფლიო მშვიდობა, დემოკრატიული რესპუბლიკების შექმნის იდეაზე მყარდება, რაღა საჭიროა გეოპოლიტიკური ანალიზი?
გეოპოლიტიკა როგორც საგანი ბევრისთვის გაუცხოებულად ითვლება. ბევრი მას საერთოდ არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა რომ ხშირად იყენებს მას როგორც სიტყვის მასალად. ლიბერალები ვერასდროს შეეგუებიან (ნეო)კლასიკური გეოპოლიტიკის კონცეპტებს, ვინაიდან მათთვის ტერიტორიამ, როგორც შესაძლო კონფლიქტის საგანმა თავი უკვე მეოცე საუკუნეში ამოწურა. სამწუხაროდ, დიადი ძალების ხელახალმა შეჯიბრმა გეოპოლიტიკისადმი ინტერესი კვლავ გააცოხლა, თუმცა არა ლიბერალებისთვის.
ყველა ინდივიდი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ინდივიდი უფრო თანასწორი
ინდივიდისადმი სელქციური დამოკიდებულება კიდევ ერთი ხაფანგის წყაროა ლიბერალური წყაროსთვის. გადახედეთ მედიას, ჩვენ ვიკამათებთ რუსეთზე, უკრაინაზე, ბრიუსელში ვიზიტებზე, თუმცა არასდროს განვიხილავთ სხვა კონფლიქტებს. ჩვენ გვაწვდიან იმას რისი „მოსმენაც ჩვენ გვინდა“ ან რის მოსმენასაც ჩვენ შეგვაჩვიეს.
მარტივი მაგალითი ავიღოთ. დღეს საქართველოში ბევრმა თუ იცის თუ რა ხდება რეალურად „დემოკრატიად“ წოდებულ ინდოეთში. მათდა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ ნამდვილად ვერ წავართმევთ ყველაზე გრძელ დემოკრატიულ კონსტიტუციას. ყურად მოგვიკრავს კასტურ საზოგადოებაზე, თუმცა ძალიან მცირედით.
ლიბერალური ჰაერით გაჟღენთილ ატმოსფეროში, ჩვენ განვადიდეთ მაჰათმა განდი, თუმცა არ განვიხილავთ მის დამოკიდებულებას თუნდაც ქალების მიმართ. არ ვუდგებით კრიტიკულად მის მოსაზრებებს კასტების მიმართ. სხვათაშორის, როგორც თავმდაბალი ადამიანი ის აღიარებდა თავის შეცდომებს და წერდა რომ თუ თავის შეხედულებებში დროის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულ მიდგომებს იპოვიდით, ყურადღება მიგვექცია ბოლოსთვის, ვინაიდან როგორც ყველა ადამიანი ის შეიძლება ცდებოდა. ცდებოდა კი მაჰათმა განდი კასტების შესახებ? ამ საკითხზე დღესაც მიმდინარეობს კამათი, მაგრამ მეინსტრიმული მედია არასდროს გეტყვით ამის შესახებ. თუ ამ მედიას მიყვებით, თქვენთვის წარმოუდგენელიც კი იქნება ის სოციალური სიშლეგე, რაც საუკუნებიიდან შემორჩათ გარკვეულ ინდურ საზოგადოებას. 1955 წელს მიცემულ ინტერვიუში ბეემრაო რამჯი ამბებკარმა კითხვითი ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი თუ რატომ უნდა ვუწოდოთ განდის მაჰათმა. დიახ, ისიც არ უკარგავდა თავის წვლილს განდის დამოუკიდებლობისთვის შეტანილ ბრძოლაში, თუმცა მისმა ორაზროვნებამ კასტების შესახებ, სწორედ საფუძვლად იქცა იმ უსამართლობის, რაც დღემდე გრძელდება. თუმცა ლიბერალური მედია არასდროს განადიდებს ამბებკერს. მათ სხვა გმირები ჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ ამბებეკარი დგას ზუსტად იმ კონსტიტუციის უკან, ვინც თანასწორობას ქადაგებს.
დასკვნა
კლასები არ გამქრალან, მათ უბრალოდ სახელები იცვალეს. ვინც ფლობს ეკონომიკურ ძალაუფლებას მათი ნებაა მართონ მასები. მასების მიმართულება კი განისაზღვრება, იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც აწვდით თევზს თავის კორმს. დღეს ჩვენ ისევ სახელმწიფოთა დაპირისპირების ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველგან გვესმის იქს ქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს სიტყვა ნებისმიერი ბოროტების გამართლების საშუალებად იქცა. მაკიაველი კვლავ ყურთან ჩასჩურჩულებს მთავარს, მასები კი ბრმად მიყვებიან ლიდერებს. იმედი მაქვს შემდეგი საუკუნე პროგრესის მატარებლის გზას გაყვება. თუმცა საინტერესოა კი რას ვეძახით ჩვენ პროგრესს? თუ ჰარარის ერთ-ერთ პოტენციურ ვარიანტს განვიხილავთ, ჩვენ თვით-დესტრუქციამდე მივდივართ სადაც ყველაფერზე ციფრები იმეტყველებენ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ადამიანმა თუნდაც ამ გზაზე სახელმწიფოს იდეა უკუაგდოს. თუმცა თუ ნიცშემ დაუშვა, რომ ღმერთი მოკვდა, ჩვენც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ერთ დღეს გამოჩნდება ვინმე, ვინც განაცხადებს: „სახელმწიფო“ მოკვდა. ბევრი იწერებოდა თუ როგორ მოქმედებდა გლობალიზაცია სახელმწიფოს როლზე, თუმცა დღეს საპირისპირო მოვლენების მომსწრენი ვართ. ურთიერთდამოკიდებულება ავტარკიაზე იცვლება.
დღეს ლიბერალური დისკურსის ტრაექტორიას შეერთებული შტატები განსაზღვრავს, როგორც სუპერ სახელმწიფო, ლიბერალური ხაფანგისგან(ები) თავის დაღწევა მხოლოდ კრიტიკული გააზრების ფონზეა შესაძლებელი და „ლიბერალური“ სახელმწიფოსგან წამოსულ ტალღებზე თავის არიდებით.
[1] დავეთანხმები პროფესორ Zhiang Xiaotong-ის კომენტარს, როდესაც მისი აზრით ოლაფ შოლცი კი არ ცდილობს თავიდან აირიდოს ახალი ცივი ომი, არამედ ის პირიქით აღვივებს მას. დასავლეთში იქმნება ახალი დისკურსი, რომლის მიხედვითაც თითქოს ცივი ომი კვლავ დაიწყო და ახლა დასავლეთმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა უნდა მოძებნოს საუკეთესო გზა, რითაც გაუმკვლავდება ჩინეთს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას