კოტე ბაქრაძე - მეცნიერული ცოდნის ცნება

 

 

შეიძლება ითქვას, რომ პროფ. კოტე ბაქრაძე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე დიდი ქართველი ფილოსოფოსია. კოტე ბაქრაძე დაიბადა თბილისში, 1898 წლის ნოემბერში. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, იმავე წელს პროფ. შალვა ნუცუბიძის წარდგენით ბაქრაძე დატოვეს ასპირანტურაში, ხოლო 1923 წელს კი უნივერსიტეტის რექტორატმა სამეცნიერი მივლინება მისცა გერმანიაში. მუშაობდა ჰაიდელბერგისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში, გერმანიაში ყოფნის დროს თანამშრომლობდა იმდროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილოსოფოსთან ედმუნდ ჰუსერლთან.      

1925 წელს კოტე ბაქრაძე გერმანიიდან საქართველოში ბრუნდება და იწყებს მუშაობას შალვა ნუცუბიძის ასისტენტად, 1928 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსს ფილოსოფიის ისტორიაში. 1930 წელს, კოტე ბაქრაძეს მიანიჭეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება კი პროფ. კოტე ბაქრაძეს 1958 წელს მიანიჭეს. სხვადასხვა დროს პროფ. ბაქრაძე კითხულობდა ლექციებს ქუთაისის, ბათუმისა და სოხუმის უნივერსიტეტებში. აგრეთვე, მოსკოვის ფილოსოფიის ინსტუტუტში ასპირანტთა ჯგუფებს უკითხავდა ლექციებს უახლესსა და თანამედროვე ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში. პროფ. კოტე ბაქრაძე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. პროფ. ბაქრაძე გარდაიცვალა თბილისში, 1970 წლის აპრილში.

კოტე ბაქრაძე ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომებისა, მათ შორის არის დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში (1929), სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში (1936), ლოგიკა (1955), თანამედროვე ამერიკულ-ინგლისური ბურჟუაზიული ფილოსოფია იმპერიალიზმის სამსახურში (1955), ეგზისტენციალიზმი (1962), პრაგმატიზმი (1965), ახალი ფილოსოფიის ისტორია (1969).

პროფ. კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური აზროვნება გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიღრმითა და მახვილგონიერებით. პროფ. ბაქრაძეს სიღრმსეულად ჰქონდა გააზრებული და შესწავლილი მეცნიერების საზრისი და ამოცანები. აგრეთვე, მის შრომებში კარგად ჩანს თუ რამდენად ძირეულად და საფუძვლიანად იცნობდა იგი ევროპის ისტორიას, ფილოსოფიას, კულტურასა და საზოგადოების განვითარებას. პროფ. ბაქრაძის აზროვნებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მარქსიზმის პრინციპები, რომლებსაც იგი ასევე საფუძვლიანად იცნობდა.   

ჟურნალი 42°პარალელი, გთავაზობთ ამონარიდს პროფ. კოტე ბაქრაძის წიგნიდან: ლოგიკა (1955), გვ. 442-447       

 

 

***

 

 

მეცნიერული ცოდნა ჭეშმარიტი მსჯელობების მხოლოდ ჯამს როდი წარმოადგენს. ჭეშმარიტ მსჯელობათა ერთობლიობა, რომელთაგან ერთი მსჯელობა ეხება საზოგადოებრივ ცხოვრებას, მეორე პლანეტების მოძრაობას მზის გარშემო და სხვ. არ არის ჯერ მეცნიერება იმისდა მიუხედავად, რომ თვითეული მათგანი გარკვეულ ცოდნას გამოხატავს. მეცნიერება არის ცოდნის გარკვეული სისტემა. ცოდნა უნდა აკმაყოფილებდეს პირობათა მთელ რიგს, მან უნდა გამოიყენოს საშუალებათა მთელი რიგი, მიმართოს გარკეეულ ხერხებს, ან როგორც იტყვიან, მეთოდებს, რათა გადაიქცეს მეცნიერებად, ცოდნის სისტემად.

სისტემა, საერთოდ, არის გარკვეულ მიმართებაში ერთგვარი საგნებისა და მოვლენების შეერთება ერთ მთლიანობად გარკვეული პრინციპის საფუძველზე. ასე, მაგალითად, ქიმიური ელემენტები, მენდელეევის მიერ აღმოჩენილი პერიოდული კანონის შედეგად, დალაგდნენ გარკვეულ სისტემაში; ასევე ვმსჯელობთ ჩვენ, მაგალითად, მზის სისტემაზე, ცხოველთა, მცენარეთა სამეფოს სისტემაზე და სხვ.

ცოდნაც შეიძლება დალაგდეს სისტემაში. აქ იგულისხმება კაცობრიობის მიერ შეძენილი ცოდნის დალაგება ერთიან მთლიან ფორმაში. ეს ერთიანი მთლიანის გარკვეული ფორმა, რასაკვირველია, არ არის დამოკიდებული ჩვენზე, ჩვენს სურვილებზე, განწყობილებაზე ნებისყოფაზე. ის პირველ რიგში დამოკიდებულია შესაცნობ საგანზე და მის შემეცნებაზე. არ შეიძლება ერთ მთლიანობად შევაერთოთ, ე. ი. ერთ მეცნიერებაში მოვათავსოთ ცოდნა ცხოველთა სამეფოსა და ციური სხეულების შესახებ, საზოგადოების განვითარების ისტორიისა და ქიმიური პროცესების შესახებ.

მეცნიერებანი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესასწავლი საგნის თავისებურებით; ასე, მაგალითად, ფიზიკა განსხვავდება ბიოლოგიისაგან, ხოლო ორთავე ეს მეცნიერება – ისტორიისაგან იმით, რომ პირველი ფიზიკურ პროცესებს სწავლობს, მეორე – სიცოცხლის პროცესებს, და მესამე – ადამიანთა საზოგადოების განვითარებას. „მეცნიერებათა კლასიფიკაცია, რომელთაგან თვითეული იკვლევს მოძრაობის ცალკეულ ფორმას ან მოძრაობის ერთმანეთთან დაკავშირებულ და ერთმანეთში გარდამავალ მთელ რიგ ფორმებს, ამასთანავე, წარმოადგენს მოძრაობის თვით ამ ფორმების კლასიფიკაციას, განლაგებას, თანახმად მათთვის შინაგანად დამახასიათებელი თანმიმდევრობისა, და აი სწორედ ამაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა”[1].

მეცნიერული ცოდნის სისტემა, საბოლოოდ, ობიექტური სინამდვილით არის განსაზღვრული; სინამდვილე თვითონ სისტემას წარმოადგენს, რამდენადაც სინამდვილის საგნები და მოვლენები ურთიერთთან დაკავშირებულნი არიან, ხოლო ეს კავშირები კანონზომიერ კავშირებს წარმოადგენენ. ამის გარეშე არა თუ მეცნიერული ცოდნა, არამედ, საერთოდ, ცოდნა იქნებოდა შეუძლებელი.

მატერიის მოძრაობის ფორმა მრავალგვარია და თვითეული ამ ფორმათაგანი თავის სპეციფიკურ კანონზომიერებას ექვემდებარება. ეს კანონზომიერება განსაზღვრავს სინამდვილის გარკვეულ სფეროს, საგნებისა და მოვლენების მთლიანობას, მათ სისტემობას, რაც მეცნიეროული ცოდნის სისტემის სახით აისახება.

ცოდნის სისტემად აგების საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეულ თვალსაზრისს, საერთო მსოფლმხედველობას: თვალსაზრისი. ატომზე, როგორც განუყოფელ ერთეულზე, ქიმიის ერთ სისტემას გვაძლევს, ხოლო ელექტრონული თეორია – ქიმიის მეორე სისტემას. მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვით სამყაროს ერთიანობა მის მატერიალობაშია, საფუძველად ედება ცოდნის ერთ სისტემას, ხოლო იდეალისტური მსოფლმხედველობა განსაზღვრას ცოდნის პირველისაგან განსხვავებულ სისტემას; მარქსისტულ-ლენინური თეორია განსაზღვრავს ისტორიულ მეცნიერებათა გარკვეულ სისტემას, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ბურჟუაზიული ცრუმეცნიერებისაგან.

აპრიორისტული, იდეალისტური თვალსახზრისი განსაზღვრავს ლოგიკის ერთ სისტემას, ხოლო დიალექტიკურ-მატერიალისტური თვალსაზრისი გვაძლევს ლოგიკური ფორმების პრინციპულად განსხვავებულ ინტერპრეტაციას.

ის გარემოება, რომ მეცნიერებაში არსებობენ დებულებები მისაღები ყოველივე მსოფლმხედველობისათვის, მაგალითად, ფიზიკაში, ქიმიაში და სხვ. დადგენილი კანონები ლოგიკაში დადგენილი წესები – მაგალითად, კატეგორიული სილოგიზმის წესები – არ უარყოფს ზემოთ წამოყენებულ დებულებას იმის შესახებ, რომ მსოფლმხედველობა განსაზღვრავს მეცნიერული ცოდნის სისტემას. რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ თვით ამ კანონების გაგება ხშირად პრინციპულად განსხვავებულია – ბურჟუაზიული მეცნიერება უარყოფს ამ კანონების ობიექტურ ხასიათს, მათ ხშირად „თამაშის წესებად“ აცხადებს – და ამ განსხვავების საფუძველი სწორედ განსხვავებული მსოფლმხედველობით არის გაპირობებული. საკმარისია მივუთითოთ რამდენიმე მომენტზე, რომლებიც ჩვენ დებულებას ადასტურებენ.

აღნიშნული იყო, რომ მეცნიერება არ წარმოადგენს ფაქტების გროვას, ანდა აზრებს ამ ფაქტების შესახებ; ის არის ცოდნის სისტემა, რომელიც შენდება გარკვეული მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე. მეცნიერული ცოდნა – ცნობიერად თუ არაცნობიერად – ყოველთვის შენდება ფილოსოფიური მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე: ამ პრინციპებით გამსჭვალულია ყოველი მეცნიერება.

„ბუნების მკვლევართ შეუძლიათ თავი ისე წარმოიდგინონ, როგორც მათ სურთ, მაგრამ მათზე მაინც ბატონობს ფილოსოფია. საკითხი მხოლოდ იმას ეხება, თუ რომელი სურთ, სურთ მათ, რომ მათზე რომელიმე ცუდი მოდური ფილოსოფია ბატონობდეს, თუ სურთ, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ თეორიული აზროვნების ისეთი ფორმით, რომელიც ემყარება აზროვნების ისტორიისა და მისი მიღწევების ცოდნას“ და კიდევ: „ბუნების მკვლევარებს ჰგონიათ, რომ ფილოსოფიისაგან თავისუფლდებიან, რაკიღა მას უგულებელყოფენ ან აგინებენ. მაგრამ ვინაიდან ისინი აზროვნების გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ წინ, ხოლო აზროვნებისათვის ლოგიკური კატეგორიები არის საჭირო და ამ კატეგორიებს კი წინდაუხედავად უკრიტიკოდ იღებენ ან იმ ეგრეთ წოდებულ განათლებულ ადამიანთა ჩეეულებრივ გავრცელებული საერთო ცნობიერებიდან, რომლებიც დიდი ხნის გარდასული ფილოსოფიური სისტემების ნარჩენებს დაუმორჩილებია, ან უნივერსიტეტმი იძულებითი წესით მოსმენილი ფილოსოფიის მცირეოდენი კურსიდან (რომელიც არა მხოლოდ ფრაგმენტულია, არამედ სხვადასხვანაირი და უმთავრესად ყველაზე უფრო ცუდი სკოლების ადამიანთა შეხედულებების დომხალსაც წარმოადგენს), ანდა იძენენ ყოველი სახის ფილოსოფიური თხზულებების უკრიტიკო და უსისტემო კითხვით, –  ამიტომ ისინი საბოლოო ანგარიშით ფილოსოფიის არანაკლებ მონობაში იმყოფებიან, მაგრამ სამწუხაროდ, და უმეტესად, ყველაზე ცუდი ფილოსოფიის მონობაში, და სწორედ ისინი, ვინც ყველაზე უფრო მეტად აგინებენ ფილოსოფიას, სწორედ ყველაზე ცუდი ფილოსოფიური მოძღვრებების ყველაზე ცუდი ვულგარიზებული ნარჩენების მონებს წარმოადგენენ“[2].

ჩვენი თვალსაზრისით, მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის თვალსაზრისით, არ არსებობს მეცნიერება ფილოსოფიის გარეშე, ფილოსოფიური მსოფლმხედველობის გარეშე. რასაკვირველია, ფილოსოფია არ წყვეტს მეცნიერებათა სპეციალურ ამოცანებს; იგი მეცნიერებათა მეთოდოლოგიაა, იგი უჩვენებს გზას მეცნიერებას, იგი მეცნიერების განვითარებასაც წარმართავს.

ი. სტალინი, განავითარებს რა პრინციპებს, რომლებიც წამოყენებულია მარქსის, ენგელსისა და ლენინის მიერ, არა მხოლოდ. ჩამოაყალიბებს მარქსისტული დიალექტიკური მეთოდისა და მარქსისტული ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითად ნიშნებს, არამედ აღნიშნავს მათ მეთოდოლოგიურ მნიშვნელობას შემეცნების პროცესისათვის და პრაქტიკულ-პოლიტიკური მოღვაწეობისათვის.

ჩვენ მსოფლმხედველობას „დიალექტიკური მატერიალიხმი იმიტომ ეწოდება, რომ მისი მიდგომა ბუნების მოვლენებისადმი, ბუნების მოვლეხების შესწავლის მისი მეთოდი, ამ მოვლენების შეცნობის მისი მეთოდი არის დიალექტიკური, ხოლო მის მიერ ბუნების მოვლენათა ახსნა, მის მიერ ბუნების მოვლენათა გაგება, მისი თეორია – მატერიალისტური”[3].

ჩამოაყალიბებს რა დიალექტიკური მეთოდის ძირითად ნიშნებს, ი. სტალინი დაადგენს შემეცნების მეთოდოლოგიურ პრინციპებს: 1) არც ერთი მოვლენა არ იქნება სწორედ გაგებული, თუ ის აღებულია იზოლირებულად, და ყოველი მოვლენის შემეცნება და გაგება შესაძლებელია, თუ ის განხილულია სხვა მოვლენებთან კავშირში, სხვა მოვლენებისაგან განპირობებულობაში; 2) დიალექტიკური მეთოდი მოითხოვს, რათა მოვლენები განიხილებოდნენ მათ მოძრაობაში, ცვალებადობაში, განვითარებაში, მათი წარმოშობისა და კვდომის თვალსაზრისით.

„ძნელი გასაგები არ არის, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა. აქვს დიალექტიკური მეთოდის დებულებათა გავრცელებას საზოგადოებრივი ცხოვრების შესწავლაზე, საზოგადოების ისტორიის შესწავლაზე“[4]. 

ამრიგად, ცხადია, რომ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული ცოდნისათვის, მეცნიერების სისტემის აგებისათვის.

დაბოლოს, მეცნიერული ცოდნის სისტემის აგებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასაბუთებას: ნამდვილი მეცნიერული ცოდნა არის ყოველთვის დასაბუთებული ცოდნა.

ცნებათა განსაზღვრება, ცნებათა გაყოფა, ცნებათა შორის დამოკიდებულებათა შესწავლა, მსჯელობათა ფორმები და მათი შემეცნებითი ღირებულების დადგენა, დასკვნათა მრავალგვარი ფორმების ანალიზი, დასაბუთების ხერხებისა და მეთოდების გარკვევა –  ყველაფერი ეს ემსახურება მეცნიერული ცოდნის აგების მიზანს; ამის გარეშე ცოდნა ვერ მიიღებდა სისტემის ფორმას, ერთიანი მთლიანის ფორმას, ვერ გადაიქცეოდა მეცნიერებად.

ლოგიკა არ არის ჭეშმარიტების თეორია იმ აზრით, რომ ის არ სწავლობს საკითხებს იმის შესახებ, თუ რა არის ჭეშმარიტება, როგორია ჭეშმარიტება, – აბსოლუტურია, შეფარდებითია, კონკრეტულია -, არ არკვევს საკითხს, თუ რა არის ჭეშმარიტების საზომი, როგორია დამოკიდებულება გრძნობადისა ღა აზრის შემეცნების პროცესში და სხვ. ყველა ეს საკითხი მას გადაწყვეტილად აქვს ნაგულისხმევი; ამ საკითხებს წყვეტს ფილოსოფია, კერძოდ, შემეცნების თეორია. ლოგიკა ეყრდნობა ამ საკითხების ასეთსა თუ ისეთ გადაწყვეტას და ამის საფუძველზე აგებს თავის მოძღვრებას ლოგიკურ ფორმებზე, ამიტომ, როგორიც არის შემეცნების თეორია, ასეთივეა ლოგიკის სისტემა.

ვ. ლენინის და ი. სტალინის გენიალურ შრომებში – „მატერიალიზმსა და ემპირიოკრიტიციზმში“ და „დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ“ ზემოთ აღნიშნული საკითხები საბოლოოდ გადაწყვეტილია. ამ შრომებში განხილულია ეს საკითხები და არა საკითხები სწორი, თანმიმდევარი აზროვნების წესების, დასკვნათა და დასაბუთებათა ფორმების შესახებ. ამ აზრით სწორედ ლოგიკა არ არის ჭეშმარიტების თეორია.

მაგრამ ლოგიკას აქვს გარკვეული დამოკიდებულება ჭეშმარიტების პრობლემასთან: ლოგიკა სწავლობს სწორი, თანმიმდევარი, დამასაბუთებელი აზრის ფორმებსა და კანონებს; ეს უკანასკნელები კი წარმოადგენენ ნამდვილი ცოდნის, ჭეშმარიტების მიღწევის აუცილებელ პირობას.

 

 

 

[1] ენგელსი, ბუნების დიალექტიკა, გვ. 257

[2] ენგელსი, ბუნების დიალექტიკა, გვ. 214

[3] ი.სტალინი, ლენინიზმის საკითხები, გვ.676

[4] იგივე გვ. 671