კონსტანტინე კაპანელი - ქალაქის სული და უსაზღვროების იდეა

 

კონსტანტინე კაპანელი (1889-1952) მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული სამეცნიერო წრის გამორჩეული ფილოსოფოსი და ინტელექტუალი იყო. კონსტანტინე კაპანელი (ნამდვილი გვარი – ჭანტურია) დაიბადა 1889 წლის გაზაფხულზე, სენაკის მაზრის სოფელ კაპანაში. უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო, სწავლობდა ნანსის, სორბონისა და გრენობლის უნივერსიტეტებში, მუშაობდა ლუვრის მუზეუმში. 1917 წელს დაინიშნა ფრანგული ენის მასწავლებლად ქუთაისის რეალურ სასწავლებელში და წმინდა ნინოს სასწავლებელში. 1929 წელს  კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში. 1925-1932 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უძღვებოდა სალექციო კურსებს  ხელოვნების ისტორიასა და დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიაში. 1925-1926 წლებში კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში. 1931 წლიდან იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის დასავლეთ ევროპის ენების კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრეთვე ქუთაისისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1932 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება, ხოლო 1940 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. გარდაიცვალა თბილისში, 1952 წლის ზამთარში.

კონსტანტინე კაპანელის სამეცნიერო და ინტელექტუალური ძიების სფეროს წარმოადგენდა ლიტერატურის, ხელოვნებისა და ესთეტიკის საკითხები. იგი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომების, მათ შორის სული და იდეა (1923), სოციალური ესთეტიკის საფუძვლები. ორგანოტროპიზმი (1925), ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი (1928) და მეტყველებისა და ლიტერატურის პრობლემები (1938).

კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიური აზროვნება გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ერუდიციით, ღრმა მსოფლმხედველობითა და სიტყვიერებით, არამედ მას აგრეთვე გააჩნია ფართო სოციალური მნიშვნელობა და განზომილება.  

ჟურნალი 42°პარალელი, გთავაზობთ ამონარიდს კონსტანტინე კაპანელის წიგნიდან: სოციალური ესთეტიკის საფუძვლები. ორგანოტროპიზმი (1925).    

 

 

***

 

 

უსაზღვროების იდეა დაიბადა ადამიანის სულში მეოცე საუკუნის დასაწყისში, – იმ საუკუნის, რომელიც იწყებს ისტორიაში ახალ ეპოქას, ეპოქას დინამიკური ყოფისა და განცდისას; ბუნების ძალების დამორჩილებამ და მანქანების კულტურამ ცხოვრებას მისცა ზღაპრული სიჩქარის ხასიათი; მოძრაობის განცდა იპყრობს სულს: წყალქვეშა ნავების ღურღული, ელექტრონის სხივების ბორიალი, რკინის ბორბლების გრაგანი, ღვედების თქრიალი, ლიანდაგზე ვაგონების სრიალი, ჰაეროპლანის ზუზუნი სივრცეში, ავტომობილების გმინვა, ხომალდებით ოკეანეთა ტალღებზე უშიშარი მოგზაურობა უსაზღვროების დაპყრობის გამომსახველი ფაქტებია; წინათ, საშუალო საუკუნეების ადამიანი ჩალანდრებით ძლივს გადადიოდა ერთი მახრიდან მეორე მაზრაში: ჭაობი, მთები, მდინარე ადამიანს ხელს უშლიდა მოძრაობაში; ჭაობები ადამიანმა ნაწილობრივ ამოაშრო, მთები გათხარა და გვირაბები გაიყვანა, მდინარეში ჩაუშვა ნავები და ოკეანეში ხომალდები, სივრცეში აფრინდა ჰაეროპლანებით; ადამიანი შეიჭრა უსაზღვროებაში მანქანის საშუალებით: მანქანა მთავარი თანამგზავრია ადამიანის მოგზაურობაში და ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვნების გმირად გამოდის იგი: ბლასკო იბანიესის რომანი „მამები – იეზუიტები“ მაშინიზმის ეპოპეაა; კელერმანის რომანი „გვირაბი“ საუცხოო დახასიათებაა მანქანური კულტურისა: მანქანა თავისი ელექტრონით, სინებით, მავთულებით, ორთქლით, ლოკომოტავებით. მანქანა თავისი მარჭვლებით, ბორბლებით, ღვედებით, ნახშირით, სუნით, ინჟინრებით, ტექნიკოსებით წარმოადგენს მთელს სამყაროს, რომელიც ქმნის ახალ ფსიქოლოგიას საზოგადოებაში, ადამიანთა ურთიერთობაში; ძველი ეპოსების მაგიერ იწყება ახალი ეპოსები: ძველი ეპოსის მთავარი გმირი იყო რომელიმე ოდისევსი, ახალი ეპოსის გმირი არის ინჟინერი, ტექნიკოსი, რომელიმე ქარხნის მოსამსახურე; ძველი ეპოსი იყო განსაკუთრებით ბუნების ფენომენი: ზღვა. ტყე, მინდორი, ხეობა, მდინარე.  კლდეები – აი რა ესაჭიროება ძველ ეპოსს; ახალი ეპოსისათვის განსაკუთრებით საჭიროა მანქანა ელექტრონით. კინემატოგრაფებით, რკინიგზით, ხომალდებით; ჰომეროსმა პენელოპეს რომანი და ცხოვრება დაუკავშირა ინდუსტრიულ სინამდვილეს – ქსოვას და ქმრის ხეტიალს; ჩვენი დროის მწერალმა რომანი უნდა დაუკავშიროს ავტომობილებს, რკინიგზას, ელექტრონს, სინათლეს, დიდი მაღაზიების ვიტრინებს, კოსმეტიკას: მარინეტი თავის წიგნში – „ფუტურიზმი“ ამაყად აცხადებს: „ჩვენ ვქადაგებთ ცხოვრების ახალ სილამაზეს – სილამაზეს მექანიკურს“. ლ. ფოლგორე თავის „მოტორების სიმღერაში“ ადიდებს ბორბლებს, მანქანებს: „ყოველი აზრი მანქანის შესახებ სიმღერაა გრძელი, გიგანტური, რომელიც ქმნის პოეზიის ღვთაებრევ პოლიფონიას, რომელიც გაბედული რიტმით იჭრება საუკუნეებში, რომელიც მიცურავს უსაზღვროების ოკეანეში“. „დიდება შენ, მანქანავ!“ ამბობს ბუცი: „შენმა მუსკულებმა მოსვენება არ იციან; “ისინი სწრაფნი არიან; შენ აცხოვრებ ადამიანთა მილიონებს“. მანქანები ამბობენ: „ჩვენ ვქსოვთ ახალ სულს და ახალ ტანს მომავლისას“. მანქანის ატმოსფეროში იბადება იდეა ახალი ადამიანისა, რომელსაც სული მუდამ აღელვებული აქვს. ტელეფონმა, ტელეგრაფმა, ფონოგრაფმა, ავტომობილმა, ბიციკლეტმა დააჩქარეს ჩვენი სულის ცხოვრება: თანამედროვე ცხოვრების პირობებმა შექმნეს თავისებური სილამაზე – სილამაზე ფოლადის, ცეცხლის, კვამლის და ორთქლის: ამ სილამაზის ტაძარია დიდი ქალაქი ქარხნების მაღალი მილებით, ელექტრონის ვარსკვლავებით, ბორბლებით და ხმაურობით; დიდი ქალაქი ღრიალებს. ასფალტით შეხუთულია ქუჩები; ავტომობილები დასრიალებენ და ღმუიან; ტრამვაების ვაგონები ერთმანეთს მისდევენ ზარების რეკვით, და, ქარხნების კვამლით დანისლულ სივრცეში ისმის მოძრაობის გუგუნი და შორეული ბრგვინაობა; შადრევნები ბაღებიდან ასხამენ ირგვლიგე სისველეს; ქალები და ვაჟები ნერვული საჩქარით ერთმანეთს ათვალიერებენ: ნებისყოფა სადღაც მიეჩქარება; ცხოვრებას მიეცა ისეთი ტემპი, თითქოს ომი და მიწისძვრა იყოს. თითქოს სული გრძნობს წუთისოფლური ყოფის წარმავლობას, თითქოს პლაკატები, აფიშები, რესტორნები, როსკიპების შეღებილი ლოყები, ღიპიანი ბანკირები და აჩქარებული კომერსანტები პორტფელებით ცხოვრების უზნეო ნადიმს ესწრაფვიან და სასოწარკვეთილების ინსტინქტური გრძნობით ცივილიზაციის sancta simplicitas მღერიან: ყვირიან, ხმაურობენ და მიეჩქარებიან; არსებობის ტემპი ატორტმანდა და ადამიანს შეეზიზღა წვრილმანობა. ანალიზი, გრძელი, ფეოდალურ-არისტოკრატიული გაპრანჭული თქმა; სულში დაიბადა მოთხოვნილება სიჩქარისა, მოძრაობისა, ცვლილებისა, დინამიზმისა, სინათლისა: მდგომარეობა იძლევა სულის წყობას და გასაკვირიც არ არის, რომ მანქანისა და კაპიტალის მდგომარეობამ მოგვცა ატორტმანებული სული, რომელიც ორგანოტროპულად თავდება ხელოვნების სფეროში შინაგანი წვალების მატერიალიზაციით, გრძნობათა და იდეათა არევ-დარევით, მეტყველების დეფორმაციით, სახეების დატეხით – იმაჟინიზმით. ყველაფერი მოძრაობს, ქრის; ყველაფერი სხვაფერდება; პროფილი არასოდეს არ არის უძრავი: იგი დაუსრულებლად ცხადდება და ქრება; საგნები მოძრაობაში მრავლდებიან და სახეები სხვაფერდებიან: ცხენს, რომელიც მორბის, ოთხი ფეხი კი არა აქვს, არამედ ოცი და მისი მოძრაობა სამკუთხედურია; მატარებლიდან რომ ვიყურებით, მინდვრები და ხეები ირგვლიე რბიან, თითქოს უხარიათ ვაგონების მოძრაობა; საქანელაზე რომ ვქანაობთ, გვეჩვენება თითქოს ჰორიზონტებიც ქანაობენ, თითქოს სამყაროც ირწევა. მოძრაობა სულს ეძახის უსაზღვროების არეში, ხოლო საქმე ისაა, – ამ უსაზღვროებაში სული შეიჭრება კაფე-შანტანური ღრეობით, ალკოჰოლით, თუ სიყვარულის სევდით და არსებობის ეფემერობის შეგრძნობით?

მეთვრამეტე საუკუნის დამლევამდე ცხოვრების კულტურული ფორმები სტატიკურ რაციონალისტურ პრინციპებზე იყო დამყარებული: სული ადამიანისა ინტელექტუალურად და ესთეტიკურად მიმაგრებული იყო ეკლესიას, სახელმწიფოს, ოჯახს, წოდებრივ პრივილეგიებს; ტრადიცია ხელმძღვანელობდა ადამიანის ნებისყოფასა და მოქმედებებს; ხატები, მღვდლები, ჩინოვნიკების იერარქია, ოჯახური ცხოვრების სტაბილიზმი ამართლებდნენ ინდივიდუალურ ყოფას, იმედებსა და სურვილებს, ესთეტიკურ მოთხოვნილებებსა და გემოენებას; მეცნიერება და სკოლა ინდივიდუალიზმისა, ავტორიტეტისა და მორჩილების კულტს ავარჯიშებდნენ; ერები სოციალურ-ისტორიულ პერიპეტიებში არ შორდებოდნენ პატრიოტიზმისა და ეგოცენტრიზმის კუთხეებს და ამ კუთხეებში იღვრებოდა სანტიმენტალურ-რომანტიული ცრემლები დიდებისა და რღვევის წესის ასაგებად; მწუხარება და სიამოვნება ფსიქოლოგიურად იდილიაში ერთდებოდა, შიშისა და ქაოსის განცდას ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონდა.

საფრანგეთის რევოლუციამ და ნაპოლეონის ვაგაბონდაჟმა კაცობრიობას გაახსენა საშუალო საუკუნეები.

თითქოს სამყარო ისევ აივსო კოშმარებით და უკუღმართობით, ბუნებისმეტყველების განვითარებამ, განსაკუთრებით ბიოლოგიამ და ბაქტერიოლოგიამ, შეაღო ბუნების საიდუმლოების ახალი კარები: ადამიანმა, რომელსაც წინათ თავისი თავი სამყაროს ცენტრი ეგონა, დაინახა, რომ მისი გაპრანჭული ყოფა იმყოფება შემთხვევათა როიაში და ხშირად, პასკალის თქმისა არ იყოს, საკმარისია ერთი წვეთი წყალი, ერთი ჭუჭყიანი ხიწვი, რომ ადამიანს მოეწამლოს სისხლი: ინდივიდუალიზმი თავისი ჩინოვნიკური რეგალიებით, ეპოლეტებით და პათოსით ჩადგა ბიოლოგიურ რიგში ბაქტერიებსა და შემთხვევებთან ერთად.

კაცობრიობა გაეცნო შორეულ ქვეყნებს, კუნძულებს და მათ ველურ მცხოვრებლებს; გეოგრაფიული სივრცითი წარმოსახვა გაიშალა; ევკლიდეს გეომეტრა ლობაჩევსკისა და რიმანის სფეროებად გარდაისახა; მეტეოროლოგიურ-ფიზიკური კვლევა-ძიებანი და ასტრონომიული ტრფიალება შორეულობისა რელატიური კოსმოლოგიით დამთავრდა; აინშტაინმა დაჩრდილა ნიუტონის სახე და ადამიანი თითქოს დაპატარავდა უსაზღვროების არეში: წინათ, სილოგიზმებისა და ევკლიდური მსოფლგაგების დროს ყველაფერი გარკვეუ- ლი, სწორი და სტატიკურად ჩამოყალიბებული იყო; სისტემა და სქემა იმორჩილებდა ქაოსის დენას; სამყარო მოთავსებული იყო ფორმულებში და, თუ ფორმულები მეცნიერებაში სუსტობდნენ, მორალური შეგნებით ივსებოდა: „ვარსკვლავიანი სივრცე მე დამყურებს, მორალური კანონი ჩემშიაო“ –– ამბობდა კანტი.

ფრიდრიჰ ნიცშემ ღა თედორე დოსტოევსკიმ კაცობრიობას აგრძნობინეს მყუდროების საშიშროება; კანტი და მისი ფილოსოფიური კვიეტიზმი ჩაიწია ისტორიულ-იდეოლოგიურ ხვეულებში; ზარატუსტრამ არსებობის სევდა გაშალა მეტყველების სიმფონიად და ცხოვრების უდაბნოში ამართა პირამიდული სიმაღლე მარადობისა; ადამიანმა იგრძნო უსაზღვრო სიყვარული, ვეფხი და ფრინველები მიუახლოედნენ მას და სულის სიღრმეში ატირდა იგი ტკბილ გრძნობებში გალესილი ცრემლებით, ინდივიდუალიზმი გადავიდა უსაზღვროების ტრფიალებაში და სული ექსპანსიური გაწია შინაგანი ხილვითა და განათებით არსებობის სევდის შეგრძნებამდე. ფანტასტიკური სურათი მსოფლიო მზიდაობისა, განსახიერებული ნიუტონის სივრცით წარმოსახვაში, კანტისა და ლაპლასის კოსმოლოგიური თეორიები, კონტრაქციული მოძღვრება მატერიკების წარმოშობის შესახებ, დე ბომონის,  დანის, ლეკონტის და ზიუსის გეოლოგიური ჰიპოთეზები, დეტონის იზოსტაზია, კინეტიკური თეორია გაზებისა, პერიოდიული სისტემა ქიმიური ელემენტებისა, სიმეტრიისა და კრისტალოგრაფიის კანონები, სოფიუსილი და ლობაჩევსკი თავიანთი მეტაგეომეტრიული სფეროებით, კეკულის და ბუტლეროვის მიღწევანი ქიმიურ კვლევა-ძიებებში, კოვალევსკის და ჯენერის გეოლოგიურ-ანთროპოლოგიური ფანტაზია სტატისტური მსოფლმხედველობისა და სულის სიმშვიდიდან ადამიანს ეძახიან უსახზღვროებისა და მარადობის არეში – sub specie aeternitatis. სულს იპყრობს, ერთი მხრივ, შიში დაკარგვისა ამ უსაზღვროებაში, მეორე მხრით, უსახღვროების შეგრძნებით შობილი სიყვარული არსებობისადმი –– სიყვარული, რომელიც ვერ ეტევა ბიოლოგიურსა და ფიზიოლოგიურ მთვრალულობაში და ადამიანს, მის გრძნობებს, ოცნებებს, იდეალებს არხევს როგორც ზღაპრულ მარაოს უდაბნოში; ყოფა ოჯახური, სოციალური, სახელმწიფოებრივი თავისი ყოველდღიური ფსიქოლოგიით, ყალბი ჩვეულებებით, წუთისოფლური წვრილმანობით, ტექნიკურ-ინდუსტრიული განგაშით ახალი განათებით მოჩანს, ურთიერთობა ადამიანთა შორის ახალ მორალს ეყრდნობა – მორალს არა ინდივიდუალისტურ-ფიზიოლოგიური მთვრალობისას, არა ლოთობისა, არა დიონისურ-ეგოცენტრისტული გატაცებისას, მორალს არა გაშიშვლებული მეობისა და პირუტყვულმცონარეული თავაწყვეტისას, არამედ უსაზღვროების სევდისა და კოსმოსური გზნებისას; ყოველი მომენტი წუთისოფლური არსებობისა იხედება sub specie aeternitatis. მეცნიერების ყოველი მიღწევა ადამიანის სულში სახავს იდეას დაუსრულებლობისას: ბიოლოგია ბაქტერიების სამყაროში ისე მორიდებით და განცვიფრებით იყურება, როგორც პოეტი ოკეანის პირად; მეცნიერება უახლოვდება ხელოვნებას და ხელოვნება იჭრება მეცნიერების სფეროში; დანტე ალიგიერი დიდი თეოლოგი იყო, გოეთე დიდი ბიოლოგი, მაგრამ მომავალში ხელოვანისათვის საჭიროა უფრო დიდი ერუდიცია და შინაგანი ხილვა სამყაროისა: წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვნება კარგავს აზრსა და ღირებულებას: კოსმოსური სევდა ახალი სულისა ვერ დაინახავს თავის ალანდებას ხელოვნებაში და ვერავითარი აკრობატობა-ფერებისა და ხაზების ბორიალება, რომლითაც გატაცებულია დღეს დილეტანტური სული დაავადებული ქალაქისა ვერ შეაჩერებს ხელოვნების კატასტროფას; ხელოვნება „ცხოველობაში“ იქნება მხოლოდ მაშინ, როცა განასახიერებს სოციალური ფსიქოლოგიის ძირითად თვისებებს; ხელოვნება ყოველთვის გაიმარჯვებს სოციალური განცდის ასახვაში – იმ იდეებისა და გრძნობების ჩამოყალიბებაში, რომელნიც აწუხებენ, აწვალებენ ეგოცენტრისტულ ყოფას მოწყვეტილ ადამიანს, სოციალურ-კოსმოსურ უსაზღვროებაში გადასროლილ სულს; არა ვიწრო კუთხე, არამედ კოსმოსი, არა ეგოცენტრისტული თვითშეყვარება, არამედ გაორების გრძნობა და მეობის მეობაში გადატანა – აი ახალი სულის უნივერსალია, ახალი სოციალური ყოფის შემოქმედებითი კორელაცია.

ინდივიდუალისტური პერიოდი კაცობრიობის კულტურის, შეიარაღებული საკუთარი ფილოსოფიურ-ესთეტიკური კატეგორიებით, სილოგიზმებით და პრინციპებით ირღვევა შინაგან წყობაში – ფილოსოფიურ დებულებებში, ხელოვნებაში, კულტურულ-ცივილიზაციურ ურთიერთობაში და რღვევის წყვდიადში ისმის ძახილი ახალი სულისა, რომელიც გლეჯისა და ბრძოლის პლანეტურ არენაზე აპირებს მოწყობას სიყვარულისა და შეგნების ყოფისას: ამ ყოფას არ დასჭირდება მარჭვლები სახელმწიფოებრივი ძალდატანებისა და ინდივიდუალურ ინტერესთა შეფარდებისა – ამ ყოფას განამტკიცებს უსაზღვროების არეზე შეცნობილი ხვედრი ადამიანისა, ხვედრი ეფემერული, მაგრამ წარმავლობის სევდით გამთბარი და კოსმოსური სიყვარულით დამშვიდებული.

მომავალი ადამიანი რომ გადახედავს საუკუნეთა დენას, გაიფიქრებს: რისთვის იხარჯებოდა ენერგია კაცობრიობისა? – კლასები და ხალხები ებრძოდნენ ერთმანეთს; ადამიანები ცდილობდნენ ერთმანეთის წვსა ღა ხოცვას; ადამიანები ცხოვრობდნენ აფექტებით: ისტორიას არა აქვს შინაგანი სიმართლე; ადამიანები ყოველთვის იტანჯებოდნენ და წვალობდნენ; ქვეყანა ყოველთვის მოუწყობელი, უთავბოლო და უწესრიგო იყო: გონება კი არ ამოძრავებს ისტორიას, არამედ გაჭირვება და ტკივილები; გონება წინ კი არ მიყვება მოქმედებას, პრაქტიკას, სოციალურ საჭიროებას, არამედ აგვიანებს: ჯერ გრძნობა დაიფერფლება. ჯერ ტანი დაიწვება, ჯერ წვალება დაცრეცს სხეულს და მხოლოდ შემდეგ განარიგებს გონება თავის სხეულის ყოფას. წუთისოფელი უსინდისო და უწესო წვალებაა; წესი და სინდისი ადამიანების გამოგონილია და ისიც ყოველ საუკუნეში თავისებურად; წესისა ღა სენდისის ცნება ბრძოლაში გამარჯვებულებს შეაქვთ სამყაროში; ყოველი სოციალურად გაბატონებული ჯგუფი ქვეყნად ხედავს მხოლოდ იმას, რასაც განასახიერებს მისი ყოფის რეფლექსი, მისი წვალება სოციალური, პლანეტური.

წუთისოფელი წააგავს გაუმარგლავ ყანას, სადაც ხარობს ღვარძლიანი ბალახი, სადაც სიმართლე და ჭეშმარიტება ყოველთვის დევნაშია, სადაც ღრმა სიყვარული ტკივილებით, წვალებით თავდება; ადამიანი ფართხალებს მარადობის საშოში დროული ფორმულებით; ყოფას ემუქრება რღვევა ყოველ წუთს და ბედნიერების შეცნობას სიღრმე; შეცნობა ბადებს ზიზღის გრძნობას და ვინც შეიცნო ცნობიერების ზღვარი, მას სიყვარული ეძნელება; ზიზღის გრძნობა სიღრმეში ისევ სიყვარულს ითხოვს, მაგრამ სიყვარულს სხვა სულისას, – სიყვარულს გადაწოლილს უსაზღვროების კალთაში და ღამის სიჩუმეში ცრემლებით ნარეცხს; „დროული“ ვინც უარყო, მას ენატრება „მარადიული“, ცეცხლის ენერგია კვამლით ერთვის სამყაროს, სულის წვალება კი – ოცნებით; სული იკვებება ტანის ღელვით; დიდი ორთქლი დიდი დუღილიდან მომდინარეობს და სული მწვერვალებზე ვერასოდეს ვერ ავა, თუ ტანი მისი ყოფის ტკივილებით არ დაჩხვლეტილა. სული რომ შეიგრძნობს არსებობის სევდას, შეიყვარებს მარადობას.

შუაღამისას, როდესაც დიდი ქალაქის ქუჩებში ჩოჩქოლი მიწყნარდება და სივრცეში შორიდან აიშლება ძაღლების სევდიანი ყეფა; სული ჩვენი ატორტმანდება და გული ნერვულად შეიკუმშება: საუკუნეთა კარები ლანდურ ჩვენებაში გაიღება: ერებსა და სახელმწიფოებს, სხვადასხვა დროის ღმერთებსა და ლეგენდებს, მეტყველების სისტემებსა და ჰიპოთეზებს რაღაც მწუხრული ზეწარი გადაეფარება. ატირდებიან ხეები, ფოთლებში აშრიალდება ენტელექიის რიტმი და მღინარეები ნელა აორთქლდებიან, თითქოს ნერვები ყოვლობის გრანდიოზული სხეულის, რომელიც დაუსრულებლად იწვის და ღელავს, განიცდის და კვამლდება. დიდი ქალაქის ნოტიო დინჯად აოღრუბლება და ყოფა ადამიანისა, ამ ბურუსით გარშემორტყმული, თითქოს იძირება გაურკვეველსა და უთავბოლო ნირვანაში,

წუთისოფელი იშლება უსახღვრო სივრცის დაუსრულებელი საიდუმლოების სანახაობათა შორეული ლანდებით. ძრწიან არეები; გალობენ უხმოდ ვარსკვლავნი და პლანეტები; არსნი თვალშეუდგამად ხმობენ მარადობას, რათა განაქარვონ ყოფის ცეცხლი და ააკვამლონ შინაგანი წვა… ჯერ კიდევ შეუცნობელი პირველყოფილი ქაოსი, უცნაურის იგივეობით ძლევამოსილი და თან ცივი, თითქოს ნელინელ მსვლელობის ზღვად დაფენილ ღრუბელთა შორის. ჰაერში კვნესის საიდუმლო სუნთქვა სტიქიათა უთვალავ საუკუნეთა სიგიჟისა და ისმის შორეული ბრგვინაობით ტლანქი ძახილი ჭლექით დაავადებული სურვილებისა; ფერადი მორთულობით ბრწყინავენ ჩვენებანი იდეალებისა და საუკუნეთა უზარმაზარ წიგნებს, ოქროთი მოვარაყებულ ყდებში, შლიან არსებობის ოკეანეზე სამარადჟამო ძიებად. ხალხთა ცხოვრებანი და საუკუნეების მკვეთრი მახვილობანი თითქოს ირწევიან საიდუმლოების სამრეკლოში: ბრწყინვალე წარმოდგენათა ძაფებზე ამონაქსოვ ოცნებებში აზრი ძილისპირულს მღერის…

იყვნენ საუკუნეები და ხალხნი; მზე ამოდიოდა და ჩადიოდა როგორც ყოველთვის; მოდგმები არევ-დარევით იცვლებოდჩენ; ოჯახური და სოციალური ღირებულებანი იქმნებოდნენ: ქალები ქსოვდნენ, კაცები ნადირობდნენ, ვაქრობდნენ, ოცნებობდნენ, მუშაობდნენ –  აშენებდნენ სახლებს, თხრიდნენ არხებს; იყო სიყვარული და ალერსი, იყო სევდა და წუხილი.

უთვალავი კეთილშობილი ზრახვანი, დიადი განცდანი და ფიქრები, იდეალები და მოქმედებანი – ფაუსტებისა და ჰამლეტების ეპოქა – ჩვენი ცივილიზაციის ტრაგედია – ყალბი მორალის ლამაზი პათოსი იყო და ხსენება დარჩა ჭლექითა და ლუესით დაავადებულ კაცობრიობაში.

მოდგმა მოდგმას მისდევს აჩქარებით; სხეულებრივი ფორმები არსებობისა მარადიული წყვდიადიდან გამოდიან: ტრიალებენ, ირყევიან, ქანაობენ, ეძებენ და ტირილით ისევ წყვდიადში იკარგებიან. ლანდები მოძრაობენ პლანეტურ გარსში გახვეულნი: თითქოს გრანდიოზული, მძიმე არტილერია, ღელავს და ორთქლდება კაცობრიობა: გაივლის რა ჩქარსა ღა უაზრო ცვლილებებს, შეუცნობელი უეფსკრელისაკენ მიექანება.

ყოფა უნივერსალური ირხევა უსაზღვროების არეზე, მარადობა ფანტავს არსებობის მაშხალებს და ცივილიზაციის მთელი განგაში მხოლოდ წვალება, მხოლოდ ღელვა და აორთქლებაა, მხოლოდ ენერგიის განიავება: ცივილიზაცია უსრულესი ფორმაა კულტურისა და რაც უფრო ცივილიზაციურია ხალხის ცხოვრება, მით უფრო ახლოა ისტორიული გადაშენების უკანასკნელი წუთები; ცივილიზაცია თაცისი სოციალური მოდუსებით ეფემერული გაალებაა ყოვლობის ენტელექიისა – უნივერსალური elan vital-ისა; ცივილიზაცია ასუსტებს ნერვებს, ავრცელებს სნეულებას, ანადგურებს პრინციპებს; ცივილიზაციის უკანასკნელი ფორმაა კაფე-შანტანი და დადაიზმი; ცივილიზაცია მოკლებულია იდეალს და იდეას; ცივილიზაციის პროცესი იმავე დეგენერაციის პროცესია და რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია, მით უფრო საინტერესოა ლიტერატურა: უდიდესი მწერალი უკიდურესი დეგენერატია; ხელოვნება ორგანოტროპული თვითჭვრეტაა დეგენერაციისა; ხოლო დეგენარაცია უნაზესი ფორმაა სოციალური რეფლექსისა, ინდუსტრიულ-კომერციული და ფსიქოლოგიური მოძრაობისა. ყოველი არსი მასალაა უთავბოლო თქრიალისა; ყოველი სული ორთქლია მატერიული რყევისა; ყოველი აზრი წვალების ცეცხლის ალია და წვალებასთან ერთად ქრება ალიც.

არსებობა ბოლოს და ბოლოს არქივის მასალას შეადგენს და არც ერთი მოვლენა წუთისოფლად არ არის მიზანი: ერები და სახელმწიფოები, ცხოველები და მცენარეები მასალებია ყოვლობისა: მშვენიერი სახე, რომელიც ჩვენ დღეს გვიზიდავს, გვაღელვებს, სიამოვნებისა და ნეტარებისაკენ გვეძახის, ხვალ გაისრისება, გეოლოგიურ ფენებში გაიფანტება, ცხოველებსა და მცენარეებში განაწილდება, უნივერსალობაში განიავდება. ადამიანო, ვინც არ უნდა იყო, რა ადგილიც არ უნდა გეკავოს ამ ქვეყნად, რა ნეტარებასა და სიამოვნებაში არ უნდა თვრებოდეს სული შენი, – გახსოვდეს მუდამ, რომ შენ ხარ მხოლოდ მასალა პლანეტური ყოფის ჭუჭყიანი ფენებისა; ზვიადი პათოსი შენი დიღებისა შეანელე შენი ხვედრის შეგნებით; ბოროტი ზრახვა შენი სულისა გალესე წარმავლობის სევდაში, ქვეყნის უსაზღვროებაში, ადამიანო, შეიცანი უსამართლობა შენი ეგოიზმისა და ყოველ არსში მონახე ნაწილი შენი მეობისა; გაარღვიე რკალი კუთხებრივი სულისა და შენი წარსულის ნაჭუჭებიდან გამოფერთხე ლოგიკის მტვერი – ხავსი ჩვეულებისა; უდიდესი დანაშაული შენი ამ ქვეყნად არის ის, რომ შენ ძლიერ ცოტა გიყვარდა იმ დროს, როღესაც შენ შეგეძლო დიდი და ღრმა სიყვარული. შენ გიყვარდა ყოველთვის შენ სიამოვნებისათვის და არასოდეს არ გყვარებია სიყვარულისათვის; შენ გიყვარდა მხოლოდ მომენტისათვის და არასოდეს არ გყვარებია გრძეობისათვის: მომენტებში სულს ათბობს ტანის ღელვა, მსოლოდ მომენტთა შორის. გრძეობაში ქრის ცივი ქარი წარმავალობისა და სევდისა. ცხოვრებას ათბობს მომენტის დაჭერა, მაგრამ აცივებს გრძეობის ქარი: რაც უფრო ტკბილი და ლამაზია მომენტი, მით უფრო მწარე და ციეია გრძეობა. ცხოვრებას გაამართლებს არა გრძეობის შეკუმშვა მომენტში, არამედ მომენტის გაფართოება გრძეობამდე. ღრმა და დიდი სიყვარული შეუძლია მხოლოდ იმ სულს, რომელიც გრძნობს ყოველ წუთს გრძეობის სიცივეს და არსებობის უსინდისო სხვაობას. რეალური ცხოვრება წააგავს საროსკიპოს, რომელიც გაუხსნიათ სასაფლაოზე, საროსკიპოში ვინც შედის საკუთარი პრინციპით, მას დარჩენია მხოლოდ, შეებრძოლოს უზნეობას, მაგრამ რასაც ჩვენ უზნეობას ვეძახით, ვაი, თუ უდიდესი და ჭეშმარიტი ზნეობა არის! სოკრატე და კანტი თავიანთი კატეგორიებით, კოჰენი და ჰუსერლი თავიანთი გნოსეოლოგიით, ლიობოკი და ტოლსტოი თავიანთი მორალით ზომავენ ამ ქვეყანას და არასოდეს არ კითხულობენ: ვინ არის თავდები მათი საზომის სისწორისა?! ვინც იჭვებსა და წვალებაში არ კვეთს თავის აზრებს, ვინც კერძოობიდან უსაზღვროებაში არ იხედება, გონება მისი მხოლოდ ჩვეულების რეგისტრაციაა და მისი უღრმესი ფილოსოფია ლოგიკის სახელმძღვანელოში გამოისახება.