ჯანმრთელობის კაპიტალი ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორია

თენგიზ ვერულავა – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი

 

ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში მნიშვნელოვანია ინვესტიციები როგორც განათლებაში ასევე ჯანმრთელობაში. საქართველოში ბოლო 25 წლის პერიოდში გაიზარდა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები, შემცირდა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები და ამბულატორიული მიმართვიანობა ჩამორჩება ევროპის მაჩვენებელს.

მისასალმებელია სახელმწიფოს გადაწყვეტილება განათლებაში, როგორც ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების გაზრდაზე. თუმცა, ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს არამარტო განათლებული ადამიანები, არამედ ჯანმრთელი მოსახლეობა. შესაბამისად, ადამიანური კაპიტალის კონცეფციის გათვალისწინებით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განახორციელოს ჯანდაცვის სექტორში.

 

საქართველოში დღეს პოპულარული გახდა ადამიანური კაპიტალის კონცეფცია, რაც უდაოდ მისასალმებელია. პრემიერ მინისტრის განცხადებით, „ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის საჭიროა მასშტაბური ინვესტიციები განათლების სექტორში“[[i]].

ამ მხრივ, საინტერესოა, განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს ადამიანური კაპიტალი, მისი შეფასების რა ინსტრუმენტები არსებობს და ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობაა საქართველოში.

ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე კაპიტალს აბანდებს საკუთარი განათლების და ჯანმრთელობის ამაღლებაში, რადგან რაც უფრო განათლებული და ჯანმრთელია, მით უფრო იზრდება მისი პროდუქტიულობა, რაც თავის მხრივ ზრდის შემოსავლებს. ცოდნის და ჯანმრთელობის ამ დაგროვილ მარაგს უწოდებენ ადამიანურ კაპიტალს[[ii],[iii]]. ცოდნას და ჯანმრთელობას შემოსავლები მოაქვს არამარტო ადამიანისათვის, არამედ ქვეყნისათვისაც, რადგან რაც უფრო მეტი განათლებული და ჯანმრთელია მოსახლეობა, მით უფრო მზარდი და მდგრადია ეკონომიკა[[iv],[v]].

ადამიანური კაპიტალის კონცეფცია შემუშავებულ იქნა 1960-იან წლებში ტ. შულცის ([vi]), გ. ბეკერის ([vii]), მ. გროსმანის[[viii]] მიერ. თავდაპირველად, ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში უმთავრეს ფაქტორად განიხილებოდა განათლება. შემდგომ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი კეთილდღეობისათვის, ეკონომიკური ზრდისათვის საჭიროა ჯანმრთელი მოსახლეობა[[ix],[x]]. ყურადსაღებია, რომ საქართველოშიც დღეისათვის ადამიანურ კაპიტალს უკავშირებენ მხოლოდ განათლებას. ამას ადასტურებს პრემიერ მინისტრის განაცხადიც. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, განათლების კაპიტალთან ერთად ადამიანური კაპიტალის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია ჯანმრთელობის კაპიტალს.

როგორც განათლებას, ასევე ჯანმრთელობას აქვს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რადგანაც ჯანმრთელობას სარგებელი მოაქვს როგორც ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის, საერთოდ ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ჯანმრთელობის დადებითი გავლენა ეკონომიკაზე შეიძლება ავხსნათ შემდეგი მთავარი მექანიზმებით:

ჯანმრთელობა ადამიანის პროდუქტიულობის განმაპირობებელი ფაქტორია. რაც უფრო ჯანმრთელია ადამიანი, მით უფრო შრომისუნარიანია იგი [[xi]]. რაც უფრო იზრდება შრომისუნარიან დღეთა რაოდენობა, მით ნაკლებია სამუშაოზე გამოუცხადებლობის  შემთხვევები, შესაბამისად, იგი უფრო პროდუქტიულია  [[xii],[xiii]]. ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხელს უწყობს ცოდნის ათვისებას და დაგროვებას, ანუ უკეთესი კოგნიტიური შესაძლებლობებისა და სწავლის უნარების განვითარებას, დადებითი საგანმანათლებლო შედეგების მიღწევას [[xiv],[xv]]. ასევე ჯანმრთელობა ხელს უწყობს შემოქმედებითობას, კრეატიულობას. ჯანმრთელი და განათლებული მუშაკები უფრო ადვილად რეაგირებენ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროცესებზე, რაც რეფორმების წარმატებით განხორციელების განმსაზღვრელი ფაქტორია. ამგვარად, ადამიანის ავადმყოფობა ეკონომიკური დანაკარგია, ხოლო ჯანმრთელობა ხელს უწყობს ეკონომიკის ამაღლებას, რადგან ზრდის შრომისუნარიან მოსახლეობას.

საქართველოში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 1995-2017 წლებში 2.5-ჯერ გაიზარდა [[xvi],[xvii]], ასევე, 12.2%-ით გაიზარდა ადამიანური განვითარების ინდექსი. ამ მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანას შორს [[xviii]]. მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2.5 წლით გაიზარდა და 2017 წელს 73.5 წელს მიაღწია [[xix]], თუმცა, 4.5 წლით ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნების მაჩვენებელს (78 წელი).

ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამსახველი მგრძნობიარე მაჩვენებლია. 1990-2017 წლებში 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 4-ჯერ შემცირდა და 2017 წელს 11.1 შეადგინა [14]. შედარებისათვის, იგივე მაჩვენებელი ევროპის რეგიონში 6-ია [[xx]]. დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100000 ცოცხალშობილზე 1990-2017 წლებში 41.5-დან 13.1-მდე შემცირდა [14]. შედარებისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში შეადგენს 4-ს [[xxi]].

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2013 წლიდან, როდესაც ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. რაც ცხადია, დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე. ასევე, გაიზარდა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, კერძოდ, 2015-2017 წლებში იმ შინამეურნეობების პროცენტული წილი, რომლებსაც ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ 43.1%-დან 22.3%-მდე შემცირდა[[xxii]]. სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად გაზარდა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდა [[xxiii],[xxiv]].

გაიზარდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მიმართ, რამაც დადებითად იმოქმედა სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. ამის მტკიცებულებაა ჯანდაცვაზე მოსახლეობის კერძო დანახარჯების შემცირება 77.9%-დან (2011 წ.) 62%-მდე (2015 წ.)[[xxv]], რითაც თითქმის მიუახლოვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გათვალისწინებულ ზღვარს, რომლის მიხედვით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში კერძო დანახარჯების წილი არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს[[xxvi]]. ქვეყნებში, სადაც აღნიშნული რეკომენდაცია არ სრულდება არ არის განვითარებული წინასწარი გადახდის სისტემები (დაზღვევა, სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები), შესაბამისად, მოსახლეობა არ არის გარანტირებული აუცილებელი სამედიცინო მომსახურებით, არ არის დაცული კატასტროფული დანახარჯებისაგან და იძულებულია უარი თქვას საჭირო სერვისებზე. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე მნიშვნელოვანი ხარჯების (დაახლოებით 62%) გაღება უშუალოდ მოსახლეობას უწევს[[xxvii]]. ასევე დაბალია ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში (6.9%). ამ მხრივ, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ჯანმოს რეკომენდაცია და გაზარდოს სახელმწიფო დაფინანსების წილი.

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდა არ არის ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა. სახელმწიფო დაფინანსების ზრდა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენების შემთხვევაში. რესურსების ხარჯთეფექტიანად გამოყენების ერთ-ერთი მექანიზმია გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემის არსებობა, რომელიც ორიენტირებულია პრევენციული სერვისების მიწოდებაზე[[xxviii]]. ამ მხრივ, 1995-2017 წლებში, თითქმის 3-ჯერ გაიზარდა ამბულატორიული მიმართვიანობა მოსახლეობის ერთ სულზე (1.1-დან 3.5-მდე წელიწადში), რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, ის თითქმის ორჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს (7.5 წელიწადში). ამის მიზეზია ოჯახის ექიმის მიმართ დაბალი ნდობა, მისი კომპეტენციების შესახებ დაბალი ინფორმირებულობა[[xxix]]. არაადეკვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. უწყვეტი პროფესიული განათლების სათანადო სისტემის განუვითარებლობა  ნეგატიურად ზემოქმედებს ოჯახის ექიმის პროფესიულ განვითარებაზე. ამ მხრივ, საჭიროა სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობაში, კერძოდ, ოჯახის ექიმის განათლების ამაღლებაზე და მათი ანაზღაურების გაზრდაზე[[xxx]].

მისასალმებელია სახელმწიფოს გადაწყვეტილება განათლებაში, როგორც ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების გაზრდაზე. თუმცა, ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს არამარტო განათლებული ადამიანები, არამედ ჯანმრთელი მოსახლეობა. შესაბამისად, ადამიანური კაპიტალის კონცეფციის გათვალისწინებით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განახორციელოს ჯანდაცვის სექტორში.

ცხრილი. ჯანმრთელობის კაპიტალზე მოქმედი ფაქტორები (საქართველო-1990-2017წწ)

1990 1995 2000 2005 2010 2015 2017
მშპ მოსახლეობის ერთ სულზე (მიმდინარე ფასებით), $ 1614.6 569 692 1530.1 2964.5 3796 4046.8
ადამიანური განვითარების ინდექსი 0.672 0.711 0.735 0.754 0.780
მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71.4 70.3 71.3 74 74.4 72.9 73.5
1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა მოსახლეობის 1000 სულზე 22 29 27.3 29.5 16.9 8.6  

9.6

5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცხალშობილზე 47 34 30.1 31.5 18.9 10.2  

11.1

დედათა სიკვდილიანობა 100000 ცოცხალშობილზე, 41.5 53.1 47.8 23.9 21.7 32.2  

13.1

შობადობა მოსახლეობის 1000 სულზე 14 11 10 10.7 10.7 15.9 14.3
ამბულატორული მიმართვიანობა მოსახლეობის 1 სულზე 1.1 1.5 2.1 2.1 3.6  

3.5

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (მლნ ლარი) 31 61.7 194 414.8 914  

1063.7

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი ჯანდაცვაზე მთლიან დანახარჯებში 4.9 16.7 19.5 23.1 36.3  

37.2

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-თან მიმართებით. 0.9 1.2 1.7 2 2.9  

3.1

 

 

[i]მამუკა ბახტაძე. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია. პირველი არხი. 29.01.2019

https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-codnaze-dafudznebuli-ekonomika-da-adamianuri-kapitalis-ganvitareba-chveni-mtavrobis-absoluturi-prioritetia/

[ii] თენგიზ ვერულავა. ჯანმრთელობის კაპიტალი – წარმოების მდგრადი განვითარების ფაქტორი. ეკონომიკა და ბიზნესი. 2019(1).

http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&adgi=768&title=%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20-%20%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98

[iii] Campbell R. McConnell, Stanley L. Brue, Sean M. Flynn. Economics: Principles, Problems, and Policies. McGraw-Hill Education. 19th edition. 2011

[iv] Verulava T, Dangadze B. Health Capital and Economic Growth: Evidence from Georgia. The Open Public Health Journal. 2018; 11:401-406.

https://benthamopen.com/FULLTEXT/TOPHJ-11-401

[v] Tengiz Verulava. Health Capital, Primary Health Care and Economic Growth. Eastern Journal of Medicine. 2019; 24 (1): 57 – 62

https://www.journalagent.com/ejm/pdfs/EJM-35762-ORIGINAL_ARTICLE-VERULAVA.pdf

[vi] Schultz, T. Investment in Human Capital, The American Economic Review, 1961; 51 (1), 1-17.

http://la.utexas.edu/users/hcleaver/330T/350kPEESchultzInvestmentHumanCapital.pdf

[vii] Becker, G.S. Human capital: a theoretical and empirical analysis with special reference to education, 2nd ed. The University of Chicago Press, National Bureau of Economic Research, 1994.

https://www.nber.org/books/beck94-1

[viii] Grossman, M. The demand for health: a theoretical and empirical investigation. National Bureau of Economic Research, 1972: 1-135

https://www.nber.org/books/gros72-1

[ix] Howitt, P. Health, Human Capital and Economic Growth: A Schumpeterian Perspective. Brown University. 2005.

https://www.brown.edu/Departments/Economics/Faculty/Peter_Howitt/publication/PAHO.pdf

[x] Knowles, S., & Owen, P. Education and Health in an Effective-Labour Empirical Growth Model, The Economic Record, 1997;73 (223), 314-328.

https://econpapers.repec.org/article/blaecorec/v_3a73_3ay_3a1997_3ai_3a223_3ap_3a314-28.htm

[xi] Preston, S. (1975). The Changing Relation between Mortality and the Level of Economic Development, Population Studies, 29 (2), 231–48.

https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/00324728.1975.10410201

[xii] Bloom, D., & Canning, D. (2008). Population Health and Economic Growth, Commission on Development and Growth, World Bank Working Paper, 24.

https://siteresources.worldbank.org/EXTPREMNET/Resources/489960-1338997241035/Growth_Commission_Working_Paper_24_Population_Health_Economic_Growth.pdf

[xiii] Cai, L., & Kalb, G. (2006). Health Status and Labour Force Participation: Evidence from Australia, Health Economics, 15 (3), 241-261

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16229055

[xiv] Miguel, E. (2005). Health, Education and Economic Development. Health and Economic Growth: Findings and Policy Implications. Cambridge: The MIT Press, 143-168.

http://emiguel.econ.berkeley.edu/research/health-education-and-economic-development

[xv] Case, A., Fertig, A., & Paxson, C. (2005). The Lasting Impact of Childhood and Circumstance, Journal of Health Economics, 24 (3), 365-389.

https://www.princeton.edu/~accase/downloads/The_Lasting_Impact_of_Childhood_Health_and_Circumstance.pdf

[xvi] Silagadze A. Post-Soviet paradoxes of unemployment rate. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 2017; 11 (1): 136-141.

http://science.org.ge/bnas/t11-n1/22_Silagadze.pdf

[xvii] Papava, V. The problem of the catch-up effect and post-crises economic growth in the world leading countries. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 2016; 10 (4): 97-104.

http://science.org.ge/bnas/t10-n4/15-Papava.pdf

[xviii] Human Development Report 2015. United Nations Development Programme.

http://hdr.undp.org/sites/default/files/2015_human_development_report.pdf

[xix] ჯანმრთელობის დაცვა, სტატისტიკური ცნობარი. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 2017.

http://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=bcbec72f-4bd1-4d46-be16-2de227576b58

[xx] United Nations, Department of Economic and Social Affairs, Population Division (2017). World Mortality 2017 – Data Booklet (ST/ESA/SER.A/412).

https://www.un.org/en/development/desa/population/publications/pdf/mortality/World-Mortality-2017-Data-Booklet.pdf

[xxi] Fact sheets on sustainable development goals: health targets. Maternal health. World Health Organization, Regional Office for Europe. 2017

http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0006/354921/3.1-SDG-Fact-sheet-Maternal-Health.pdf?ua=1

[xxii] გაეროს ბავშვთა ფონდი (2018). მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მოკლე მიმოხილვის ანგარიში.

https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-2017

[xxiii] Verulava T., Jorbenadze, R., Dagadze B., Eliava E. Access to Ambulatory Medicines for the Elderly in Georgia. Home Health Care Management & Practice, 2018.

https://journals.sagepub.com/doi/abs/10.1177/1084822315627785

[xxiv] ვერულავა, თენგიზ. ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის. ეკონომისტი. 2019 (1).

http://ekonomisti.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=389&title=%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

[xxv] ვერულავა თ. ჯანდაცვის დანახარჯები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით და საქართველოს ჯანდაცვის დაფინანსება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2015

https://idfi.ge/ge/health-care-expenditure-who-recommendations-georgia

[xxvi] ვერულავა, თენგიზ. ჯანდაცვის პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016.

https://catalog.nplg.gov.ge/record=b3963033~S1*geo

[xxvii] Verulava T., Maglakelidze T. (2017). Health Financing Policy in the South Caucasus: Georgia, Armenia, Azerbaijan. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 11 (2): 143-150.

http://science.org.ge/newsite/bnas/t11-n2/23_Verulava.pdf

[xxviii] ვერულავა თენგიზ (2018). პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში. III საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე გლობალიზაციის აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ევროპის უნივერსიტეტი.

http://www.eugb.ge/uploads/content/N5/5-44.pdf

[xxix] ვერულავა, თ., ბერუაშვილი, დ. ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (1). ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ცენტრი. 2019

https://heconomic.wordpress.com/2018/08/06/primarycare/

[xxx] ვერულავა, თენგიზ. (2015). პირველადი ჯანდაცვის რეფორმისთვის გასატარებელი პოლიტიკის პირველი ნაბიჯები. სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020. თბილისი. 2015. https://idfi.ge/ge/georgia-2020s-blogpost-on-healthcare-reform