ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
საერთაშორისო ურთიერთობები დინამიური პროცესების ერთობლიობას წარმოადგენს, სადაც მთავარ აქტორებად სახელმწიფოები გვევლინებიან. მათ დამახასიათებლებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ისინი არ არიან უკვდავები. დავესესხები ქენეთ უოლცს (Kenneth Waltz), რომელიც გამოყოფს სახელმწიფოების მთავარ მიზანს, ეს გახლავთ -გადარჩენა. დომინანტი ან ჰეგემონური ძალებისთვის კი „გადარჩენა“ არამარტო ფიზიკურ აქტივობას, არამედ მათ მიერ მოპოვებული პოზიციების შენარჩუნებას, ან კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს. საერთაშორისო ურთიერთობების ლიტერატურაში ამ მდგომარეობას სტატუს-ქვო, ან ძალის მაქსიმილიზაცია ეწოდება.
აღნიშნული სტატიაში ვისაუბრებ ჰეგემონური ძალების დილემებზე. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მაგალითებზე გამოსაყოფია რამდენიმე გარემოება, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ რომ, როდესაც ერთი, ან მეორე ლიბერალური სახელმწიფო აღწევდა ძალის ზენიტს, უმალ იქმნებოდა იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარების დისკურსი. და მეორე, ჰეგემონმა იზოლაციონისტურ კურსს რომც მიმართოს, ის ვერ იქნება ხანგრძლივი.
რას ნიშნავს იყო ჰეგემონი საერთაშორისო ურთიერთობებში?
ჰანს მორგენთაუს მიხედვით, სახელმწიფოები მუდმივად არიან ჩართულნი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. აქვე, უნდა განვასხვავოთ მათი შესაძლებლობა და პოტენციალი. უფრო კონკრეტულად, ყველა სახელმწიფო ვერ დადებს ფსონს მსოფლიო ბატონობაზე. ისტორიული წყაროებიდან გამომდინარე, ხშირად მსგავსი მცდელობები, რომლებიც უმეტესწილად სამხედრო კამპანიებით წარიმართებოდა, კრახით სრულდებოდა. მსოფლიო ვერ დაიპყრო ვერც ალექსანდრემ, ნაპოლეონი რუსეთის ზამთართან დამარცხდა, მსგავსი ბედი გაიზიარა ჰიტლერმაც და სხვა მრავალი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ძალების კონსოლიდირება საერთაშორისო სიტემაში ბალანსის მორყევის წინაპირობაა და საბოლოო ჯამში ჰეგემონურ ომებს განაპირობებს. აღნიშნული ტენდენცია კარგად აქვს აღწერილი თუკიდიდეს, სადაც ათენი სპარტას დაპირისპირებას მიაწერს მუდმივ გამეორებად ქმედებას. ამ შემთხვევაში, სპარტა რეგიონალურ სისტემაში ჰეგემონი გახლდათ, რომლის ძლიერებაც შეარყია ათენის კედლებით შემოსაზღვრულმა ერთობამ, პოლიტიკურმა ფორმამ, ვაჭრობის განვითარებამ და ფლოტმა. ანალოგიისთვის, საზღვაო სახელმწიფო დაუპირისპირდა სახმელეთოს, გეოპოლიტიკური ტერმინით რომ აღვნიშნოთ, თალასოკრატია და ტელუსოკრატია.
დიდი ბრიტანეთის მაგალითი:
რობერტ გიპლინის მიხედვით , არსებობს სისტემური თეორიის ასწლიანი ციკლი, რომელშიც სახელმწიფო აღწევს ჰეგემონობას, შემდეგ ჩერდება და ბოლოს ძალა დეკონსტრირდება. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, უმაღლესი მწვერვალი გახლდათ მეთვრამეტე საუკუნე, რომელსაც ზოგჯერ პაქს ბრიტანიკას (Pax Britannica) უწოდებენ. ინდუსტრალიზაცია, კოლონიები და ბრიტანული ფლოტი იმ სამკუთხედს ქმნიდნენ, რომელიც ქვეყანას ჰეგემონის სტატუს სძენდა. ამავდროულად, დიდ ბრიტანეთს არ უხდებოდა ქვეითი ჯარის ქვეყანაში სტაციონირება, რადგან კუნძულებზე საფრთხე არ არსებობდა, ევროპისგან კი ლა მანშის სრუტე იცავდა. ბრიტანეთის პოლიტიკა ევროპაში ყოველთვის ერთ მიზანზე იყო ორიენტირებული- დაეცვა ძალთა ბალანსი, ანუ, ნებისმიერი ნაპოლეონის მსგავსი ფიგურის გამოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეექმნა, ან ჩართულიყო კოალიციაში და აღედგინა ძალთა გადანაწილება. წითელი ხაზის გადაკვეთად მაშინდელი ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევა ითვლებოდა. თუმცა, სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიო სიმდიდრის ნახევარზე მეტი ჰქონდა, მოულოდნელად ირჩევს იზოლაციონისტურ პოლიტიკას. შეგახსენებთ, რომ იზოლაციონისტური ტრადიცია სალისბურის დროს დამკვიდრდა, რომელმაც 1864 -დან 1902 წლამდე გასტანა. ამ პერიოდში დიდი ბრიტანეთის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ ბისმარკის გენიალური კომბინაციების წისქვილზე დაასხა წყალი. მან შეძლო და მოახდინა საფრანგეთის იზოლირება და ასე შექმნა გერმანია. შემდგომში, რკინის კანცლერის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი სწორედ საფრანგეთის იზოლაციაში მოქცევის მცდელობა გახლდათ. სამწუხაროდ, მაშინ დიდ ბრიტანეთში არავინ ეჭვობდა იმას, რომ ეს გერმანია ორჯერ დაიწყებდა მსოფლიო ომს. მაშინ ძირითადი პრიორიტეტი იმპერიალისტურ პოლიტიკას ეთმობოდა.
საგანგაშო სიგნალები ევროპიდან ვილჰელმ მეორის გამეფების დროს წამოვიდა. ჰენრი კისინჯერი აღნიშნავს, რომ ბისმარკის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ მან ვერ დატოვა თავის ადგილას მეორე ბისმარკი. ბისმარკის მსგავსი დიპლომატიური ჟონგლიორობა არავის არ შეეძლო და შესაბამისად, ადიდებულ მდინარეს უკვე ვეღარაფერი შეაკავებდა.
სტატიაში არ ვცდილობ ჰეგემონური ციკლების სისტემური თეორიების აზრის მხარდაჭერას ან უარყოფას, მე ძირითადად ყურადღებას ვამახვილებ გარდაუვალობაზე, რომელმაც ბრიტანეთს არ მისცა საშუალება გაეგრძელებინა თავისი არჩეული პოლიტიკა. მართალია, 1902 წლის ხელშეკრულება იაპონიასთან მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც სამი წლის შემდეგ საერთოდ გამოეთიშა დიადი ქვეყნების კლუბს, თუმცა, აღნიშნულ თარიღს მკვლევართა დიდი ჯგუფი ბრიტანული იზოლაციონისტური პოლიტიკის დასასრულად მიიჩნევს.
დიდი ბრიტანეთი, როგორც ჰეგემონი, დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა, ან უნდა გაეგრძელებინა ჩაურევლობის პოლიტიკა, ან აღმოჩენილიყო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. წარმოიდგინეთ მოვლენების განვითარება პირველ მსოფლიო ომში, სადაც დიდი ბრიტანეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკელების ჩაურევლობის შემთხვევაში ომის სასწორი გერმანელების მხარეს უფრო გადაიხრებოდა. დიდი ბრიტანეთის ჰეგემონია შეერთებულმა შტატებმა ჩაანაცვლა. ეს ქეისი უფრო დიდ ყურადღებას იწვევს, რადგან მოქმედება ახლანდელ დროში ხდება და შესაბამისად, შედეგების თვითმხილველები ჩვენ თავად ვართ. აღსანიშნავია, რომ აშშ-სთვის მსგავსი სიტუაცია უცხო არ არის და მოკლედ ვიტყვი რატომაც.
1930-იანი წლები
პირველ მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართულობამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ფაქტობრივად, დაირღვა ვაშინგტონის ანდერძი, რომლის მიხედვითაც აშშ ევროპულ საქმიანობაში არ უნდა ჩარეულიყო. მსგავსი მხარდაჭერის მოძრაობის წევრები იზოლაციონისტებად იწოდებოდნენ. აღნიშნული მოძრაობა იმდენად ძლიერი იყო, რომ გაკვირვებას არ გამოიწვევს ის ფაქტი, რომ ერთა ლიგის ინიციატორმა ქვეყანამ თავად არ ისურვა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება. 1930-იანი წლები ამერიკისთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანა უნდა გამოსულიყო მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელსაც იზოლაციონისტები სწორედ პირველ მსოფლიო ომში ჩართვას აბრალებდნენ. მიიღეს სამი ნეიტრალური კანონი, რომლის მიხედვითაც აშშ, თითქოსდა, ვაშინგტონის ანდერძის შესრულებას მიუბრუნდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნის ლიდერს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს მომავლის განჭვრეტა, საფრთხეებისა და გამოწვევების ზუსტად შეფასება, რომელზეც შესაძლოა 10 წლის მერე დაიწყონ საუბარი. ამერიკას გაუმართლა, რომ მაშინ მისი მესაჭე ფრანკლინ დელანო რუზველტი გახლდათ. მან სწორად გათვალა მომავალი მოწინააღმდეგეები და ის სცენარი, რომლის მიხედვითაც თუ შტატები დიდ ბრიტანეთს არ დაეხმარებოდა, მომავალში მათ ომი საკუთარ ტერიტორიაზე მოუწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამერიკა სუპერსახელმწიფოდ წარმოგვიდგებოდა, მას არჩევანის გაკეთება საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დინამიურობის გამო მოუწია.
1991 წლიდან დღემდე
ცივი ომის დასრულებამ სტრუქტურული ცვლილება გამოიწვია. დადგა უნიპოლარული მომენტი. სამეცნიერო ჟურნალებში 1990-იანებშიც კი იზოლაციონისტური მოსაზრებები მუსირებდა. საუბარი იყო საფრთხეებზე, რომლის თავიდან აცილებაც ამერიკას ძვირად დაუჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი გამართლდა. განსაკუთრებით გამოსაყოფია ერაყის მეორე კამპანია. აკადემიაში კი დომინირებდა აზრი ისტორიის დასასრულის, ლიბერალური კაპიტალიზმის უპირობო გამარჯვების შესახებ, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. გერმანიისა და იაპონის ნაცვლად, რომლებიც ერთ-ერთ პოტენციურ საფრთხედ აღიქმებოდნენ, რევიზიონისტულ ძალებად რუსეთი და ჩინეთი იქცნენ. შეერთებული შტატები ისევ დილემის წინაშე აღმოჩნდა. მოვლენების განვითარებას რომ ოდნავ წინ გავუსწროთ, დონალდ ტრამპის ქაოტური პოლიტიკა სწორედ იზოლაციონისტურ კურსს წააგავდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთ სტრატეგიას ძლიერი პოლიტიკოსი და არა შოუმენი სჭირდება.
დასკვნა:
აღნიშნული მაგალითებიდან გამომდინარე, სუპერსახელმწიფოებს, რომლებსაც ჰეგემონური მომენტი უდგათ წინ, ყოველთვის რჩებიან დილემის წინაშე- როგორ უპასუხონ მომავალ გამოწვევებს. ვინაიდან მათი მდგომარეობა არ გახლავთ სტატიკური, ანუ ძალთა ბალანსი დროდადრო იცვლება, არასწორმა სტრატეგიამ შესაძლოა ქვეყნისთვის სავალალო შედეგები გამოიწვიოს. იზოლაციონისტური კურსი, რომელიც მწიფდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა ძლიერების ზენიტს აღწევს, შესაძლოა ეფექტური გახლდეთ, თუმცა, ისიც დროებითია, ვინაიდან ბოლოს სახელმწიფოს ეგზოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე უხდება აღნიშნულ კურსზე უარის თქმა. ფაქტობრივად საქმე გვაქვს გარდაუვალობის პატერნთან. თუ ადამიანები დაწყევლილები არიან თავისუფლებისთვის, ჰანს მორგენთაუ ამ თეზისს ასე შეცვლიდა- სახელმწიფოები განწირულნი არიან მუდმივი ბრძოლისთვის. ჰეგემონების მაგალითებზე კი დავძენდი, რომ მათ შემთხვევაში გარდაუვლად დგება მომენტი, როდესაც უნდა განსაზღვრონ ის სტრატეგია, რომელიც მომავალში მათ ბედს გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში მედლის ერთ მხარეს იზოლაციონიზმია, მეორე კი ვალდებულებებს მოიცავს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.