გორბაჩოვი და ისტორიული პარადოქსი ანუ რატომ არ სურდა შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირის დაშლა?
ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
მსოფლიო ისტორიის შესწავლა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დასკვნები უამრავი დეტალის გაცნობის შემდეგ უნდა გამოვიტანოთ და ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, დროთა განმავლობაში ისინი შესაძლოა შეიცვალონ. ამის კარგი მაგალითია, მომენტი როდესაც კონკრეტულ საკითხზე მკვლევარებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა გაეცნონ საარქივო დოკუმენტებს, ვინაიდან სახელმწიფოებს მაგიური სიტყვების მქონე – გრიფით საიდუმლოს- გამოყენების უფლებით, რთულდება ობიექტური სინამდვილის დადგენა. არქივების გახსნის შემდეგ კი შესაბამისად ჩნდება ახალი დასკვნები.
სახელმწიფოები სიმართლის დაფარვას უფრო ეშმაკური გზებითაც ახერხებენ. მაგალითად მედიის საშუალებით ისინი ახდენენ ფართო მასების აზრების ჩამოყალიბებას. დიადი ძალები ცდილობენ რა თავიანთი გავლენის სფეროების გაფართოებას ჰუმანური მეთოდებით, ან როგორც პოლიტიკის მეცნიერი ჯოზეფ ნაი აღნიშნავდა რბილი ძალის მეშვეობით, ისინი სამიზნე ქვეყანაში საკუთარი მეს დადებით რეპრეზენტაციას ახდენენ. ამ მნიშვნელოვან საკითხში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს (პარადოქსულად სახელიდან გამომდინარე) საელჩოებს და კვლევით ორგანიზაციებს. საჭადრაკო დაფაზე თუ გადავიტანთ აღნიშნულს, წარმოიდგინეთ როდესაც ორი მეტოქე ერთმანეთს გლობალური მასშტაბით უპირისპირდება, ისინი ერთვებიან zero-sum game ტიპის შეჯიბრში, სადაც მნიშვნელოვანია თუ როგორ აფასებენ მათ მსოფლიოში. ამის ცხადი მაგალითია ცივი ომის დასაწყისი, როდესაც ჩამოყალიბდა უკვე ახალი დისკურსი და ახალი ასოციაციები. მოკლედ, რომ აღვნიშნო გლობალური დომინაციის გზაზე ამერიკული მოდელი ასოცირებული იყო სიკეთესთან, სიმდიდრესთან და სინათლესთან, როდესაც საბჭოთა კავშირის მოდელი მესამე ტიპის ქვეყნებისთვის გაიგივებული იყო ემანსიპაციასთან, ეგალიტარულ, იდეალური საზოგადოების წყობასთან. შეგვიძლია ვიკამათოთ თუ რამდენად ობიექტურნი იყვნენ აღნიშნული წარმოდგენები, თუმცა მიმაჩნია ეს მედალის მეორე მხარეა. სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო საინტერესო დეტალზე ცივი ომის ისტორიიდან, რაც ბევრ ადამიანს შესაძლოა დაუჯერებლად მოეჩვენოს. ეს ეხება ნარატივს, რომლის მიხედვით შეერთებული შტატების მტერი, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იქმებოდა ბოროტების იმპერიასთან და ამ წარმოდგენაში უდიდესი როლი ერთ ადამიანს მიუძღვის.
მიხეილ გორბაჩოვი
მართალი იყო ზბიგნევ ბჟეზინსკი, როდესაც მან იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაცია, რომელიც მეოცე საუკუნეში დაბადებულ ლიდერს უნდა მოეხდინა, 1980-იან წლებში და დაახლოებით 45 წლის უნდა ყოფილიყო. (გორბაჩოვი 49 წლის იყო 1980 წელს) ყოფილიყო უმაღლესი განათლებით და გამბედავი ამბიციური რადიკალური პროექტისთვის. მიხეილ გორბაჩოვი ზუსტად ჯდება აღნიშნულ აღწერაში, დაბადებული 1931 წელს, სამართლის დიპლომით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და გაბედული , რომ დაეწყო ისეთი ამბიციური პროექტები როგორებიც იყვნენ „პერესტროიკა“ და „გლასნოსტი.“ თუმცა, ლენინიზმის იდეებით კვლავ შეპყორბილმა ადამიანმა უბრალოდ ვერ მიხვდა, რომ მან პანდორას ყუთი გახსნა და უფსკრულზე მოსიარულე საბჭოთა კავშირი საბოლოოდ გადაიჩეხა. მიხეილ გორბაჩოვმა თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა. ის რამოდენიმე დღის უკან გარდაიცვალა, თუმცა ბევრისთვის ალბათ ის 1991 წელს მოკვდა, როდესაც ის ჯერ შინაპატიმრობაში გამოკეტეს „გეკაჩეპეს“ ლიდერებმა, ხოლო შემდეგ ბელოვეჟის შეთანხმებით საბჭოთა კავშირი დაუნგრიეს. ეს არის მოვლენა, რომელსაც რუსები მას ვერ პატიობენ. გასაკვირი არ უნდა იყოს აღნიშნული ფაქტი, ვინაიდან ქვეყანაში სადაც რეფორმატორ პეტრე პირველს ევროპეიზაციას საყვედურობენ, იმპერიიული განდიდების მანიით შეპყრობილები 1991 წელს ნამდვილად ვერ აპატიაბენ. ნარატივი პუტინის წინადადებაში შეგვიძლია ვიპოვოთ: საბჭოთა კავშირის ნგრევა იყო 20ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. თუმცა არსებობს განსხვავებული პოზიტიური მოსაზრებებიც. ისინი ძირითადად დასავლეთიდან იღებენ თავს. ამ ჭრილში გორბაჩოვი მიჩნეული რეფორმატორად, ადამიანმა რომელმაც დაუშვა გერმანიის მშვიდობიანი გაერთიანება და ბოლოს რაციონალისტად რადგან ცდილობდა საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაციას.
ცივი ომი დიდი შერკინება ფინალური პარადოქსით
სკოლიდან დაწყებული, ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტის შემთხვევაშიც, ვეცნობით რა ცივი ომის დინამიკას ჩვენ გვექმნება „ცხადი“ წარმოდგენა, რომ ეს იყო უკიდურესი დაპირისპირება, რომლის კულმინაციაც კარიბის სარაკეტო კრიზისი აღმოჩნდა. მას შემდეგ საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები გადავიდნენ ეგრეთწოდებულ დეტანტ პოლიტიკაზე, რომელიც დაძაბულობის შენელებას და გარკვეულ სფეროში კოოპერაციას გულისხმობდა. თუმცა აღნიშნული მიდგომა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა არ გახლდათ კონსტანტური. რეიგანის პრეზიდენტობისას კისინჯერ-ნიქსონის დაწყებული გზა, კარდინალურად შეიცვალა. ხისტი მიდგომა აისახა სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვან ცვლილებაში, რითაც გამალებული შეიარაღების დუელი განახლდა. ამ დროს საბჭოთა კავშირი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვინაიდან ავღანეთში შეჭრიდან რამოდენიმე წელი იყო გასული და ყველა ხვდებოდა, რომ უდაბნოებით მოჭედილი ადგილი საბჭოთა კავშირის ვიეტნამად იქცა. ეგრეთ წოდებული U-Turn სწორედ გარბაჩოვის შემდეგ იწყება, როდესაც მას სჯერა, რომ რადიკალური რეფორმებით შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას. შეერთებული შტატების მიდგომაც იცვლება, რეიგანის შემდეგ ჯორჯ ბუში მოვლენებს სხვაგვარად აანალიზებს. დგება მომენტი როდესაც შეერთებულ შტატებს არ სურს რომ საბჭოთა კავშირი დაიშალოს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ისინი ასრულებენ ავღანეთის კამპანიას, ხდება გერმანიის გაერთიანება, საბჭოთა კავშირი კი ხდება ჰუმანური, ტოლერანტული ადამიანის უფლებების მიმართ. მავანი იკითხავს თუ როგორ უნდა შეიცვალოს მსგავსად ფუნდამენტურად ჩამოყალიბებული მტრის ხედვა, თუმცა შეერთებული შტატებს გააჩნდა საკუთარი მიზეზები. მათთვის ამოსავალი წერტილი ბირთული იარაღის გაუვრცელებლობა გახლდათ. მოგეხსენებათ, რომ იმ დროისთვის ქობინები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ინახებოდა, ბოროტების იმპერია კი გარანტორად გვევლინებოდა, რომ მასობრივი განადგურების იარაღი არ ჩავარდებოდა უცხო ხელში. მეორე მიზეზი, რასაც გეოსტრატეგიულად გონებრივად მივიჩნევ, ეს არის მტრის ტრანსფორმაცია, რომელიც აღარ არის საშიში. მართლაც გორბაჩოვის დროს საბჭოთა კავშირი არამარტო მსოფლიო დომინაციის სურვილზე კი არ აცხადებდა უარს, არამედ ცდილობდა გარდაექმნა საკუთარი თავი ისე, რომელთანაც თანაცხოვრება პრობლემას აღარ წარმოადგენდა, პირიქით სასურველიც კი იყო. მესამე ეს იყო სამხედრო ინდუსტირული კომპლექსის წარმოდგენელთა ინტერესები, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა მათი წარმოდგენით გამოიწვევდა სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას და შესაბამისად დაზარალდებოდა მათი ფინანსური ინტერესები. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს რომ როდესაც ჯორჯ ბუშ უფროსი კიევში ჩავიდა მის გამოსვლას ეწოდა „Chicken Kiev Speech,“ სადაც ის მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის დეცენტრალიზებულ ერთიანობას და შესაბამისად ეწინააღმდეგებოდა ნაციონალიზმის გამოვლინებებს. დასასრულს კი შეგახსენებთ საბჭოთა კავშირის ელჩის შეერთებულ შტატებში მიმართვას ამერიკელებისადმი: თქვენ არ უნდა გიხაროდეთ, ვინაიდან თქვენ კარგავთ მტერს.
დასკვნა
წარმოდგენები და რეპრეზენტაციები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენ ცხოვრებაში. მათი მეშვეობით ჩვენ აღვიქვამთ გარკვეულ მოვლენებს ისე, როგორც სურთ რომ აღვიქვათ. წინამდებარე სტატიის მიზანი ორ ურთიერთ დაკავშირებულ გზაზე გადის. პირველი უფრო ღრმად ვიკვლიოთ ისტორია და შემდეგ უკვე ვებრძოლოთ დისკურსებს ჩვენ/ისინი, ბოროტი/ კეთილის წინააღმდეგ.
დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა ვლადიმერ პუტინი ყველა ხერხით ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულის საკუთარ წარმოდგენებში, სადაც უკრაინა არ უნდა არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. ერთგვარი პარადოქსი მის ხედვებშიც შეინიშნება. ერთის მხრივ ის საბჭოთა კავშირის ნგრევას, როგორც უკვე ვახსენე გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს, ხოლო თავის გამოქვეყნებულ ესეში ის ვლადიმერ ილიას ძე ლენინს და ბოლშევიკებს უკრაინის შექმნაში ადანაშაულებს. ცივი ომის კვლევა კარგი საშუალებაა პარადოქსების პოვნის, მით უმეტეს როდესაც საბჭოთა კავშირის მოშველიებით იმპერიალისტური ნაშთები კვლავ ცოცხალია.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას