ეკლესია, ხელისუფლება, კორონავირუსი - „კეისარს კეისრისა, ღმერთს - ღმრთისა“
ლევან აბაშიძე

ბოლო ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური კატაკლიზმებისა თუ სოციალური რყევების მიუხედავად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილში მაღალი ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობს. ამას ადასტურებს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც, რომელთა სანდოობას, მართალია, ჩვენთან ზოგჯერ ეჭვის ქვეშ აყენებენ, მაგრამ მაინც საზოგადოების განწყობების ბარომეტრად მიიჩნევა .

ეკლესიის „განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში“ ხაზგასმულია ქვეყნის კონსტიტუციაში. ასეთი როლის დადასტურებაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ „მართლმადიდებლობა საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები“.

სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან ასეთი მაღალი აღიარების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი სახით, საქართველოს საპატრიარქო, ბოლო პერიოდში არაერთხელ გაეხვია სხვადასხვა სკანდალში.

ე. წ. „ციანიდის საქმე“, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9-წლიანი პატიმრობით დასრულდა;  ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ ცალკეული სასულიერო პირების სოდომურ ცოდვებში  დადანაშაულება; სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის უძრავ-მოძრავი ქონების (მათ შორის, ე.წ. „შავი ჯიპების“) გადაცემის მიზანშეწონილობა – ეს არის იმ რეზონანსული საქმეების არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოებასა და თავად საეკლესიო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

სულ ახლახანს კი ასევე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომ კორონავირუსით გამოწვეული გლობალური საფრთხის მიუხედავად, საქართველოს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება არ შეჩერდება და ზიარების წესი არ შეიცვლება.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, მის ირგვლივ აგორებულ სკანდალურ საქმეებსა და ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობაზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობს თეოლოგი ლევან აბაშიძე.

 

-ბატონო ლევან, ბოლო პერიოდში საპატრიარქოს სახელს რამდენიმე რეზონანსული ამბავი დაუკავშირდა. როგორ ფიქრობთ, ეს არის ეკლესიის წიაღში არსებული ნაკლოვანი მხარეების გამომზიურება, თუ საქმე გვაქვს ხელოვნურად აგორებულ, ინსპირირებულ ცალკეულ შემთხვევებთან, რომელიც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას ისახავს მიზნად?

– ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ეს გახმაურებელი საქმეები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ეხება და თითოეული მათგანი ცალკე ანალიზს საჭიროებს.

ჩვენს ეკლესიაში, საპატრიარქოს იერარქიის ჩათვლით, ყოველთვის იყო გარკვეული პრობლემები, ნაკლოვანებები თუ ცოდვები. ამას არავინ უარყოფს და ეს ეხება არა მარტო საქართველოს ეკლესიას. ჩვენი მრწამსის მიხედვით, ეკლესია არის წმინდა, მაგრამ „რეალურ“ ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა და არსებობს უარყოფითი მომენტები. ამასთან, სკანდალური თემების აგორება, ხშირად, ხდება ხელოვნურად, რაც საზოგადოებისთვის ფაქტების არასწორად, არასრულად და მიკერძოებულად მიწოდებაში გამოიხატება.

ავიღოთ, მაგალითად, ე.წ. ეკლესიის დაფინანსების საკითხი. გავრცელებულია აზრი, თითქოს, ეს ძალიან დიდი თანხებია და მათი ხარჯვა გამჭირვალედ არ ხდება. არადა, მათი  მიზნობრივობის ნახვა ადვილად შეიძლება ფინანსთა სამინისტროს საიტზე. ამ თანხების 90 პროცენტი უშუალოდ არის მიმართული საგანმანათლებლო დაწესებულებებისკენ – ხმარდება საპატრიარქოს მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებს, სკოლებსა და საბავშო ბაღებს.  ეს თანხები არც ისე დიდია და ისევ საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება.

რაც შეეხება ე.წ. „ციანიდის საქმეს“, –  ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ამ საქმეს, ხშირად, ცალმხრივად აშუქებენ. მათ მიერ მოზადებული სიუჟეტებიდან ისე ჩანს, თითქოს, ფაქტია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იმთავითვე უდანაშაულოა და საქმე  მხოლოდ იმას ეხება, ამ „უდანაშაულო“ მღვდელს გაათავისუფლებენ თუ არა. ასეთი მიდგომა არასწორად მიმაჩნია.

– ეს მედიის მხრიდან შეგნებულად დაკავებული სუბიექტური პოზიციაა თუ არაპროფესიული მიდგომის, დაბალი კვალიფიკაციის შედეგია?

– შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში შეგნებულად კეთდება, თუმცა, ჩემი აზრით, უფრო ხშირად, ეს არაპროფესიონალიზმის შედეგია.

ჩვენი ჟურნალისტების დიდ ნაწილს (ყველაზე არ ვამბობ!) ჰგონია, რომ რაც უფრო ოპოზიციური იქნება და მეტად „დაარტყამს“ ხელისუფლებას (ცალკე აღებულს, თუ ხელისუფლებას და ეკლესიას ერთად), მით უფრო დამოუკიდებლად, თავისუფლად და სწორი პოზიციით წარმოჩინდება. ეს არ არის მართებული მიდგომა – მედია იმას კი არ უნდა ცდილობდეს, რომ ნებისმიერ საკითხში ხელისუფლების ოპოზიციაში იყოს, არამედ იმას, რომ შეინარჩუნოს ობიექტურობა და ამით მედიააუდიტორიის, საზოგადოების ინტერესები დაიცვას.

იგივე ხდება, როდესაც მეუფე პეტრე (ცაავას) საუბრობს. იგი აცხადებს, რომ „ყველაფერი იცის“, ამტკიცებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე „აბსოლუტურად უდანაშაულოა“ და მასთან (გიორგი მამალაძესთან) მიმართებაში  ყველა შეცდა – გამოძიებაც, სასამართლოც – „ყველა ერთმანეთს შეეკრა“ და მხოლოდ მისი ვერსიაა სწორი.

ანალოგიური პოზიცია ჰქონდა ზოგიერთ ჟურნალისტს მეუფე პეტრეს მიმართ, როდესაც ის წმინდა სინოდის სხდომაზე ბრალდებებით გამოვიდა. წმინდა სინოდში, მის გარდა, 47 წევრია, რომლებიც ერთხმად ამბობენ, რომ სხდომაზე პეტრე ცაავამ უზნეო და ქრისტიანისთვის მიუღებელი რამ იკადრა. ამ სიტუაციაში მედია როგორ უნდა მოიქცეს? მხოლოდ მეუფე პეტრეს ვერსია უნდა ატრიალოს?.. ჩემი აზრით, აქაც, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან,  აშკარა მიკერძოებასთან გვაქვს საქმე.

 – როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, საპატრიარქოს სახელთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად,  მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია. რით ახსნით ამ ფაქტს?

– ასეთ გამოკითხვებს მე ცოტა კრიტიკულად ვუყურებ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხში ის მართლაც რეალურ მდგომარეობას ასახავს. ვარაუდი, რომ ზემოთ ნახსენებ სკანდალებს ეკლესიის სახელი და ავტორიტეტი უნდა შეებღალა, არ გამართლდა.

ეს, ალბათ, იმაზე მიუთითებს, რომ ხალხს ჩვენი „ოპოზიციური“ მედიის მაინცადაიმაინც არ სჯერა. ამასთან, კრიტიკაც არის და კრიტიკაც!

როდესაც ეკლესიას აკრიტიკებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფორმით აკეთებენ ამას – ამ კრიტიკაში არის გულისტკივილი, კეთილგანწყობა და ხარვეზების გამოსწორების სურვილი, თუ ფარული სიხარული – „აი, ხედავთ, რეები ხდება?!“… არც ერთი გონიერი ადამიანი არ ამბობს, რომ ეკლესიის შიგნით ყველაფერი იდეალურად არის და  ყველაფერი  სწორად კეთდება. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიის წიაღში არსებულ ნაკლოვანებებს ეკლესიის მესვეურნიც ხედავენ და მათ გამოსწორებაზე მუშაობენ.

 – ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეკლესიის შიგნით, გარკვეულ საკითხებზე,  აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება არსებობს. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ზოგიერთი სასულიერო პირს საეკლესიო სასჯელი დაედო. ნიშნავს ეს თუ არა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილებაა? თუ პირიქით – აზრთა სხვადასხვაობა საპატრიარქოს „დემოკრატიულობის“ მაჩვენებელია და საღი აზრის გამარჯვებას უწყობს ხელს?

– განსხვავებული აზრი ეკლესიის წიაღში აუცილებლად უნდა არსებობდეს. პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ „თქვენს შორის უნდა იყოს სხვადასხვა აზრი, რომ მათგან საუკეთესო გამოირჩეს“. ამ გაგებით, სხვადასხვა მიდგომის არსებობა სწორიც არის და საჭიროც – ვიღაც შეიძლება ცდება, ვიღაც კი მართალია და ამაზე ერთობლივად უნდა ხდებოდეს მსჯელობა.

აქ გასარკვევია, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ისევე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, საეკლესიო საქმიანობაშიც ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. არავინ უკიჟინებს სხვას იმის გამო, რომ მას განსხვავებული ხედვა გააჩნია. მაგრამ გააჩნია, შენს პოზიციას როგორი ფორმით გამოხატავ.

როდესაც წმინდა სინოდი ამბობს, რომ ეს ასეა, შენი განსხვავებული მიდგომის მიუხედავად, მას უნდა დაემორჩილო. სწორედ ამაში გამოიხატება ჩვენი ერთობა – შეიძლება მე რაღაცას არ ვეთანხმები, მაგრამ საერთო პოზიციის შემთხვევაში, კერძო მოსაზრება გვერდზე უნდა გადავდო, ხოლო მართალი ვარ თუ არა, ამას დრო გამოაჩენს.

საქართველოს საპატრიარქო ამ საკითხში საკმაოდ ლიბერალურია და ძალიან ხშირად აყოვნებს და არ განაყენებს მავანთ, მაშინ, როდესაც საეკლესიო კანონით ამის გაკეთება შეუძლია.

 – საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სინოდის გადაწყვეტილებამ, რომ კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ღვთისმსახურება არ შეჩერდება და ზიარების წესი არ შეიცვლება. თქვენ როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს? რამდენად მართლზომიერი და რისკის შემცველია ის საზოგადოებისთვის?

– ეს საკმაოდ რთული და დელიკატური საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგი ვარ, განსჯა გამიჭირდება. თუმცა, ჩემს შეხედულებას მაინც გამოვთქვამ: კორონავირუსის გავრცელების გამო, ღვთისმსახურების შეჩერება მიზანშეწონილი რომც იყოს, ეს ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანისთვის მაინც მეტად მტკივნეული იქნება.

ანალოგიას მოვიყვან: ადამიანი ერთხელ იბადება და იმისთვის, რომ სიცოცხლე გააგრძელოს, შემდგომში მუდმივად იღებს საკვებს. ქრისტიანისთვის დაბადება არის ნათლობა, ხოლო მაცოცხლებელი საკვების რეგულარულდ  მიღება – საერთო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და ზიარება. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, – მორწმუნემაც და არამორწმუნემაც – და პატივი ვცეთ როგორც ქრისტიანების, ისე ნებისმიერი სხვა სარწმუნოების მიმდევართა რწმენას.

ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკლესია მუდმივ დიალოგშია სახელმწიფო უწყებებთან და უპირველესად, – ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან, მათ მრავალ რეკომენდაციას ითვალისწინებს, ღვთისმსახურების წესის ცვლილებების ჩათვლით. ყველას კარგად გვესმის, რომ საშიში ეპიდემიის გავრცელებისგან დასაცავად გატარებული სიფრთხილის ზომები სწორედ მოყვასზე ზრუნვასა და მოყვასის სიყვარულს ემსახურება.

ჩვენი საზოგადოების ნაწილში ღვთის რწმენა და საეკლესიო მორჩილება უფრო მაღალი ფასეულობაა, ვიდრე კანონის მოთხოვნათა დაცვა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მრევლის დიდი ნაწილი უგულვეყოფს საგანგებო მდგომარეობით და კარანტინის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე უკლესია-მონასტრებში შეიკრიბება? როგორ იმოქმედებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება?

ზიარების წესი არ იცვლება

– ქრისტიანი ადამიანი სახარებისეულად ფიქრობს და აზროვნებს. სახარებაში კი, მოგეხსენებათ, მსგავს დილემას თვით იესო  ქრისტემ გასცა პასუხი – როდესაც ფარისეველები, გამოცდის მიზნით, ეკითხებიან, უნდა გადაუხადონ თუ არა ხარკი რომის იმპერატორს, ამაზე იესო პასუხობს: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“… (იმ ხანად, მონეტაზე კეისარი  იყო გამოსახული).

შესაბამისად, ქრისტიანის ამოცანაა, ნებისმიერ საკითხში გაარკვიოს, რა არის „კეისრის“, და რა – „ღმრთის“.

– სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა კანონმდებლობით არის დარეგულირებული. ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნის მიუხედავად, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეკლესიის ავტორიტეტი თავისი პოლიტიკური მიზნებითვის გამოიყენოს (მაგალითად, არჩევნების წინ) და პირიქით – საპატრიარქო მონდომებულია, რომ ხელისუფლებამ მისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს (მაგალითად, ლგბტ ორგანიზაციების აქტიურობის აღსაკვეთად). რამდენად ჯდება სეკულარიზმის პრინციპების ფარგლებში ასეთი ქმედებები?

– ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ის ყველაზე დემოკრატიულ, ლიბერალურ ქვეყნებშიც კი თვალშისაცემია.

კანონის ფარგლებში როგორც არ უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები და სფეროები,  ეს ბოლომდე ვერ მოხერხდება. ეს ბუნებრივიც არის – ერთი და იგივე ადამიანები წარმოადგენენ როგორც მრევლს, ისე მოქალაქეს და ამომრჩეველს.

უმჯობესია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის რაც შეიძლება მეტი დისტანცია არსებობდეს. ერთი მხრივ, არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ ,ეკლესიის ავტორიტეტი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს  და მეორე მხრივ, ეკლესიაც უნდა მოერიდოს სახელმწიფოსთან ზედმეტ დაახლოებას და მისგან პრივილეგიების მიღებას, რადგან ეს თავად მისთვის, მისი ავტორიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის იქნება დამაზიანებელი.

თუმცა, ჩვენ ვერც იმას ვეტყვით ეკლესიას, რომ ის საერთოდ არ ჩაერიოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველას, მათ შორის, ეკლესიას აწუხებს, აფიქრებს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, მისი კანონმდებლობა, როგორი ღირებულებებით იცხოვრებს საზოგადოება და ა.შ. ამიტომ, არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ ნებისმიერ რელიგიურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს თავისი აზრის გამოთქმა.

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე ხდება. მაგალითად, რიგ ქვეყნებში, კათოლიკური ეკლესია, ცალკეული საკანონმდებლო ნორმების მიღების პროცესში, გარკვეულ პოზიციას აქტიურად გამოხატავს ხოლმე. ეს სულაც არ არის დასაძრახი.

ზუგდიდის ქუჩების კურთხევა

მე იმის მომხრე ვარ, ნებისმიერი რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას (რასაკვირველია, თუ უცხო ქვეყნიდან არ იმართება ჩვენი ქვეყნის საზიანოდ) ჰქონდეს კანონიერი მოქმედებისა და საქმიანობის სრული თავისუფლება. თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს, რომ ეს სახელმწიფო არის ყველასი და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანების.

რაც შეეხება ლგბტ თემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებას, ჩემი აზრით, ამ კუთხით, უფრო მეტი დიალოგია საჭირო. 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები სწორედ ასეთი დიალოგის, კომუნიკაციის არარსებობამ გამოიწვია. ამიტომ, გამოსავალი დიალოგშია და არა დაპირისპირებაში. ცხადია, ეს ორი მხარე საერთო ნიშნულამდე ვერასდროს მივა, მაგრამ მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმებზე შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელია.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საჭიროებს რეფორმირებას, თუ ფიქრობთ, რომ ის სტრუქტურულ და თვისობრივ განახლებას არ მოითხოვს და მომავალშიც დღეს არსებული სახით უნდა გააგრძელოს საქმიანობა?

– დასავლეთ ევროპაში მომხდარი რელიგიური რეფორმაციის შემდეგ, სიტყვა „რეფორმამ“, საეკლესიო თვალსაზრისით, ცოტა სხვა დატვირთვა შეიძინა და ამიტომ, მის ნაცვლად, მე სიტყვა „ცვლილებებს“ გამოვიყენებ.

ერთ-ერთ ღვთისმეტყველს დავესესხები და ვიტყვი, რომ ეკლესია მარად იცვლება, რათა დარჩეს მარად უცვლელი.

თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მთავარი, რაც არის ეკლესიაში (რწმენა, იმედი და სიყვარული), მარად უნდა ვიცვლებოდეთ, რადგან გარემომცველი სამყარო იცვლება. ეკლესია დროში კი არ უნდა გაჩერდეს და გაიყინოს, არამედ ისიც უნდა შეიცვლოს.

ეს ასეც ხდებოდა: მაგალითად, II საუკუნეში სხვაგვარი ეკლესია გვქონდა, V საუკუნეში – სხვა და XX საუკუნეში – კიდევ უფრო სხვა (ფორმებს და წესებს ვგულისხმობ და არა არსს). ამასთან, ეს მეტად საფრთხილო და ნელი პროცესია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი ეკლესია, ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის მზარდი (არა მარტო რაოდენობრივი თვალსაზრისით) და ამას თავისი სიძნელეები ახლავს თან.

 

ესაუბრა გიორგი ასანიშვილი