ქრისტიანული ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობა - დიაკონისეული მსახურებიდან სამყაროს ფერისცვალებამდე
შოთა კინწურაშვილი

შოთა კინწურაშვილი – ღვთისმეტყველების მაგისტრი, მიუნხენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი

 

 

 

„ეს ეკონომიკა კლავს!“ – 2013 წლის სამოციქულო წერილში გაჟღერებული ასეთი მკაცრი და რადიკალური წინადადებით არგენტინელმა პაპმა რომის კათედრიდან ახალი სული შთაბერა მწვავე სოციალურ საკითხების განხილვას და ქრისტიანული ეკლესიისა თუ თეოლოგიის დღის წესრიგში თავიდან შემოიტანა. პაპი ფრანცისკე თავის გზავნილში „Evangelii gaudium“ საუბრობს მზარდ სოციალურ უთანასწორობაზე, მათ შორის მდიდარ ქვეყნებშიც, სადაც მომავალი საკმაოდ ბუნდოვანებით და შიშით არის მოცული, დღეს არსებულ საზოგადოებებში ადამიანი მხოლოდ მარტივ მომხმარებლად არის დანახული, რომლის გამოყენება და გარიყვა იოლად არის შესაძლებელი. ფრანცისკეს აზრით დღევანდელი საზოგადოება ექსპლუატაციისა და ჩაგვრის პრობლემატურ ფენომენს გასცდა და უფრო მტკივნეული ფორმით მოგვევლინა, კერძოდ კონკრეტული ადამიანების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვა, ასეთი ადამიანი არა მარტო „ექსპლუატირებულია“, არამედ უფრო მეტიც –  მისი ღირსება გათელილია და გადასაყრელად მომზადებული „ნარჩენია“. ამის მთავარ მიზეზად კი იგი „ფულის ფეტიშიზმს“ და „სახედაკარგული ეკონომიკური წესრიგის დიქტატს“ ასახელებს, რომელსაც ჭეშმარიტი ჰუმანური მიზნები არ გააჩნია. ამის გამომწვევად ფრანცისკე „ბაზრის აბსოლუტურ ავტონომიას“ და „ფინანსურ სპეკულაციებს“ მიიჩნევს. სოციალური უთანასწორობისა და გათიშულობის შედეგი კი ადრე თუ გვიან ძალადობას შობს ან უკვე შვა რიგ ქვეყნებსა თუ კონტინენტებზე, რომელსაც ხშირად ათასობით მსხვერპლამდე და მრავალწლიან გადაუჭრელ კონფლიქტებამდე მივყავართ. „ფული  ადამიანს უნდა ემსახურებოდეს და არა მართავდეს!“ ეს არის ფრანცისკეს გზავნილი, რომელსაც მეორე რელიგიური ლიდერის პატრიარქს ბართლომეოსის მსოფლმხედველობაშიც ამოვიკითხავთ, რომელიც ასევე ღიად მოუწოდებს „ამა ქვეყნის ძლიერთ“ რომ „ეკონომიკა ადამიანს უნდა ემსახურებოდეს!“.

ქრისტიანული ეკლესიის ორი გავლენიანი ლიდერის ეს ხედვა თავისთავად  წმინდა წერილსა და საეკლესიო ტრადიციას ეფუძნება. წმინდა წერილი – ძველი და ახალი აღთქმა  ქრისტიანული ღვთისმეტყველების სული და ფუნდამენტია, ყოველი ქრისტიანი ადამიანისათვის სულიერი (და არა მარტო სულიერი) გზამკვლევი ხშირად ალეგორიული ან სიმბოლური ენით საუბრობს ქრისტიანის სოციალურ ცხოვრებაში სრულ ჩართულობასა და პასუხისმგებლობის აღებაზე, აგრეთვე იმ ადამიანთა ბედზე რომლებიც გარიყულები არიან სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ეთნიკური, კულტურული ან სხვა ნიშნით… სახარებისეული გზავნილით იესო მყოფობს ყოველ „უმცირეს ძმაში“, რომელიც მშიერია, მწყურვალია, სნეულია, შიშველია, უცხოა თუ პატიმარია… (მათ 25 35-46).

იუდეველთა წმინდა წიგნი (ძველი აღთქმა) და ახალი აღთქმა გვაუწყებს ღვთის რწმენას, რომელიც მორწმუნისათვის ორი უმთავრეს ცნებას უსვამს ხაზს – ღვთისა და მოყვასის სიყვარული (რცხ 6,5. ლევ. 19,18. მარკ. 12,30-32) კონკრეტული ეთიკური ფორმატი: იესო ამით  იუდაურ რწმენაში ფესვგადგმულ საღვთო გზავნილს შეაჯამებს. მის უნივერსალურ ხასიათში ახალი სიცოცხლის შესაძლებლობა იძერწება, რომელიც ღმერთკაცი იესოსადმი რწმენაში ცხადდება. სწორედ ამ გზავნილმა იესოს მიმდევრების – პირველქრისტიანული თემის იდენტობა გამოჭედა. თემი – სამრევლო არის ადგილი სადაც სიყვარულის ამ ცნების აღსრულებით ცხოვრობენ, ის აძლევს ორიენტირს საზოგადოებას არა მხოლოდ „საკულტო მსახურებისათვის“, არამედ მორწმუნეთა ერთობლივი თანაცხოვრებისათვის, სადაც განსხვავებული ეთიკური მახასიათებელი – დაწყებული მოყვასის სიყვარულიდან  მტრების სიყვარულის ჩათვლით – ამოსაცნობი ნიშანი და არსობრივი განმასხვავებელი იყო და რჩება პატარა თუ დიდი ქრისტიანული თემების წარმართულ  და თანამედროვე სამყაროში. იესოს მოწოდება მის მიმდევრებს: „ამით მიხვდება ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი“ (იოან. 13,35).

ფორტალეცა, ბრაზილია, 2002

ქრისტიანული დიაკონია ადრექრისტიანულ სამრევლოებში ღვთისმსახურების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა, ხშირად იგი სამართლიანად გაგებულია ღვთისმსახურების ერთერთ ფორმად. ადრეული ქრისტიანული ეკლესია საკუთარ ქონებას ხედავდა როგორც ღარიბებისათვის განკუთვნილს, ცდილობდა რა უზრუნველყო ხელმოკლე ადამიანების სიცოცხლისათვის პირველადი საჭიროებანი.

სწორედ ქრისტიანულ თემში მოყვასის სიყვარულის უსაზღვრო მნიშვნელობამ  (ქალისა და კაცის) კონკრეტული საეკლესიო მსახურების ფორმა დიაკონის სახით წარმოშვა. დროთა განმავლობაში ქრისტიანებისაგან ღარიბთა და გაჭირვებულთა მხარდაჭერა ორგანიზებულ ფორმას იღებს, გამორჩეული დიაკონნი სწორედ ეკლესიის კარიტატიულ საქმიანობას წარმართავდნენ (საქ. 6, 1-7).

ქრისტიანთა ორგანიზებული მსახურება სუსტებისა და შეჭირვებულთა მიმართ  იცვლებოდა, ძლიერდებოდა და სხვადასხვაგვარად ფორმირდებოდა. მოყვასის და ადამიანის სიყვარული არის საზომი ქრისტიანული რწმენის და გზა ღმერთთან შეხვედრისა,(1იოან. 4,20) ადამიანისა რომელიც უფალმა შემოქმედმა ღვთის ხატება და მსგავსება უბოძა, ხოლო ღვთის შემოქმედზე თავდასხმა სხვადასხვა ფორმით (მათ შორის ჩაგვრა, დისკრიმინაცია, ექსპლუატაცია…) თავდასხმაა თავად ღმერთზე. ეკლესია მოწოდებულია თავისი პროფეტული ხმა  გააჟღეროს იქ სადაც უსამართლობა სუფევს ან ფეხს იკიდებს. თუკი უმცირესობის კეთილდღეობა დაშენებულია უმრავლესობის უბედურებაზე, ან თუნდაც პირიქით, აქ არის ეკლესიის და მისი თითოეული წევრის ხმა და მოქმედება სავალდებულო, მსგავსად ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა, რომელთა ბაგეებით უფალი ესაუბრებოდა და თანაგრძნობას უცხადებდა იმდროინდელი საზოგადოების უსამართლო მსხვერპლს: „უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომავლინა, რათა წყლული გავუმრთელო გულშემუსვრილთ, ტყვეებს ვახარო გათავისუფლება და პატიმართ დილეგის გაღება…“ (ესაია 61, 1)

ადრეული ეკლესიის ქრისტიანი მწერალი ტერტულიანე აღნიშნავდა, თუ როგორ გაოცებას იწვევდა წარმართებში ქრისტიანების თანალმობა და მსხურება ადამიანებისადმი. თავად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი იმპერატორი იულიანე თავის ერთერთ წერილში წერდა „ერთადერთი რაც ქრისტიანთა რწმენაში აღმაფრთოვანებს, ეს მათი მიმდევრების ყოველი ადამიანისადმი უანგარო მსახურებაა“.

ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ეკლესია სამი სამოქმედო განზომილებითაა  წარმოდგენილი: ლიტურგია – ღვთისმსახურება და საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულება, მარტირია – ღვთის სიტყვის ქადაგება და დამოწმება, დიაკონია – სიყვარულით მოყვასის მსახურება. ეკლესიის ეს სამი სვეტი ერთმანეთთან რამდენადაც კავშირშია იმდენად შეუძლებელია მათი გამოცალკევება, მათი ერთობა ქმნის  მორწმუნეთა თანაზიარებას: სიტყვით, საქმით და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით. მოყვასის სიყვარულით აღსრულდება უფლის სიყვარული, ხოლოს უფლის სიყვარულით მოყვასის სიყვარული.

ქრისტიანული ეკლესიის ორიათასწლოვანი ისტორია სხვადასხვა მაგალითებს, მათ შორის მრავალ ბნელ და არასასიამოვნო მოვლენებს მოიცავს, თუმცა ამის განზოგადება ქრისტიანული ეკლესიის თავთან – იესო ქრისტესთან და მის სწავლებასთან სამართლიანად შეიძლება ითქვას არასწორია. უკვე სახელმწიფო რელიგიად ქცეული ინსტიტუციონალიზირებული ეკლესია, მეორე ათასწლეულში კი რამდენიმე მსხვილ კონფესიად დაშლილი ქრისტეს ეკლესიები ხშირად უმაგრებდნენ მხარს კონკრეტული ადამიანების არაადამიანურ თუ დიქტატორულ რეჟიმებსა და სურვილებს, აძლიერებდნენ და ამართლებდნენ უსამართლობას, უთანასწორობას, მონობას, ხშირად ღალატობდნენ იესო ნაზარეველის სიტყვებს და ეკლესიის პროფეტულ ამოცანას ხმას უკარგავდნენ.  მართლმადიდებელი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი ამის შესახებ შენიშნავდა: „ორი დიდი გამოცდის წინაშე დადგა ქრისტიანული კაცობრიობა – დევნის და გამარჯვების გამოცდა. პირველი გამოცდა ქრისტიანებმა შესანიშნავად ჩააბარეს და გახდნენ მოწამენი და გმირები…უფრო რთული გამოდგა მეორე გამოცდის ჩაბარება“.

რომის პაპი ფრანცისკ I

ასევე ვხვდებით ოფიციალური ეკლესიის წიაღშივე ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთების აღვსილი ერთეული ეკლესიის მამებსა თუ დედებსა, (იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, ბენედიქტე ნურსიელი, ფრანცისკე ასიზელი, ბართლომე დე ლაკასას, მარტინ ლუთერ კინგი, ტერეზა კალკუტელი, ოსკარ რომერო),  მათგან ინსსპირირებულ მთელი რიგ საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოძრაობებს (ფრანცისკანელთა ორდენი, აპარტეიდის წინააღმდეგი ქრისტიანული მოძრაობა, განთავისუფლების თეოლოგია) , რომლებიც დიდწილად თავიანთი საქმიანობის ცენტრში ადამიანის მსახურებას და ამით ღვთის მსახურებას აბრუნებდნენ, ცდილობდნენ რა გაეღვიძებინათ საეკლესიო იერარქიისა და ეკლესიის  ღვთისმსახურთა შორის სიდნისი – ღვთის ხმა, ღვთისა „რომელმაც ისმინა  ტანჯული ხმა ისრაელიანების და დაიხსნა ეგვიპტელთა მონობიდან“ (გამ. 3, 7-10).

გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი თავის ტექსტში „ტერმინ ისტორიის შესახებ“ წერდა: „დამარცხებული და მოწამეებად ქცეული წინაპრების გახსენება, ერთერთი ღრმა ინსპირაციის წყაროა რევოლუციური სულისკვეთებისათვის“. ბევრისთვის მარქსისტი ავტორის ამ შეხედულებას ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში თუ შემოვიტანთ და ვთარგმნით, რევოლუციური სულისკვეთება უნდა ჩანაცვლდეს სწორედ იესო ქრისტეს და მისი სწავლების გზით ხილული სამყაროს განახლებით, რომელიც იმდროინდელი საზოგადოებრივი წყობისათვის ჭეშმარიტად რევოლუციური იყო და  ძალას დღემდე არ კარგავს.

ხშირად თავად ეკლესიაში  ქრისტეს გზის და გზავნილის ჭეშმარიტი დამმოწმებელნი  თავად ხდებოდნენ ეკლესიის წიაღში მარგინალიზირებული, ხშირად დევნილნი და განკვეთილებიც. თუმცა ათეული ან ასეული წლების შემდეგ ეს ადამიანები ისევ იმავე ქრისტიანული ერთობისათვის მოწამენი, ნეტარები და წმინდანები, მსგავსად იესოსი ისინიც უამრავი ქრისტიანისათვის გადაიქცეოდნენ გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად, მატებენ რა ადამინებს სულიერ მხნეობასა და უკეთესი მომავლის იმედს.

ახალი აღთქმის თეოლოგია არა მხოლოდ ქრისტოცენტრულია, არამედ ის ასევე ანთროპოცენტრულია, მისი ინტერესი ასევე მიმართულია ადამიანსა და საზოგადოებაზე, რომელშიც მას უწევს არსებობა.

სწორედ აქ შემოდის ადგილობრივი თუ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის(ეკლესიების),  მისი მსახურებისა თუ  წევრების პასუხისმგებლობა არსებულ კრიტიკულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ,  ეთიკურ თუ სოციალურ მდგომარეობისას, ვინაიდან ცათა სასუფეველი და ცხონებისაკენ მავალი გზა აქ და ახლა იწყება და ის არ გადის მხოლო ერთეული ინდივიდების პირად ეგოისტურ სურვილებზე:“რადგან ცული უკვე ხეების ძირთან დევს. და ვინც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“ (ლუკ. 3,9). ჩვენი დროის განთავისუფლების თეოლოგი ლეონარდო ბოფის ცათა სასუფევლის ხედვა ამის კარგი მაგალითია: „ცათა სასუფეველი ეს არის რევოლუცია და მტკივნეული არსებული რეალობის სრული გარდაქმნა, როგორც ადამიანებისა, ისე მთელი კოსმოსის, რომელიც ბოროტებისაგან უნდა განთავისუფლდეს და ღვთიური სინამდვილით შეივსოს. ცათა სასუფეველს არ სურს სხვა სამყარო, მხოლოდ  ახალ კოსმოსი ძველი შეცვლილი სამყაროსაგან. ახალ რეალობაში ტკივილს, სიბნელეს, შიმშილ, ცოდვას და სიკვდილს არსებობის აღარავითარი შანსი აღარ გააჩნიათ“.

.

აქედან გამომდინარე ქრისტიანები მოვალენი არიან იზრუნონ არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ მათ უნდა გააუმჯობესონ მათ გარშემო არსებული სოციალური წესრიგი, გაცდნენ რა ქველმოქმედების მარტივ აქტს და აქტიურად შეაბიჯონ ისეთ სივრცეებში სადაც უსამართლობა, ჩაგვრა, უთანასწორობა, დისკრიმინაცია თუ სხვა სახის ცოდვა მეფობს და იყვნენ  ქრისტეს სახარების განმანთავისუფლებელი სულისკვეთების მახარებელნი. სახარების რომელიც ბრძანებს ვინც ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთებს, მე გამიკეთეთ“. რელიგიას აქვს პროფეტულ-კრიტიკული ხმა და სწორედ ამიტომ განუყოფელია მისგან პერფორმატიული, მოქმედებაზე ორიენტირებული არსი –  მიმართული უკეთესი მომავლისაკენ თავდაპირველად არა ზეცაში, არამედ  ამქვეყანაზე.

წინა საუკუნეების გამოცდილებამ გვაჩვენა თუ რაოდენ დიდი ბზარი გაჩნდა ქრისტიანულ ეკლესიასა და მშრომელებს, დაბალ სოციალურ კიბეზე მყოფ ადამიანთა შორის, რომლებმაც მათი სულიერი მწყემსებისაგან რეალური მხარდაჭერა ვერ დაინახეს, ან ეს უკანასკნელი სრულებით არ იყო საკმარისი. პაპი პიუს მეთორმეტე ღიად აღიარებდა რომ დასავლეთის ეკლესიამ მშრომელები დაკარგა მათ წინაშე სოციალურ გამოწვევებზე პასუხის დაგვიანების ან სულაც უყურადღებობის გამო და მისცა ისინი მარქსისტული თუ კომუნისტური ხედვების ტყვეობას. ბერდიაევი ამ თემაზე სამართლიანად შენიშნავდა „ბურჟუაზიული ეპოქის ქრისტიანებმა მშრომელთა კლასისათვის ძალიან მძიმე პირობები შექმნეს. ამ უსამართლობამ ექსპლუატირებულ და ჩაგრულ სულებში დღევანდლამდე ღრმა კვალი დატოვა“.

დღესაც ხშირ შემთხვევაში ეკლესიებს არასწორად ესმით საკუთარი სოციალური ამოცანა. (ხან ეთნიკური იდენტობის მცველად გვევლინებიან,  ხან კონკრეტული მორალური სწავლების, ან პოლიტიკური თუ პრივილეგირებული ჯგუფების). მათ შესაძლოა გულუბრყვილოდ სჯერათ რომ მწვავე სოციალური საკითხები კარიტატიული მოქმედებებით გადაიჭრება ან  მსგავს გამოწვევებს არ მიიჩნევენ მათთვის ზრუნვის საგნად. ასეთი ფორმის მოწყალებითა თუ ჰუმანიტარული დახმარებებით ისინი  მხოლოდ რეალურ პრობლემებს ალამაზებენ და გარედან აფერადებენ. ისინი მკურნალობენ რა მხოლოდ გარეგან სიმპტომებს, და არა  ავადმყოფობის გამომწვევს მიზეზს. ნაცვლად ამისა ეკლესიამ ქრისტეს  სულით მთელი საზოგადოება უნდა გარდაქმნას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ამ კონტექსტში შემოაქვს ტერმინი – ფერისცვალება. სხვადასხვაგვარი სოციალური ცოდვა დღევანდელ ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრება და მას საზღვარი უნდა დაუწესდეს, ხოლო ქრისტიანებმა ქრისტესმიერი სულით  საზოგადების გარდაქმნა / ფერისცვალება როგორც პირად გამოწვევად უნდა მიიღონ და აღიარონ.

ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოში  პერიფერიულ სოციუმში მოღვაწე ქრისტეს ეკლესიის სწორი ხედვა და მოქმედება თავის მორწმუნეებთან, რომლებიც იესოს პირველი ერთგული მიმდევრების მსგავსად რეგიონში მძიმე და უთანასწორო სამუშაო თუ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან. საეკლესიო იერარქიისა თუ მღვდელმსახურთა მხრიდან მათივე დებისა და ძმებისადმი პასიურ თანაგრძნობას უნდა გასცდნენ და ორგანიზებული სახით გახდნენ სოლიდარულნი იმ ყოველდღიურ ბრძოლაში, რასაც მათივე საეკლესიო ერთობის ყველაზე ერთგული და მრავალრიცხოვანი წევრები გადიან, ესენი არიან: მუშები, გლეხები, მეშახტეები, ექთნები, გარემოვაჭრეები, სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, კონსულტანტები, მიმტანები, მემანქანეები, ხელოსნები…. რადგანაც წერილის აღსრულება უპირველეს ყოვლისა მიემართება საეკლესიო ვერტიკალის უმაღლესი წერტილში მყოფთაგანს, ვინაიდან დაწერილია: „როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე“ (იაკ. 2,26).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბიბლია, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა, 2013.
  2. Papst Franziskus, Das Apostolische Schreiben „Evangelii gaudium“ , 2013.
  3. Benedikt XVI, Enzyklika „Deus Caritas Est “, 2006.
  4. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, შეხვედრა საიდუმლოსთან – მართლმადიდებლობა მესამე ათასწლეულში, 2019.
  5. Berdjaew, Nikolai, Wahrheit und Lüge des Kommunismus, 1977.
  6. Boff, Leonardo, Jesus Christus der Befreier, 1993.
  7. Benjamin, Walter, Über den Begriff der Geschichte, 1940.
  8. Savramis, Demosthenes, Zwischen Himmel und Erde, Die orthodoxe Kirche heute, 1982.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი