მარტში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომავალი ფისკალური წლისთვის, რომელიც პირველი ოქტომბრიდან იწყება, კონგრესს საგარეო დახმარების 28%-ით შემცირება შესთავაზა.
საბიუჯეტო პროექტში შეთავაზებული წინადადების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბიუჯეტი 28%-ით (10 მილიარდი დოლარი) შეუმცირდება. ასევე დაგეგმილია გაეროს სამშვიდობო მისიების და სხვა პროგრამების დაფინასების შეკვეცაც. სიაში მსოფლიო ბანკიც მოხვდა, რომელსაც წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, აშშ 650 მილიონ დოლარს აღარ გადაურიცხავს. სამაგიეროდ, ისრაელის უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ დამატებით 3.1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
დოკუმენტში არ არის მითითებული ზუსტად რა ოდენობით აპირებს აშშ გაეროს დაფინანსების შემცირებას. მხოლოდ აღნიშნულია, რომ აშშ სამშვიდობო მისიების ხარჯების 25%-ის დაფარვას აღარ აპირებს. სავარაუდოდ ეს თანხა ერთი მილიარდი დოლარი იქნება. ამას გარდა, ტრამპი UNICEF-ის და UNDP-ის პროგრამების დაფინასებასაც ამცირებს, ხოლო გაეროს Green Climate Fund-ისა და Global Funds for AIDS-ის (მალარიის და ტუბერკულოზის განკურნების პროგრამები) დაფინანსების გაგრძელებას საერთოდ აღარ გეგმავს. აშშ გაეროს ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა, ორგანიზაციაში მისი შენატანი გაეროს ბიუჯეტის 22%-ია, რაც წლიურად 10 მილიარდ დოლარს უტოლდება.
საბიუჯეტო პროექტი შემოდგომაზე კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. საგარეო დახმარების შემცირების წინააღმდეგი დემოკრატიული პარტიაა. USAID-ის ბიუჯეტის და სხვა საგარეო დახმარების ამგვარ რადიკალურ შეკვეცას დიდი ალბათობით, რეპუბლიკელ კონგრესმენთა ნაწილიც მხარს არ დაუჭერს. ცნობილმა სენატორებმა ლინდსი გრემმა და მარკო რუბიომ კომენტარები უკვე გააკეთეს. ისინი აღნიშნული შემოთავაზების ჩასაგდებად დემოკრატებს შეურთდებიან.
დონალდ ტრამპს მის წინასაარჩევნო დაპირებებში საგარეო დახმარების შემცირებაზე აქცენტი არ გაუკეთებია, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილება მისი მიერ გაცხადებული იზოლაციონისტური პოლიტიკის ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისა’ (America First) ნაწილად შეიძლება იყოს აღქმული. საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზეზად ტრამპს დოკუმენტში ‘ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულის აშშ-ში დარჩენა’ აქვს მოყვანილი. „დროა ამერიკელების უსაფრთხოებას პრიორიტეტი მივანიჭოთ და დანარჩენ მსოფლიოს საკუთარი სამართლიანი წილის თავადვე გადახდისკენ მოვუწოდოთ“ ასევე აღნიშნულია საბიუჯეტო პროექტში.
აშშ-ის საგარეო დახმარების წილი ფედერალურ ბიუჯეტში 1%-ზე ნაკლებია, რისი შემცირებითაც სახელმწიფო მნიშვნელოვანი დამატებითი თანხების აკუმულირებას ვერ მოახდენს. ამასთანავე, საბიუჯეტო პროექტის დანარჩენ ნაწილშიც ქვეყნის მთელი რიგი სექტორების (სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, შრომის და ვაჭრობის დეპარატმენეტები) დაფინანსებაც მცირდება და საგარეო დახმარების დაზოგვა მათი ბიუჯეტის გაზრდაზე არ აისახება. დაზოგილი თანხებით დაფინანსების რადიკალური ზრდა, დამატებით 54 მილიარდი დოლარი, მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას შეეხება. ეს თანხები გამოიყოფა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე კონტროლის გაძლიერებასა და კედლის მშენებლობაზეც.
ინიციატივის შესაძლო გავლენა საქართველოზე
USAID საქართველოში 1992 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში მან ქვეყნას 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. აშშ საქართველოზე ყოველწლიურად 40 მილიონ დოლარს ხარჯავს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში 50-მდე პროექტის განხორციელებას დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის განვითარებასა და დასავალური ორიენტაციის გამყარებაში.
გაეროს განვითარების პროგრამაც (UNDP) უკვე ოც წელზე მეტია რაც საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს, კერძოდ კი დემოკრატიული, კარგი მმართველობის და ეკონომიკური განვითრებისთვის, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითრების გამოწვევებს ეფექტურად უპასუხებენ.
ბუნებრივია, დონალდ ტრამპის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტში საგარეო დამხარების შემცირებამ, თუკი მას კონგრესი შემოდგომაზე მხარს დაუჭერს, შესაძლოა, გარკვეული ასახვა საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებზეც ჰპოვოს. მაგრამ რა მასშტაბით იქნება საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შემცირება რთული სათქმელია. საბიუჯეტო დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს შემცირებები იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებიც აშშ-ის ინტერესში ნაკლებად არიან. საქართველო კი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი 2009 წლიდანაა, რამაც შესაძლოა დახმარების შემცირება მინიმალურ დონეზე დაიყვანოს და საქართველოში მოქმედ USAID-ის კორპუსს ნაკლები პრობლემა შეუქმნას.