დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ორი თვისგან განსხვავებით, ბოლო თვე პრეზიდენტისთვის აქტიური აღმოჩნდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. თუკი საწყის ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება იყო, რომლებიც შიდა პოლიტიკის ცვლილებებს ეხებოდა, ბოლო პერიოდი ცალსახად საგარეო საკითხებზე კონცენტრაციის გადატანით გამოირჩევა: აპრილის თვის დასაწყისში იგი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა, სირიის სამხედრო ავიაბაზაზე ამერიკულმა ხომალდმა იერიში განახორციელა, ავღანეთში პირველად გამოსცადეს ყველაზე მასშტაბური არაბირთვული ბომბი ‘ყველა ბომბის დედა’, დაძაბულობამ ჩრდ. კორეასთან ბოლო ათწლეულების პიკს მიაღწია. ასევე, თუკი აქამდე ტრამპი მხოლოდ ქვეყნის შიგნით შტატებში მართავდა ოფიციალურ შეხვედრებს, უკვე მაისში დაგეგმილია მისი პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტები საუდის არაბეთში, ისრაელში, ვატიკანსა და ბრიუსელში.

ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდგომ ერთ თვის ვადაში მეზობელი ქვეყნიდან ერთ-ერთს, ძირითადად კანადას (მხოლოდ ჯორჯ ბუში უმცროსი ჩავიდა მექსიკაში პირველად), ოფიციალური ვიზიტით ეწვეოდა ხოლმე. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ამ ტრადიციის დარღვევას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო თებერვალში თეთრ სახლში მიიღო, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მეზობელ ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობა რჩება. მექსიკასთან მიგრაციული საკითხის გარდა, აშშ ჩრდილო ამერიკული სავაჭრო ორგანიზაცია NAFTA-ს საკუთარ წევრობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

4 მაისს ‘სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობის აქტის’ ხელმოწერის ცერემონიალზე დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ტოლერანტობა მშვიდობის ქვაკუთხედია“. ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტის პირველი საგარეო ვიზიტებიც სიმბოლურად ეხმაურება ამ განცხადებას, რადგან დანიშნულების ადგილის ქვეყნები სამი წამყვანი რელიგიის ცენტრებია. მაგრამ აღნიშნული აშკარა წინააღმდეგობაშია პრეზიდენტის მიერ არჩევიდან რამდენიმე დღეში ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის აკრძალვასთან.

დონალდ ტრამპის საუდის არაბეთსა და ისრაელში ვიზიტი ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – აღადგინოს ობამას ადმინისტრაციის დროს ამ ქვეყნებთან, როგორც ტრადიციულ მოკავშირეებთან შელახული ურთიერთობა და შედეგად ახლო აღმოსავლეთში პოზიციები გაიმყაროს. ობამას ადმინისტრაცია ისრაელსა და საუდის არაბეთში ადამიანთა უფლებების დაღვევებს აკრიტიკებდა და რეგიონში აქტიური პოლიტიკის გატარებისგან თავს იკავებდა, რამაც მოკავშირეებში აშშ-ისადმი ნდობა შეარყია.

საუდის არაბეთი

აშშ-ის ამოცანებს ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლა – ისლამური სახელმწიფოს დამარცხება და რეგიონში ირანის გავლენის ზრდის შეკავებაა. წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპი აქტიურად აკრიტიკებდა ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას და ირანის საწინააღმდეგოდ რეგიონი ქვეყნების მობილიზებას პირდებოდა. კრიტიკული ურთიერთობა პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც მან ირანი შეთანხმების არასრულფასოვნად შესრულებაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის არაფორმალურ მმართველს პრინც მოჰამედ ბინ სალმანს მარტში, ვაშინგონტში შეხვდა. არაბმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის ხედვას ახლო აღმოსავლეთში ‘ისტორიული შემობრუნება’ უწოდა. სალმანმა არაბული მხარის წუხილი ირანული ექსპანსიონიზმის შესახებაც გააჟღერა და წინა ადმინისტრაციის მიერ ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება სახიფათო ნაბიჯად შეაფასა.

გამომდინარე იქიდან, რომ საუდის არაბეთი ირანთან სამხედრო დაპირისპირებაში ირიბად ორ ფორნტზე, სირიასა და იემენში იმყოფება, აშშ ირანის შემაკავებელი პოლიტიკის განსახორციელებლად საუდის არაბეთთან უპრეცედენტო სამხედრო თანამშრომლობას გეგმავს. მხარეები 100 მილიარდ დოლარიანი სავაჭრო გარიგების დასადებად ემზადებიან, რის მიხედვითაც აშშ არაბულ მხარეს, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო თანამედროვე იარაღს მიყიდის. გარიგება აშშ-ის მხრიდან საუდის არაბეთისთვის მომდევნო ათწლეულში 300 მილირადი დოლარის შეიარაღების მიყიდვასაც ითვალისწინებს.

ერ რიადში აშშ-ის პრეზიდენტი სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ლიდერებსაც შეხვდება. მათთან განსახილველი საკითხებიც ირანის და ზოგადად, ისლამური ექსტრემიზმის შეკავება იქნება. მთავარ თემად ასევე რჩება სირიისა და იემენის კონფლიქტებიც.

ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურ სამხედრო კამპანიას აწარმოებს იემენში საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფების წინააღმდეგ მებრძოლ ალ-ყაედას შესაჩერებლად, რომელსაც ორ წლიანი ომის შემდგომ ქვეყანაში პოზიციები საკმაოდ აქვს გამყარებული. მხოლოდ მარტში, აშშ-მ 70 ავიაიერიში მიიტანა ტერორისტული ორგანიზაციის პოზიციებზე, რაც ორჯერ მეტია მთლიანად 2016 წელს განხორციელებული შეტევებზე. მიმდინარე ომის შედეგად ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა – 18 მილიონი იემენელი საკვების უკმარისობას განიცდის.

ისრაელი-პალესტინა

ირანის საკითხზე საუბარი ტრამპის ისრაელში ვიზიტისასაც გაგრძელდება, სადაც იგი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. მაგრამ მხარეების მიერ მთავარი განსახილველი თემა შეჩერებული ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება იქნება. წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპის დაპირებებში ეს მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო. მისი წინამორბედების მსგავსად, ტრამპსაც ისრაელსა და პალესტინას შორის ამ მოლაპარაკებებში აქტიური შუამავლის როლის თამაში სურს, მაგრამ თეთრ სახლს გარკვეული გეგმა ამ პროცესის დასაწყებად ჯერჯერობით არ გააჩნია. პრეზიდენტისთვის ამ საკითხის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელად მან საკუთარი სიძე ჯარედ კუშნერი დანიშნა.

ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლს სტუმრობდა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის, როგორც ‘ერთი-სახელმწიფოს’, ასევე ‘ორი-სახელმწიფოს’ კონცეფცია მისაღებია, მთავარია, დაპირისპირებული მხარეები რომელიმეზე შეთანხმდნენ. ‘ერთი-სახელმწიფოს’ იდეა ორივე მხარისთვის მიუღებელია. პალესტინელები თვლიან, რომ ამით ისრაელი სადაო ტერიტორიებზე თავის იურისდიქციას დაამყარებს, ხოლო ებრაელები მიიჩნევენ, რომ გაერთიანებით ქვეყნის დემოგრაფია ახლო მომავალში პალესტინელების სასარგებლოდ შეიცვლება. ‘ორი-სახელმწიფოს’ კონცეფციაში კი მხარეებს შორის სადაო რჩება ტერიტორიული საზღვრები, რადგან პალესტინური მხარე 1967 წლის ომამდელი სტატუს კვოს აღდგენას ითხოვს.

3 მაისს, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ვაშინგტონში დონალდ ტრამპმა უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა პალესტინის ლიდერს პირობა მისცა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად აქტიურად ჩაერთვება სამშვიდობო მოლაპარაკებებში, „ჩვენ ამას მოვახერხებთ!“ განცხადა მან. აბასის შეფასებით, მათი საუბარი პოზიტიური გამოდგა და აშშ-ის პრეზიდენტის სურვილი მას იმედს აძლევს, რომ საკითხი ეფექტურად გადაიჭრება. პალესტინელებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა გამოჩნდება მაშინ, როცა იგი ისრაელს დასავლეთ სანაპიროზე უკანონო დასახლებების მშენებლობას შეაწყვეტინებს. თებერვალში, ტრამპმა ყველას გასაკვირად დასახლებების მშენებლობა სამშვიდობო პროცესის წარმართვისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა.

ვაშინგტონში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მაჰმუდ აბასს ახალი თავსატეხი გაუჩინა პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობის ჰამასის ახალმა პოლიტიკურმა პროგრამამ, რომელიც მათ პოლიტიკას ისრაელის მიმართ არბილებს. დოკუმენტის მიხედვით, ჰამასი თანხმდება 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდგომ არსებული ტერიტორიით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ თავად ის ისრაელის სახელმწიფოს არ აღიარებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ისა და ევროპის კავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხული ჰამასის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება უკვე უწოდა.

დონალდ ტრამპის ვიზიტი ისრაელში იერუსალიმის დღეს ემთხვევა და წელს ებრაული მხარე ქალაქის შემოერთების 50 წლის იუბელეს აღნიშნავს. ეს დამთხვევა სპეკულაციის საგანი, რომ არ გამხდარიყო აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინურ ბეთლემსაც ეწვევა და მაჰმუდ აბასს კიდევ ერთხელ შეხვდება.

ამასთანავე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიდევ ერთი საკითხი. წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში უნდა გადაიტანოს. ეს გადაწყვეტილება კონგრესმა ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო, მაგრამ პრეზიდენტებს შესაძლებლობა დაუტოვა აღნიშნულის აღსრულება ყოველ ექვს თვეში გადაავადონ, რასაც აქამდე ყველა პრეზიდენტი მიმართავდა. ბოლოს ამ გადავადებას ბარაკ ობამამ გასული წლის დეკემბერში მოაწერა ხელი და მას მაისში გადის ვადა. დონალდ ტრამპს ან დაპირების შესრულება ან გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გადავადება მოუწევს.

ვატიკანი, ბრიუსელი, G7

რამდნეიმე მიზეზის გამო დამაინტრიგებელი შეხვედრა იქნება აშშ-ის პრეზდიენტსა და რომის პაპს შორის ვატიკანში. არგენტინელმა პონტიფიკოსმა დონადლ ტრამპის გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხებში რამდენიმეჯერ მკაცრად გააკრიტიკა. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხო ახალი ადმინისტრაციის ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას: მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასა და ახლო აღმოსავლეთის ექვსი მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეების აშშ-ში მიღების აკრძალვას. პაპმა ტრამპის პოლიტიკას ‘არაქრისტიანულიც’ კი უწოდა.

პაპის კრიტიკა შეეხო ამერიკის პრეზიდენტის დამოკიდებულებასაც კლიმატის ცვლილების მიმართ. გაპრეზიდენტებიდან მალევე, ტრამპი ობამას პერიოდში მიღებული გარემოს დაცვის რეგულაციების გაუქმებას შეუდგა. მაშინ, როცა რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა იზრუნონ პლანეტაზე და ეს მოწოდება პაპის კათოლიკურ დოქტრინაში შეიტანა.

ამასთანავე, პაპმა უკმაყოფილება გამოთქვა ავღანეთში ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბის, ‘ყველა ბომბის დედის’ ჩამოგდებასთან დაკავშირებით და მის სახელწოდებაში სიტყვა ‘დედის’ გამოყენება დაგმო.

დონალდ ტრამპს წინა პრეზიდენტებთან შედარებით კათოლიკე ამერიკელებისგან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, ამიტომ მას რომის პაპთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს.

ვატიკანის შემდგომ აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტს დაესწრება, რაც მის კიდევ ერთ შემობრუნებად შეიძლება ჩაითვალოს. წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპი სამხედო ალიანსს აკრიტიკებდა მას ‘მოძველებულიც’ კი უწოდა. ამგვარმა განცხადებებმა აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს თავსატეხი გაუჩინა და საკუთარი, თვიდმყოფადი თავდაცვითი მექანიზმების შექმნისკენ უბიძგა.

გასულ თვეებში, ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეისთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრების შემდგომ დონალდ ტრამპმა აპრილში, თეთრ სახლში ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიღებაზე საკუთარი აზრი შეიცვალა და ორგანიზაცია მოძველებულად აღარ მიიჩნია. მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მისი მოთხოვნის უკან წაღებას, რაც წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ის 2%-მდე გაზრდას ითავლისწინებს. მიუხედავად ალიანსისადმი ერთგულებისა, ეს მოთხოვნა როგორც თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა, ასევე ვიცე პრეზიდეტნამ მაიკ პენსმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას მაინც გააჟღერეს.

უკვე მაისის ბოლოს, დონალდ ტრამპი სიცილიაზე დიდი შვიდიანის სამიტს დაესწრება. წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების ლიდერები სამიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხად პარიზის კლიმატის შეთანხმებას აყენებენ, რომლის დატოვების სურვილიც აშშ-ის ახალ ლიდერს აქვს. დონალდ ტრამპი ამ მხრივ საერთაშორისო წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგან კოლეგები მისგან შეთანხმების პრინციპების დაცვას მოითხოვენ.

დასკვნა

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებული პოლიტიკა ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისა’, როგორც ჩანს, ქვეყნის საგარეო ასპარეზზე გააქტიურებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის, სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და სამხრეთ კორეაში სამხედრო გაძლიერების შემდგომ, დონალდ ტრამპის ინტერესთა სფეროში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ტრადიციული რეგიონი ახლო აღმოსავლეთიც მოექცა.

ბარაკ ობამას მცდელობები ახლო აღმოსავლეთის ცხელი რეგიონი აშშ-ის პოლიტიკურად და სამხედრო თალსაზრისით იქ არ ყოფნით დაეცხრო და რეგიონში სტაბილურობისა თუ მშვიდობის დამყარება ადგილობრივი მოთამაშეებისთვის მიენდო, კრახით დასრულდა. აშშ-ის მიერ ერაყიდან ჯარის გაყვანა და მსგავსი პროცესის დაწყებამ ავღანეთიდან, ტრადიციულ მოკავშირეებთან, საუდის არაბეთთან, ისრაელთან თუ ეგვიპტესთან დაძაბულმა ან პასიურმა ურთიერთობამ, ირანთან გაფორმებულმა ბირთვულმა შეთანხმებამ და სირიის კონფლიქტში გაურკვეველი პოზიციის ქონამ რეგიონში არათუ სტაბილურობას, არამედ კიდევ რამდენიმე სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას შეუწყო ხელი. შედეგად, აშშ-ის პოზიციები რეგიონში შესუსტდა და პრაქტიკულად, უპერსპექტივო გახდა.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული გავლენის აღდგენას აპირებს. ‘ისტორიული შემობურნება’ – ასე უწოდა ტრამპის სამომავლო პოლიტიკას საუდის არაბეთის პრინცმა. რეგიონში სტატუს კვოს აღსადგენად და ლიდერობის დასაბრუნებლად კი, იგი სწორედ მის ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობის გამყარებით იწყებს. აშშ-ისთვის გამოწვევებიც კვლავ იგივე დარჩება: საერთშორისო ტერორიზმთან ბრძოლა სირიასა და იემენში, ირანის შეკავება და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირება.

NATO-ს სამიტზე ბრიუსელში დონალდ ტრამპის დასწრება მისი პოლიტიკის შემობრუნების კიდევ ერთი სიგნალია, რომელიც ისტორიულ მოკავშირესთან ურთიერთობის დარეგულირებას გულისხმობს. ძნელად წარმოსადგენი იყო აშშ-ისა და ევროპის თანამშრომლობის იმგვარ რეჟიმში გაგრძელება, რასაც ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები გულისხმობდა. დიდი ალბათობით ეს გლობალურ პოლიტიკურ კატაკლიზმებს გამოიწვევდა და გაზრდიდა საერთაშრისო უსაფრთხოების რისკებს, რაც ყველა მხარეს მნიშვნელოვნად დააზარალებდა.

რუსეთთან ურთიერთობის კიდევ ერთი ‘გადატვირთვის’ პროცესში მყოფი ამერიკის პრეზიდენტს აუცილებალდ ესაჭიროება ევროპული მტკიცე მხარდაჭერა და პირიქით. ევროპა რუსული ჰიბრიდული ომის შესაჩერებლად და ყოველგვარი გართულებების პრევენციისთვის აშშ-ისგან აქტიურ მხარდაჭერას უკვე იღებს, რაც ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში ამერიკული ბატალიონებისა თუ მძიმე შეიარაღების განთავსებაში გამოიხატება.