დიდი ჰესების მშენებლობის დილემა საქართველოში

ორი თვალსაზრისი

 

გიორგი აბრამიშვილი

1978 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ენგურჰესი, ხოლო 1985 წელს – ჟინვალჰესი, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს  იგეგმებოდა კიდევ ერთი ჰიდროგიგანტის –  ხუდონჰესის მშენებლობა, მაგრამ ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესმა, ასევე ხუდონჰესის მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილში არსებულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ, ეს პროექტი ჩაშალა, ყოველ შემთხვევაში – მისი განხორციელება გაურკვეველი დროით გადადო.

მას შემდეგ უკვე  30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ საზოგადოებაში დღემდე რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებაა დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის  საკითხის მიმართ.

მთავარი არგუმენტი, რასაც დიდი ჰესების მოწინააღმდეგეები ასახელებენ, მეგაჰესების მიერ გარემოსთვის, ბუნებისთვის მიყენებული ზიანია. „კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება, ტერიტორიების დატბორვა, რიგ შემთხვევებში,  მოსახლეობის გასახლება, – ეს არის საფასური, რისი გაღებაც დიდი ჰესების აშენებისას მოგვიწევს და ეს ყოვლად დაუშვებელია“, – აცხადებენ ისინი.

დავით ჭიპაშვილი

ურყევი პოზიცია აქვთ მათ ოპონენტებსაც, რომელთა მტკიცებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა აუცილებელია. „მხოლოდ ქარზე, მზეზე და ჩამონადენზე მომუშავე მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას. ამისთვის საჭიროა საბაზისო სადგურები, ანუ თბოელექტროსადგურები და წყალსაცავიანი ჰესები“,   ამტკიცებენ ისინი.

ამ ორი „ანტაგონისტური ბანაკის“ პოზიციებს განმარტავენ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი, კომპანია „ენერჯი სოლუშენის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, იორგი აბრამიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატის“ წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი.

 

 

მაინც რა არის დიდი ჰესები საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის – სიკეთე თუ ბოროტება? უნდა აშენდეს თუ არა მომავალში საქართველოში დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები?  

გ.ა: ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ჭარბი ჰიდრორესურსი გააჩნია. ეს განახლებადი რესურსია და მისი არგამოყენება, შეიძლება ითქვას, დანაშაულის ტოლფასია. რა თქმა უნდა, როგორც განახლებადი, ისე არაგანახლებადი ენერგორესურსის გამოყენება გარკვეულ ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ეკოსისტემაზე, მაგრამ საკითხი ჰიდროელექტროსადგურების აშენება-არაშენების ჭრილში კი არა, მათი მიზნობრივად და კარგად აშენების, ბუნებაზე ზეგავლენის მინიმალიზების კუთხით უნდა განვიხილოთ.

აზიანებენ თუ არა დიდი ჰესები გარემოს? წარმოადგენენ თუ არა ისინი ბოროტებას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოდით, ჯერ მისი ალტერნატიული წყაროები შევაფასოთ.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ელექტრონერგია აუცილებლად გვჭირდება სამომხმარებლო, საწარმოო, ეკონომიკური და კიდევ  უამრავი სხვა მიზნით. ბოლო წლებში, მისი მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, დიდი ჰესების გარდა, სხვა რა წყაროები გვაქვს?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კომპანია მცირე ჰესებს აშენებს, დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ვერც მცირე ჰესები, და მითუმეტეს, ვერც მზის და ქარის ენერგიაზე მომუშავე ელსადგურები დიდი ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ენერგიის მოცულობას ვერ ჩაანაცვლებენ.

ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მზის ენერგიის მიღება ძალიან ძვირადღირებულ ტექნოლოგიას ეფუძნება და შესაბამისად, ბევრად დაბალი მარგი ქმედების კოეფიციანტი აქვს. თუ ჩვენ მზად ვართ, რომ ორჯერ მეტი მეტი გადასახადი გადავიხადოთ, მაშინ შეგვიძლია მზის ენერგიის გამოყენებაზე ვიმსჯელოთ. თანაც, მისი პოტენციალი, ჰიდროპოტენციალთან შედარებით, ჩვენთან საკმაოდ მცირეა.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ქარის ენერგიის გამოყენებაზე. ის მზის ენერგიაზე შედარებით იაფია, მაგრამ წყლის ენერგიაზე – ძვირი. ამასთან, ქარის ენერგია, მზესთან შედარებით, საკმაოდ არაპროგნოზირებადია. ხოლო როცა პროგნოზი რთულია, გამომუშავებული ელექტროენერგიის ინტეგრირება ენერგიის ქსელსა და ინფრასტრუქტურაში  პრობლემური ხდება.

ზემოთქმულის გათვალისწირებით, მზისა და ქარის ელექტროენერგიით ჰიდროენერგიის ჩანაცვლება ვერ მოხდება. თუმცა, ის პოტენციალი, რაც ქარისა და მზის ენერგიის კუთხით გვაქვს, აუცილებლად უნდა ავითვისოთ.

დ.ჭ: ჰიდროელექტოსადგურების ავკარგიანობაზე მსჯელობისას, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. კერძოდ, უნდა ვიცოდეთ, როგორია ჰესის მშენებლობის თაობაზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის ამ პირობებით ჰესის აშენება და რაც მთავარია – არსებობს თუ არა ამა თუ იმ  ჰიდროელექტროსადგურის აშენების საჭიროება. ამასთან, ასეთი ხელშეკრულებები, ხშირად, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ენერგოთანამეგობრობის წინაშე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან.

გარდა ამისა, ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც საჭიროებების ანალიზს დაეფუძნება. წყლის რესურსების მართვა ამ გეგმის შესაბამისად უნდა მოხდეს. საჭიროა თითოეული მდინარის და მისი შენაკადების მიმართ განისაზღვროს გარემოსდაცვითი ამოცანები. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ელექროენერგიის მისაღებად, ან სხვა ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, რა ოდენობის წყლის აღებაა დასაშვები ამა თუ იმ მდინარიდან.

დღეს, ჰესების მშენებლობისას, მდინარეს უტოვებენ წყლის მხოლოდ 10 პროცენტს და თან გვიმტკიცებენ, ეს ჰესი გარემოზე არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენსო. ეს იგივეა, 100 კვადრატულ მეტრ ბინაში რომ ცხოვრობდეთ და ვინმემ გითხრათ, 90 კვადრატი მე უნდა გამივიყენო და ამით თქვენ არ დაზარალდებითო.

დიდი ჰესის მშენებლობისას აუცილებლია იმის დასაბუთება, რა სარგებლობას მოიტანს ქვეყანას ეს ობიექტი. უფრო ზუსტად – აჭარბებს თუ არა ეს სარგებელი იმ ზიანს, რასაც ეს ჰესი გარემოს მიაყენებს. თუ გათვლებით დადასტურდება, რომ სარგებელი ზიანს აღემატება, მაშინ ჰესი უნდა აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.

ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა გამოსავალი არ არის და ეს ერთი მაგალითითაც შემიძლია განვმარტო: 2020 წლის იანვრის პირველ 9 დღეში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ენერგოდეფიციტი პიკს აღწევს, 14-მა ახლადაშენებულმა ჰესმა ზუსტად იმდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რამდენიც გორის ქარის ელექტროსადგურმა. ცხადია, გაზაფხულზე ეს 14 ჰესი გაცილებით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ახალი ჰესების მშენებლობა ზამთარში შექმნილი დეფიციტის პრობლემას ვერ აგვარებს.

 ჰიდროელექტროსადგურების ალტერნატივას ასევე წარმოადგენს თბოსადგურები და ატომური ელექტროსადგურები…

გ.ა: თბოსადგურებს და ატომურ ელექტროსადგურებს გარემოზე რომ უფრო მეტი მავნე ზეგავლენა აქვთ, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურებს, მე მგონი, საკამათო არ არის. მითუმეტეს, მსოფლიო მასშტაბით, ამ კუთხით, უამრავი სავალალო მაგალითი გვაქვს. აქედან გამომდინარე, განახლებადი ენერგიის წყაროზე უარის თქმა არასწორია.

ჩვენ ქვეყანაში სამი დიდი ჰესის აშენების რესურსი არსებობს. ესენია: ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანი. ძალიან სამწუხაროა, რომ 30 წელზე მეტი გავიდა და ხუდონჰესზე კვლავ უარყოფით კონტექსტში ვსაუბრობთ. ამ რესურსის არგამოყენება არასწორია.

 არა მგონია, ჩვენზე ნაკლებად დარდობენ ბუნებაზე ნორვეგიელები, შვეიცარიელები ან ავსტრიელები, რომლებსაც თითქმის მთლიანად აქვთ ათვისებული საკუთარი ჰიდროპოტენციალი. აქ ლამის ყველა პატარა მდინარე, რუ თუ ნაკადული გამოყენებული და „ათვისებულია“, რადგან წყლის ენერგიაზე უფრო ეკონომიური, ეფექტური და გარემოზე  ნაკლები ზეგავლენის მომხდენი სხვა წყარო ბუნებაში არ არსებობს.

დ.ჭ: გამონაბოლქვით გარემოს დაზიანების კუთხით თუ შევხედავთ, ატომურ ელექტროსადგურებს „დასაწუნი“, თითქოს, არაფერი აქვთ. მაგრამ წამყვანი ქვეყნები, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ასეთ სადგურებს ხურავენ და ჩვენ ახლა ხომ არ ავაშენებთ? თან, რომც მოვინდომოთ, ვინ მოგვცემს მისი აშენების უფლებას! ცალკე თემაა ატომური სადგურის ნარჩენების უტილიზაციის საკითხი, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის თავსატეხად არის ქცეული.

რაც შეეხება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს, მათი ექსპლუატაცია პირდაპირ ბმაშია გაზის იმპორტის ზრდასთან, რაც, თავის მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ დეკლარირებული განცხადებების კონტექსტში ვერ ჯდება.

ჩვენთან „კარგ ტონად“ ითვლება დიდი ჰესების კრიტიკა და მცირე ჰესების „იდეალიზება“, დასავლეთევროპელ სპეციალისტებს შორის კი ყველა ასე არ ფიქრობს. ასე მაგალითად, გერმანელი ექსპერტი სებასტიან შონაუერი მცირე ჰესების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას „სისხლიან დენს“ უწოდებს, რადგან,  მისი განცხადებით, ჰესის ტურბინებით დიდი რაოდენობის თევზი ისპობა. „ხუთიდან ას კილოვატამდე სიმძლავრის ჰესები სპობენ ნაკადულებსა და პატარა მდინარეებს, ხდება მათი დაგუბება, ნადგურდება დიდი რაოდენობის თევზი“, – ამტკიცებს გერმანელი გარემოსდამცველი. რამდენად „დაეჯერება“ სებასტიან  შონაუერს?

გ.ა: ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სიმძლავრის ინფრასტრუქტურული პროექტი’ გარემოზე, ეკოსისტემაზე უარყოფითად ზემოქმედებს, მაგრამ ამის გამო შუა საუკუნეებში ვერ დავრჩებით.

ის ზიანი, რასაც დიდი ჰესები აყენებენ გარემოს, კონსოლიდირებულია, მცირე ჰესების შემთხვევაში კი, ზიანი, შესაძლოა, უფრო მცირე მასშტაბის იყოს, მაგრამ, რაოდენობრივიდ, ჯამურად, დიდ ჰესების მიერ მოყენებულ ზარალს გადააჭარბოს.

მცირე ჰესი

ბუნებასთან ჰარმონია სხვა გზით შეიძლება. მაგალითად, ჰესის მშენებლობისას, ხეს თუ მოვჭრით, მის სანაცვლოდ, მინიმუმ, ორი უნდა დავრგოთ… როდესაც ჩვენი კომპანია სვანეთში ერთ-ერთ პროექტს ახორციელებდა, სამშენებლო ობიექტამდე მისასვლელი გზის გაყვანამდე, ამ ტერიტორიაზე ფლორის და ფაუნის თუ რაიმე წარმომადგენელი იყო, ბალახიდან დაწყებული და ჩიტის ბუდით დამთავრებული, სხვაგან გადავრგეთ ან გადავსვით. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ საქმეს პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, ზიანის მინიმალიზება შეიძლება.

კრიტიკა ადვილია, გამოსავალი გზების შემოთავაზებაა რთული… თევზსავალის გაკეთება მცირე ჰესებზე, რომელსაც დამბა არა აქვს, გაცილებით ადვილია, ვიდრე დიდ ჰესზე. შესაბამისად,  თევზმა რომ, ვთქვათ, ენგურჰესის მიმდებარე წყლებში იმოძრაოს, ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ ძნელად განსახორციელებელია.

ნამდვილად შეიძლება, რომ ჰიდროპროექტების განხორციელების  ხარისხი და სტანდარტი ავწიოთ და არ გვქონდეს ნეგატიური მაგალითები, რომლებიც, სამწუხაროდ, არსებობს. სწორედ ასეთი ნეგატიური მაგალითებიდან მოდის ის უნდობლობა და შიში, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში შეიმჩნევა.

დ.ჭ: ჰესის მიერ გამომუშავებული მეგავატების მიხედვით გარემოსთვის მიყენებული ზარალის შეფასება საკმაოდ  პირობითია.  მაგალითად, თუ მდინარე მტკვარზე ავაშენებთ 6-მეგავატიან ჰესს, ასეთი მცირე ჰიდროელექტროსადგური გარემოს ძალიან არ დააზიანებს. მაგრამ პატარა მდინარეზე აშენებული ასეთივე სიმძლავრის ჰესი, შესაძლოა, გარემოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.

არავინ ამბობს, რომ ჩვენთან მცირე ჰესი „მწვანე ენერგიის“ წყაროა. მე უკვე იმისიც მეშენია, რომ ქარის და მზის ელეტროსადგურები „მწვანე“ კი არა, „შავი ენერგიის“ მწარმოებლებად არ ვაქციოთ.

რაც შეეხება დიდ ჰესებს, ისინი ყველგან არ უნდა აშენდეს. ის ტერიტორიება, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ასეთი ჰესების აშენება იგეგმება, არასწორად არის შერჩეული.  ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ზიანის მასშტაბი ძალიან თვალშისაცემი იქნება.  მაგალითად, ნენსკრაჰესის ასაშენებლად უნდა განადგურდეს უნიკალური ეკოსისტემები, დაიკარგოს 700 ჰექტარი ტყე, ნამახვანჰესის შემთხვევაში – 600 ჰექტარი ტყე…

საბჭოთა პერიოდში საქართველოში აშენებული ჰესების საპროექტო სიმძლავრე, დღევანდელი პირობებისთვისაც კი, ოპტიმალურია. ასაშენებელი რომ ყოფილიყო, ნენსკრაჰესზე საბჭოთა კავშირის დროსაც იქნებოდა საუბარი, მაგრამ ასე არ მოხდა.

თუ გამოსავალს ვეძებთ და ჰესების ეფექტურობის გაზრდა გვინდა, უნდა მოხდეს მათი სრული რეაბილიტაცია. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ლაჯანურჰესი, რომელზეც დღეს შეგიძლია, ფეხით გაიარო, მაშინ, როდესაც 57 მეტრი სიმაღლის კაშხალი გააჩნია – რატომ არ შეიძლება ვიზრუნოთ ასეთი ჰესების რეზერვუარების წყლის ნატანისგან გაწმენდაზე?

მიუხედავად იმისა, რომ დიდ ჰესებს ქვეყნისთვის გარკვეული სიკეთის მოტანა შეუძლია, მოსახლეობის დასაქმებიდან დაწყებული და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით დამთავრებული, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათი აშენების წინააღმდეგ გამოდის, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს, იქნება ეს მიტინგები, გზების გადაკეტვა, შიმშილობა და ა.შ.

ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე: ინფორმაციის ნაკლებობასა და საკითხში გაურკვევლობასთან; გულწრფელ შიშთან, რომ გარემო პირობები და მათი ცხოვრების პირობები გაუარესდება; პოლიტიკური დაკვეთის შესრულებასთან,  თუ კიდევ სხვა მიზეზებია მოსაძებნი?

გ.ა: როდესაც ჩვენს ხელთ არსებულ განახლებად რესურსებს ვერ ვიყენებთ, იზრდება მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში, უპირველესად, ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთს ვგულისხმობ. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს კი არა, პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება. შესაბამისად, რუსეთი ეკონომიკურ საკითხებს ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს.

თუ გასული საუკუნის 90-იან წლებს გავიხსენებთ, როდესაც ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი დადგა დღის წესრიგში, პარალელურად, მაშინვე დაიწყო მისი ანტიპროპაგანდა და ისეთი თემებით აპელირება, როგორიც არის „ჩვენი სამშობლო“, „ჩვენი დედა-ბუნება“ და ა.შ. ასეთი „თავგამოდება“ არც ერთი სხვა ენერგოპროექტის მიმართ არ გვინახავს…

მოსახლეობის პროტესტი

გარკვეულ პერიოდში, გარდაბნის თბოსადგურის დირექტორად ვმუშაობდი და როდესაც გარემოზე მის ზემოქმედებას საჯაროდ ვიხილავდით,  გარემოსდამცველების, „მწვანეების“ არც ერთი წარმომადგენელი ამით არ დაინტერესებულა და არ გაუპროტესტებია, რომ ამ თბოსადგურის აშენებით მეზობელ აზერბაიჯანზე ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება მნიშვნელოვნად იზრდებოდა. მაშინ არავის  ხმა არ ამოუღია CO2-ზე, მავნე აირებით გარემოს დაბინძურებაზე… მხოლოდ ჩვენს კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, რომ თბოსადგურში გამწმენდი ფილტრები დაყენებულიყო და გარემოზე ზემოქმედების მინიმალიზება მომხდარიყო.

ამიტომ, მე არ მჯერა ყველაზე „აქტიური გარემოსდამცველების“. გარკვეული პერიოდებში, გარემოს დაცვის ლოზუნგით აგორებული საპროტესტო ტალღა იზრდება. მეტსაც გეტყვით: ამ საპროტესტო აქციებში, მეგობრებთან ერთად, ჩემი შვილიც მონაწილეობდა. მე მათი მესმის: ახალგაზრდები არიან, მგრძნობიარე თემაა… მიმაჩნია, რომ გარემოს დაცვის საკითხებით სპეკულირება ადვილია. ცხადია, არ ვფიქრობ, რომ ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილებს, ყველა არაგულწრფელია და პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, პირველი ბიძგის მიცემა მაინც არაგულწრფელი ხალხის, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლების მიერ ხდება.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა პირდაპირ არის მიბმული ენერგოდამოუკიდებლობაზე. ღვთის წყალობით, ამის პოტენციალი გაგვაჩნია – ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც განახლებადი ენერგიის დიდი რესურსი აქვს. როდესაც ამ რესურსის გამოყენებაზე უარს ვამბობთ, ეს დაახლოებით იგივეა, არაბეთის ნახევარკუნძელზე არსებულმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება-გადამუშავებაზე რომ უარი თქვან.

ჩვენ ჰიდრორესურსის დაახლოებით 20 პროცენტს ვიყენებთ, დანარჩენი 80 პროცენტის ათვისებაც საციცოცხლოდ აუცილებელია. ამ პოტენციალზე უარის თქმა დიდი დანაშაულია.

ახლა, ყოველწლიურად, დაახლოებით 13 მილიარდ კილოვატ ენერგიას მოვიხმართ, 2030 წლისთვის ენერგიის მოხმარება დაახლოებით ორჯერ გაიზრდება  და 25-26 მილიარდამდე ავა. მთელი ჰიდრორესურსის ოპტიმალურად ათვისების შემთხვევაში, ჩვენი გენერაციის ნიშნულს შეუძლია 50 მილიარდ კილოვატამდე მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ შეგვეძლება, გამომუშავებული ენერგიის ნახევრით ჩვენი თავი დავიკმაყუფილოთ, მეორე ნახევარი კი ექსპორტზე გავიტანოთ. მსჯელობა  ციფრებში გადავიყვანოთ: „ზედმეტი“ 25 მილიარდი კილოვატი რომ, პირობითად, 5 ცენტად გავყიდოთ, ყოველწლიურად 3 მილიარდ ლარამდე შემოვა ჩვენს ეკონომიკაში.

დ.ჭ:  ქვეყნის მთლიან ენერგეტიკული „კალათაში“ ელექტროენერგეტიკის წილი 23-25 პროცენტს არ აღემატება. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთარში  ბუნებრივი აირის გამოყენებით თბება, სოფლის მოსახლეობა – შეშით. რამდენი ჰესიც არ უნდა ავაშენოთ, ნორვეგიელების მსგავსად, ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ მთლიანად გადავიდეთ დენით გათბობაზე.

ჰიდრორესურსების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაშიც კი, ძნელია,  ენერგეტიკული „კალათის“ ბალანსი არსებითად შეიცვალოს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ჰესების სიმრავლე ენერგოდამოუკიდებლობას მოგვიტანს, უბრალოდ სასაცილოა – ჰესებმა როგორ უნდა გადაგვიწყვიტოს ენერგოდამოუკიდებლობის პრობლემა, თუ ელექტროენერგიის ბუნებრივი აირით (ნავთობზე აღარაფერს ვამბობ!) ჩანაცვლებას ვერ ხერხდება?

სამწუხაროდ, ჰესების მშენებლობა ლამის ერთადერთი საკითხია, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან „იდეურად“ თანხმდება. ეს მხოლოდ ჩემი ეჭვია და არ შემიძლია მასზე დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება, მითუმეტეს, როდესაც კორუფციას ეხება საქმე. რას ვგულისხმობ? მოგეხსენებათ, დიდი ჰესი ნიშნავს ბევრ ცემენტს, ბევრ ბეტონს და ა.შ. ეს კი ვიღაცეებისთვის აჩენს ძალიან დიდი თანხების „კეთების“ ძალიან დიდ შესაძლებლობებს… ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი გონივრული ეჭვია. ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის პერიოდზე გამოვაქვეყნეთ კვლევა „ენერგოპროექტები და კორუფცია საქართველოში“, რომელშიც ახსნილია რას ეფუძნება ჩემი ეჭვი…

რაც შეეხება მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირულობას, არა მგონია, ეს პრობლემა საერთოდ არსებობდეს. თავად ვარ მომსწრე იმისა, რომ მთის სოფლებში მცხოვრები ხალხი, ვინც „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებდა, გაცილებით უკეთ ერკვეოდა საქართველოს კანონმდებლობაში, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა ენერგოპროექტის შესაძლო უარყოფით შედეგებზე, ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღები პირები.

ალბათ, შუახევჰესი იყო ერთადერთი ობიექტი, რომლის მშენებლობასაც ადგილობრივი მოსახლეობა თავიდან არ აპროტესტებდა – ეგონათ, სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, ცხოვრების დონე ამაღლდებოდა… მოსახლეობის პროტესტი დაიწყო პირველივე აფეთქების შემდეგ, როდესაც დაიკარგა სასმელი წყალი, გააქტიურდა მეწყერული პროცესები და ცხოვრება საშიში გახდა. იმის ნაცვლად, რომ საქმის მწარმოებლებისთვის მოეთხოვათ პასუხი, ხელისუფლებამ საპროტესტოდ გამოსული ქალების წინააღმდეგ გამოიყენა ძალა.

ზემოთ ენგურჰესი და ჟინვალჰესი 30-40 წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში. შესწავლილია თუ არა ის გავლენა, რომელიც მათ გარემოზე, ეკოსისტემაზე მოახდინეს? ეს ალბათ მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, ღირს თუ არა მომავალში დიდი ჰესების მშენებლობა.

გ.ა: ჩემთვის არ არის ცნობილი, ასეთი კვლევები ოდესმე თუ ჩატარდა. მსგავსი კვლევები, ალბათ, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, იმის გათვალისწინებით, რომ ენგურჰესის მფლობელი სახელმწიფოა. ჩემი სუბიექტური აზრით, ენგურჰესმა და ჟინვალჰესმა გარემოსა და ეკოსისტემაზე გარკვეული გავლენა მოახდინეს, ეს გავლენა გამოიხატა იმაში, რომ ფაუნა შეიცვალა და მის ადგილზე სხვა განვითარდა, მაგრამ ამ გავლენას არსებითი ცვლილებები, ალბათ, არ გამოუწვია.

დ.ჭ: ასეთი კვლევა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. თუმცა, სვანეთის მოსახლეობა კვლევების გარეშეც გრძნობს ენგურჰესის უარყოფით მხარეს. კერძოდ, მესტიაში საგრძნობლად არის მომატებული ნესტი, შაორის წყალსაცავის გამო, იგივე ხდება სოფელ ნიკორწმინდაში…

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰესები  სტიქიური უბედურებების (ღვარცოფები, წყალმოვარდნები და ა.შ.) არათუ ხელშემწყობ, არამედ პირიქით, – გარკვეულ შემთხვევებში, შემაკავებელ ფუნქციასაც კი ასრულებენ.  რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება?

გ.ა: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საკმაოდ დიდ ინვესტიაციას მოითხოვს. მცირე ჰესის შემთხვევაში, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ეხება საქმე, დიდი ჰესის შემთხვევაში – რამდენიმე ასეულ მილიონს. პირველ რიგში, ვის უნდა თავისი ასეთი სოლიდური ინვესტიციის დაცვა, თუ არა თავად ინვესტორს? ამიტომ, ცხადია, თავისი ინფრასტრუქტურის და საკუთრების დასაცავად ინვესტორი ყველაფერს გააკეთებს და ღვარცოფს არ გაატანს. მან კარგად იცის, რომ ჰესებს სტიქიის შემაკავებელი გარკვეული ფუნქციაც გააჩნიათ.

დამბა რომ ყოფილიყო, 2018 წლის ზაფხულში მდინარე ნესკრას ადიდების შემდეგ ჩამოწოლილ მეწყერს და მოვარდნილ ღვარცოფს ის გარკვეულწილად შეაკავებდა, დარტყმის ძალას შეამცირებდა და შესაძლოა, სტიქიას სოფელ ჭუბერამდე ვერც კი მიეღწია.

უფრო შორს რომ წავიდეთ, ავსტრიაში, ერთი მხრივ, სახელმწიფო წელიწადში მილიარდნახევარ ევროზე მეტს ხარჯავს იმისთვის, რომ ღვარცოფებისგან დამცავი სისტემები დააყენოს, მეორე მხრივ კი, ინვესტორები იხდიან სოლიდურ სახსრებს ამავე მიზნისთვის.

დ.ჭ: არასერიოზული იქნება იმის თქმა, რომ, თითქოს, ჰესი სტიქიისგან მოსახლეობის დასაცავად შენდება. შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევაში და გარკვეულ გარემოებაში, ჰესმა დამცავი ფარის როლი შეასრულოს, მაგრამ ეს არ შეიძლება ზიანის მთლიანად თავიდან აცილების თანაწონადად მივიჩნიოთ.

ცალკე თემაა ის, რომ შეიძლება გვინდოდეს ჰესების აშენება, მაგრამ ვერ ვაშენებთ. მაგალითად:

ნენსკრაჰესი 2020 წელს უკვე ექსპლუატაციაში უნდა იყოს შესული, მისი მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. შუახევჰესი 2017 წლიდან უნდა „გუგუნებდეს“, მაგრამ დღემდე არ ჩართულა. ასეა თითქმის ყველა ახალი ჰესი – ხან ქარი მოვარდება, ხან წყალი და ამის გამო, ხან ერთი ჰესი ინგრევა, ხან – მეორე.

გორის მახლობლად აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა „ქართლის ქარის ელექტროსადგური“. იგეგმება კიდევ სამი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა ზესტაფონში, საჩხერესა და სია ქართლში, სოფელ ნიგოზაში. ამ ფონზე, თითქოს გაუგებარი იყო „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ განცხადება, რომ „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100-პროცენტიანი წილი საჯარო აუქციონზე გაიყიდება. ასეთი რამ თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, თუ მოვლენები არასასრურველი სცენარით წარიმართა და ამიტომ გახდა აუცილებელი ქარის ელექტროსადგურის გაყიდვა?

გ.ა: თავიდანვე ნამდვილად ასე იყო ჩაფიქრებული. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მონაწილეობა მიიღოს მსგავსი პროექტების დამუშავებაში მათ ყველაზე სარისკო ეტაპზე და ისინი ინვესტორისთვის მისაღებ კონდიციამდე მიიყვანოს. ასეთი მიდგომა სწორია, რადგან ფონდმა ამ თანხების რეინვესტორება ახალ პროექტებში უნდა მოახდინოს.

გორის ქარის ელექტროსადგურები

თუმცა, აქვე შევნიშნავ, რომ ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით, ქარის ელექტროსადგურებისთვის შეიქმნა სასათბურე პირობები (შედარებით მაღალი ტარიფი,  შესყიდვის 12-თვიანი ტარიფი…). ალბათ, არასწორია, უფრო ძვირიანს და არასტაბილურს შეღავათები გავუწიოთ, თანაც იმ პირობებში, როდესაც ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გვაქვს, ხოლო ჰესების მშენებლობაზე, სადაც გამოცდილებაც გვაქვს და უფრო იაფი ენერგიის წყაროა, აქცენტი აღარ გავაკეთოთ.

დ.ჭ: ამ პროექტის მიზანი თავიდან ის იყო, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ასეთი პროექტები არ ხორციელდება. თუმცა, მოხდა ისე, რომ ჩასაძირად განწირული პროექტი მომგებიანი აღმოჩნდა, ძალიან კარგად ამუშავდა და დღეს იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე საპროექტო სიმძლავრით იყო გათვალისწინებული. თავდაპირველად, ასევე იგეგმებოდა „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ აქციების გამოშვება, რომლის შეძენის საშუალება მოქალაქეებსაც ექნებოდათ (სხვათა შორის, ამ აქციების ყიდვას მეც ვაპირებდი). შემდეგ ამ საკითხზე საუბარი საერთოდ შეწყდა და ერთ მშვენიერ დღეს ყველამ გავიგეთ, რომ გორის ქარის ელექტროსადგური გაიყიდა.

ეს ბევრ კითხვას აჩენს. რატომ არ გამოუშვეს აქციები? ვერაფერს გეტყვით! ბოლოს საქმე ისე წარმოჩინდა, რომ ობიექტის გაყიდვით, მოგება მიიღო „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, რომელიც მიღებული თანხის რეინვესტირებას მოახდენს. სხვა ინფორმაცია ამ თემაზე მე არ გამაჩნია.

ქარის ელსადგურებთან განსაკუთრებული მიდგომა გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. დიდი შვიდეულის ლიდერებთან შეხვედრისას, მან აღნიშნა, რომ ქარის ელექტროსადგურების წარმოების პროცესი მთელი პლანეტის ჰაერს აბინძურებს, ხოლო თავად ელსადგურების ხმა სიმსივნეს იწვევს. რამდენად ახლოს არის რეალობასთან ტრამპის პოზიცია?

გ.ა: შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ცოტა უტრირებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ისიც უდავოა, ქარის ელექტროსადგურებსაც აქვთ გარემოზე მავნე ზეგავლენა. მაგალითად, გამოყოფენ ულტრაბგერებს, რომლებსაც ჩიტები ვერ ეგუებიან… მავნე გავლენა ენერგიის სხვა წყაროებსაც აქვთ, ამიტომ, როდესაც მათ ვაკრიტიკებთ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, უკეთეს ალტერნატივას რას ვთავაზობთ საზოგადოებას.

დ.ჭ: ქარის ელექტროსადგურის მიერ ჰაერის დაბინძურება, ან თუნდაც სიმსივნის გამოწვევა წარმოუდგენლად მეჩვენება. თუმცა, ცხადია, ქარის ელექტროსადგური გარემოზე ნულოვანი ზემოქმედების ობიექტი ნამდვილად არ არის. მას ზემოქმედება, ძირითადად, ფრინველებზე აქვს. ამიტომ, თუ ქარის წისქვილს გადამფრენი ფრინველების სამიგრაციო ხაზზე ავაშენებთ, ეს, ფრინველთა ფაუნის დაცვის თვალსაზრისით, პრობლემებს მართლაც შექმნის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „მცირე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად, წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა“. ესე იგი, დიდი ჰესების მშენებლობის თემა ხელისუფლებისთვის კვლავ აქტუალურია და ამ მიმართულებით ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება…

გ.ა:  დიდი ჰესების მშენებლობის საკითხი ნამდვილად აქტუალურია და ჩვენი სახელმწიფო, ალბათ, შეეცდება  რომ ახლო მომავალში ამ მიმართულები ნაბიჯები გადადგას. ეს აუცილებელია, რადგან ელექტროენერგიის გენერაციის კუთხით, უკვე სერიოზული დეფიციტი გვაქვს და რაც დრო გავა, ეს პრობლემა უფრო მწვავედ იჩენს თავს. ამის გამო, საქართველოს ეკონომიკიდან ყოველწლიურად ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება.

ზოგჯერ, ფასების შედარებისას, საზოგადოებაში კითხულობენ, რომ როდესაც ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს 5 ცენტად ვახორციელებთ, რატომ უნდა ვიყიდოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგია 6 ცენტად.  ამ შემთხვევაში, მთავარი რამ რჩება ყურადღების მიღმა: ის 5 ცენტი მთლიანად სხვა ქვეყანაში, სხვის ეკონომიკაში მიდის, ამ 6 ცენტის დაახლოებით 60 პროცენტი კი ისევ ჩვენს ქვეყანაში რჩება (გადასახედების სახით, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება და ა.შ).

ისე, 6-ვე ცენტიც კი რომ გადიოდეს საქართველოდან, ჰესი ხომ აქ რჩება? ეს კი უზარმაზარი ბერკეტია, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელთანაც ლამის ყოველდღიურად საომარ მდგომარეობაში ვართ.

დ.ჭ:  როდესაც დიდი ჰესების მშენებლობაზე ვსაუბრობთ, გარემოს დაცვის საკითხებთან ერთად, ფისკალური ასპექტებიც უნდა გავითვალისწინოთ. ფისკალური საფრთხე კი წარმოიქმნება სახელმწიფოს მიერ ინვესტორების წინაშე აღებული ვალდებულებების ნაწილში.

გასაგებია, რომ ობიექტის აშენებას ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ დასათვლელია, ვთქვათ, 100-მილიონიანი ინვესტიციიდან რამდენი რჩება ჩვენს ქვეყანას.  ტურბინებს, მოწყობილობა-დანადგარებს ჩვენ არ ვაწარმოებთ, საშუალო და მაღალი დონის მენეჯმენტი არ გვყავს, საქართველოს მოქალაქეები, როგორც წესი, დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე საქმდებიან.

გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: სახელმწიფო უცხოელ ინვესტორებთან აფორმებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, რომ ჰესის მიერ წარმოებულ დენს შეისყიდის მთლიანად და მზარდ ფასში. ასეთი ხელშეკრულება გაფორმდა ნენსკრაჰესის შემთხვევაში. ნათია თურნავა, რომელიც მაშინ „საპარტნიორო ფონდის“ ვიცე-ხელმძღვანელი იყო,  აცხადებდა, რომ 35 წლის შემდეგ ეს ობიექტი საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა. ამ შემთხვევაში, საინტერესო, ალბათ, უფრო ის არის, რატომ გვიბრუნებს ინვესტორი უკან ასეთ მნიშვნელოვან ენერგოობიექტს? პასუხი ნათელია: თუ ამ „ასაკის“ ჰესებს შევხედავთ, ადვილად მივხვდებით, რა მდგომარეობაში იქნება 35 წლის შემდეგ ნენსკრაჰესი – სხვა თუ არაფერი, მისი რეზერვუარი სავსე იქნება ნატანი მასალით. ანუ, 35 წელიწადში ინვესტორი თავის ფულს ამოიღებს, მოგებას ნახავს და ამის შემდეგ, ამორტიზირებულ ობიექტს უკან დაგვიბრუნებს. ამაში მოსაწონი და სასიხარულო არაფერია.

ესაუბრა გიორგი ასანიშვილი.