დემოკრატია, როგორც უნივერსალური წესრიგი და პოლიტიკური იდეალი

ფოტო გარეკანზე: უილიამ ჰოგართი “საარჩევნო აგიტაცია” (1755).

 

აღმოჩნდა, რომ დემოკრატია ყველაზე გავრცელებული მმართველობის ფორმაა თანამედროვე ეპოქაში, რომლის იმიტაციასაც უკვე დიდი ხანია საყოველთაო ხასიათი მიეცა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დემოკრატიის დასავლური მოდელის ინსტიტუციონალური და პოლიტიკური გადათარგმნა იმ ქვეყნებისთვისაც კი მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა, რომლებსაც დემოკრატიული მმართველობის არც ისტორიული და არც სოციო-კულტურული გამოცდილება არ აქვთ. თუმცა, დემოკრატიის ბედი ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში ინტენსიურად განიცდის კრიზისსა თუ მუტაციას. წარმოდგენილი წერილი შეეცდება მიმოიხილოს დემოკრატია ორ ძირითად ასპექტში – როგორც წესრიგი და როგორც პოლიტიკური იდეალი. 

დემოკრატიის პოლიტიკური გენეზისი

დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა (ან შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვუწოდოთ როგორც სოციო-პოლიტიკური წესრიგი) პირველად ანტიკური საბერძნეთის პოლიტიკურ თეორიაში ჩნდება. დემოკრატია ანუ ბერძნულად „ხალხის მმართველობა“ იყო პოლიტიკურ მმართველობათა შორის მართვის ერთ-ერთი ფორმა ელინურ კულტურაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ, რომ დემოკრატია არის ძველი ბერძნული პოლიტიკური ტრადიცია, რომელსაც თავდაპირველად გლობალური ექსპანსიის არანაირი მიზანი და სურვილი არ გააჩნდა. უფრო მეტიც, ძველი ბერძნული ფილოსოფიური ნარატივები სკეპტიკურად და კრიტიკულად აღიქვამდნენ დემოკრატიის იდეას. მაგალითისათვის, პლატონის პოლიტიკურ თეორიაში დემოკრატია გაიგება, როგორც პოლიტიკური ფენომენი, რომელიც მმართველობის გადაგვარებასა და უვარგისი საზოგადოების გაჩენას შეიძლება იწვევდეს. მარტივად რომ ვთქვათ, პლატონს მიაჩნია რომ ხომალდი (ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო) მხოლოდ იმ მიმართულებით უნდა წავიდეს, როგორც ხომალდის მესაჭე გადაწყვეტს და არა ხომალდის მგზავრები, რადგან მხოლოდ მას ანუ ხომალდის მესაჭეს შეუძლია ის დანიშნულების ადგილამდე მიიყვანოს.

ზოგადად, კლასიკური პოლიტიკური აზროვნება (ანტიკურობიდან განმანათლებლობამდე) ყოველივე იდეალურის გარშემო ფიქრს წარმოადგენდა. შვედი პოლიტოლოგი ბო როთშტეინი სწორად მიანიშნებს, რომ:

კლასიკური პოლიტიკური თეორია არ მსჯელობს მხოლოდ პოლიტიკური იდეალებისა და ინდივიდის ვალდებულებათა შესახებ. პლატონისა და არისტოტელესათვის, ისევე როგორც მაკიაველის, ლოკის, რუსოსა და სხვებისათვის, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა მიეგნოთ ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, რომლებიც საუკეთესო საზოგადოებისა და ინდივიდის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფდნენ (გვ. 136).

შესაბამისად, განსხვავებით თანამედროვე იდეოლოგიურ-პოლიტიკური პარადიგმისაგან, კლასიკური პოლიტიკური თეორეტიკოსების სააზროვნო სივრცე არ იყო ჰომოგენური და ისინი არ განიხილავდნენ დემოკრატიას, როგორც იდეალური სახელმწიფოს თუ საზოგადოების ფორმირების ერთადერთ საშუალებად.

მე-17 და მე-18 საუკუნეებში, ევროპაში აბსოლუტური მონარქიის მორალურმა დეგრადაციამ და ფეოდალიზმის რღვევამ ხელი შეუწყო თანასწორობისა და თავისუფლების იდეალების წინ წამოწევას როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, შუა საუკუნეების ეპოქით შევიწროვებული პოლიტიკური იდეალი – დემოკრატია, ისევ ბრუნდება პოლიტიკურ მეტყველებაში, როგორც “პროვოკაციული” პოლიტიკური წესრიგი, რომელმაც ძალაუფლება პრივილეგირებულ კლასებს უნდა ჩამოართვას და ხალხს გადასცეს. ამ მხრივ, 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია იყო რესპუბლიკური დემოკრატიის დამყარების პირველი ყველაზე მასშტაბური და აგრესიული მცდელობა ევროპაში. თუმცა, ფრანგულ რევოლუციურ იდეალებს სერიოზული მტრები გამოუჩნდათ ევროპის მონარქისტულ წრეებში. მაგალითად, მის წინააღმდეგ ბრძოლითა და საფრანგეთში კონტრ-რევოლუციური საქმიანობის დაფინანსებით განსაკუთრებით ჰაბსბურგთა დინასტია გამოირჩეოდა. გარდა საფრანგეთის რევოლუციისა, ამერიკის რევოლუციამ ასევე შემოიტანა ისეთი რევოლუციური და დემოკრატიული პრინციპები, როგორებიცაა კონსტიტუციონალიზმი და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლებიც თავის მხრივ ევროპული პოლიტიკური აზროვნების ტრადიციების ნაწილია.

როგორც ვხედავთ, დემოკრატია იბადება ანტიკურობის ეპოქაში, ხოლო განმანათლებლობის ეპოქაში კი ხდება მისი ერთგვარი კონცეპტუალური ტრანსფორმაცია. საქმე იმაშია, რომ ანტიკური დემოკრატია საფუძვლიანად განსხვავდება მოდერნული ანუ განმანათლებლობის წიაღში აღმოცენებული დემოკრატიისგან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ანტიკურ ეპოქაში დემოკრატია პირდაპირი ფორმით გამოვლინდებოდა მაშინ, როდესაც მოდერნულ ეპოქაში დემოკრატიის პირდაპირი ფორმა არაპირდაპირმა ანუ საპარალამენტო მმართველობამ ჩაანაცვლა, რომლის მოდერნული კონცეფციაც პირველად მე-17 საუკუნის ინგლისში ჩამოყალიბდა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი რა დროსაც ინდივიდი არჩევნების გზით სხვა ანდობს ძალაუფლებას მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

დემოკრატიის ბედი მე-20 საუკუნეში: კატასტროფა, ტრიუმფი და მუტაცია

კაპიტალიზმის კრიზისმა და არნახულმა სოციალურმა უსამართლობამ, რამაც მე-20 საუკუნის პირველ ნახავარში მთელი დასავლური სამყარო მოიცვა, დარტყმა მიაყენა განმანათლებლობის ეპოქიდინ ჩანჩალით, მაგრამ მაინც წინ მოსიარულე დემოკრატიულ იდეალებს. ბუნებრივია, ისეთ მდგომარეობაში, რა დროსაც მძინვარებდა ეკონომიკური კრიზისი, შიმშილი და უიმედობა, ევროპაში ნაკლები ნდობა გაჩნდა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ან იდეალებისადმი. სამაგიეროდ, მეტი მოთხოვნილება გაჩნდა ძლიერი ლიდერებისადმი, რომლებიც თავიანთ ხალხს ამ სტრესიდან და იმედგაცურებიდან გამოიყვანდა. ამ ფონზე, ევროპაში ცხადია ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა ისეთი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წესრიგების გაძლიერებისათვის, როგორებიცაა მაგალითად დიქტატურა, ტოტალიტარიზმი ავტორიტარიზმი და ა.შ. ამ კონტექსტში, ფაშიზმიც თავის მხრივ ამგვარი სოციალური კატასტროფის შედეგად გამოიკვება და მზა იდეოლოგიურ თუ პოლიტიკური პროდუქტად წარსდგა საზოგადოების წინაშე. მაგალითად, დავაკვირდეთ თუნდაც ვაიმარის რესპუბლიკას, სადაც სუსტი დემოკრატი მმართველებით განაწყენებულ გერმანულ საზოგადოებას უფრო და უფრო მეტი მოთხოვნილება გაუჩნდათ ანტიდემოკრატიული ლიდერებისადმი, რომლებიც დაჩაგრულ და დასუსტებულ გერმანიას კვლავ ძლევამოსილ იმპერიად აქცევდა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მთელი ევროპის პოლიტიკური ცხოვრება მოიცვა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა, ესპანეთიდან პოლონეთამდე, რამაც ევროპული დემოკრატიის ისტორიაში თავისი ტრავმირებული კვალი დატოვა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხდება ევროპის და ზოგადად დასავლეთის ხელახალი პოლიტიკური და კულტურული რეკონსტრუქცია, რა დროსაც დემოკრატია, უფრო სწორად თანამედროვე დემოკრატია ხდება “ერთადერთი თამაში ქალაქში.” მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დროინდელი ევროპული დემოკრატია ორ ძირითად ღირებულებას დაეფუძნა: თავისუფლებასა და თანასწორობას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო გარკვეული იდეოლოგიური სინთეზი სოციალიზმისა და პოლიტიკური ლიბერალიზმის. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა დასავლეთ ევროპული სახელმწიფო ახდენდა ამ სინთეზის ერთმანეთისაგან იმიტაციას და ამ გზით დემოკრატია გახდა ყველაზე პოპულარული მმართველობის ფორმა. თუმცა, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დასავლეთში დაიწყო დემოკრატიული წესრიგის ერთგვარი მუტაცია, რამაც საბოლოოდ ნეოლიბერალური დემოკრატიის სახე მიიღო. ნეოლიბერალური ან გნებავთ ულტრალიბერალ-დემოკრატიული წესრიგი გახდა უნივერსალური პროექტი, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალექტიკის იმიტაციას დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც დემოკრატიის “კეთების” არც ისტორიული და არც კულტურული გამოცდილება არა აქვთ.

დემოკრატიის ლიბერალური პროექტი კრიზისშია

მართალია წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისზე საუბარი ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ დაიწყო (გავიხსენოთ შმიტის კრიტიკა), თუმცა დღევანდელ ეპოქაში, ანუ გვიანი კაპიტალიზმის ხანაში კრიზისი სრულიად ახალ დონეზე ავიდა. საქმე იმაშია, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი უფრო და უფრო გააღრმავა ლიბერალური უნივერსალიზმის დელეგიტიმაციამ. მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე დემოკრატიის იდეოლოგიური ჩარჩო – ლიბერალიზმი და მისი უკიდურესი ფორმა ნეოლიბერალიზმი, განიცდის უნივერსალური ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს უპირველეს ყოვლისა დასავლურ კულტურებში. თავის მხრივ, თანამედროვე ლიბერალ-დემოკრატიული წესრიგის კრიზისს გააჩნია როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული და ეკონომიკური განზომილება.

კრიზისის პოლიტიკური განზომილება მდგომარეობს იმაში, რომ ლიბერალ-დემოკრატიულ პროექტს ახასიათებს ოლიგარქიზაციისა და პოლიტიკური ცხოვრების პროფესიონალიზაციის მძლავრი პრაქტიკა, რითაც ხდება მოქალაქეთა და მათი ინტერესების გარიყვა პოლიტიკური ცხოვრებისგან. კრიზისის კულტურული განზომილება მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად ელიტების მცდელობისა, ვერ ხერხდება ლიბერალური-დემოკრატიის “გადათარგმნა” და გადატანა იმ კულტურებში, რომლებსაც არა აქვთ საკმარისი პირობა ამისათვის (მაგალითად, ამის ხელისშემშლელი ფაქტორებია ტრადიციები, გარკვეული სოციალური ნორმები, წარსული და ა.შ.). ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ განზომილებას, საქმე იმაშია, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პროექტი პრაქტიკულად გარდაიქმნა ნეოლიბერალურ პროექტად, რა დროსაც თავისუფალი ბაზრის იდეა იგივდება დემოკრატიის იდეასთან, რაც მეცნიერულად დაუსაბუთებელი “დატოლებაა.” თავის მხრივ, აგრესიული საბაზრო მენტალიტეტი ხელს უწყობს ცალსახად ანტიპოლიტიკურობის პარადიგმის ჩამოყალიბებას, რასაც ბუნებრივია დემოკრატია კრიზისში შეჰყავს.

უნდა ითქვას, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისის ზოგადი აღმნიშვნელი ტენდენცია გახდა ისიც, რომ პარლამენტები მეტწილად გამოხატავენ მდიდარი სოციალური ფენების ინტერესებს, ვიდრე დაბალი სოციალური ფენების, რაც მიუნიშნებს პოლიტიკის ოლიგარქიზაციის იმ პროცესზე რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. აგრეთვე, მთავრობები აღარ არიან მოქნილები რეაგირება მოახდინონ საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებსა და საჭიროებებზე, რითაც თანმიმდევრულად დაშორდნენ ხალხს და გააჩინეს პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი დიდი კულტურული უნდობლობა. სწორედ ამ პროცესების ფონზე, დასავლეთში მომძლავრდა ანტიელიტისტური, ანტიპოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც უარს ამბობენ რაიმე იდოლოგიური პლატფორმის ქონაზე და საკუთარ “იდეოლოგიას” აბსურდიზმსა და სატირულ აზროვნებაზე აფუძნებენ. თავის მხრივ, ეს არის ერთგვარი პოლიტიკურობის დეკონსტრუქცია, რაც ცხადია პირველ რიგში იმ მმართველი ელიტების ბრალია, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკით პოლიტიკურობის იდეის თვითგანადგურებას შეუწყვეს ხელი.

დასკვნის მაგიერ

მართალია დემოკრატია როგორც პოლიტიკური იდეალი ისტორიულად ყველაზე გამართლებულ მოვლენად იქცა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ პრაქტიკულ დონეზე დემოკრატია როგორც იდეალი და როგორც პოლიტიკური წესრიგი, უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში გაბატონებული ერთი ჯგუფის ტყვეობაშია. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ დემოკრატიის კრიზისს გარდა იმ ფაქტორებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ასევე თავის მხრივ განაპირობებს პოსტმოდერნული ეთიკა, რა დროსაც ინდივიდში სწრაფვა დამოუკიდებლობისათვის უფრო მეტია, ვიდრე ურთიერთდამიკიდებულებისადმი. დემოკრატია კი პირველ რიგში, მისი ორგინალური შინაარსით გულისხმობს მკაცრი ინდივიდუალიზმის უარყოფას და კომუნიტარიანული ეთიკის შემუშავებას. აქედან გამომდინარე, პოსტმოდერნულმა ეპოქამ მისთვის დამახასიათებელი ნიჰილიზმით ხელი შეუწყო საზოგადოების ატომიზაციას და შესაბამისად დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური იდეალის კრიზისს. ამასთანავე, როგორც უკვე ითქვა, კრიზისი გააღრმავა დემოკრატიისა და ნეოლიბერალური დოქტრინის ხელოვნურმა “დაძმობილებამ”, რამაც ბუნებრივია სარგებელი მოუტანა დომინანტურ კლასს, მაგრამ იმედები წაართვა საზოგადოების თითქმის ყველა დანარჩენ ფენას. ეს არის პროცესი, რომელიც შეინიშნება როგორც დასავლურ საზოგადოებებში, ასევე იმ არადასავლურ კულტურებში, რომლებიც დასავლეთს იმიტირებენ.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.