ბენდუქიძის კრახი: რატომ ვერ გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ზეზვა ზანგურაშვილი – ბერლინის ეკონომიკის და სამართლის სკოლის პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრანტი

 

2004 წელს, ცოტა ხნით ადრე, სანამ ბენდუქიძე რუსეთს დატოვებდა, რათა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს ჩადგომოდა სათავეში, მან რუსულ გაზეთ vedemosti-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკის ფუნდამენტური და დეტალური ცოდნა არ არის საჭირო, ვინაიდან კარგი ეკონომიკური პოლიტიკა – უნივერსალურია. უნივერსალურ ეკონომიკურ პოლიტიკაში, ბენდუქიძე რადიკალურ ლიბერალურ პოლიტიკას გულისხმობდა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულება გახლდათ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რასაც აუცილებლად მოყვებოდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარება და შესაბამისად, სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მას შემდეგ, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში მეინსტრიმი გახდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს არსად ჩანს ბენდუქიძის მიერ დაპირებული „შავ ზღვაზე გაშენებული ჰონგ-კონგი“, არც უცხოური ინვესტიციებით „სინგაპურიზებული საქართველო“ და არც „10 წელში გასამმაგებული მთლიანი შიდა პროდუქტი.“ ბენდუქიძის უნივერსალური ეკონომიკური პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა: ქვეყანაში ვერ შეიქმნა საფუძველი გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის და შესაბამისად, ვერც სიღარიბის და უმუშევრობის მაჩვენებლები შემცირდა.

დიაგრამა 1: უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში

წყარო: საქსტატი

დიაგრამა 2: სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში

წყარო: საქსტატი
  1. ნეოლიბერალიზმი VS. დეველოპმენტარიზმი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) დღეს აღიარებულია, როგორც გლობალიზაციის, ეკონომიკური ზრდის და ინდუსტრიალიზაციის მთავარი მასტიმულირებელი ძალა, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიცა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO). FDI-ს როლი, კიდევ უფრო გაიზარდა 1990-იანი წლებიდან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მას შემდეგ, რაც მისმა რაოდენობამ, საერთაშორისო ვაჭრობის რაოდენობას გადააჭარბა. FDI-ს განსაკუთრებით პოზიტიური ეფექტი აქვს ინდუსტრიულ სექტორში, კერძოდ კი, ტექნოლოგიურ განვითარებაში, მუშახელის პროდუქტიულობის გაზრდასა და ახალი ცოდნის თუ უნარების შეძენა-გაუმჯობესებაში. ეს პოზიტიური ეფექტები კი დამოკიდებულია დიდწილად FDI-ს ხარისხზე და ადგილობრივი ფირმების ქმედითუნარიანობაზე, რომ მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, რაც თავის მხრივ, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო პოლიტიკაზე.

რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას, ამ მხრივ, ეკონომიკაში ორ ძირითად მიდგომას ასხვავებენ. პირველი, სტანდარტული ლიბერალური მიდგომაა, რომელიც დაფუძნებულია ნეოკლასიკურ ეკონომიკურ სკოლაზე და გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციას, რაც წარმოადგენს მეინსტრიმულ ეკონომიკურ პოლიტიკას განვითარებადი ქვეყნებისთვის. მეორე კი ასოცირებულია ე.წ. “დეველოპმენტალიზმთან”, რაც გულისხმობს „მაღალი ხარისხის“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკას, რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ჩინეთი, ამ მიდგომის კარგი მაგალითია – ქვეყანა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ პირველ ადგილზეა განვითარებად ქვეყნებს შორის.

რაც შეეხება საქართველოს, აქ FDI კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვინაიდან, გარდა ზემოთხსენებული სარგებლისა, საქართველოს ეკონომიკაში, FDI, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების მთავარ წყაროსაც წარმოადგენს. თუმცა ჩინეთისგან განსხვავებით, საქართველო, ლიბერალურ მიდგომას ირჩევს, რაც ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხმობს. ასეთი მიდგომის საფუძველს რიკარდოს შედარებითი უპირატესობის თეორია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ვაჭრობა ყველასთვის მომგებიანია. თუმცა, დღეს, XXI საუკუნეში, გლობალიზაციის „ახალი ტალღის“ პირობებში, რიკარდოს თეორია ნაკლებად რელევანტური აღმოჩნდა.

  1. გლობალიზაციის „ახალი ტალღა“ და რისკები

გლობალიზაციის „ახალი ტალღა“ 1990-ანი წლებიდან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად იწყება. ამ პროცესისთვის დამახასიათებელი იყო ასევე, სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და ვაშინგტონის კონსესუსის პოლიტიკის იმპლემენტაცია განვითარებად ქვეყნებში, რომელსაც მოჰყვა რადიკალურად საბაზრო ეკონომიკისკენ ორიენტირებული პოლიტიკა და კაპიტალის გამარტივებული დინება საერთაშორისო დონეზე. ეს გახლავთ ის მახასიათებლები, რაც განსაზღვრავს გლობალიზაციის „ახალ ტალღას.“ გლობალიზაციის ასეთმა განვითარებამ შესაძლებლობა მისცა მულტინაციონალურ კომპანიებს, რომ საკუთარი სამეწარმეო პროცესები დაეშალათ სხვადასხვა სტადიებად და შემდეგ მოეხდინათ მათი აუთსორსინგი (სხვა ქვეყანაში გატანა) მეტი ეკონომიკური სარგებლისთვის. სწორედ ასეთი მიდგომა გახლავთ ის ძირითადი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ დღეს მულტინაციონალური კომპანიები. თუ რა მნიშვნელობას ატარებს ასეთი მიდგომა ეკონომიკაში, ამას განვიხილავთ უფრო დეტალურად ქვემოთ, თუმცა მანამდე შევხედოთ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მეინსტრიმულ ეკონომისტებს ამ მოვლენასთან.

მათი ძირითადი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში არის ის, რომ როდესაც განვითარებადი ქვეყანა ჩაბმულია მულტინაციონალური კომპანიების გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში (GVC), მათ აღარ სჭირდებათ სერიოზული ინდუსტრიული ბაზის შენება და შესაბამისად არ სჭირდებათ ინდუსტრიული და საინვესტიციო პოლიტიკა იმისთვის, რომ გახდნენ კონკურენტულნი მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ შეუძლიათ სპეციალიზდნენ ინვესტორი კომპანიების სხვადასხვა სამეწარმეო სტადიებში, რაც თავისთავად ააჩქარებს ინდუსტრიალიზაციის პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ასეც არის ნაწილობრივ, თუმცა რა რისკებს მოიცავს ასეთი მიდგომა და როგორ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ რისკებმა, ამის შესახებ ნაკლებ ინფორმაციას გვაწვდიან  მეინსტრიმული სახელმძღვანელოები.

პოლ კრუგმანი თავის ცნობილ გეოგრაფიული ეკონომიკის თეორიაში საუბრობს აუთსორსინგის მიზეზებზე და კონკრეტულად განსხვავებული გეოგრაფიული ლოკაციების შერჩევის მიზეზებზე, რის მიხედვითაც FDI ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ვერტიკალური და ჰორიზონტალური.

  • ვერტიკალურ FDI-ს განსაზღვრავს დაბალი ხარჯები. ამ შემთხვევაში, ინვესტორი კომპანიები აკეთებენ შრომატევადი სამეწარმეო სტადიების აუთსორსინგს იმ ქვეყნებში, სადაც დაბალი ხელფასები და გადასახადებია, ნაკლები დანახარჯების გამო. ვერტიკალური FDI ზუსტად ხსნის სამეწარმეო პროცესების გლობალური ჩრდილოეთიდან გლობალურ სამხრეთში გადინების ფაქტს.
  • ჰორიზონტალურ FDI-ს განსაზღვრავს ხარისხი. ამ შემთხვევაში, ადგილმდებარეობის შერჩევისას, სამეწარმეო ხარჯებს არ ენიჭება უპირატესობა და აუთსორსინგი ხდება ხარისხის გამო, რაც შედარებით მაღალ დამატებით ღირებულებას ტოვებს მიმღებ ქვეყანში. ჰორიზონტალური FDI ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს შორის ხდება. მაგალითად, ისეთი კომპანია როგორიცაა Boeing, ძრავის წარმოების აუთსორსინგს აკეთებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა BMW ან Rolls-Royce გერმანიაში, არა დაბალი ხარჯების გამო, არამედ პროდუქტის ხარისხის და სპეციალიზაციის გამო.
ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი პოლ კრუგმანი

ამ თვალსაზრისით, ნათელი ხდება, რომ მულტინაციონალური კომპანიები აკეთებენ ისეთი სამეწრმეო სტადიების აუთსორსინგს განვითარებად ქვეყნებში, რომელიც ტოვებს დაბალ დამატებით ღირებულებას და ამის საპირისპიროდ, ისინი აკეთებენ ისეთ ინვესტიციებს განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც ტოვებენ მაღალ დამატებით ღირებულებას. დამატებითი ღირებულების (Value added) სწორედ ასეთი არათანაბარი გადანაწილება არის გლობალიზაციის „ახალი ტალღის“ მთავარი მახასიათებელი, რაც ქვეყნებს შორის უთანასწორობის ზრდას უწყობს ხელს.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც სურთ ინდუსტრიალიზაციის დაჩქარება, დაბალი დამატებითი ღირებულების სამეწარმეო სტადიებში ჩარჩენის რისკების წინაშე დგანან.

თუმცა, გარდა ამისა:

  1. თუ განვითარებადი ქვეყნები მხოლოდ ფაბრიკაციის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, GVC-ს კონტრიბუცია მშპ-ში ყოველთვის შეზღუდული და იმაზე მეტად ნაკლები იქნება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
  2. იმ დამატებითი ღირებულების დიდი ნაწილი, რაც GVC-ში იქმნება ძირითადად მულტინაციონალური კომპანიების ფილიალებში გროვდება მოგების რეპატრიაციის გამო, რის შედეგადაც ქვეყანაში, ძალიან დაბალი დამატებითი ღირებულება დარჩება.
  3. თუ მთავრობა განათლებაში და ადგილობრივი ფირმების აბსორბაციის უნარების გასუმჯობესებლად (absorption capacity) არ გაზრდის ინვესტიციებს, ტექნოლოგიური გავრცელების ეფექტი (spillover effect) მინიმალური იქნება.
  4. უარყოფითი გავლენა გარემოზე და სოციალურ პროცესებზე კიდევ ერთი რისკია, თუ შესაბამისი რეგულაციები არ იარსებებს განვითარებად ქვეყნებში.
  5. და ბოლოს, GVC-ს თვითნებური საქმიანობა, გაზრდის საგარეო შოკების გავლენას ადგილობრივ ფირმებზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.

 განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც ინდუსტრიალიზაციის დაჩქარება

 სურთ, დაბალი დამატებითი ღირებულების სამეწარმეო სტადიებში

 ჩარჩენის რისკების წინაშე დგანან.

ამ რისკების თავიდან ასაცილებლად მთავრობას შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი. როგორც უკვე ვახსენეთ, არსებობს FDI-ის ორი სახეობა, რომელთაგანაც თითოეულს განსხვავებული ეფექტი აქვს ტექნოლოგიების დანერგვაზე და სამუშაო პირობებზე. 1990 წლიდან ინვესტორებისათვის პოპულარული ხდება ვერტიკალური FDI, რომლებსაც სურთ წარმოების ხარჯების შემცირება და შესაბამისად მოგების ზრდა. საქართველოშიც სწორედ ვერტიკალური ინვესტიციები ჭარბობს ჰორიზონტალურს, შესაბამისად, ჩვენი პრობლემა ინვესტიციების მხრივ, პირველ რიგში ხარისხშია და არსებული რაოდენობრივი მზარდი სტატისტიკა ნათლად არ ასახავს რეალურ ცვლილებებს.

ვერტიკალურისგან განსხვავებით, ჰორიზონტალური FDI-ს შემთხვევაში, ტექნოლოგიების პოზიტიური განვრცობის ალბათობა გაცილებით დიდია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სამეწარმეო სტადიებთან ერთად ხშირად კვლევასა და განვითარებაზე (R&D) დაფუძნებული კომპანიები შემოდის. აქედან გამომდინარე, მიმღებ ქვეყნებში შედარებით მაღალი დამატებითი ღირებულება რჩება, როგორიცაა R&D ან/და დიზაინი. ჰორიზონტალური FDI-ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში ხორციელდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც განვითარებადი ქვეყნებიც სარგებლობენ ასეთი ინვესტიციებით, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინდუსტრიული და საინვესტიციო პოლიტიკით.

ვინაიდან საქართველოში დომინირებს ვერტიკალური FDI, ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანაში ფაქტიურად არ ხდება. (ინოვაციის განხორციელების შესაძლებლობების მაჩვენებელი – 118-ე ადგილი) ასევე ნაკლებად პოზიტიური ეფექტი აქვს FDI-ს მუშახელის კვალიფიკაციის დონის ზრდაზე. მაგალითად, ისეთ ტექნოლოგიურად განუვითარებელ ქვეყნებში, როგორიცაა კამბოჯა ან ბანგლადეში, ვერტიკალურ FDI-ს, ტექნოლოგიების მხრივ შესაძლებელია ჰქონდეს დადებითი შედეგი, რადგან, ეს ქვეყნები, ტექნოლოგიურად ბევრად ჩამორჩენილები არიან. თუმცა საქართველოში, სადაც ტექნოლოგიური დონე და ინდუსტრიული განვითარების გამოცდილება ზემოთხსენებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია, ვერტიკალური FDI-დან ამ კატეგორიებში, სარგებელი თითქმის არ რჩება, ვინაიდან ინვესტორებს არანაირი მიზეზი არ აქვთ, რომ განავითარონ ტექნოლოგიები და მუშახელის კვალიფიკაციის დონე არსებულზე მეტად გააუმჯობესონ, რადგან ისინი, ხარჯების ოპტიმიზაციაზე არიან ორიენტირებულნი (კომპანიების დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე (R&D) – 128-ე ადგილი.)

საქართველოშიც სწორედ ვერტიკალური ინვესტიციები ჭარბობს ჰორიზონტალურს, შესაბამისად, ჩვენი პრობლემა ინვესტიციების მხრივ, პირველ რიგში ხარისხშია და არსებული რაოდენობრივი მზარდი სტატისტიკა ნათლად არ ასახავს რეალურ ცვლილებებს.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დამოკიდებულია ადგილობრივ კომპანიებზე. თუ საქართველოში ადგილობრივ კომპანიებს არ ექნებათ შედარებით მაღალი ტექნოლოგიური და კვალიფიკაციის დონე, უცხოელ ინვესტორებს არ ექნებათ სტიმული აწარმოონ საქართველოში მაღალტექნოლოგიური პროდუქტები (უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა – მე-100 ადგილი; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიების მიერ – 117-ე ადგილი).

 

  1. რა შეიძლება გაკეთდეს

აღმოსავლეთ აზიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნები, ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურ FDI-ზე ტრანზაციის წარმატებულ მაგალითებს წარმოადგენენ, საიდანაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი გაკვეთილები ისწავლოს. ამისათვის კი, პირველ რიგში, ლიბერალური მიდგომა უნდა შეიცვალოს “დეველოპმენტარიზმით”, რაც მთავრობის ეფექტურ ჩართულობას მოითხოვს ეკონომიკაში.

მაგალითად, როგორც აღმოჩნდა (თავისუფალი ბაზრის მომხრეების გასაკვირად), მინიმალური ხელფასის და განათლებაში საბიუჯეტო ხარჯების ზრდის იდეა, შეიძლება საერთოდ არ ნიშნავდეს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, არამედ გარკვეულ პირობებში, თუ დასაქმებულების მოტივაციას და პროდუქტიულობას გაზრდის, ხელფასების ზრდამ შეიძლება მეტი სარგებელი მოიტანოს ინვესტიციებიდან. სწორედ ასეთი პოლიტიკაა ვერტიკალური FDI-დან ჰორიზონტალურ FDI-ზე გადასვლის წინაპირობის ერთ-ერთი მაგალითი, რის შედეგადაც, ხარჯების შემცირების ნაცვლად, ინვესტორი ხარისხს მიანიჭებს უპირატესობას საქართველოში ინვესტირების დროს. ეს ცვლილება თავისთავად სავაჭრო მოცულობასაც გაზრდის. ასეთი ტრანზაციის კარგი მოდელები კი, როგორც უკვე ვახსენეთ, აღმოსავლეთ აზიის სწრაფად-განვითარებადი ქვეყნებიდან შეგვიძლია ავიღოთ (იაპონია, ტაივანი, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, და ახლა უკვე ჩინეთი). სწორედ ჩინეთის მთავრობამ განაცხადა ღიად, რომ ქვეყნის ახალ გამოწვევას „მაღალი ხარისხის ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.“

ინდუსტრიული და საინვესტიციო პოლიტიკა სტრატეგიული გეგმაა ზრდისა და განვითარებისთვის სამრეწველო სექტორში. მთავრობები ატარებენ გარკვეულ პოლიტიკებს, რომ გაზარდონ პროდუქტიულობა, კონკურენტუნარიანობა და შიდა ფირმების მოცულობა. განსხვავებული პოლიტიკა იქმნება განსხვავებული ინდუსტრიებისთვის, ქვეყნის შედარებითი უპირატესობის და პრიორიტეტების მიხედვით, მაგრამ მეინსტრიმულ ეკონომისტებს არ სჯერათ ინდუსტრიული პოლიტიკის და უყურებენ მას, როგორც სახელმწიფოს ინტერვენციას თავისუფალ ბაზარში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული პერსპექტივიდან, ყველა განვითარებულ ქვეყანას, რომელიც დღეს თავისუფალ ვაჭრობას ემხრობა, ჰქონდათ სერიოზული ინდუსტრიული და საინვესტიციო პოლიტიკა XIX საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის 60-იან წლებამდე და ქვემოთ მოცემული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში კვლავ იზრდება მთავრობის ინტერვენცია ამ მიმართულებით.

დიაგრამა 3: პროცენტული ცვლილებები საინვესტიციო პოლიტიკაში

წყარო: World Investment Report 2014

2004 წელს, Rossiiskaya Gazeta-ში გამოჩნდა საქართველოს შესახებ სტატია, სათაურით „ბენდუქიძის მისია,“ რომლის ქვეშაც ვიტალი ტრეტიაკოვი წერს: „ჩვენ ძალიან მალე გავხდებით საინტერესო სოციალური ექსპერიმენტის მოწმენი, რომლის პირველი მიზანი იქნება ის, რომ შესაძლებელია პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკის შენება, ხოლო, მეორე მიზანი – ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დამტკიცება. ჩვენ ვიხილავთ, თუ როგორ აშენებს ლიბერალური ეკონომიკური მიდგომა სრულიად ახალ ეკონომიკას და მოდერნულ, ინდუსტრიულ ქვეყანას.” სამწუხაროდ მოლოდინებმა არ გაამართლა. ბენდუქიძეს ულტრალიბერალ ეკონომიკურმა ექსპერიმენტმა, ვერ შექმნა ქვეყანაში გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საფუძველი. მისი “უნივერსალური ეკონომიკური პოლიტიკა,” არა მხოლოდ არ აღმოჩნდა ეფექტური საქართველოს შემთხვევაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკა ზემოთ განხილული რისკების წინაშეც დააყენა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მთავრობის ცვლილების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა კვლავ ნეოლიბერალური მითების ტყვეობაშია.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

გამოყენებული მასალები: flickr.com

დატოვე კომენტარი