გიორგი გახარია – უნდა დავიცვათ ახალგაზრდები, დესტრუქციულ, პოპულისტურ ძალებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ისინი ფარად აიფარონ
უნდა დავიცვათ ახალგაზრდები, დესტრუქციულ, პოპულისტურ ძალებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ისინი ფარად აიფარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, ყველაფერი მოითმინოს.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ამაზე იქნება დამყარებული ყველაფერი. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები დღეს იდგნენ გარეთ, საყვირით ხელში, მათ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდეს. ჩვენც ასეთები ვიყავით. კარგად მახსოვს დაახლოებით ის ასაკი და მახსოვს, რამხელა აღშფოთებას იწვევდა ჩემში, ხშირ შეთხვევაში, ამ ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები. თუმცა, გავიმეორებ, რომ ყველაფრის და მიუხედავად, უნდა გავაკეთოთ ორი რამ. ჩვენ უნდა დავიცვათ ახალგაზრდები და არ უნდა მივცეთ დესტრუქციულ, პოპულისტურ ძალებს საშუალება, ისინი წინ ფარად აიფარონ. ამის ერთადერთი გზაა მათი მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ალბათ ეს არის ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ჩვენ პოზიტიური ვალდებულება გვაქვს, მოვითმინოთ ყველაფერი. ჩვენ ამ ვალდებულებას როგორმე თავს გავართმევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.