კიევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ
კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის, ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.
საქართველოს ხუთივე მოქალაქე, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს და მათ დეპორტაცია არ შეხებიათ. განესაზღვრათ ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
უკრაინაში 119 არალეგალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიამ ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა. არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.