საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში
ანაკლიის მასშტაბური პროექტია ერთ-ერთი თემა გლობალურ საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. 7 სექტემბერს გაიხსნება სადისკუსიო პლატფორმა, სადაც საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე იმსჯელებენ. სლოგანია ,,სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“. მონაწილეები გლობალურ საკითხებთან ერთად იმსჯელებენ, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მიმართულებით, მითუმეტეს გლობალური არასტაბილურობის და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტების და სავაჭრო გზების ძიების ფონზე. საერთაშორისო საზღვაო ფორუმი საქართველოში 2016 წლიდან ტარდება. ჩამოვლენ 40-მდე ქვეყნის დელეგატები, რომლებიც შუა დერეფნის პროექტის შესაძლებლობებს, გლობალურ სავაჭრო მარშრუტებს, პორტების და შავი ზღვის დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და რეგიონულ ინტეგრაციას განიხილავენ. მონაწილეებისთვის მოეწყობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პრეზენტაციაც.