ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში საქართველოზე 

15:15, 24.06.2026

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს დებატებს გამართავს და „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ მომზადებულ ანგარიშს კენჭს უყრის. თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი არიან. ასამბლეა აღნიშნავს, რომ წინა რეზოლუციების მიღების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის გაუარესება გაგრძელდა და ხელისუფლებამ არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა. დოკუმენტი მოითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივის და მათი ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ასევე, რეპრესიული კანონების გაუქმებას, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას და საგანმანათლებლო რეფორმის გამჭვირვალე მართვას. მოთხოვნებს შორის არის დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობისა და წამების, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სანდო გამოძიება. ასევე, ანგარიშში მოთხოვნილია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება და ღია პოლიტიკური დიალოგის დაწყება, ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემოს აღსადგენად.

მსგავსი