რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ნიჟეგოროდში კი უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ანექსირებული ქალაქის მერმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალისტები ამჟამად აფასებენ დაზიანების მასშტაბს და მუშაობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე. რაზვოჟაევმა მოსახლეობას მოუწოდა, დაზოგონ მობილური ტელეფონების ბატარეა და გაჯეტები მხოლოდ გადაუდებელი კავშირისთვის გამოიყენონ.
მისივე ცნობით, სევასტოპოლში საბავშვო ბაღები განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ. მშობლებს ბავშვების სახლებში დატოვება სთხოვეს.
ტელეგრამში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სევასტოპოლის მთავარ ელექტროქვესადგურზე დარტყმა სამჯერ მოხდა“, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 323 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს.
სამინისტროს ცნობით, დრონები განადგურებულია ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ვოლგოგრადის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ნიჟნი ნოვგოროდის, ორიოლის, ორენბურგის, პენზის, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, სმოლენსკისა და ტულის ოლქებში, ასევე კრასნოდარის მხარეში, მოსკოვის რეგიონში, ანექსირებულ ყირიმში, აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დრონები განადგურებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
ამასთან ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.