გიორგი გვარაკიძე – კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ

10:55, 24.06.2026

კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სულ უფრო ხშირად კიბერდამნაშავეები ორგანიზებული დანაშაულის სტატუსით ოპერირებენ, დანაშაულებრივი კვალის დაფარვის შესაძლებლობები კი ყოველდღიურად იხვეწება. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს პროკურატურა წარმატებით თანამშრომლობდა ვირტუალური აქტივების სერვისპროვაიდერებთან, საერთაშორისო თანამშრომლობის უწყებათაშორის ქსელებთან, რათა გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს, წინა ხუთ წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი და 246 პირი შეადგინა.

„2025 წელს განვაახლეთ „ვირტუალური აქტივების ამოღების პროცედურების შესახებ“ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და ვიყენებთ კრიპტოვალუტის მიდევნებისა და ანალიზის სპეციალურ პროგრამებს, რომელიც ეხმარება გამომძიებლებს, სათანადო პროცედურების დაცვით ამოიღონ და აღმოაჩინონ ვირტუალური აქტივები“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მსგავსი