ზურაბ მახარაძე – იმდენად არ აინტერესებს დასავლეთს პროდასავლური ფლანგი საქართველოში, რომ სანქციებსაც ვერ იმეტებენ
ხაბეიშვილის პარტიას ლგბტ მემორანდუმზე ხელი რომ აქვს მოწერილი, მაგის დენონსაცია არ მოუხდენია და რასაც წერს მაგ დოკუმენტში, რანაირად არის თანხვედრაში?! – ასე უპასუხა პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრმა, ზურაბ მახარაძემ პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, ემიჯნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ იდეოლოგიურად ლიბერალურ ფრთას, ფიქრობენ თუ არა ისინი, რომ მათთვის მომგებიანი ასე პოზიციონირება არ არის და ცდილობენ, კონსერვატორულ პლატფორმაზე გადაეწყონ.
„მე ვეცდები, შინაარსობრივად ჩავშალო, სინამდვილეში რა პრობლემა არის მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში. ჩემი იდეოლოგიიდან კი არა, ანალიზის გაკეთებას ვეცადოთ, რა ხდება საქართველოში. პრობლემა იმაში არის, რომ ყველა ხელისუფლების ცვლილება არის რევოლუციური სცენარით. ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში ექვსი თვე იყო სულ ხელისუფლებაში, სამთავრობო სტრუქტურები ვერ ფორმირდა წესიერად და იარაღით დაამხეს, მერე შევარდნაძის ხელისუფლება იყო, მისი პარტია ყველაფერს წყვეტდა, ვერაფერს ვერ აბალანსებდა ოპოზიცია, მერე ჩამოაგდეს და მერე მიშას ხელისუფლებაში მისი პარტია წყვეტდა ყველაფერს, ვერაფერს ვერ აბალანსებდა ოპოზიცია და თვითონ კი ამბობენ, რომ რაღაც წყნარად მოხდა ცვლილება, მაგრამ ვინც ვმონაწილეობდით, მთლად წყნარად არ იყო, ახლა „ოცნებაც“, რასაც უნდა იმას წყვეტს, ოპოზიცია ვერაფერს ვერ აბალანსებს და ყოველთვის არის რევოლუციური სცენარი. მე შტერული მგონია ეგ რევოლუციური სცენარი, მაგრამ მოდით, ანალიზი გავაკეთოთ. სამი ვარიანტია, რაც მე მომისმენია; ერთი ვარიანტი არის, რომ ქუჩაში ჩვენ რაღაც ისეთს დავატრიალებთ, „ვარდების რევოლუცია 2“-ს, რომ დაემხობა ხელისუფლება და მთელი რიგი მცდელობების მიუხედავად ეგ რომ არ გამოვიდა, ობიექტური ფაქტია; მეორე სცენარია, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და მოვუგებთ „ოცნებას“, თუმცა რამდენჯერმე მცდელობა იყო და ეს არ გამოვიდა; მესამე სცენარია, რომელსაც ახლა მიჰყვებიან, პროტესტის 500 რაღაცა დღე, დაასანქცირებს ამათ დასავლეთი და ამით ჩამოიშლება, რაც ფაქტია, ასე არ ხდება. ანუ, სამი სცენარიდან, რომელსაც რევოლუცია უნდა გამოეწვია, ობიექტურად არცერთმა არ იმუშავა. პრობლემა და კრიზისი პროდასავლური ოპოზიციის შიგნით დაიყვანება იქამდე, რომ ობიექტური რეალობა ეუბნებათ, ყველა იმ სცენარიდან, რომლითაც ოპერირებდნენ მრავალი წლის განმავლობაში, არცერთი არ მუშაობს და რამე ალტერნატივა, სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ“, – განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ ყველაზე ძვირად ღირებული პოლიტიკური აქტივი, რადგან „ქართული ოცნება“ მანამდე იქნება ხელისუფლებაში, ვიდრე ეს ნარატივი იქნება, რომ „ნაცები“ არ მობრუნდნენ.
„ანუ, საფრთხობელას ფუნქციას ასრულებს და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა გულწრფელად იქ დგას და რაღაც პროტესტში მონაწილეობს, სინამდვილეში, უზრუნველყოფს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მერე ეუბნება, შეიძლება, მე არ მოგწონდე, მაგრამ ალტერნატივა ეს არის და ეს არის ჩაკეტილი წრე. მარტივი დიაგნოზი რომ დავსვათ, ოპოზიციური სპექტრის 90 პროცენტის პრობლემა იმაშია, რომ რაშიც გამოსავალს ხედავენ, იმდენჯერ არ იმუშავა, ხალხი მიხვდა უკვე, მათ შორის, მათი მხარდამჭერებიც. ოცდამეათეჯერ რომ მეძახი და მეუბნები, რომ აი, ამ დღეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა, მივდივართ, დავდექით, მოვუსმინეთ და წავედით, უყურებს ადამიანი და ფიქრობს, გასაგებია, არაფერი არ იქნება. ეს გაფორმდა. დასავლეთის იმედი რომ იყო, ახლა შეიკვრება მთელი ეს პროდასავლური ძალები და ისეთს უზამენ ხელისუფლებას, ფაქტია, ივანიშვილის პოლიციამ ამათი სახეებით მოწმინდა, რამდენიმე წელია, უკვე რუსთაველი და არავინ გარედან ისე არ აღშფოთდა, რაღაც კონკრეტული გაეკეთებინა ამათ გამო, ივანიშვილიც კი არ დაასანქცირეს. ვიღაცას ხომ ეგონა, რომ რაღაც მადუროს ჩაატარებენ ახლა ამერიკელები და რაღაც სიგიჟეები ხომ იყო? იმდენად არ აინტერესებს პროდასავლური ფლანგი დასავლეთს საქართველოში, რომ სანქციებსაც ვერ იმეტებენ. ამიტომ, ყველა ვარიანტი, რაც ჰქონდათ გამარჯვების სქემის, იმდენად გაცვდა, რომ მათი პოლიტიკური აქტივიც კი, უკვე მეცხრეჯერ რომ ისმენს ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს, ეუბნება, დამანებე რა თავიო. აი, ეს არის დიაგნოზი“, – განაცხადა მახარაძემ.