აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის უნივერსიტეტის პერსონალს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს განვითარებაზე, ასევე სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მხარდამჭერ და მიზნობრივ მიდგომებზე იმსჯელეს. პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ინსტიტუციური გაძლიერებაა. 2026 წელს, უნივერსიტეტის საჭიროებებისთვის, 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული: გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტების, აგრეთვე, პროფესორ-მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები, სტუდენტების წახალისების, სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისი დაფინასების და გაცვლითი პროგრამები, გაიზრდება აჭარის მთავრობის სტიპენდიანტთა რაოდენობა და სხვა. შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლების ხედვები და რეკომენდაციები მოისმინა და აღნიშნა, რომ პერსონალთან აქტიური თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, რათა უნივერსიტეტის განვითარების პროცესი იყოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული.