პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის არდასწრება თავად ზელენკის გადაწყვეტილების შედეგია

19:18, 23.06.2026

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში მიიჩნევს, რომ ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის არდასწრება თავად ზელენკის გადაწყვეტილების შედეგია. პოლონური მედიის ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი პრეზიდენტ ზელენსკის არასწორი გადაწყვეტილებით“ დაიწყო.

„მისი გადაწყვეტილების გარეშე დღეს ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით. ჩვენ შეგვეძლო ძალიან ძლიერი ურთიერთობების აშენება, რომელიც მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკასა და თავდაცვაზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

ამავდროულად, მისი თქმით, ზელენსკის გდანსკში არჩასვლის გადაწყვეტილების მიუხედავად, ღონისძიებამ შედეგი უნდა გამოიღოს.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და პოლონეთი კონფლიქტიდან გამოსავალს იპოვიან.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პოლონეთისთვის საუკეთესო შედეგები მივიღოთ – უსაფრთხოების, უკრაინასთან თანამშრომლობისა და ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით. მე მჯერა, რომ ღამის შემდეგ დღე მოდის, ქარიშხლის შემდეგ კი – სიმშვიდე. ამ ემოციების შემდეგ ჩვენ საერთო გამოსავალს ვიპოვით“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციას არ დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

უკრაინელ და პოლონელ მაღალჩინოსნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე.

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

მსგავსი