ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას, მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა
გასულ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრები გვქონდა როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ შეხვედრებისას შესაძლებლობა გვქონდა, მკაფიოდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის დელეგაციამ, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართული შეხვედრებისას, წუხილი გამოთქვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის გამო.
„უსამართლო მიდგომაზე როდესაც ვსაუბრობთ, მინდა, საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენს უცხოელ კოლეგებს. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა მუდმივი მოწოდებებით, რომ საქართველომ უნდა დააწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ. ჩვენ ავუხსენით ევროპელ კოლეგებს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური, ევროპასთან ან თუნდაც უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი. ეს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხია. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოა და შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს და შეიძლება სამხედრო კონფლიქტითაც დასრულდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, შეხვედრებისას საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიდა საქმეებში, განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევის საკითხზე.
„შეხვედრებისას ევროპელი კოლეგებისგან აბსოლუტური გაგება და თანხმობა იყო იმ საკითხზე, რომ მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კანდიდატ ქვეყანაში ჩადის და იქ წინასაარჩევნო პროცესში რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობს. ამ საკითხზე საკმაოდ ნათლად, მაგალითებით და ფაქტებით ვესაუბრეთ ჩვენს კოლეგებს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართული შეხვედრებისას ისაუბრეს, საპროტესტო აქციებს ეხებოდა.
„ევროკავშირი დღემდე მიიჩნევს, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო. პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას როდესაც ხედავ, პარლამენტის შენობა როდესაც იწვის, პოლიციელები დაშავებულები როდესაც არიან, ისმის კითხვა – ვინ აკეთებს ამას?! ეს რაღაც უჩინარი ხელია თუ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს სჩადიან? შესაბამისად, ეს ვერანაირად მიიჩნევა მშვიდობიან პროტესტად. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრებისას საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებს.
„ის, რაც ეპატიება ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანას, შეიძლება არ ეპატიოს საქართველოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამ საკითხზე გვქონდა საკმაოდ საინტერესო, ღია და კონსტრუქციული საუბარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს როგორც ბრიუსელში, ასევე ლუქსემბურგში, რომ მათ გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა, ამ საკითხებზე გვესაუბრა. უკანასკნელი არასრული სამი თვის განმავლობაში, ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს ვესტუმრეთ და შეიძლება ითქვას, ყველა მათგანში ერთგვარი იმედგაცრუებაა იმ პოზიციის გამო, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში აქვს, ვგულისხმობ პოლიტიკური დიალოგის არქონას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტისას საუბარი ასევე შეეხო სავიზო დიალოგს.
„ვიზის დიალოგმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მინდა
ყველა დავამშვიდო, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ტექნიკური საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს იყო ჩვეულებრივი, ტექნიკური შეხვედრა, რომელიც საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა მანამ, სანამ არ მოხდა პრესაში ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა. როდესაც ჩვენ ევროკავშირთან ნდობაზე ვსაუბრობთ, მიუღებელია, როდესაც დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში ხმაურდება მის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. გასაგებია, რომ საქართველოს მხრიდან ეს ინფორმაცია ვერ გაჟონავდა იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არიან წარმოდგენილი. ყველასთვის ნათელია, ვისგან გაჟონა ამ ინფორმაციამ და რისთვის იყო ეს საჭირო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.