საფრანგეთში მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებში რეკორდულ სიცხეებს უკავშირებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ ქვეყანაში გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე მდინარეებსა და არხებში 40 ადამიანი დაიხრჩო.
მისივე თქმით, საფრანგეთში რეკორდული სიცხეებია, რის გამოც მოქალაქეები გაგრილების მიზნით მდინარებსა და არხებში ჩადიან, რაც ხშირად ფატალურად მთავრდება.
ამასთან, მედიის ცნობით, მაღალ ტემპერატურას საფრანგეთში კიდევ ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ორი და ოთხი წლის ბავშვები ძლიერი სიცხის დროს ავტომობილში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცხელია. მეტეოროლოგიური სააგენტოს, Meteo France-ს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში საფრანგეთის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. ძლიერი სიცხეების გამო, ქვეყნის მასშტაბით, 2 700 სკოლა დროებით დაიხურა ან დაწესებულებებში სასწავლო გრაფიკი შეიცვალა.
საფრანგეთის გარდა, მაღალ ტემპერატურას დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ებრძვიან. „როიტერი“ წერს, რომ ევროპაში ტემპერატურის მატებას საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს.