ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციას არ დაესწრება

16:54, 23.06.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციას არ დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის  პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციას კონფერენცია URC 2026-ს, ზელენსკის ნაცვლად, სვირიდენკო უხელმძღვანელებს.

„მე ვუხელმძღვანელებ უკრაინის დელეგაციას და ჩვენს საერთო სამუშაოებს გდანსკში URC-2026-ზე. კონფერენციაზე უკრაინის გუნდში შევლენ უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები, ჩვენი თემების წარმომადგენლები მთელი ქვეყნიდან და, რა თქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტარები. სხვადასხვა დონეზე ბევრი ღონისძიება იქნება, რამაც უნდა გაამყაროს უკრაინა, პოლონეთი, ჩვენი ყველა პარტნიორი და ევროპა“, – წერს სვირიდენკო.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში პარტნიორებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება იგეგმება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უკრაინელ და პოლონელ მაღალჩინოსნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც  პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე. პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს.

ამასთან, როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

მსგავსი