ძალადობის ფაქტზე ექვსი პოლიციელი დააკავეს
ექვსი პოლიციელი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. ექვსივე მათგანს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ დაკავებულ სამართალდამცავებს, რომლებმაც გუშინ, გორში ორ მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადეს. მძიმედ საყურებელი კადრების გავრცელების შემდეგ რეზონანსულ საქმეს პროკურატურა იძიებს. ძალადობის მსხვერპლი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი პაპუნა ლოცულაშვილია, რომელიც ცემის შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა, სამართალდამცავებმა იძალადეს მის მეგობარზეც. ადვოკატები ითხოვენ, წამების მუხლით გადაკვალიფიცირდეს მუხლი და ბრალდება მოეხსნას ლოცულაშვილს.
რა მოხდა ე.წ. კომბინატის დასახლებაში – დაზარალებულის მეგობრის მონაყოლი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას, რომ ლოცულაშვილმა გაჩერების და მონაცემთა გადამოწმების მოთხოვნის დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და იძალადა, დაზარალებულის მხარე კატეგორიულად გამორიცხავს.