ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა – „ეს ფაქტი გაერო-ს წესდების მიმართ უხეში უპატივცემულობაა“
გაერო-ში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.
ნებენზიამ აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის ხელმძღვანელობით გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ალიმოვი უნდა დასწრებოდა, თუმცა, მიუხედავად მცდელობებისა, აშშ-ის მხარემ ვიზა არ გასცა.
ნებენზიას განცხადებით, გაერო-ს შტაბ-ბინის შეთანხმების მიხედვით, ნიუ იორკში, გაერო-ს ცენტრალურ ოფისში შესვლა ყველა წევრი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს უნდა შეეძლოს, გამონაკლისის გარეშე.
ნებენზიამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს „უხეშ უპატივცემულობას“ როგორც ჩინეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის, ასევე განსახილველი თემის, გაერო-ს წესდების მიმართ.
მისი თქმით, გაერო-ს წესდება სერიოზული გამოწვევების წინაშეა და დასავლური ქვეყნები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ გლობალური დომინაციის შესანარჩუნებლად.