მარკ რუტე – მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებისთვის

18:26, 22.05.2026

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, მზად იყვნენ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებისთვის.

შვედეთში გამართული მინისტერიალის დასრულების შემდეგ მარკ რუტემ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ნატო-ს ძალების მოდელში აშშ-ის წვლილის გადახედვა, ამიტომ „მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებისთვის.“

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან, მარკო რუბიოსგან ევროპაში ამერიკული ჯარების შესაძლო შემცირების შესახებ, რუტემ აღნიშნა, რომ საკითხი კონფიდენციალურია, თუმცა ევროპელი მოკავშირეები მსგავსი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.

„აშშ-ის წვლილი ნატო-ს ძალების მოდელში ამჟამად პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე განიხილება. ეს პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ მზად უნდა იყოთ ამისთვის“, – განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, ევროპელ მოკავშირეებსა და კანადას საკუთარი თავდაცვის მიმართულებით გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

„ამაში ახალი არაფერია. ყველამ იცოდა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა და ეს არ უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ აშშ ტვირთის თანაბარ განაწილებას ითხოვს. საქმე ისაა, რომ ისინი ერთდროულად ყველგან ვერ იქნებიან“, – აღნიშნა რუტემ.

ამასთან, მარკ რუტე მიიჩნევს, რომ აშშ კვლავ დაინტერესებულია ნატო-ს წევრობით, მათ შორის ევროპაში არსებული სამხედრო შესაძლებლობებისა და ბაზების გამო. მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ ბოლო სამხედრო ოპერაციებმა ეს ინტერესი ნათლად აჩვენა.

რუტეს თქმით, ევროპელმა მოკავშირეებმა მოისმინეს ამერიკული ადმინისტრაციის შენიშვნებიც, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მხარდაჭერას შეეხებოდა.

მსგავსი