„საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი“ – ევროკავშირი უნდა ეცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირებას და პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებას, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

00:04, 21.05.2026

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად ქრება, ევროკავშირის ინტერესში მაინც რჩება ურთიერთობების შენარჩუნება ევროპის მეზობელ ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. ევროკავშირი უნდა ეცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირებას და პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად, – ამის შესახებ ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) ანალიტიკურ სტატიაში.

სტატიაში ორგანიზაცია განიხილავს, როგორ შეუძლიათ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, ითანამშრომლონ თბილისთან ისე, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე კომპრომისი არ დაუშვან.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, საქართველომ საგარეო პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა. 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან გაუარესდა. საქართველომ დაიწყო ახალი პარტნიორების ძიება აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამავე დროს კი, რუსეთთან არაფორმალურ შეთანხმებას მიაღწია, რათა უკრაინის ომის შესაძლო ნეგატიური შედეგები შეემცირებინა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლას თან ახლდა შიდა რეპრესიების სტაბილურად გაძლიერება. მთავრობამ ზეწოლა გააძლიერა აშშ-ისა და ევროპის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მკვეთრად პროდასავლურ ოპოზიციაზე. ხელისუფლება მათ დასავლეთის ძალების ინსტრუმენტებად წარმოაჩენს, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებას ცდილობენ, ქართველების უსაფრთხოების ფასად. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც სახელმწიფოს გადარჩენაა. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ პარტიის რეალური მიზანი მხოლოდ ძალაუფლების გამყარებაა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის ურთიერთობაზე ევროკავშირთან და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად ქრება, ევროკავშირის ინტერესში მაინც რჩება ურთიერთობების შენარჩუნება ევროპის მეზობელ ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. ევროკავშირი უნდა ეცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირებას და პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად.

უკრაინის ომი უკვე ოთხი წელია, დომინირებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ აზროვნებაში. რუსეთის თავდასხმამ, ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, შეძრა. მთავრობაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა, შემდეგი სამიზნე გამხდარიყო. აშშ-მა და ევროპამ მალევე სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვაშინგტონი კერძო არხებით თხოვდა, რომ საქართველოს უკრაინისთვის რაიმე ფორმით დახმარება გაეწია – იარაღი მიეწოდებინა ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა. ბრიუსელიც არაერთხელ მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას შეერთებოდა. საქართველომ ეს მოთხოვნები აღიქვა, როგორც მცდელობა, რომ ქვეყნის პროდასავლური ორიენტაცია გამოეყენებინათ, რაც შესაძლოა, ქართველებისთვის დამანგრეველი აღმოჩენილიყო. აშშ შესაძლოა, საკუთარ მოთხოვნებს პროვოკაციულად არ აღიქვამდა, რადგან მსგავს თხოვნებს სხვა პარტნიორებსაც უგზავნიდა, თუმცა ორივე მხარის ოფიციალური პირები ახლა აღიარებენ, რომ ვაშინგტონმა საქართველოს განსაკუთრებული მგრძნობელობა სათანადოდ ვერ გაითვალისწინა.

„ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში მნიშვნელოვნად მარჯვნივ გადაიხარა, ამ ზეწოლას წარმოაჩენს „გლობალური ომის პარტიის“ მოქმედებად – დასავლეთის დედაქალაქებში მოქმედ ძალად, რომელსაც სურს, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტად“ აქციოს. მთავრობამ დასავლეთის მოთხოვნები უარყო და ამის ნაცვლად, რუსეთთან დაძაბულობის თავიდან აცილება ამჯობინა. შედეგად, გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან: აღდგა პირდაპირი ავიარეისები, გაიზარდა ნავთობისა და გაზის იმპორტი. საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე დიდწილად ეფუძნებოდა რწმენას, რომ რუსეთი საბოლოოდ უკრაინის ომში უპირატესობას მოიპოვებდა – განსხვავებით ვაშინგტონისა და ევროპის ოპტიმისტური პროგნოზებისა. ქართველი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებმა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებმა მათი შეფასებები გაამართლა და რომ საბოლოოდ კიევი დამარცხდება. ომი რუსეთის პირობებით თუ დასრულდება, ეს რეგიონს მთლიანად შეცვლის და გამარჯვებულ რუსეთს ახალ გავლენის სფეროს მისცემს, რომელშიც საქართველო, ისტორიისა და გეოგრაფიის გამო, დიდი ალბათობით, მოექცევა. ამავე დროს, თბილისში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის „არაეფექტიანი მხარდაჭერის“ გამო, საბოლოოდ დისკრედიტდებიან, ხოლო ევროპაში გავლენას უფრო კონსერვატიული ძალები მოიპოვებენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

ორგანიზაციის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ მართალია, აშშ-მა და ევროპამ თავდაპირველად შესაძლოა, ვერ შეაფასეს საქართველოს შიშების მასშტაბი, მაგრამ მთლიანობაში, მათი პოლიტიკა ზომიერი და საქართველოს მოწყვლადი მდგომარეობისადმი თანაგრძნობით გამორჩეული იყო.

„თუმცა, საქართველოს მცდელობამ, ომში არ ჩართულიყო, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რეზოლუციებში და ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებში. ევროკავშირის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ეს კომენტარები ოფიციალურ პოლიტიკას არ ასახავდა, მაგრამ როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ ისინი ევროკავშირის საერთო პოზიციად აღიქვეს, რამაც პოლიტიკური კრიზისები კიდევ უფრო გააღრმავა. ოპოზიციისა და კრიტიკული მედიისთვის ევროპული კრიტიკა იმედს აჩენს, რომ დასავლეთი მმართველი პარტიის წინააღმდეგ ჩაერევა. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გახდა საფუძველი, მოსახლეობაში შიში გაეღვივებინა, თითქოს საქართველო ომში ჩათრევის ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლია. პარტიის ლიდერები, განსაკუთრებით, მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია, უკმაყოფილო არიან იმით, რასაც დასავლეთის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერად მიიჩნევენ – განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. მთავრობამ, რომელიც ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიერ კოორდინირებული კამპანიის სამიზნეა, მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსებას. ასევე, დააპატიმრა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, ძირითადად იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს 2025 წლის საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობაზე, სადაც 2008 წლის ომის დაწყებაში ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობდნენ. ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც იმუქრებოდა, თუმცა ეს მუქარა ჯერ არ შეუსრულებია. ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით უკვე დიდი ნაბიჯი გადადგეს, ამ მოვლენებს შოკით და ღალატის განცდით უპასუხეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს, ხოლო ახალი კანონები ბევრს რუსეთის „უცხოური აგენტების“ კანონებს აგონებდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა იმან, რომ მთავრობამ ევროკავშირის ლიდერებისა და კონკრეტული ელჩების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია წამოიწყო. შედეგად, ევროკავშირმა მაღალი დონის კონტაქტები შეაჩერა და განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის პროცესი ფაქტობრივად გაყინულია“, – აღნიშნულია ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც 25 მარტით თარიღდება.

სტატიის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლითაც, ფაქტობრივად, ამომრჩევლებს ურჩევდა, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ .

„ევროკავშირში, ასევე, დაიწყო საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე. საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 16-პროცენტიანი უპირატესობით მოიგო. დამკვირვებლების შეფასებით, დარღვევები წინა არჩევნებთან შედარებით მეტი იყო, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ვერ დაამტკიცებდნენ, თითქოს უფრო სამართლიანი არჩევნები სხვა შედეგს მოიტანდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ და კრიტიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დასავლეთს მოუწოდეს, „ქართული ოცნება“ ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ ეღიარებინათ. ევროპელმა ლიდერებმა ოფიციალურად არ უარყვეს მთავრობის აღიარება, თუმცა ბევრმა განზრახ დატოვა ბუნდოვანება მისი ლეგიტიმურობის საკითხზე. ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ოფიციალური კონტაქტების შეჩერება – ევროპელი, თუ ამერიკელი პოლიტიკოსის ნებისმიერი შეხვედრა ან უარი შეხვედრაზე საქართველოში დიდი პოლიტიკური თემა ხდებოდა. რიტორიკის მიუხედავად, პრაქტიკაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა დიდად არ შეცვლილა. საქართველოს დღემდე არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამას ვერ გააკეთებს, ვიდრე მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას არ დაასრულებს. ევროკავშირთან, ნატო-სთან და აშშ-სთან სამუშაო დონეზე თანამშრომლობა კვლავ გრძელდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან შეუფერხებლად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობა შემცირდა, ვარდნა მკვეთრი არ ყოფილა. ქართველი ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ქვეყანამ ფუნდამენტურად შეცვალა კურსი და აცხადებენ, რომ მათი ნაბიჯები მხოლოდ რთულ პერიოდში გადარჩენის მცდელობაა“, – წერია სტატიაში.

„საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ მიმოხილვის მიხედვით, ევროკავშირთან კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო კვლავ ცდილობს პრაქტიკული თანამშრომლობის შენარჩუნებას.

„თბილისში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ომმა ევროკავშირი უფრო აქტიურ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ აქცია და დააახლოვა ნაკლებად დემოკრატიულ მეზობლებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი. საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ მასაც უნდა შეეძლოს ევროკავშირთან ურთიერთობის აგება არა მხოლოდ საერთო ღირებულებებზე, არამედ საერთო ინტერესებზე. თბილისს სურს, ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს „შუა დერეფნის“ განვითარებას — სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტის, რომელიც ევროპასა და აზიას საქართველოს გავლით დააკავშირებს და რუსეთს გვერდს აუვლის. ევროკავშირისთვის ეს მართლაც პრიორიტეტულია, თუმცა ევროპელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ საქართველო საკუთარ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას აჭარბებს. ამას ისიც ემატება, რომ აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო შეთანხმების პერსპექტივა გაჩნდა, რაც შესაძლოა, ევროპა-აზიის ალტერნატიული მარშრუტი გახდეს და საქართველო გვერდი აუაროს.

საქართველო პარალელურად ჩინეთთანაც აახლოებს ურთიერთობებს. 2023 წელს პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. თუმცა ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ ინიციატივად ითვლებოდა, ფაქტობრივად გაჩერებულია, რაც აჩენს კითხვებს, რამდენად სერიოზულია პეკინის ინტერესი საქართველოს მიმართ. თბილისი პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთშიც ეძებს, თუმცა ამ მიმართულებით ურთიერთობები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

ირონიულად, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველო აშშ-ს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა, ახლა ყველაზე დიდ იმედებს სწორედ ვაშინგტონზე ამყარებს. აშშ-მ და ევროკავშირმა წლების განმავლობაში კოორდინირებულად იმოქმედეს საქართველოს მიმართ, თუმცა ყველაზე მკაცრი ზომები სწორედ ვაშინგტონმა მიიღო: ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა ოფიციალურ პირებს, მათ შორის ივანიშვილს. ახლა „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ აშშ-თან ურთიერთობების აღდგენას შეძლებს. პარტიის ლიდერები ღიად უჭერდნენ მხარს დონალდ ტრამპის გამარჯვებას 2024 წლის არჩევნებში და ფიქრობდნენ, რომ მისი სიმპათიები მემარჯვენე კონსერვატიული ძალების მიმართ მათ დაეხმარებოდათ. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას სანქციები არ გაუუქმებია და თბილისთან ურთიერთობების გადატვირთვაც არ დაუწყია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონი, პრაქტიკულად, უგულებელყოფდა საქართველოს, რომელიც ადრე სამხრეთ კავკასიაში ამერიკის მთავარი პარტნიორი იყო. როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 2026 წლის თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია, საქართველო გამოტოვა, რაც თბილისის რეიტინგის დაცემის სიმბოლოდ აღიქმებოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე წერია, რომ საქართველოს საკითხმა ევროკავშირისთვის რთული დილემა შექმნა: გააგრძელოს თუ არა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ქვეყანა ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, თუ წევრობის საკითხი გვერდზე გადადოს და პრაგმატულ, რეგიონულ თანამშრომლობაზე კონცენტრირდეს.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხზე გაყოფილი არიან. ჩრდილოეთ ევროპისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები უფრო მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს. მათი აზრით, ზეწოლამ შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან დაახლოებისკენ უბიძგოს ან ხელისუფლებაში უფრო პროდასავლური ძალები მოიყვანოს. მეორე ბანაკი – ძირითადად სამხრეთ ევროპული ქვეყნები – უფრო პრაგმატულ მიდგომას ემხრობიან. მათ საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტისა და ქართველი მიგრანტების გამო. მათი აზრით, ევროკავშირის ამჟამინდელი მკაცრი პოლიტიკა თავად ევროპის ინტერესებს აზიანებს. ევროპელი ლიდერების ცივი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ ევროკავშირი ბევრად თბილ ურთიერთობებს ინარჩუნებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ უარესი რეპუტაცია აქვთ. ევროკავშირის წარმომადგენლები ამ განსხვავებას ორი არგუმენტით ხსნიან: პირველი – საქართველომ თავად მოითხოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატად განხილვა და შესაბამისად, უფრო მაღალი სტანდარტებით ფასდება; მეორე – აზერბაიჯანსა და თურქეთს ევროკავშირისთვის ბევრად დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ. მიუხედავად ამისა, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც იზრდება განცდა, რომ იზოლაციამ და ზეწოლამ შედეგი ვერ გამოიღო და საჭიროა ახალი მიდგომები. მაგალითად, საფრანგეთი, რომელიც ადრე საქართველოს მიმართ მკაცრი იყო, ახლა უფრო აქტიურად ფიქრობს თბილისთან თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია სტატიაში.

„საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ ანალიტიკურ სტატიაში ასევე მოცემულია ევროკავშირის მიმართ ორგანიზაციის რჩევები:

„შეეცადონ რიტორიკის დეესკალაციას. ევროკავშირის მხრიდან რიტორიკის შეცვლა –  „ქართული ოცნების“ კრიტიკიდან კონკრეტული რეფორმების წახალისებაზე გადასვლა  მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დიალოგისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. ბრიუსელმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, როგორც საპასუხო ჟესტი თბილისის მხრიდან მტრული რიტორიკის შემცირების სანაცვლოდ, რადგან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში კრიზისები ხშირად ევროპარლამენტარების მკვეთრმა განცხადებებმა გამოიწვია. ევროკავშირის ინსტიტუტებმა მკაფიოდ უნდა განმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ევროპარლამენტარების საჯარო განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დიდ ყურადღებას იქცევს, ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა და არ ასახავს საქართველოს მიმართ ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას. უფრო ფართოდ, ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა გამოგონილი ან გაზვიადებული, და რომ ის თბილისის სტრატეგიული გათვლების ფუნდამენტური ნაწილია. ეს შიში შეიძლება, თანაარსებობდეს მოსახლეობაში ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდაჭერასთან ერთად.

განაცალკეონ ევროკავშირის გაფართოების პროცესი და თანამშრომლობა რეგიონულ პრიორიტეტებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა გასაგები მიზეზების გამო იწვევს იმედგაცრუებას ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებში, ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არ უნდა გახდეს თანამშრომლობის ყველა სხვა სფეროს დაბლოკვის მიზეზი. ევროკავშირის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, წინასაწევრო ფონდები, რომლებიც ევროკავშირმა უკვე ნაწილობრივ შეაჩერა დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, მკაფიოდ გამიჯნონ იმ სფეროებისგან, რომლებიც ამ პროცესს არ უკავშირდება, როგორიცაა სატრანზიტო მარშრუტებზე თანამშრომლობა. ანალოგიურად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ფარგლებში თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე გრძელდებოდა, დიპლომატიური დაძაბულობის მიუხედავად. კვლავ ჩართონ საქართველო სატრანზიტო საკითხებში.

ევროკავშირმა საქართველო კვლავ უნდა ჩართოს კავკასიაში სატრანზიტო საკითხების განხილვაში. საქართველოს ამ დისკუსიებიდან გამორიცხვა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის შავი ზღვის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ეს ასევე ნიშნავს იმის რისკს, რომ დაიკარგოს კავკასიაში უფრო ფართო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის პროგრესის ფონზე, პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში პირველად ჩნდება რეალური პოტენციალი სამმხრივი ინტეგრაციული ინიციატივებისთვის და სამივე ქვეყანამ უკვე გადადგა მცირე ნაბიჯები ამ მიმართულებით. ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკა კავკასიაში მიმართული უნდა იყოს არა კონკურენციის გაღრმავებისკენ, არამედ თანამშრომლობის ახალი ფორმების  წახალისებისკენ“.

მსგავსი