საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი – გამოხმაურება
ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე პასუხი ჯერ არ გაუციათ. ხელისუფლების ოპონენტები კი არასერიოზულს უწოდებენ ღია წერილს და პრობლემას ხედავენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილის საშუალებით უხდება ურთიერთობა. „ქართული ოცნების“ წევრები კი სრულიად იზიარებენ ირაკლი კობახიძის მხრიდან ღია წერილში გაჟღერებულ გზავნილებს და მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით ორმაგ სტანდარტს ხედავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. ირაკლი კობახიძე ინტერესდება, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც კოპენჰაგენში განვითარდა, „როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს“.