ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ძალოვანების საქმე
სამი ძალადობრივი თავდასხმა და ხუთი დაკავებული – ბრალი უკვე წაუყენეს და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და საპროტესტო აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე ძალადობაში ედებათ ბრალი. საქმე ეხება 2024 წლის 30 ნოემბერს მომხდარ თავდასხმებს და იმავე წლის 30 აპრილს განხორციელებულ ძალადობას. მძიმე დაზიანებების მიღების შემდეგ დაზარალებულები მესამე სექტორთან, ოპოზიციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ, პასუხად თავდამსხმელთა იდენტიფიცირების პრობლემაზე მიუთითებდნენ. ხუთი ადამიანის დაკავება არასაკმარისია დაზარალებულებისთვის, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმებს შემკვეთები ჰყავს. გამოძიების შეგნებულად გაჭიანურებაზე და დამნაშავეების მფარველებზე საუბრობს ოპოზიციაც. ირკვევა, რომ მოქმედი და ყოფილი სპეც-რაზმელებიდან ერთი ბოლოს დაცვის პოლიციაში, მეორე კი სუს-ში მუშაობდა. ბრალდებულებს შორის ერთი დანაშაულს აღიარებს.