სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის
თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის რიგით მე-12 სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი საათ-ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა. პუტინის თანაშემწის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუმცა აღნიშნა, რომ სასურველია ეს მოლაპარაკებების პროცესის შედეგად მოხდეს. იური უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას აცნობა, რომ მზადაა, გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში, ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს. აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ რუს კოლეგას ცეცხლის დროებითი შეწყვეტა თავად შესთავაზა, რასაც, მისივე თქმით, მოსკოვი, სავარაუდოდ დათანხმდება. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საუბარი ირანსაც შეეხო, რუსული მხარის განცხადებით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ სამხედრო მოქმედებების განახლებას, შესაძლოა, „მძიმე შედეგები“ მოჰყვეს, ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყება კი – სრულიად „მიუღებელი და საშიში“ იქნებოდა.