საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში 

21:18, 28.04.2026

განახლებული სამთავრობო კაბინეტი და დაჩქარებული პროცედურა პარლამენტში – გეკა გელაძე ექვსი წლის ვადით სუს-ის ახალ ხელმძღვანელად დამტკიცებულია. თავდაცვის კომიტეტში დახურული მოსმენის შემდეგ მან პლენარულ სხდომაზე 85 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. ბოლო ერთ წელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უკვე მესამედ შეიცვალა. ოპოზიცია საკადრო ცვლილებებით უკმაყოფილოა. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები აქვთ იმ ახალი პოსტის მიმართ, რომელიც მთავრობაში იქმნება. იგულისხმება სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც ვიცე-პრემიერის სტატუსთან ერთად სუს-ის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძეს აბარებენ. ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რასაც ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პირველი მოსმენით ცვლილება უკვე დაამტკიცეს. რა ფუნქციები ექნება მდინარაძეს და რატომ გახდა საჭირო ახალი რგოლის შექმნა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციისთვის – ოპონენტების ვერსიების ფონზე პრემიერს დღეს მორიგი განმარტების გაკეთება დასჭირდა. მინისტრს ცალკე შენობა ან აპარატი არ ექნება, ის მთავრობის ადმინისტრაციაში იმუშავებს. კონკრეტული ფუნქციები კი სამთავრობო დადგენილებაში გაიწერება.

მსგავსი